17 მარტი გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალების დღეა

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

17 მარტი გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალების დღეა.

1959 წელს, სწორედ ამ დღეს, პოეტმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სამკურნალო კომბინატში.

ამ ამბავს გალაკტიონის ცხოვრების და შემოქმედების მკვლევარი ვახტანგ ჯავახაძე ასე აღწერს:

„1959 წლის 17 მარტს, 17.50 საათზე, ვაკეში, ილია ჭავჭავაძის გამზირის N5-ში, ელიტური სამკურნალო კომბინატის (ლეჩკომბინატის) ეზოში, პირველი კორპუსის მეორე სართულზე ასასვლელი კიბისა და ძირითადი კედლის კუთხეში დაეცა გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც იქვე გარდაიცვალა ისე, რომ წვეთი სისხლი არ დაუღვრია და მიწაზე არავითარი კვალი არ დაუტოვებიაო“.

სულ ახლახანს კი, საქართველოს ეროვნულმა არქივმა ერთ მულტიმედიურ ვებგვერდზე მოუყარა თავი გალაკტიონის ცხოვრების ამსახველ იმ ფოტო, ვიდეო, ხმოვან და დოკუმენტურ მასალას, რაც არქივში იყო დაცული.

გვერდი გალაკტიონის ვიდეოჩანაწერით იხსნება - პოეტი, მისთვის დამახასიათებელი და დასამახსოვრებლი მანერით კითხულობს ლექსს „თასი“ - კინოკოლაჟის დასაწყისში გამოყენებულია თიბვის კადრები, რომლებიც გადაღებულია შოვში, 1947 წელს. ლექსს გალაკტიონი კითხულობს ალ. ჯაფარიძის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში. 1946 წელია.

ეს გალაკტიონ ტაბიძის დაბადების ჩანაწერია სოფელ ჭყვიშის წმინდა გიორგის ეკლესიის 1892 წლის მეტრიკული წიგნიდან, რომელიც ასევე ეროვნული არქივის საკუთრებაა.ამ დოკუმენტის მიხედვით, გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 5 ნოემბერს (ძველი სტილით) დაიბადა და 1892 წლის 3 იანვარს მოინათლა.

მამა: გალაკტიონის დაბადებისას უკვე გარდაცვლილი ვასილ სტეფანეს ძე ტაბიძე, დედა მაკრინე გიორგის ასული. ნათლია: თადეოზ ნამიჭეიშვილი. ნათლისღების საიდუმლო აღასრულა მღვდელმა სტეფანე ტაბიძემ, რომელიც გალაკტიონის ბაბუა იყო.

ეს კი გალაკტიონის ლექსების პირველი კრებულია.ის 1914 წელს დაიბეჭდა.

მეორე კრებული - „Cran Aux fleurs artistiques“ („თავის ქალა არტისტული ყვავილებით“) - 1919 წელს პეტრე (ტუტკუ) გვარამიამ გამოსცა.

„არტისტული ყვავილების“ ეს ეგზამპლარი, რომელსაც საქართველოს ეროვნული არქივი ინახავს, დათიკო ყიფიანს ეკუთვნოდა. გალაკტიონის ლექსების ფრაგმენტებიც ყდაზე წიგნის მფლობელს გადმოუწერია.

„სადმე ყრუ ადგილს დავესახლები

- სხვა საუკუნის მგზავრი გვიანი

სადაც იქნება ცოფი ნაკლები

და უფრო ნაკლებ ადამიანი“...

„... კმარა, მოვშორდე შფოთიან ტფილისს

არ მსურს მახსოვდეს მისი სახელი“...

გალაკტიონ“.

ეროვნული არქივის ამ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ გალაკტიონის მეორე კრებულის გამომცემელი ტუტკუ გვარამია 1924 წლის რეპრესიებისას დაუხვრეტიათ.

პოეტმა მის ხსოვნას ლექსი მიუძღვნა, რომლის ავტოგრაფიც პეტრე გვარამიას ოჯახში ინახება და საბჭოთა რეჟიმის დამხობის შემდეგ გახდა ცნობილი.საქართველოს ეროვნულ არქივში, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საარქივო მასალაში, გალაკტიონ ტაბიძის ხელმოწერით არაერთი ოფიციალური დოკუმენტი ინახება.

პოეტი 1918-1919 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის კანცელარიის საქმის მწარმოებელი ყოფილა.

ამ დოკუმენტში ის ხელმოწერით ამოწმებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სხდომის ჟურნალიდან ამიერკავკასიის ბონების გამოცემის შესახებ ამონაწერს. 1919 წლის 23 იანვარი.გალაკტიონ ტაბიძემ 1916 წლის 23 აგვისტოს ოლღა ოკუჯავაზე დაიწერა ჯვარი.

მათი ქორწინება სამოქალაქო წესით 1921 წლის 15 ოქტომბერს გაფორმდა.

ამ საარქივო დოკუმენტის მიხედვით პოეტი და სტუდენტი ქალი საკუთარი სურვილით, პირველი ქორწინებით შეუღლდნენ.

ამ დროისთვის გალაკტიონი თბილისში, სერგიევის ქუჩაზე, ხელოვნების სასახლეში (დღევანდელ მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე მწერალთა სახლი), ცხოვრობდა, ოლღა ოკუჯავა კი რუსთაველის პროსპექტის #19 ბინაში.

დოკუმენტს ახლავს საცოლისა და საქმროს ხელმოწერები.ბოლშევიკური ხელისუფლება ოლღა ოკუჯავას ტროცკისტობის ბრალდებით დევნიდა. ის 1929 წელს დააპატიმრეს და 3 წლით გადაასახლეს. მეორედ 1936 წელს დაიჭირეს, 1937 წელს გაასამართლეს და 1941 წელს დახვრიტეს.

„გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“ 1922-1923 წლებში გამოიცემოდა.სულ ლიტერატურული პერიოდული გამოცემის 9 ნომერი გამოვიდა. გალაკტიონის გვერდზე ამ ჟურნალის პირველი ნომრის სრული ვერსიაა წარმოდგენილი. ეს კი რამდენიმე გვერდია ჟურნალიდან:ეროვნულ არქივში, ვახტანგ გურგენიძის პირად ფონდში ინახება გალაკტიონ ტაბიძის პირადი ნივთები.მათ შორის, პოეტის სათვალე, ბლოკნოტი, „პაპიროზის“ ყუთი...1957 წლის 20 ნოემბრის ღამეს გალაკტიონმა ამ ფოტოს შესახებ თავის დღიურში ჩაწერა:

„აკაკი ჯოხზეა დაყრდნობილი. სახე დიდებულად აქვს. გამოირჩევა ყველასაგან...
... რა დიდებულია დავით კლდიაშვილი, იასონ ნიკოლაიშვილი და ლადო დარჩიაშვილი. სამი უმწიკვლო პიროვნება.
- დიდებულია, დიდებული! - ამბობს ის.
- ფოტოგრაფო, მე შენ შემოგყურებ, - ამბობს აკაკი სვანი.
- ხონის პროლეტარიატი იწევს, რათა ჩაებას ბრძოლაში, - ამბობს ილია ბახტაძე.
- სოციალისტების არა მჯერა რა, - ამბობს ია ეკალაძე.
- დოვუსტვინო? დოვუსტვინო? - გრიალებს ნემო.
- თხზულებანი, ბატონო, თხზულებანი! - რატომღაც გაიძახის თეოფილე ხუსკივაძე.
რას ამბობს კონსტანტინე გამსახურდია?
რას ფიქრობს ნეტა ჯაჯუ ჯორჯიკია?
რაზე ოცნებობს დათიკო მებუკე?
რა მიზნებს ისახავს მომავალში ლელიკო ჯაფარიძე?
ვარლამ რუხაძე?
ვეშაპიძე?
ტიტია? მაშინ ხომ ტიციანი არ ერქვა“.

სრული მონაკვეთის წაკითხვა შეგიძლიათ აქ.

აი, ეს ფოტო კი გალაკტიონმა სახსოვრად უძღვნა ვახტანგ გურგენიძეს: „ძვირფას ვახტანგს ნიშნად სიტყვით გამოუთქმელი პატივისცემისა“. 1955 წელი.არქივმა შემოინახა სამცხე-ჯავახეთში გალაკტიონის მოგზაურობის ამსახველი ფოტოებიც - პოეტი ოკამის მკვიდრ მწყემსებთან. 1955 წლის აგვისტო.

 

წყარო: რადიო თავისუფლება