„ეს მხოლოდ ხელოვნება არაა, ეს უნიკალური არტთერაპიაა!“ - წელს, ნიუ იორკის სახელოვნებო ბაზრობაზე, საქართველოს ტიხრული მინანქრის სპეციალისტი ციალა გიგაური წარადგენს

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

წელს, ნიუ იორკში, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პრესტიჟული  სახელოვნებო ბაზრობა - „არტექსპო ნიუ იორკი“ იმართება.  როგორც წესი, არტბაზრობაზე 500-ზე მეტი გალერეაა წარდგენილი და დამთვალიერებელთა რაოდენობა ასეულობით ათასს აღემატება. ხელოვანი ადამიანები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდანაც თავიანთ ხედვას, სტილსა და მიმდინარეობას უზიარებენ მაყურებელს.

„Art Expo New York“ - ეს არის  მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო შოუ, რომელმაც 41 წლის განმავლობაში, უამრავ მხატვარს უმასპინძლა. ეს არის უსაზღვროდ მნიშვნელოვანი სივრცე, სადაც ხელოვანებს, გალერეებს, მყიდველებს, კერძო კოლექციონერებსა და კურატორებს შეუძლიათ სახელოვანი თუ დამწყები მხატვრების ნამუშევრების გაცნობა და შეძენა. ამასთან, ხელოვანებს საშუალება აქვთ, თავიანთი შემოქმედება წარმოაჩინონ და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება შეძლონ.

„არტექსპოზე“ არის გარკვეული ჯგუფი - exhibitor (წარმდგენი), რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი გახლავთ ნათია მალაზონია, აშშ-ში მოღვაწე ქართველი მხატვარი და ასევე, ორგანიზატორი მხატვართა ჯგუფისა, რომელთანაც ის დაარტექსპოსჯგუფი გადაწყვეტს თანამშრომლობას. მან ხაზგასმით გამოჰყო რამდენიმე მხატვრის სტილი და ხელწერა, რომელთაგან ერთ-ერთია ციალა გიგაური - ხელოვანი და ტიხრული მინანქრის ოსტატი. ციალა გიგაურის ნამუშევრებმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, როდესაც გამოფენისთვის, სხვადასხვა მხატვარს არჩევდნენ. ციალას ტრადიციული თემატიკა აქვს არჩეული, რაც მის შემოქმედებაში, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ვერსიაგთავაზობთ ინტერვიუს ციალა გიგაურთან, რომელიცარტექსპო ნიუ-იორკზე“, ნამუშევრებს საქართველოს სახელით წარადგენს:

 

- „ნიუ იორკ ექსპოზე“ გამგზავრება ჩვენი ქვეყნისა და ხელოვანთათვის ძალიან მნიშვნელოვანია. გამოფენას უამრავი ადამიანი სტუმრობს, შესაბამისად, ეს პროექტი ცნობადობას კიდევ უფრო აგვიმაღლებს. გამოფენის ოფიციალური გახსნა 18-21 ნოემბერსაა დაგეგმილი.

- ხელოვნებისადმი ინტერესი როდის და რატომ გაგიჩნდათ?

- წარმოშობით ხევსურეთიდან ვარ, მშობლები იქ იყვნენ დაბადებულნი. მე კი კახეთში დავიბადე - მოგეხსენებათ, ხევსურები კახეთში ჩაასახლეს. ქარგვა და ქსოვა ბებიამ მასწავლა. პაპა ხევსურეთში ცნობილი ოქრომჭედელი იყო. ბავშოვობიდან დიდი ინტერესი მქონდა ხელსაქმის მიმართ. როცა ბებია ფარდაგებს ქსოვდა, სულ ვეხმარებოდი და ვცდილობდი, მისგან ბევრი მესწავლა, თუმცა პროფესიის არჩევისას, ხელოვნების სფეროსკენ ვერ წავედი, რადგან  უმაღლესში 1989 წელს ვაბარებდი, მაშინ საკმაოდ რთული პერიოდი იყო - არ არსებობდა შემოსავლის წყარო, რომ რაიმეს დასახატად, ფურცლები მაინც გვეყიდა. ამიტომ ჩავაბარე აგრარულ უნივერსიტეტში და მერე, სანამ ოჯახს შევქმნიდი, გარემოს დაცვის სამინისტროში ვმუშაობდი. პარალელურად, ხელნაკეთ ჩანთებსა და სამაჯურებსაც ვამზადებდი, რომელთაც მაღაზიაში ვაბარებდი.

- ძირითადად, როგორი სახისა და ტექნოლოგიის ნამუშევრებს ამზადებთ?

- ახლა, ძირითადად, ტიხრულ მინანქარზე, ვერცხლსა და ოქროზე ვმუშაობ. ვამზადებ სამკაულებს, რომლებიც გამოფენებსა და საიუველირო მაღაზიებში იყიდება. ადრე ვქარგავდი და ხელნაკეთ აქსესუარებს ვამზადებდი.

- ტიხრულ მინანქარზე მუშაობა როდის დაიწყეთ?

- მიუხედავად იმისა, რომ დაოჯახების შემდეგ, აქტიურად აღარ ვიყავი ხელოვნების სფეროში ჩართული, ბოლომდე თავი არასოდეს დამინებებია. სულ ვდარდობდი, რომ პაპის შთამომავლობით გადმოცემული ნიჭი უყურადღებოდ რჩებოდა. ჩემი შვილები რომ წამოიზარდნენ, ტიხრული მინანქრის შესწავლა გადავწყვიტე. ზედაპირული ცოდნა მქონდა, ამიტომ ერთი წელი, ტიხრული მინანქრის სახელოსნოში, დამზადების ტექნოლოგიას ვსწავლობდი. 2015 წლიდან, საიუველირო სალონებთან  თანამშრომლობა დავიწყე.

- ერთი სამკაულის დამზადებას რა დრო სჭირდება?

- ტიხრული მინანქრით სულ პატარა ნივთის დამზადებას ორი დღე სჭირდება. ჯერ ფირფიტა უნდა დამუშავდეს, შემდეგ ტიხრები დამზადდეს, მერე ფერები და ბოლოს გაპრიალებაა საჭირო.

- გამოფენებში ხშირად მონაწილეობთ?

- დიახ, საკმაოდ ხშირად. მხატვართა კავშირის, საქართველოს მქარგველებისა და ხელმარჯვეების ასოციაციის წევრი ვარ. 11 გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. შარშან, საბერძნეთში ვიყავით მიწვეულნი, სამწუხაროდ, კოვიდის გამო, ვიზიტი გადაიდო. ასევე, 2020 წელს, ონლაინგამოფენაში - „ეთნო ფესტი“ მივიღე მონაწილეობა.  ილიაუნის „ფაბლაბთან“ არის პროექტი, რომელიც თანამედროვე რეწვის ინდუსტრიაში ნაკეთობების შექმნის ინოვაციური ფორმებისა და მეთოდების დანერგვას ემსახურება; ეს პროგრამა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებსა და ციფრულ დიზაინერებს შორის თანამშრომლობასაც უწყობს ხელს.

- მოსწავლეებიც გყავთ, ხომ?

- დიახ, ხელშეკრულება მაქვს „ვორლდ ვიჟენთან“ და სტუდენტებს ხელსაქმეს ვასწავლი.

- შეკვეთებს ხშირად იღებთ?

- საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანებისთვის, სასაჩუქრედ, სამკაულებს ხშირად მიკვეთავენ. წელს დიდი შეკვეთა მქონდა აშშ-ში მცხოვრები ოჯახისთვის. აქ, ძირითადად, ტურისტებზე ვმუშაობდით. თუ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის მიკვეთავენ, აქტუალურია საქართველოს რუკისა და დროშის ფორმა, ასევე, ბროწეულის. უცხოელები კი ყველაზე დიდ მნიშვნელობას ფერებს ანიჭებენ.

- გიწყობთ თუ არა სახელმწიფო ხელს, ნამუშევრების რეალიზაციაში?

- გვერდში გვიდგას საქართველოს რეწვისა და განვითარების ასოციაცია. გვეხმარებიან გამოფენებში მონაწილეობასა და რეკლამირებაში. მერია, ძირითადად, დღესასწაულებზე გვაძლევდა საშუალებას, უფასოდ წარგვედგინა ნამუშევრები. სამწუხაროდ, კორონავირუსმა უკან დაგვხია - ბევრი მაღაზია დაიკეტა და გაყიდვებიც შეფერხდა.

საერთოდ, სამკაულებისა და ხელოვნების სხვა ნიმუშების შექმნა ძალიან დიდი ბედნიერებაა. ეს პროცესი ჩემთვის საოცარ ემოციებთანაა დაკავშირებული. ამ დროს მგონია, რომ ახლოს ვარ ბუნებასა და ყველა იმ სილამაზესთან, რაც უფალმა დედამიწაზე გვიბოძა. თუ სამუშაო პროცესში, ვინმე ხელს მიშლის, ძალიან ვბრაზდები. მთელი გონებითა და გულით ვარ ჩართული საქმიანობაში და არ მინდა, მოვწყდე ხოლმე. ჩემთვის ეს განტვირთვაა და ბევრისთვის მითქვამს, რომ ეს მხოლოდ ხელოვნება არ არის.  ეს უნიკალური არტთერაპიაა. მოგეხსენებათ, თითების ბალიშებზე ნერვული დაბოლოებებია და ეს პროცესი საკმაოდ ამშვიდებს ნერვულ სისტემას, რადგან ამ დროს, სხვა არაფერზე ფიქრობ, თუმცა ფიქრი თუ გაგექცა, ნამუშევარიც გაფუჭდება, ამიტომ ყველას ვურჩევ, დამწყების დონეზე მაინც შეისწავლოს ხელსაქმე.

- რა გაძლევთ ინსპირაციას და თქვენი განწყობა თუ აისახება ნამუშევრებზე?

- რა თქმა უნდა, ჩემი განწყობა ნამუშევრებზე ასახულია. ძირითადად, ინსპირაციას ტრადიციული კულტურა და ჩემი წარმომავლობის - ხევსურული ხასიათი და თავისებურებები მაძლევს.

- რას ურჩევთ დამწყებ ხელოვანებს?

- პირველ რიგში, გააანალიზონ, ბედნიერებას მიანიჭებთ თუ არა ეს საქმე. შემდეგ, კარგად შეარჩიონ პედაგოგი, რომელმაც სწორი მიმართულებით უნდა დაანახოს მოსწავლეს თავისი შესაძლებლობები. თუ სწორი გზით წახვედი, მერე ყველაფერი მარტივია და იდეებიც თავისით მოვა. პედაგოგმა მარტო ხელოვნების ნიმუშის შექმნა-დამზადება კი არა, ისტორია და ფერებიც უნდა ასწავლოს. სანამ კოვიდია და, ასე თუ ისე, ჩაკეტილები ვართ, ეს დრო სათავისოდ გამოიყენონ და რაც შეიძლება, მეტი ისწავლონ.

- რა გეგმები გაქვთ?

- ძალიან მინდა ხევსურეთში გავაკეთო ჩემი სამუშაო კაბინეტი. ასევე, ვაპირებ, ხშირად მივიღო მონაწილეობა სხვადასხვა გამოფენაში, რათა ჩემი ცოდნა და ხელოვნებისადმი სიყვარული  მომავალ თაობას გავუზიარო.

 

 

 

ია გრიგალაშვილი