როგორია ქვიარი ბიჭის ისტორია, რომელსაც ავტობუსში ფიზიკურად გაუსწორდნენ - ინტერვიუ ლუკა აბლოთიასთან

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლგბტქი მოძრაობამ თანაბარი უფლებებისთვის ბრძოლა 1960 წელს დაიწყო, განსხვავებული  ორიენტაციის ადამიანები (ჰომოსექსუალები, ბისექსუალები და ტრანსგენდერები) დღესაც განაგრძობენ ბრძოლას  ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ. ჰომოფობია სხვადასხვა ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილსა და ზიზღს აღნიშნავს.  17 მაისი, კი მსოფლიოში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ ითვლება. ბოლო რამდენიმე წელია, ამ დღეს საქართველოშიც აღნიშნავენ. ჩვენს ქვეყანაში საზოგადოება სკეპტიკურად არის განწყობილი ლგბტქი თემის მიმართ, ამიტომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს ხშირად უწევთ სხვადასხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა, რათა თავი უფრო უსაფრხოდ იგრძნონ. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი მიმღებლობა საზოგადოებას საკმაოდ უჭირს. ამ თემაზე  „ვერსია“  ლგბტქი თემის წარმომადგენელს ლუკა აბლოთიას ესაუბრა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

_ ლუკა, როგორ ფიქრობ საზოგადოება დღეს უფრო შემწყნარებელი და ტოლერანტი გახდა ლგბტქი ადამიანების მიმართ?

_დიდი სხვაობაა,  საქართველო 2012-13 წლებში და საქართველო დღეს. ძალადობრივი ჯგუფების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო და ხალხიც მეტწილად ტოლერანტი გახდა. ეს ყველაფერი აქტივისტთა და იმ ლგბტქი ორგანიზაციების დიდი დამსახურებაა, რომლებიც ამ ქვეყანაში ცვლილებებისთვის იბრძოდნენ. საკმაოდ შესამჩნევია დამოკიდებულებები, ხალხი ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ ყველა თანასწორები ვართ და ყველას გვაქვს უფლება ვიცხოვროთ სრულფასოვნად. ძალიან ხშირად გავსულვარ სხვადასხვა ლგბტქი აქსესუარით ან თუნდაც დროშით ქუჩაში, მაგრამ ხალხს ეს თითქმის არ ადარდებს. ნათელია, რომ პროგრესი ნამდვილად არის და ეს ხილვადობის პოლიტიკის წყალობითაა, რაც უფრო მეტად ღია ვიქნებით ქვიარ ადამიანები, რაც უფრო მეტად დაინტერესდებიან მედიები ლგბტქი ადამიანის პრობლემებითა და მათი ცხოვრებით, მით უფრო შემცირდება აგრესიული ადამიანების რაოდენობა. ყველამ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ცვლილებებს, რაც ყველასთვის სასარგებლო იქნება! სწორედ ამ იდეას ემსახურება ჩემი საქმიანობაც და ამიტომაც შევქმენი Paints Georgia-ქვიარ ფონდი.

_რა არის მთავარი პრობლემა საზოგადოებაში, რის გამოც უჭირთ ქვიარ ადამიანების მიღება?

_საზოგადოებას უჭირს ქვიარ ადამიანების მიღება, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ხედავენ საფრთხეს ქვიარებში. ეს მითი ანტი-ლგბტ პოლიტიკამ ჩაუნერგა. სამწუხაროდ საზოგადოებას ისტორიის ცოდნაც გვაკლია, თორემ სანამ საქართველო ან ლგბტქი ორგანიზაციები იარსებებდნენ, ძველ რომში ან თუნდაც საბერძნეთში ჰომოსექსუალობა არავის უკვირდა. არც არსებობდა სიტყვები ჰომოსექსუალი ან ჰეტეროსექსუალი, უბრალოდ ადამიანებს უყვარდათ ერთმანეთი და ეს  ყველასთვის ჩვეულებრივი იყო. შემდეგ რელიგიამ ჩაიგდო  მმართველობა ხელში, ჩამოყალიბდა ოჯახის ინსტიტუტი, პატრიარქატი კაცი, რომელიც ოჯახის უფროსია, ხოლო ქალი და შვილები ოჯახის პატრიარქს უნდა ემორჩილებოდნენ. დღეს ვაცნობიერებთ, რომ ეს არ არის სწორი და ადამიანებს გვსურს თავისუფლება, არჩევანის უფლება ან თუნდაც იმის კეთება, რაც მოგვწონს და გვაბედნიერებს. საქართველოში მთავარი პრობლემა იმისა, რომ საზოგადოებას უჭირს ქვიარ ადამიანების მიღება, არის: რუსეთის ზეგავლენა, რომელიც აფინანსებს ჰომოფობიურ ძალებს და მათშორის საპატრიარქოც, რომელსაც წესით ყველაზე ტოლერანტული შეხედულება უნდა ჰქონდეს განსხვავებული ადამიანების მიმართ.

_ ქამინგაუთზე, რომ მოგვიყვე (ტერმინი - ადამიანის მიერ თავისი სექსუალური ან გენდერული უმცირესობის წევრობის ნებაყოფლობითი აღიარება)  როდესაც საკუთარი იდენტობის აღიარება გადაწყვიტე  უარყოფითი რეაქციები მოჰყვა?

_ ჩემი ქამინგაუთი 11-12 წლის ასაკში გავაკეთე, ჩემს დასთან. 14 წლისას დედ-მამასთან,  ხოლო 17 წლისას საჯაროდ queer.ge ზე. უარყოფითი რეაქციები განსაკუთრებით მშობლებისგან მოჰყვა, მაგრამ დღეს მშობლებთან კარგი ურთიერთობა მაქვს. საზოგადოებისგან ნეგატივიც და პოზიტივიც ბევრი მივიღე, მაგრამ ამას ველოდი!

_ როგორი იყო შენს ირგვლივ გარემო, გრძნობდი ჰომოფობიას? ან მიმღებლობას?

_ გარემო ნელ-ნელა ქამინგაუთის შემდეგ გახდა ცივი. ყველამ სხვანაირად დამიწყო ყურება, ბევრმა მეგობარმა დისტანცია დაიჭირა ჩემთან, მაგრამ ახალი მეგობრები შევიძინე. ახლა სამსახურის პოვნა მიჭირს, რადგან ღიად ქვიარი ვარ და საკმაოდ ცნობილიც, თავს არიდებენ ჩემი დასაქმებისგან. ეს ნამდვილად არ მიადვილებს ცხოვრებას. ყოველდღე მომდის მუქარის შემცველი მესიჯები და კომენტარები. ყოფილა უცხო ზარებიც და სახლშიც მომვარდნიან უცნობები, მას შემდეგ რაც ალტ-ინფომ გააკეთა 8 წუთიანი რეპორტაჟი ჩემზე. ამის შემდეგ, ყველა გვერდით დამიდგა, სწორედ ის ადამიანები, რომელთა გაცნობაც ბავშობაში წარმოუდგენელი მეგონა.

_ საკმაოდ ცუდი ინციდენტი შეგემთხვა რამდენიმე თვის უკან, მსხვერპლი გახდი ჰომოფობიური ძალადობის, რომ მოგვიყვე ეს ისტორია, საბოლოოდ როგორ დამთავრა ეს ყველაფერი?

_ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივდიოდი საქართველოს უნივერსიტეტში. ავტობუსში, როდესაც ავედი ჩემი ჩაცმულობის და „თანასწორობის მოძრაობის“ ჩანთის გამო, აგრესიულად განწყობილმა კაცმა დამიწყო ყვირილი: „შეიკარი ღილები“,  3 ღილი მქონდა შეხსნილი. ვუთხარი, რომ ეს მისი საქმე არ იყო და თავისი ჩაცმულობისთვის მიეხედა. გააგრძელა აგრესიულად სუბარი და მუქარა, შემდეგ კი უკვე თავდასხმაზე გადმოვიდა, ამ დროს ტელეფონი ავიღე და გადაღება დავიწყე. ხალხი იცინოდა და სეირს უყურებდა.  ფიზიკურ თავდასხმაზე, როდესაც გადმოვიდა სტუდენტმა გოგონებმა და ერთმა უცხოელმა ბიჭმა გამარიდეს მას და წინ მძღოლთან გადამიყვანეს. 112- ში დავრეკე და პოლიცია გამოვიძახე, სანამ ისინი მოვიდოდნენ მძღოლმა ავტობუსი გააჩერა და კარები გააღო რა დროსაც ეს კაცი ზურგიდან მომეპარა და თავში  ბოთლი ჩამარტყა და გაიქცა. რამოდენიმე დღეში დააკავეს და გამოძიებაც ძალადობის მუხლით დაიწყო. ვიდეომ, რომელიც გადავიღე მთელი საქართველო მოიცვა,  მათ შორის უცხოური მედიებიც , ბრიტანული მედიები გამოეხმაურნენ და ამ ამბავზე თვალის დახუჭვა შეუძლებელი გახდა. მე დავპირდი ხალხს, რომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანდი, მოძალადე დააკავეს და კანონიც აღსრულდა.

_ ლუკა, ერთ-ერთი პრობლემა ის ხომ არ არის , რომ ზოგი ქვიარ ადამიანი საკუთარ იდენტობას არასწორად  გამოხატავს  და სწორედ ეს იწვევს  საზოგადოების აგრესიას მათ მიმართ?

_ნებისმიერ თემში არსებობს ცუდი და კარგი, ან ბოროტი და კეთილი, მაგრამ ამით ადამიანის სექსუალური ორიენტაცია ან გენდერული იდენტობა არ გამოიხატება. ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური და რამოდენიმე ლგბტქი ადამიანის პირადი აზრი ან ხასიათი არ წარმოაჩენს მთლიან თემს, როგორც რამოდენიმე მოძალადე, პედოფილი ჰეტეროსექსუალი კაცი არ გამოხატავს ჰეტეროსექსუალ კაცებს.

_ და ბოლოს... რჩევის სახით, რას ეტყოდი ქვიარ ადამიანებს და ასევე ადამიანებს, რომლებიც ჰომოფობიურად არიან განწყობილი განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ?

_ ქვიარებს ვურჩევდი იყვნენ ძლიერები, გაუფრთხილდნენ ერთმანეთს და მუდამ იდგნენ სამართლიანობისკენ. ჰომოფობებს კი ვეტყოდი, რომ კარგად დაფიქრდნენ და არ აჰყვნენ სხვადასხვა ადამიანების აზრს. ძალადობა ყოვლად დაუშვებელია, ყველა ადამიანი იმსახურებს იცხოვროს ისე, როგორც მათ სურთ. მოძალადე კაცი მუტრუკია, როგორც ამას ვაჟა-ფშაველა იტყოდა. ისწავლეთ  ისტორია და მერე აფრიალეთ წინაპრები, ტრადიციები და წარსული!

 

ავტორი: ანი სარდლიშვილი