„ძმა მოსაკლავად დამდევს!“

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვინ იყო რეალური დამნაშავე და ვისი დახმარებით გახსნა გამოძიებამ ჩახლართული საქმე

სიყვარულის ყველა ისტორია, თავისი დასაწყისითა და ფინალით, ალბათ, უნიკალურია. ისტორიები მხოლოდ ფილმებში მეორდება, რეალურ ცხოვრებაში კი სულ სხვაგვარადაა. სიყვარული რაღაცით ბედნიერებასა და უბედურებასაც ჰგავს - ბედნიერი ადამიანი ერთნაირად ბედნიერია, ყველა უბედურს კი, უბედურების საკუთარი ისტორია აქვს. ასეა, შეყვარებული ადამიანი დაფრინავს და ვერ ხვდება, რა ხდება მიწაზე, რადგან ის ღრუბლებს ზემოთაა, უსიყვარულოიბით დატანჯული კი...

 

პოლიციის განყოფილებაში ახალგაზრდა კაცი მივიდა და განცხადება დაწერა, ჩემი ძმისგან დამიცავით, თორემ აუცილებლად მომკლავსო. როგორც გაირკვა, სამი წლის წინ, მისი ძმა ჩხუბის გამო დააკავეს, ქუჩაში ვიღაცას შეეკამათა, რაც შემდეგ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა და უცნობს ისე დაარტყა, მან სერიოზული დაზიანება მიიღო, შემდეგ პატრონი გამოუჩნდა და ხულიგნობა სისხლის სამართლის დანაშაულად გადაუკვალიფიცირეს, ძარცვის მცდელობა დაარქვეს და სამი წლით ციხეში გაისტუმრეს. ასე ცოტა იმიტომ მისცეს, რომ დაკავებული მანამდე არანაირ კრიმინალურ ქმედებაში არ ყოფილა შემჩნეული და სამეზობლო-სამეგობროც დადებითად ახასიათებდა. ჰოდა, ძმამ ძმას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ერთადერთი რამ დაუბარა - ჩემს საცოლეს მიხედე, სანამ ციხიდან გამოვალ, არავინ აწყენინოსო. საცოლე სტუდენტი იყო, ნაქირავებში ცხოვრობდა და ერთ დღესაც, თავისი საქმროს ძმას შინ ბარგი-ბარხანით დაადგა, „ხაზეიკამ“ ბინა დამაცლევინა, წასასვლელი არ მაქვს და სანამ ახალს ბინას ვიშოვი, თუ შეიძლება, აქ ვიცხოვრებო. ძმაც დათანხმდა, მომავალი ქმრის ოთახში შეგიშვებო და ასე დარჩა გოგო სახლში, საქმროს ძმასთან. მერე, როგორც მოსალოდნელი იყო, ერთ მშვენიერ დღეს ერთად დალიეს, იცეკვეს, იმღერეს და დილით ერთ ლოგინში გაიღვიძეს. რა უნდა ექნათ? ივიშვიშეს, მაგრამ ისე ჩანდა, ერთად ყოფნა მოეწონათ და ორ თვეში ხელიც მოაწერეს. ძმამ ეს ყველაფერი ციხეში გაიგო და დაიმუქრა, რომ გამოვალ, ორივეს გაგისწორდებითო.

ჰოდა, ძმას გათავისუფლება მოუწია, ორი კვირის გამოსული უნდა იყოსო, ამბობდა ის, ვინც განცხადება დაწერა და თან ექიმის დასკვნას აჩვენებდა - ათი დღის წინ, მას სადარბაზოში დაესხნენ თავს, თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და სიკვდილს მართლა სასწაულებრივად გადაურჩა. სხვა მტრები არ მყავს, ერთადერთი, ძმას შეეძლო ჩემი სასიკვდილოდ გამეტება და გთხოვთ, დამიცავითო. წყვილი უკვე პატარა გოგონას ზრდიდა და სავარაუდოდ, ციხიდან გამოსულს ესეც გააბრაზებდა. სამართალდამცავებმა ძმის ძებნა დაიწყეს და მალე მიაგნეს - მეგობრის სახლში ცხოვრობდა.

„ჩემს ძმას თავს დაესხნენ? და მე რა შუაში ვარ? ციხეში ყველაფერი გადავხარშე, ალბათ, ასე იყო საჭირო და იქ დაბრუნებას აღარ ვაპირებ. აგერ, ადვოკატი ავიყვანე, ჩემი საქმის შესწავლა დაიწყო, სამოთახიანი ბინა მშობლებისგან გვერგო, მგონია, რომ მეც ვიმსახურებ წილს. ის ცოლ-შვილიანია, ამიტომ ბინა დაახურდაოს, მე ერთოთახიანი მიყიდოს, დანარჩენი ფულით კი, ან ოროთახიანს იყიდის თავისთვის, ან ფულს დაამატებს და ისევ სამიანს შეიძენს. მოკლედ, მე ერთი ოთახი მჭირდება, მეგობარი რომ არ შევაწუხო და ქირა არ ვიხადო, მეტი ჩემი ძმისგან არაფერი მინდა. რაც შეეხება თავდასხმას, მაგ დღეს, ღამის ცვლაში ვიყავი, ვაგონებს ვტვირთავდით და ჩემს გარდა, კიდევ შვიდი კაცი მუშაოვბდა, ყველა დამეთანხმება, რომ იქიდან წუთითაც კი არსად გავსულვარ“, - განაცხადა მთავარმა ეჭვმიტანილმა და მისი ალიბი დადასტურდა.

გამოძიება სხვა მიმართულებით წავიდა, სამსახურში მოიკითხეს დაზარალებული და გაარკვიეს, რომ თანამშრომლებთან ცუდი ურთიერთობა არ ჰქონდა, განყოფილების უფროსადაც დააწინაურეს, მაგრამ... ერთ-ერთ თანამშრომელს ჰყვარობს და დიდი შანსია, მისმა ქმარმა გაიგო და შური სწორედ მან იძიაო. საკითხი ძალიან დელიკატური ჩანდა, მაგრამ ქმრის ალიბი ხომ უნდა გადაემოწმებინათ და ამიტომ, მასთან შინ მივიდნენ, თუმცა სახლში მარტო ქალი დახვდათ, ქმარი თვეზე მეტია, სხვაგან ცხოვრობსო და მისამართი დაუსახელა. სამართალდამცავებმა ქმრის საყვარლის ანუ თანამშრომლის ქმარიც მოიკითხეს:

„ვიცი, რომ ცოლი მღალატობს და მარტო იმ იდიოტთან კი არა, კიდევ ოთხი საყვარელი ჰყავს და ესეც ვიცი. ამიტომ, არანაირი კონფლიქტი და საქმის გარჩევა არ დამიწყია, რამდენს უნდა ვდიო და ვეჩხუბო? განქორწინებაზე მაქვს შეტანილი განცხადება და მერწმუნე, როცა იმ ქალს დავშორდები, ზუსტად მეორე დღეს, ახალ განცხადებას შევიტან და იმ ქალს მოვიყვან, რომელიც დიდი ხანია მიყვარს და ვისთანაც საცხოვრებლად გადმოვედი“, - განაცხადა მეორე ეჭვმიტანილმა და სავარაუდო დამნაშავის სიიდან ისიც ამოირიცხა.

ამასობაში, დაზარალებულზე მეორე თავდასხმა განხორციელდა, ისევ სადარბაზოში, ისევ თავში ჩაარტყეს და ამჯერად, მდგომარეობა უფრო რთულად იყო - ექიმები თავის ქალის გატეხილობაზე აკეთებდნენ აქცენტს. თუმცა, ერთი საინტერესო და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი დეტალიც გახდა ცნობილი. როცა მამაკაცს თავს დაესხნენ, ამ დროს სადარბაზოში მეზობელი ქალი შევიდა, თავდამსხმელმა მეორედ ჩარტყმა ვეღარ მოასწრო და გაიქცა, ოღონდ სადარბაზოდან კი არ გაიქცა, არამედ, კიბეებს აუყვა და სავარაუდოდ, სახურავზე ავიდა, იქიდან კი ან სხვა სადარბაზოში ჩავიდა და გაიქცა, ან... ან იმავე კორპუსში ცხოვრობდა და ბინაში შევიდა. დაიწყო კორპუსის მცხოვრებლების შესწავლა, მაგრამ ისეთი არავინ ჩანდა, ვინც მამაკაცის სიკვდილით იქნებოდა დაინტერესებული. ერთადერთი, მისი თანამშრომელი ცხოვრობდა გვერდით სადარბაზოში, მაგრამ წესით, არც მას უნდა ჰქონოდა რამე ინტერესი. ყოველი შემთხვევისთვის, სამართალდამცავებმა მის შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაიწყეს და გაარკვიეს, რომ განყოფილება, რომელსაც დაზარალებული ხელმძღვანელობდა, წესით, სწორედ მეზობლისთვის უნდა მიეცათ, მაგრამ ბოლო მომენტში უფროსობამ გადაიფიქრა. შესაძლოა, ესეც ყოფილიყო მოტივი იმისა, რომ კონკურენტი მოეშორებინა, მაგრამ სამსახურის გამო მკვლელობა... ლოგიკაში არ ჯდებოდა, თუმცა კაცია და გუნებაო, ხომ გაგიგიათ. სავარაუდო ეჭვმიტანილი ყოველი შემთხვევისთვის დაჰკითხეს, მაგრამ მან ხელი მეზობლისკენ გაიშვირა, მეთელი ორი საათი მის აბაზანაში ხელსაბანს ვარემონტებდი, მარტოხელა ქალია და მუდმივად ვეხმარები, ჩემს ცოლთან დაქალობს და გადასარევი მეზობლობა გვაქვსო. ქალმაც დაადასტურა, რომ მეზობლის კაცი მართლაც ხელსაბანს აკეთებდა და როცა საქმეს მორჩა, შემდეგ საკვებითაც გაუმასპინძლდა. ეს ვერსიაც არ გამართლდა.

სამართალდამცავებმა დაზარალებულის პალატასთან დაცვა დააყენეს და იმაზე დაიწყეს ფიქრი, ვის შეიძლებოდა ჰქონოდა სურვილი და რაც მთავარია მოტივი, მოეკლა კაცი, რომელსაც თითქოს მტერი არ ჰყავდა. ვისზეც კი ეჭვი მიიტანეს, ყველას მყარი ალიბი აღმოაჩნდა, მაგრამ... აგენტურულმა ქსელმა ძალიან კარგად იმუშავა და გამოძიებამ იცოდა, რომ თანამშრომელი, რომელიც ხელსაბანს აკეთებდა, რეალურად იმ ქალის საყვარელი იყო და ძალიან დიდი გახლდათ იმის ალბათობა, რომ ქალი საყვარელს ხელს აფარებდა და არ სურდა, გაეცა. ამიტომ, მასზე თვალთვალი დააწესეს და ცდილობდნენ, მამაკაცი რამეში გამოეჭირათ, თუმცა ბევრი მცდელობა საჭირო არ იყო - განყოფილებაში ორი დღის შემდეგ, თავად ქალი მივიდა.

„დამნაშავე ეს ბედოვლათია. პირველადაც და მეორედაც, სწორედ ის ცდილობდა მეზობლის მოკვლას, რასაც ორი მიზეზი ჰქონდა - სამსახური ანუ განყოფილების უფროსობა, რომელიც ცხვირწინ ააცალეს და მეორე - ის დაზარალებული ერთხელ, წვეულებაზე გვარიანად დათვრა, დათვრა ამ შტერის ცოლიც და გვერდით სადარბაზოში მე წავასწარი, როცა ერთმანეთს ეხვეოდნენ. ეს შტერი დამპირდა, ცოლს დავშორდები, შენ შეგირთავო, მაგრამ ახლა, როცა ალიბი გავუნაღდე, როცა მე ვუვლიდი, მე ვასმევდი და ვაჭმევდი მის საყვარელ კერძებს, გამომიცხადა, ცოლთან დაშორებას არ ვაპირებ, არც შენი შერთვა მინდა, აღარც იმ კაცს დავესხმები თავს, რაც არის, ეგ არისო. სამი წელი ამ დებილს ვიტანდი მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახი მქონოდა, რომ გავთხოვილიყავი და ახლა, თურმე, გადაიფიქრა. ეს არის დამნაშავე და დასაჯეთ“, - ბოლო ხმაზე გაჰკიოდა ქალი.

მისი ჩვენების შემდეგ, მამაკაცი იძულებული იყო, ყველაფერი ეღიარებინა და ჩადენილი დანაშაული დეტალებში აღეწერა. ის დარწმუნებული გახლდათ, რომ აღიარებითი ჩვენება და სურვილი, რომ მეზობელს აღარ გასწორებოდა, მის დანაშაულს შეარბილებდა და პირობითით გამოძვრებოდა, მაგრამ პროკურატურამ მას ბრალად მკვლელობის მცდელობა წაუყენა (სავსებით ლოგიკურად და სამართლიანად), სასამართლომ კი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ცოლი სასამართლო პროცესის დასრულებამდე დაშორდა, დაზარალებულმა კი, ძმას, რომელსაც საცოლე წაართვა, ერთოთახიანი ბინა უყიდა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე