რა შეზღუდვები უნდა დაწესდეს ძაღლების შეძენა-პატრონობაზე და როგორ უნდა აღვზარდოთ ისინი

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ია გრიგალაშვილი

 

ძაღლი, როგორც ნებისმიერი ადამიანი, ინდივიდუალურ აღზრდას და მოვლა-პატრონობას რომ საჭიროებს ეს ყველამ ვიცით, თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში ამ მიმართულებით საკმაოდ რთული ვითარებაა. ქუჩაში მცხოვრები უპატრონო ცხოველების პრობლემას რომ თავი დავანებოთ, ბევრი ჯიშიანი სახლის ძაღლიც არასწორ პირობებში იზრდება, რაც შემდეგ მათ აგრესიულობას განაპირობებს. უკანასკნელი 2 თვის მანძილზე, რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პიტ ბულის ჯიშის ძაღლმა ადამიანი დაკბინა. კერძოდ, პირველი შემთხვევისას,  ვარკეთილში  3 ადამიანი, თავისი პატრონის ჩათვლით, ხოლო მეორე შემთხვევაში, იმავე ჯიშის ძაღლი რუსთავში 4 ადამიანს დაესხა თავს. აღნიშნულ ფაქტს საზოგადოების დიდი გამოხმარება მოჰყვა და აზრი ორად გაიყო, ზოგი ფიქრობს, რომ პიტ ბული და მსგავსი ჯიშის ძაღლები ძალიან საშიშია, ზოგის აზრით, კი ისინი უბრალოდ სწორ აღზრდას საჭიროებენ.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცნობით კი, მიმდინარეობს კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც აგრესიული ჯიშის ძაღლების მოვლა-პატრონობის, გასეირნების, გამრავლების და უსაფრთხოების საკითხებს დაარეგულირებს. ასევე, მსჯელობენ იმაზეც, რომ ევროპის ქვეყნების მსგავსად, საქართველოში კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს.

ამერიკულ პიტ ბულ ტერიერს რაც შეეხება, იგი გამოყვანილია აშშ_ში XIX საუკუნეში. დღესდღეობით ამ სახეობის ძაღლების მხოლოდ სახელის ხსენებაც კი ზოგ ადამიანში შიშს იწვევსშვეიცარიაში და ჩრდ. ამერიკის ზოგიერთ რეგიონში იგი აკრძალულიადიდ ბრიტანეთში მისთვის აუცილებელია ალიკაპის ტარება და მიკროჩიპის იმპლატაცია. ეს გამოწვეულია იმით, რომ პიტ ბული წარსულში მებრძოლი ჯიში იყო, დღეს კი ზოგიერთი პატრონი მიმართავს გაწვრთნის უხეშ ფორმებს, რის შედეგად ძაღლი ნებისმიერ მომენტში მზად არის ეცეს სხვა ცხოველს და ადამიანსაც კი. პიტ ბულ ტერიერის უმრავლესობა (თუ პატარაობიდან მიაჩვევთ პატრონის ბრძანების შესრულებას) ალერსიანი და გულღია შინაური ცხოველია.

„ვერსია“ დაინტერესდა, გამოირჩევა თუ არა სინამდვილეში პიტ ბული სხვა ჯიშის ძაღლებისგან აგრესიით, რა უნდა გავითვალისწინოთ მისი პატრონობისას და როგორ უნდა დაარეგულიროს კანონმა აღნიშული საკითხი, რაზეც „ძია ნოდარის ძაღლების ქცევის ცენტრის“ სპეციალისტს, ნინიშა ჩლაიძეს ესაუბრა.

_ნინიშა, გამოირჩევა თუ არა პიტ ბული სხვა ჯიშის ძაღლებისგან  აგრესიით და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი აღზრდისას?

_ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია გენეტიკური კოდი, აგრესია გარკვეულწილად ძაღლს გადაეცემა გენეტიკურად. ზოგიერთ ქვეყანაში თუ ძაღლი გენეტიკური კოდით არის აგრესიული, მისი გამრავლება აკრძალულია, თუმცა, გამძაფრებული აგრესია შეიძლება ნებისმიერი ჯიშის ძაღლს ჰქონდეს და მისი მართვა რა თქმა უნდა შესაძლებელია, სწორი აზღრდის და მიდგომის შემთხვევაში. სწორი აღზრდა კი ნებისმიერს სჭირდება, მაგრამ ისეთ ძაღლებთან, რომლებიც შეიძლება მაღალი „აგრესიის კოდის“ მატარებლები იყვნენ ვიდრე სხვები, უფრო მეტი მუშაობაა საჭირო. მაგალითად, როგორი ჯიშებიცაა პიტბული, როტვეილერი, დობერმანი, კანე კორსო და ა.შ.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ შეჯვარებას, ჩვენთან იმდენად არეულია ყველაფერი, და-ძმას და დედა-შვილს აჯვარებენ, აჯვარებენ ყოველ ექვს თვეში და ძაღლი ვერ ასწრებს რეაბილიტაციას, ეს იწვევს აგრესიას, რომლის მართვა შემდეგ რთულია.

_ანუ ასეთ ძაღლებთან თანაცხოვრება ჩვეულებრივ შესაძლებელია, თუ სწორად აღვზრდით...

_დიახ, მსგავსი ჯიშის ძაღლებთან ჩვეულებრივ შესაძლებელია თანაცხოვრება, თუ მათ ეყოლებათ ნორმალური ადეკატური პატრონი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია შეწყდეს მათი უკონტროლო გამრავლება. ჩვენ ვნახეთ, რაც ხდება საქართველოში ამ მიმართულებით, უმარავი ქუჩაში გაგდებული ჰასკი და მონადირე ჯიშის ძაღლი ვიხილეთ. მერე კი ვწუწუნებთ იმაზე, რომ რამდენი მათგანია უპატრონო... იქნება რა თქმა უნდა, რადგან არ გვაქვს კანონი იმის შესახებ, რომ ძაღლები მხოლოდ ლიცენზირებულ ძაღლსაშენში იყიდებოდეს. თქვენ რომ ლეკვში გადაიხდით სოლიდურ თანხას, გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებით მას.

_როგორ უნდა დაარეგულიროს სახელმწიფომ აღნიშნული საკითხი?

_უნდა გაკეთდეს ლიცენზირებული ძაღლსაშენები. როდესაც ადამიანს ძაღლის აყვანის სურვილი აქვს, მასთან პირადი ინტერვიუც კი საჭიროა, შემდეგ კი აღრიცხვაზე უნდა იყოს აყვანილი ეს ხალხი.  ასეთ შემთხვევაში, აიღებენ სრულ პასუხისმგებლობას მის მოვლა-პატრონობასა და წვრთნაზე.

საქართველოში, ჩვენ საქმე გვაქვს უპასუხისმგებლო პატრონებთან, რომლებსაც ესა თუ ის ჯიშის ძაღლი აჰყავთ „მეტიჩრობისთვის“ და სამწუხაროდ, დღემდე ჩუმად აჩხუბებენ. მგონია, არარელიზებული ხალხის კომპლექსია ძაღლის მეშვეობით თვითდამკვიდრება და ეს საშინელებაა. არა მარტო პიტ ბულის, არამედ ნებისმიერი ძაღლის გამრავლება უნდა იყოს კონტროლის ქვეშ და ამას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო. არ შეიძლება, ძაღლი იყიდებოდეს „მაიმარკეტით“ და „ფეისბუქით“. უაზრო, პატრონებს შორის შეთანხმებითი შეჯვარებაც დაუშვებელია. ის მხოლოდ ლიცენზირებულ ძაღლსაშენში უნდა იყიდებოდეს, სწორი გენეტიკით და შესაბამისი ფასით. დიღმის ბაზრობაზე ნებისმიერი ადამიანი გავა და იყიდის ნებისმიერ ჯიშს, კაცმა არ იცის იქ როგორი გენეტიკის მატარებელი ძაღლებია. ეს უნდა აიკრძალოს ისევე, როგორც ონლაინ გაყიდვა. მათი გამრავლებაც ლიმიტირებული უნდა იყოს, თორე სხვა შემთხვევაში, როგორც ვხედავთ ზარალდება ცხოველიც და გარემოც.

_მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა ამ ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს, აღნიშნულზე რა აზრის ხართ?

_მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებში არის ეს პრაქტიკა, მე არ ვემხრობი. ვიცნობ ბევრ ასეთი ჯიშის არაჩვეულებრივ ძაღლს, ისინი ნამდვილად არ წარმოადგენენ საფრთხეს საზოგადოებისთვის. რამდენი აგრესიული ადამიანი დადის ჩვენს ირგვლივ, ადამიანებს ხომ არ ვკრძალავთ? ძაღლების აგრესიის მართვა შესაძლებელია სწორი პატრონის შერჩევით. ის აგრესიული არ ხდება თუ სწორადაა აღზრდილი. იმ შემთხვევაშიც კი თუ მასში აგრესიული კოდი მაღალია, ამის მართვა შესაძლებელია, უბრალოდ მოითხოვს მეტ მუშაობას. რაც ამ საქმეს მივყავი ხელი, პატარა ჯიშის ძაღლების მიერ უფრო ვარ დაკბენილი, ვიდრე დიდის. ყველაფერი დადის აღზრდამდე და პასუხისმგებლობამდე. ვემხრობი იმ მოსაზრებას, რომ არ შეიძლება ყველას ჰყავდეს მსგავსი ჯიშის ძაღლი, ზუსტად უნდა იყოს პატრონი დარწმუნებული თავის ძალებში და ფინანსურს შესაძლებლობებში, რადგან ძაღლს ბევრი რამ სჭირდება, მათ შორის კინოლოგთან ტარება. ასევე, მომხრე ვარ, ატარონ ალიკაპით, მიუხედავად იმისა, არის თუ არა აგრესიული. რატომ უნდა ჩავაგდოთ სხვა ადამიანი სტრესში და საფრთხეში...

_თუ პატრონს არ აქვს იმის მატერიალური ან ფიზიკური შესაძლებლობა, რომ ძაღლი კინოლოგთან ატაროს, ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს?

_თუკი საშუალება არ აქვთ, რომ ატარონ კინოლოგთან, საერთოდ არ აიღონ ეს პასუხისმგებლობა. მათ კი ვისაც უკვე ჰყავს, ვურჩევ, ქუჩაში გაუკეთონ ალიკაპი.

_რადგან ბოლო პერიოდში სამწუხარო ფაქტები (პიტ ბულის მიერ ადამიანის დაკბენა) დაფიქსირდა, ალბათ, მკითხველს აინტერესებს, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ქუჩაში მივდივართ და სხვისი ძაღლი ჩვენი მიმართულებით აგრესიას გამოიჩენს?

_პირველ რიგში, არ უნდა გავიქცეთ, ზოგადად ძალიან რთულია ამ დროს ძაღლს არ დაანახო, რომ გეშინია. ზურგით არ დაუდგეთ და არ გააკეთოთ მკვეთრი მოძრაობა. ჯობს, წინიდან პირით იდგეთ, ნელ-ნელა უკან წახვიდეთ და დაელაპარკოთ, ლაპარაკი მას აბნევს. შემდეგ კი შეგიძლიათ, შესაბამის უწყებაში 112-ში დარეკოთ და მის პატრონს მოსთხოვოთ პასუხი.