ზაფხული და კვებითი ინტოქსიკაცია - ლადო კახაძის რეკომენდაციები

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი - გვანცა პეტრიაშვილი

ზაფხულის დადგომისთანავე საგრძნობლად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევათა რაოდენობა. სტატისტიკური მონაცემებით, სწორედ ზაფხულის სეზონზე მოდის ამ დაავადებათა  შემთხვევების 50%-ზე მეტი, რისი მიზეზიც უმეტესად გარემოში მაღალ ტემპერატურაზე დაავადების გამომწვევი მიკრობების გაძლიერება და ასევე ნიტრატების მაღალი დონეა,რომლებსაც ხილ-ბოსტნეულის მოყვანაში იყენებენ. 

როგორ  ავარიდოთ თავი საკვები ინტოკსიკაციებისგან გამოწვეულ მოწამვლას და როგორია ამ დროს პირველადი დახმარება - ამ თემაზე გაზეთ „ვერსიას“, ექიმი და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლადო კახაძე ესაუბრა:

-ბატონო ლადო, წელს ბევრი შემთხვევაა საკვები ინტოქსიკაციის, პირველ რიგში,  გვითხარით, რა იწვევს ამას?

-ზოგადად, ეს დიდი ხნის თემაა და დამოკიდებულია იმ ადამიანების კეთილსინდისიერებაზე. ადამიანმა, თუ იცის, რომ ის პრეპარატი,რომელიც ხელოვნურად ამწიფებს ამა თუ პროდუქტს და მაინც იყენებს და შემდეგ ვიღაცას ვნებს, ეს მისასალმებელი როგორ იქნება?! დასაგმობი ფაქტია! სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ყველა ინდივიდს მეთვალყურეობას ვერ დაუნიშნავ, ძალიან გული მტკივა ამას, რომ ვამბობ.შეცდომა ერთია და შეგნებულად გაკეთებული დანაშაული მეორე. რასაკვირველია, მორალურად გაკიცხვის ღირსია და თუ ფაქტს ვინმე აღნუსხავს და შეამოწმებს, ის დასჯის ღირსი იქნება, ამას კანონი უნდა საზღვრავდეს. ადამიანებს ერთმანეთის მიმართ ნდობის ფაქტორი უნდა გვქონდეს მაღალი. 

-ვინმე თუ ამოწმებს გარე მოვაჭრეებს? თუნდაც დასავლეთის გზაზე, ძალიან ბევრი ადამიანი გზად ყიდულობს პროდუქტს, ბევრი ტურისტიც. თუ ხდება მათი შემოწმება?

- ახლა მივედით ამ კითხვამდე, იცით რა? ვერ გეტყვით. პროდუქტს, რომელსაც აბარებს ადამიანი, ამას დამადასტურებელი დოკუმენტი აქვს. წამალსაც  კი, რომელიც აღიარებული ქვეყნებიდან შემოდის, ვამბობთ, რომ შემოწმება არ უნდა, ვენდობით. აღმოჩნდა, რომ კონტრაფაქტურა ყველგან არის, თამბაქო იქნება, სასოფლო-სამეურნელო პროდუქტი თუ წამალი, ყველაფერს  და ყველას უნდა მოეკითხოს.

-როგორ უნდა ვიმკურნალოთ მოწამვლის შემდეგ-როგორია პირველადი დახმარება? როდის ხდება საჭირო ექიმის დახმარება?

-ნებისმიერ დროს, როდესაც ადამიანს აღენიშნება კლინიკური გამოვლენა, ეს იქნება- კუჭის აშლა, ტკივილი, ტემპერატურა, კანზე გამონაყარი, ხშირი კუჭის მოქმედება, აუცილებლად უნდა მიაკითხონ  ექიმს. დღეს ამის ციკლი აწყობილია მაღალ დონეზე, ყველას ყავს ოჯახის ექიმი, 2000-ზე მეტი ოჯახის ექიმია, ეს არის პირველი რგოლი, განათლებული ადამიანები, რომლებიც პასუხს აგებენ თავის პაციენტთან. იმ წუთასვე უნდა განხორციელდეს ზარი, ჩივილები უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა მიეწედოს პირველადი ინფორმაცია. კვებითი ინტოქსიკაციები ძალიან რთული თემაა, რომელმაც შეიძლება დიდი გართულება გამოიწვიოს, საფრთხე შეუქმნას სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.  ადამიანი თუ ფიზიოლოგიური მდგომარეობიდან, ნომრიდან გადახვევას შეატყობს, თვითმკურნალობა არ არის გამოსავალი, მან აუცილებლად რეკომენდაციისთვის უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს.

-პრევენცია თუ არსებობს, ბატონო ლადო, რომ თავიდან ავიცილოთ მოწამვლა?

-უსაფრთხოების გარანტიებს ის დაწესებულებები ქმნიან, რომლებიც ყიდიან. იმისათვის, რომ  ყველა საკვების მიღების შემდეგ ლაბორატორიული კვლევა ჩაიტაროთ, ასეთი რაღაც არ ხდება.  ამიტომ ერთია, რომ შენ შეიძინე პროდუქტი და მეორე, როგორ უნდა დამუშავდეს სახლის პირობებში.  პროდუქტს სჭირდება აუცილებლად გამდინარე წყალში გარეცხვა, სანამ ვიყიდით საჭიროა, მისი ვიზუალური დათვალიერება, ჩვენი ჰიგიენაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხელების დაბანა, პირის ღრუს ჰიგიენა.  თითეულმა ადამიანმა საკუთარი თავი თვითონვე უნდა დაიზღვიოს. არის ბევრი პროდუქტი, რომელსაც კუსტარულად ამზადებენ, ასეთი საწარმოები უნდა დაიბლოკონ, დაისაჯონ. ადამიანი არის უფლებისა და მოვალეობის ერთობლიობა, უფლება კი გაქვს, რომ ჭამო, მაგრამ სანამ შეჭამ მანამდე უნდა მოიძიო, რას ჭამ.

-რომელი პრუდუქტების მიღებაა მეტად საყურადღებო ზაფხულში?

-ზაფხულის, მალფუჭებადი პროდუქტები, რომელსაც სიცხე არ უყვარს. ეს არის - ხორცი, ცხიმეული, კრემი, ნახარშები. მათ აქვთ თავისი ტემპერატურული კოეფიციენტი. ზოგს კუჭის წყლული აქვს, ზოგს ნაღვლის ბუშტის დაავადება, ამიტომ  ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რის მიღება შეუძლია.

-ბატონო ლადო, ამ სეზონზე ვირუსული ინფექციის შემთხვევები იზრდება, როგორ უნდა გავარჩიოთ საკვები ინტოქსიკაცია და ვირუსული ინფექცია ერთმანეთისგან?

-ნებისმიერი ადამიანის სხეულში 2-დან 4 კილოგრამამდე მასა არის- ვირუსი, პარაზიტი, სოკო, ბაქტერია. ნაწლავები მის გარეშე ვერ იფუნქციონერებს, საკვების მონელებაში ვერ მიიღებს კარგ შედეგს, თუ ვირუსები და მიკროსამყარო ჩვენში არ იქნება, მაგრამ ესენი არიან უსაფრთხო საფროფიტები, ეს არის ის მიკროსამყარო, რომელიც ჩვენ გვეხმარება. იმ გარემოში, სადაც ჩვენ გვიწევს ყოფნა, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა სისუფთავე.