სირცხვილია - ბათუმის „დინამო“ ვიღაცასთან დამარცხდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კონფერენს ლიგაზე, ბათუმის „დინამო“ იმიტომ გადაერთო, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს პირველივე წრიდან გამოეთიშა. როცა გაირკვა, რომ აჭარული კლუბის მეტოქე მონტენეგროს „დეჩიჩი“ იქნებოდა, ბევრს გაუხარდა, რადგან ეს კლუბი არ არის ისეთი, თავმოყვარე გუნდმა რომ ვერ მოუგოს და საბუკმეიკერო კანტორებმაც მეტოქეთა ძალები რეალურად შეაფასეს - „დინამოს“ მოგებაზე კოეფიციენტი 1.36 იყო ანუ თუ აჭარლების გამარჯვებაზე 100 ლარს დადებდით, 136 ლარს მოგცემდნენ, „დეჩიჩის“ მოგება კი, 6.50-ით იყო შეფასებული ანუ მათ გამარჯვებაზე 100 ლარს თუ დადებდით, 650 ლარს აიღებდით, მაგრამ რომელი „სულელი“ გარისკავდა და დადებდა უსუსტეს მეტოქეზე?

სეზონის წინ, „დინამოს“ ხელმძღვანელობა გვარწმუნებდა, ლეგიონერებით გავძლიერდითო დ მართლაც, გუნდმა შეხვედრა 5 ქართველით, 3 ბრაზილიელი, 1 პორტუგალიელი, 1 ესპანელი და 1 სენეგალელი ლეგიონერით დაიწყო. შეცვლაზე კი, 1 ალბანელი და 1 გამბიელი ლეგიონერი შევიდა. როდის მიხვდებიან ქართული კლუბები, რომ ბრაზილიელობა არ ნიშნავს ფეხბურთის კარგად თამაშს და მხოლოდ წარმომავლობის გამო, ვიღაცასთან კონტრაქტი არ უნდა გააფორმო? „დეჩიჩთან“ შეხვედრაში, აჭარლებს ბურთის ფლობის 75%-იანი მაჩვენებელი ჰქონდათ, 5-ჯერ დაარტყეს კარში, 9-ჯერ მოაწოდეს კუთხური, მეტოქეს კი კარში ორი დარტყმა და კუთხურების გრაფაში 0 უწერია. და როგორ მორჩა მატჩი? - 0:2, სტუმრების სასარგებლოდ ანუ მათ ორივე დარტყმა გოლად აქციეს. ამ ყველაფერში სასაცილო თუ სატირალი, იცით, რა არის? ჩვენი გუნდის თავკაცმა, უკრაინელმა ანატოლი დემჩენკომ გამოგვიცხადა, სუსტ მეტოქესთან თამაში გვიჭირს, ძლიერთან უფრო კარგად ვთამაშობთ და რადგან „დეჩიჩი“ სუსტი იყო, სათანადოდ ვერ განვეწყვეთ და ვერ მოვიგეთო. ჰო, იმ დემჩენკომ, რომელსაც იმაზე მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს.

ერთიც - სტადიონზე მისულმა 15 ათასმა ქომაგმა უჯიგრო და უილაჯო ფეხბურთი იხილა და შემდეგ შეხვედრაზე ამის მეათედიც რომ არ მივა, გამოვა იგივე დემჩენკო და იტყვის, გულშემატკივრები არ დადიან სტადიონზე და ასე ფეხბურთი ვერ განვითარდებაო. როცა მოვიდნენ, რა მოიგეს, რო?!

ავტორი: ბათო ჯაფარიძე