რატომ მოიკლა თავი მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაში გამართლებულმა პედაგოგმა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბოლო დროს, ძალიან პოპულარული გახდა ტერმინი „სექსუალური ძალადობა“. რამდენიმე ქალი თუ გოგონა კონკრეტულ პიროვნებას ბრალს სდებს, ჩემზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა, შიშველი ფოტოების გაგზავნას მთხოვდაო. საუბარი მხოლოდ ერთ ქალზე ან ერთ მამაკაცზე არ არის, ნაწილი ბარიერს იქეთ დგას, ნაწილი - აქეთ. ყველაფერი ეს, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა, მით უმეტეს, თუ სექსუალური ძალადობა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ხორციელდება და... ზოგადად, თანამედროვე სამყაროში, სექსუალური ძალადობისკენ რომ ხარ მიდრეკილი და მოწოლილ ვნებებს ბევრად მარტივად ვერ იკმაყოფილებ, აშკარა პრობლემა გაქვს. არავის ვდებთ ბრალს და არც იმას ვამტკიცებთ, რომ ერთი მხარე მართალია, ან მეორე მტყუანი, მაგრამ ყოველთვის უმჯობესი იქნება, მომხდარი მყისიერად გახმაურდეს და არა - წლების შემდეგ... ორიოდე  თვის წინ, გაასამართლეს მასწავლებელი, რომელმაც გაკვეთილის ახსნის დროს, მოსწავლე გოგონას მხარზე ხელი დაადო. გოგონამ ეს სახლში თქვა, დედამ იჩივლა და მასწავლებელს ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დაახლოებით, სამი თვის წინ კი, მოსწავლეებზე სექსუალურ ძალადობაში მხილებული მასწავლებელი სასამართლომ გაამართლა, მთელი სოფელი გვერდში ედგა, მისი სიმართლის სჯეროდა, თუმცა მამაკაცი ამბობდა, სიმართლის დამტკიცების შემდეგ, თავს არ ვიცოცხლებ, გამოდის, რაღაც დავაკელი ბავშვებს, რომ გაბედეს და ცილი ასეთ უმსგავსობაში დამწამესო. ჰოდა, სასამართლოდან გამოსულმა კაცმა, რომელიც სრულად გამართლდა, შინ მისვლის შემდეგ, თავი ყულფში გაუყარა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა...

სხვათა შორის, იმ ორი გოგონასთვის, რომლებიც სასამართლომ გაამტყუნა და ცილისწამებისთვის დააჯარიმა, პასუხი არავის მოუთხოვია.

ალბათ საინტერესოა, რა ელით ციხეში ანუ გისოსებს მიღმა მოძალადეებს და როგორი განაჩენი გამოაქვთ მათთვის პატიმრებს? დავიწყოთ იმით, რომ დღეს საქმეების ლამის 80%-ზე მეტი, ოჯახურ ძალადობებზეა და ამის გამო, რეალურად, პატიმრები არავის სჯიან. ვიღაც ამბობს, რომ ცოლს ხელი შემოარტყა და მისთვის მიუსაჯეს სამი-ოთხი წელი, ვიღაცამ ბავშვი სცემა, ვიღაცას ცოლმა იმის გამო უჩივლა, რომ სექსის ხასიათზე არ იყო და ქმარმა ძალა იხმარა, რაც გაუპატიურების მუხლით დაკვალიფიცირდა და კაცი ციხეში წავიდა. ყველაფერი ეს, გისოსებს მიღმა მარტივი გადასატანია, მაგრამ თუ პატიმარი გაუპატიურების მუხლით შედის და ბრალდება დამტკიცებულ-დასაბუთებული აქვს, ის რიგით პატიმრებთან ერთად, სასჯელს ვერ მოიხდის და ციხეში ცხოვრებას „საქათმეში“ აგრძელებს, სადაც აუცილებლად, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად უხსნიან და აგებინებენ, რას ნიშნავს გაუპატიურება და რას გრძნობს იმ დროს მსხვერპლი.

არის განსაკუთრებული შემთხვევებიც. მაგალითად, 2008 წელს დააკავეს პიროვნება, რომელიც ამბობდა, რომ სულით, გულით, სისხლითა და გონებით მოძალადე იყო და სიამოვნებას ვერ იღებდა, თუ ქალს არ აუპატიურებდა. ვინც უნდა ყოფილიყო მისი პარტნიორი, უნდა გაეუპატიურებინა და რაც მთავარია, ქალებს ამის შესახებ აფრთხილებდა. ვიღაც თანხმდებოდა, ვიღაც წივილ-კივილით გარბოდა. ის კი იჯდა და ყვებოდა, როგორ სცემდა სექსის დროს ქალებს და როგორ იღგზნებოდა სისხლის დანახვაზე. ეს პატიმარი ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც ჰყავდათ სამკურნალოდ, თანაც რამდენჯერმე, მაგრამ ყოველთვის ჩვეულებრივ ზონაზე აბრუნებდნენ, ფსიქოტროპული წამლები მუდმივად გამოწერილი ჰქონდა და მას... არავინ ერჩოდა, რადგან კაცი ხმამაღლა ამბობდა, მოძალადე ვარ, არ ვმალავ და ყველა პარტნიორს ამის შესახებ წინასწარ ვაფრთხილებო. ჰოდა, ერთხელ ისე გაერთო, რომ პარტნიორი შემოაკვდა, როცა აზრზე მოვიდა, ზეწარი გადააფარა და მიიმალა, თუმცა მალევე დააკავეს. ამ კონკრეტული პატიმრის ისტორია იმიტომ გიამბეთ, რომ მას სასჯელის ვადა მიმდინარე წლის ზაფხულში უმთავრდება და მოვიკითხე, უშვებენ თუ არა ციხიდან. როგორც მითხრეს, სასჯელის ამოწურვის შემდეგ, ციხეში ვერავინ დატოვებს, მაგრამ მისი ისტორიიდან და ხასიათიდან გამომდინარე, სამაჯურით უშვებენ, რათა მუდმივად იყოს შესაძლებელი მისი გადაადგილების გაკონტროლება, თუმცა თუ დანაშაულის ჩადენას დააპირებს, ამას ვერავინ გაიგებს და მხოლოდ ჩადენის შემდეგ თუ დააკავებენ.

გისოსებს მიღმა უმკაცრესად ისჯება ბავშვებზე ძალადობა. აქ მხოლოდ გაუპატიურებას არ ვგულისხმობთ - გაუპატიურების მცდელობაც კი იმდენად ამაზრზენია, რომ დამნაშავეს პატიმრები ჯერ სასტიკად სცემენ, შემდეგ კი, „საქათმეში“ უშვებენ. ყველაფერ ამაზე, ციხის ადმინისტრაცია იძულებულია, თვალი დახუჭოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, „ზონაზე“ ბუნტი დაიწყოს. რატომ? - იმიტომ, რომ რიგით პატიმრებს სურვილი არ აქვთ, წლების მანძილზე ისხდნენ ერთ საკანში იმ ადამიანის გვერდით, რომელმაც არასრულწლოვანზე იძალადა ან ძალადობა დააპირა, მის გვერდით გატეხონ პური და საჭმელი მიირთვან. ტერმინი „ერთი თეფშიდან გვიჭამია“, ძალიან ბევრს ნიშნავს და არავის სურს, მოძალადესთან „ერთი თეფშიდან ჭამა“.

არის კიდევ ერთი, ძალიან გავრცელებული დანაშაული, მაგრამ ის ძირითადად საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს ეხება. ათეულობით ახალგაზრდა იხდის სასჯელს გოგოს მოტაცებისა და მასთან სექსუალური კავშირის დამყარების გამო. გოგონებს ისინი ცოლის მოყვანის მიზნით იტაცებენ, შემდეგ ან თავად გატაცებული, ან მისი ოჯახის წევრი ჩივის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის გარდა, საქმე გაუპატიურების მუხლითაც იღძრება. იმის მიუხედავად, რომ მოსამართლემ ზუსტად იცის ბრალდებულის განზრახვა, სასჯელი მაინც მკაცრია - შვიდიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა. სხვა საკითხია, რატომ უნდა მოიტაცო გოგო, როცა იცი, რომ არ უყვარხარ და თუ უყვარხარ, მოტაცება არ სჭირდება. ასეთი მუხლით დაკავებულ პატიმრებს ზონაზე არ ერჩიან, ისინი სასჯელს ჩვეულებრივად, დანარჩენ პატიმრებთან ერთად იხდიან.

კიდევ ერთი სპეციფიური დანაშაული, რომელიც ალბათ, მხოლოდ ჩვენთან ხდება - არასრულწლოვანზე ქორწინებაა. სისხლის სამართლის კოდექსით, წინასწარ შეცნობით, არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი აკრძალულია, მაგრამ არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა ოჯახის გადაწყვეტილებით და იმავე არასრულწლოვნის თანხმობით, გოგონა ბიჭს ცოლად მიჰყვება, თუმცა ხელს ოფიციალურად არ და ვერ აწერენ. შემდეგ კი, ისე ხდება, რომ არასრულწლოვანი ორსულდება და იმის მიუხედავად, შეიძლება შვილი სრულწლოვანს ეყოლოს, ორსულობის ვადის გამოთვლის შემდეგ, ასაკი თუ არასრულწლოვანობაზე გადადის, საავადმყოფო ვალდებულია, პოლიციაში დარეკოს და სამედიცინო პერსონალი ასი შემთხვევიდან, ასივეჯერ რეკავს, რადგან ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და მისი დამალვა ცალკე მუხლს ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ, როცა წყვილი ხვდება, რომ გოგონა ორსულადაა და შესაძლოა, ბავშვის გაჩენის შემდეგ მამა ციხეში მოხვდეს, ისინი სხვა ქვეყანაში (ძირითადად, რუსეთში) მიდიან, იქ მშობიარობენ, საბუთსაც იქ იღებენ და საქართველოში შემდეგ ბრუნდებიან. წლების შემდეგ კი, აღარავინ ინტერესდება, ბავშვის გაჩენის დროს, დედა რა ასაკის იყო.

ისევ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს დავუბრუნდეთ. ჯერჯერობით, ძიება არცერთ საქმეზე არ დაწყებულა, რადგან სოციალურ ქსელში გავრცელებული ამბების მიუხედავად, სამართალდამცავი ორგანოებისთვის არავის მიუმართავს. რა თქმა უნდა, გავრცელებული ამბები და სატელეფონო ჩანაწერი, შესაძლოა, გამოძიებისთვის პროცესის დაწყების საფუძველი გახდეს, თუმცა ძალიან ძნელი იქნება იმის დამტკიცება, რომ რამდენიმე წლის წინ, ვიღაცამ ვიღაცას გასაუბრებაზე რაღაც უთხრა, ან ვიღაცამ ვიღაცას სოციალურ ქსელში შიშველი ფოტოების გაგზავნა სთხოვა. ისე, სოციალურ ქსელს, სხვა „სიკეთეებთან“ ერთად, დაბლოკვის ფუნქციაც აქვს და როცა კონკრეტულ პიროვნებასთან ურთიერთობა არ გსურს, რატომ არ ბლოკავ და რატომ აძლევ უფლებას, რამე მოგწეროს, ცალკე საკითხია. ცალკე საკითხია ისიც, რატომ გახსენდება ყელაფერი ეს, წლების შემდეგ და არა მაშინ, როცა ფაქტი მოხდა?!

ავტორი: ბათო ჯაფარიძე