მხატვარი ირაკლი სუთიძე 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

65 წლის ასაკში ქართველი მხატვარი ირაკლი სუთიძე გარდაიცვალა.

ბიოგრაფია

ირაკლი სუთიძე ქართველ მხატვართა 80-იანელთა თაობის წარმომადგენელია. მხატვარს მკაფიოდ ინდივიდუალური წერის მანერა გამოარჩევს. მისთვის სახასიათო მხატვრული ხერხები (ოქროსფერი ფონი; მრავალშრიანი ფაქტურული ზედაპირი; ახლო პლანით მოცემული გამოსახულებები) მის მონუმენტურ კოპოზიციებს რომანტიულობის ელფერს ანიჭებს. სიუჟეტებში უგულვებელყოფილია დროის შეგრძნება. ნარატივისგან დაცლილი სცენები განზოგადოებულ სახე-ხატებად წარმოგვიდგებიან, რელიგიურ თუ მითოლოგიურ ასოციაციებს იწვევენ. 

ირაკლი სუთიძემ 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია , სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დაზგური გრაფიკის მიმართულებით. 1983-1986 წლებში მუშაობდა საკავშირო სამხატვრო აკადემიის ფერწერის შემოქმედებით სახელოსნოში; მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებსა და პროექტებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (Ca Global Future, ვენა, ავსტრია, 1994; კავკასიელი მხატვრები, ლიბერალურ პროფესიათა სახლი, მონპელიე, საფრანგეთი, 1999; „შეეხე საქართველოს“, გერმანიის განვითარების ბანკი, კიოლნი, გერმანია, 2013; Mia Casa, ტოსკანა, იტალია, 2015; და სხვ.); ჰქონდა არაერთი პერსონალური გამოფენა თბილისში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს და საზღვარგარეთის მუზეუმებსა და გალერეებში: ეროვნული მუზეუმი და ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, თბილისი; გალერეა „ელექტრა“, საუსალიტო, აშშ; ნიკოლა სტრონახის გალერეა, ფერმოილ ლოჯი, კასტელო, ირლანდია და გერცევის გალერეა, მოსკოვი რუსეთი. აგრეთვე კერძო კოლექციებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ: საფრანგეთი, ბელგია, გერმანია, ჰაიტი, ნიდერლანდების სამეფო, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, თურქეთი, ესპანეთი, შვეიცარია, აშშ, იტალია, ავსტრია, კორეა, ირლანდია, აზერბაიჯანი, იაპონია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი.