115 ახალი სტატია

უცნობი ამბები ანზორ ერქომაიშვილის ცხოვრებიდან

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 31 მარტს, 81 წლის ასაკში, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი, ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა.  ანზორ ერქომაიშვილი, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 19 მარტს, კორონავირუსის დიაგნოზით შეიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ანზორ ერქომაიშვილი, 1968 წლიდან იყო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. 2008 წელს, საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა ოზურგეთის საარჩევნო ოლქიდან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარდგინებით.

2009 წლიდან, შეწყვიტა საკანონმდებლო საქმიანობა და გახდა ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

2014 წელს, მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

 ბავშვობა

„ტრადიციულ ოჯახში ვიზრდებოდი. მგალობლები იყვნენ ჩემი ოჯახის წევრები, ძველი ტრადიციების მატარებელი და თუკი რამე ტრადიციული კეთდებოდა სოფელ მაკვანეთში, ჩემი ოჯახიდან იწყებოდა. დღემდე გამოგვყვა ის სიყვარული, დამოკიდებულება ადამიანებთან.

იმ დროს იდეოლოგიურად არ იყო გამართლებული, მაგრამ სოფელში მაინც ხდებოდა ტრადიციული დღეების აღნიშვნა. შობას დიდი ზეიმით ვხვდებოდით და, ასევე, კალანდას - ძველით ახალ წელს. საბჭოთა კავშირის დროს, სოფელში უფრო თავისუფლად ვგრძნობდით თავს. მახსოვს, წინა დღით, ვიდრე კალანდის დილა გათენდებოდა, ოჯახში აკეთებდნენ სადღესასწაულო სადილს, ყველაფერი იყო გათვლილი, გათვალისწინებული, როგორც შობის დღესასწაულის დღეს. აუცილებლად უნდა ყოფილიყო ღვინო, მარანი უნდა გაეხსნათ იმ დღეს, ამოეღოთ საუკეთესო ღვინო დოქით. ასევე, აუცილებელი იყო ვერცხლის ფული, რატომღაც ასე იყო. ვერცხლის ფული, როგორც წესი, ისე იყო დაკანონებული“, - იხსენებდა ერქომაიშვილი.

ანზორ ერქომაშვილის მეუღლე ნათელა ლაღიძეა, წყვილის სასიყვარულო რომანის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში არ იძებნება...

 

ჯარი

„ჯარში მესამე კურსიდან წამიყვანეს. „გორდელა“ დავტოვე და წავედი. ჩვეულებრივ, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ჯარში არ მიჰყავდათ. მაგრამ ხრუშჩოვის ბრძანება იყო, რომ 1941-1945 წლებში დაბადებული ყველა მამაკაცი უნდა გაეწვიათ. ამ წლებში ძალიან დაბალი იყო შობადობა, ომის გამო. გაგვიკეთეს მობილიზაცია და წაგვიყვანეს. როგორ არ იბრძოლა კულტურის მინისტრმა, ბატონმა ოთარ თაქთაქიშვილმა, ბაბუამ, თავისთავად, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

ჯარიდან რომ ჩამოვედი, „გორდელაში“ დავბრუნდი და მერე წავედით ფესტივალზე ბულგარეთში. მაგრამ საქმე ისაა, რომ ჯარში სამი წელი დავკარგე. ბაბუა ცოცხალი იყო. იმ სამი წლის განმავლობაში, რამდენი რამის სწავლა, რამდენი რამის ჩაწერა შეიძლებოდა. რომ ჩამოვედი, ბაბუა ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა.

ძალიან გულდაწყვეტილმა მითხრა: ეს დრო აუნაზღაურებელი დანაკლისია ჩემთვის და შენთვის კი არა მარტო, ქართული სიმღერისთვის; მაგრამ რა ვქნა, ვერ მოვახერხე მეტიო. ახლაც ვგრძნობ, რა დიდი დანაკლისი იყო. ახლა, როცა საგალობლებზე ასეთი ბუმია ატეხილი, მე ბაბუა, აგერ, გვერდით მყავდა ცოცხალი. მისგან საგალობლები კი ჩავიწერე, მაგრამ შემეძლო, ასობით ჩამეწერა. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, რუსთავში წავედი სამუშაოდ და იქ ჩამოვაყალიბე ანსამბლი „რუსთავი“, 1968 წელს“, - იხსენებდა ანზორ ერქომაიშვილი.

 

პროფესია

ანსამბლი „რუსთავი“ ანზორ ერქომაიშვილმა, მეგობრებთან ერთად, 1968 წელს დააარსა. თავიდან ანსამბლი მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა. იმავე წელს, მომღერლებს მოცეკვავეთა გუნდი შეუერთდა და დღემდე ერთიანი სახელით აგრძელებენ საქმიანობას. დღიდან დაარსებისა, ანსამბლს მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში, 7 000-ზე მეტი კონცერტი აქვს გამართული.

50 წლის განმავლობაში, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი იყო, რომელიც ახლა, მომღერალთა დასის ხელმძღვანელმა, გიორგი ნატროშვილმა შეცვალა.

„1968 წლიდან, ანსამბლს ვუდგავარ სათავეში. მალე 80 წლის გავხდები. საჭირო იყო ახალი ძალა და შემართება, რაც ახალგაზრდებისა და, ზოგადად, მომავალი თაობის პრეროგატივაა. გიორგი ნატროშილის არჩევა დემოკრატიული გზით მოხდა და ანსამბლის წევრებმა სამხატვრო ხელმძღვანელად, სწორედ გიორგი აირჩიეს. წარმატებას ვუსურვებ მას. მე ვრჩები ანსამბლში მუსიკალურ ხელმძღვანელად“, - ამბობდა ანზრო ერქომაიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

იმის მიუხედავად, რა დამსახურება ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს ქართული ხალხური სიმღერის მიმართ, სე მოხდა, რომ ყველაზე მეტი თქვენ შეძელით. ბატონმა გია ყანჩელმა თქვენ შესახებ თქვა: „ანზორ ერქომაიშვილი იყო, არის და რჩება თავის სფეროში პატრიარქად. რა თვისებებმა ან რა გარემოებებმა შეგიწყოთ ხელი, რომ ასეთ მაღალ მიზნებს მიაღწიეთ?

„ ჩემი ღრმა რწმენით, ადამიანი უნდა ემსახუროს იმ საქმეს, რაც მას ხელეწიფება. 300 წლის ისტორია აქვს ჩემს გვარს - მუსიკალური გვარია და მუსიკამ განსაზღვრა ჩვენი მიმართულება. ჩემთვის მაგალითი იყო ბაბუა - არტემ ერქომაიშვილი და ჩემი წინაპარი გიგო ერქომაიშვილი, რომლებმაც ყველაფერი მუსიკას შესწირეს, მუსიკას მოარგეს თავიანთი ცხოვრება. მე იმ პერიოდში მომიხდა ასპარეზზე გამოსვლა, როცა ხალხური სიმღერა ნაკლებად პოპულარული იყო. არა იმიტომ, რომ ხალხს არ უყვარდა. ძველები ისევ კარგად მღეროდნენ, მაგრამ კომუნისტური იდეოლოგიის მძიმე პერიოდში, ბავშვები და ახალგაზრდები ნაკლებად სწავლობდნენ ხალხურ სიმღერას. მაშინ მოდაში იყო ოლიმპიადები და შეთხზული სიმღერები პარტიაზე, მთავრობაზე, ლენინზე, სტალინზე - ამ სიმღერებზე იზრდებოდნენ თაობები. მე ვგრძნობდი, რომ ეს არ იყო სწორი. განსაკუთრებით მინდოდა და ვხვდებოდი, რომ სწორედ ახალგაზრდებს უნდა ესწავლათ ხალხური სიმღერა. ამიტომ, 70-იან წლებში, როცა „რუსთავი“ უკვე გამოჩენილი ანსამბლი იყო, გადავწყვიტე, ბავშვთა გუნდი შემექმნა. მინდოდა, ბავშვებისთვის შეგვეყვარებინა ხალხური სიმღერა“, - ამბობდა ერქომაიშვილი.

 

ბრწყინვალების ორდენი

2020 წელს, პრეზიდენტმა ანზორ ერქომაიშვილს სახელმწიფო ჯილდო ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის, სოფელ აცანაში, საზეიმოდ გადასცა.

საქართველოს პრეზიდენტმა ანზორ ერქომაიშვილს საქმიანობაში წარმატებები უსურვა და ქორმაისტერის დამსახურებებს შორის, მის პედაგოგიურ მოღვაწეობას, ადგილობრივი და საერთაშორისო ფესტივალების დაარსებასა და იუნესკოში მოღვაწეობას გაუსვა ხაზი.

„დაიჯესტი.პია.გე“