არის! - მიქაუტაძე „ლიონში“ ითამაშებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორც იქნა, გიორგი მიქაუტაძის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი დასრულდა და ქართველი ფორვარდი კარიერას „ლიონში“ გააგრძელებს. საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ჩვენებურისთვის უცხო არაა - მიქაუტაძე „ლიონის“ აკადემიაში 2008-2015 წლებში გამოდიოდა და საფეხბურთო ანა-ბანაც სწორედ იქ ისწავლა. ახლა კი...

„ის აქ არის და ის იდეალურია“, - ასეთი სათაური წაუმძღვარა კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მიქაუტაძის ტრანსფერს.

რაც შეეხება დეტალებს, მიქაუტაძემ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა, ხოლო მისი ყოფილი კლუბი „მეცი“, ფეხბურთელის სანაცვლოდ, 18.5 მილიონ ევროს მიიღებს. შესაბამისი წარმატებისა და გოლების საჭირო ოდენობის გატანის შემთხვევაში, „მეცი“ დამატებით კიდევ 4.5 მილიონს მიიღებს. აღნიშნული სატრანსფერო თანხიდან, 15% „აიაქსს“ გადაერიცხება - გუნდს, რომელშიც მიქაუტაძის კარიერა არ აეწყო. ჰო, კიდევ ერთი, თუ „ლიონი“ მიქაუტაძეს გაყიდის, მომავალი ტრანსფერიდან 15%-ს უკვე „მეცი“ მიიღებს.

„აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. ახლა ამბობენ, რომ ალეკსანდრ ლაკაზეტი და მე საუცხოო შემტევ დუეტს შევქმნით. ლაკაზეტი საოცარი ფორვარდია, ძალიან გამოცდილი, მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. მე სახლში დავბრუნდი. როცა აქედან წავედი, პატარა ბიჭი ვიყავი, ახლა კაცი ვარ და მჯერა, ჩემ გამზრდელ გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარები. რაც შეეხება „მეცს“, ეს გუნდი ჩემს გულში სამუდამოდ იქნება. მინდა „მეცის“ გულშემატკივრებს ვუთხრა, რომ მათ გვერდით და ერთ-ერთი იმათგანი ვარ“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე