რატომ კლავდა ფეხმძიმეებს ახალგაზრდა მამაკაცი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამართალი

 მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში აბორტი აკრძალულია. საქართველოში გარკვეული შეზღუდვები კი დაწესდა, მაგრამ აკრძალვა მაინც არ შემოიღეს და ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, აკრძალვის შემთხვევაში, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ სადმე, ვინმე კუსტარულად მოაწყობს მცირე ზომის საოპერაციოს, სადაც აბორტს არალეგალურად გააკეთებს. ამის პრაქტიკა არსებობს იმ ქვეყნებში, სადაც აბორტი აკრძალეს და ამის პრაქტიკა არსებობდა საბჭთა კავშირშიც, როცა ორსულობა, თუ ის ქორწინებით არ იყო გამაგრებული, საშინელ სირცხვილად ითვლებოდა.სამწუხაროდ, ქალები საავადმყოფოში ვერ მიდიოდნენ და სოფლად თუ ქალაქად, ე.წ. „აბორტმახერებს“ აკითხავდნენ. ალბათ, სტატისტიკურადაც არავინ იცის, რამდენი ქალის სიცოცხლე შეეწირა ასე, ჭუჭყიან სარდაფში გაკეთებულ აბორტს. ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს და, იყო პერიოდი, როცა აბორტს მხოლოდ იმიტომ იკეთებდნენ, რომ ნაყოფი გოგონა იყო, მამებს ბიჭი სურდათ და ბიჭის ძიებას არაერთი გოგონას სიცოცხლე ეწირებოდა. საბედნიეროდ, ახლა, უმრავლესობა მივიდა იმ აზრამდე, რომ შვილი შვილია და არ აქვს მნიშვნელობა, გოგო გაჩნდება თუ ბიჭი, მთავარია, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს და... იმ დემოგრაფიულ მდგომარეობაში, როგორშიც ჩვენ ვართ, აბორტი კი არა, რაც უფრო მეტ ბავშვს გააჩენენ ქართველები, მით უკეთესი.

 

მილიციის განყოფილებას ახალგაზრდა კაცმა მიაკითხა და განაცხადა, რომ მისი საცოლე დაიკარგა. მან ისიც დაადასტურა, ოფიციალური ცოლ-ქმარი ჯერ არ ვართ, მაგრამ ყველაფერი გადაწყვეტილია, ბავშვსაც ველოდებით და საცოლე სწორედ ექიმთან იყო კონსულტაციაზე წასული, იქიდან კი არ დაბრუნებულაო. ორსული ქალის გაუჩინარება არ იყო ჩვეულებრივი შემთხვევა, მით უმეტეს, რომ იმავე რაიონში, ერთი თვის წინ, გარდაცვლილი ქალი ნახეს, რომლის გაკვეთის შემდეგ, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მას აბორტი ჰქონდა გაკეთებული, თუმცა მაშინ ძალოვნებმა ვერც „აბორტმახერს“ მიაგნეს და ვერც კლინიკას, სადაც ოპერაცია გაკეთდა. ამ შემთხვევის შემდეგ, ერთ-ერთ გოგონაზე განხორციელდა თავდასხმა, მაგრამ ის, საბედნიეროდ, გადარჩა და როცა ძალოვნები მის ამბავს იძიებდნენ, მეზობლებმა ამრეზით თქვეს, რას დასდევთ, ნეტავ მოეკლათ, უბანიც დაისვენებდა მაგ ბოზისგანო.

ჰოდა, სამართალდამცავების ნაწილი დაკარგული ქალის საძებნელად წავიდა, ორი თანამშრომელი კი იმ გოგოს სანახავად, რომელიც დაჭრეს და გადარჩა. კითხვა ერთადერთი იყო - ჰქონდა თუ არა მას თავდასხმამდე აბორტი გაკეთებული და თუ ჰქონდა, სად, რომელ კლინიკაში? გოგონამ თავიდა ყველაფერი უარყო, რა აბორტი, რა ბავშვიო, მაგრამ როცა აუხსნეს, რომ ექსპერტიზას ჩაუტარებდნენ და ყველაფერს მაინც დაადგენდნენ, თავი ჩაღუნა და განაცხადა, აბორტი გავიკეთე, კი იცით, რომელ კლინიკაშიც აკეთებენ ამას, მეტი არაფერი ვიცი,ვინ დამესხა თავს და რატომ, წარმოდგენა არ მაქვსო. ძალოვნებისთვის ესეც საკმარისი იყო.

კლინიკის გინეკოლოგმა დაადსტურა, რომ გოგონა მასთან კონსულტაციაზე მართლაც იყო, მაგრამ ნაყოფის მდგომარეობის ნაცვლად, იკითხა, რამდენად რეალური იყო ამ პერიოდში აბორტის გაკეთება.

„მე ვუთხარი, რომ ნაყოფი უკვე კარგად იყო გაზრდილი და აბორტის გაკეთება გამორიცხული იყო, რადგან დედის გადარჩენის პრობლემა დადგებოდა. ამის მიუხედავად მითხრა, ჩემს წინადადებაზე იფიქრე, ფული პრობლემა არ იქნებაო და შინ წავიდა. წარმოდგენა არ მაქვს, სად შეიძლება იყოს და რაც მთავარია, არცერთი ექიმი არ გარისკავს, ასეთ პერიოდში აბორტი გააკეთოს, რადგან დედის გადარჩენის შანსი, პრაქტიკულად, არ არსებობს“,-განაცხადა გინეკოლოგმა და დაადასტურა ისიც, რომ გადარჩენილ გოგოს აბორტი სწორედ მან გაუკეეთა და მისი ხელით მოშორდა ნაყოფი გოგოს, რომელიც მანამდე გარდაცვლილი იპოვეს.

„მკვლელს ამ კლინიკასთან რაღაც აკავშირებს, აქ არის, ჩვენს ცხვირწინ და ის აუცილებლად უნდა ვიპოვოთ. ახლა, ის გულმოკლული საქმრო დაჰკითხეთ ძალიან მკაცრად, რომანტიზმში რომ არის გადავარდნილი, აქაოდა, ძალიან ბედნიერი ვარო, მაგრამ მისი საცოლე, თურმე, აბორტზე ფიქრობდა“,-უთხრა გამომძიებელმა თანამშრომლებს.

საქმროს დაკითხვამ ბევრი არაფერი მოიტანა, ის ამტკიცებდა, გამორიცხულია, ჩემს საცოლეს აბორტზე ეფიქრა, ყველაზე ბედნიერები ვიყავით, ერთადერთი, ვინც წინააღმდეგი იყო, დედაჩემი გახლდათ, მაგრამ ეს პრობლემაც მოგვარდა, საცხოვრებლად ცალკე ვაპირებდით გადასვლას და რეალურად, სწორედ ბინის რემონტის გამო შევფერხდითო. დედა კი ბიჭს, საკმაოდ გავლენიანი ქალი ჰყავდა,კარგ თანამდებობაზე მუშაობდა, მაგრამ ეს არ იყო მთავარი - მისი აწ გარდაცვლილი მეუღლე, ე.წ. „კანონიერი ქურდი“ იყო, უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა და გარდაცვალების შემდეგაც კი, მისი მეგობრები ოჯახსყურადღებას აქცევდნენ და ამ ქალის ყველას ეშინოდა. გაჩნდა ვერსია, რომ შესაძლებელი იყო, სარძლო სწორედ დედის მითითებით გაექროთ.

„რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვიყავი, ჩემი შვილი მეტს იმსახურებს, მაგრამ დამიჯერეთ, მე არ ვარ ცხოველი, რომ დაუბადებელი ბავშვი მოვკლა. ის ჩემი ქმრის მეგობრებმა, დაახლოებით, ორი თვის წინ ნახეს, დაშინება სცადეს, მაგრამ გოგონა მტკიცედ იდგა თავისაზე, არ დავშორდებიო და შევეშვი, ჩავთვალე, რომ ჩემი შვილი მართლა უყვარდა და გადავწყვიტე, არ ჩავრეულიყავი. ის ბინაც მე ვუყიდე და რემონტსაც მე ვუკეთებ, ასე, რომ სხვაგან ეძებთ, ძვირფასებო“,-ქალი გამოცდილი კრიმინალივით, მტკიცედ საუბრობდა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ სიმართლეს ამბობდა.

ამასობაში, ქალაქგარეთ, მეტყევემ ახალგაზრდა ქალის გვამი იპოვა. ამოცნობაზე ბიჭს დაუძახეს და მან გარდაცვლილში საცოლე იცნო. ხმა არ ამოუღია, მორგის შენობიდან გავიდა და გზას ლასლასით გაუყვა, ცოტა ხანში, დედამისმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა, ჩემმა შვილმა ვენები გადაიჭრა, მოდით, გადამირჩინეთო. ექიმებთან ერთად, ადგილზე ძალოვნებიც მალე გამოცხადდნენ და გაარკვიეს, რომ ბიჭი აუცილებლად გადარჩებოდა. მას საავადმყოფოში გაჰყვნენ და სამი საათის შემდეგ, დაკითხვაც მოახერხეს.

„დარწმუნებული ვარ, ჩემი საცოლე დედაჩემის მითითებით მოკლეს, სხვა ვერსია, უბრალოდ, არ არსებობს. ამიტომ, გადავწყვიტე თავი მომეკლა, აბა, დედას ხომ არ მოვკლავდი“,-მოკლედ მოჭრა ბიჭმა.

სამართალდამცავებმა მისი ჩვენების საფუძველზე დედა დააკავეს და იმის მიუხედავად, რომ მის წინააღმდეგ ჩვენებას შვილი აძლევდა, ქალი მაინც ამაყი და მშვიდი იყო.

„ცხოვრებაში ყველაფერი მინახავს და დამიჯერეთ, ვერაფრით გამაოცებთ. ახლა მომიყევით, თქვენ რა ვერსიები გაქვთ, ჩემს გარდა და საქმეს მე გაგიხსნით. ჩემი ქმრის გადამკიდე, ათას რამეზე მიწევდა ფიქრი, ზუსტად ვიცი, დამნაშავეები როგორ იქცევიან, სად უშვებენ შეცდომებს და ჩემი თანამშრომლობა თქვენთან ეგ იქნება. მეც მინდა, ორსული ქალის მკვლელი უმკაცრესად რომ დაისაჯოს“,-განაცხადა ქალმა და... გამომძიებელმაც საკუთარი ვერსიები გააცნო, ისიც უთხრა, რომეს პირველი მსხვერპლი არ არის, ისიც, რომ ერთი გოგონა გადარჩა, ისიც, რომ სამივე კვალი კონკრეტულ კლინიკაში და კონკრეტულ გინეკოლოგთან მიდიოდა...

„ის უბედური გოგო ვიცი, რომელიც დაჭრეს. აერია მაგას გზა-კვალი, არც პატრონი ჰყავს, არც ჭკუის დამრიგებელი. ყველასი და ყველაფრის ეშინია, კაცებთან შიშის გამოა და არა სიყვარულის, ან გამორჩენის, ვიღაც დაუღრიალებს და ეს თავდახრილი მიჰყვება. ჰოდა, რატომღაც მგონია, რომ მან თავდამსხმელი დაინახა, ზუსტად იცის, ვინ უპირებდა მოკვლას, მაგრამ ეშინია და ჩუმად არის. თუ თქვენ ვერ ათქმევინებთ, მე დამავალეთ და ჩემი ბიჭები ნახევარ საათში ყველაფერს დააფრქვევინებენ“, - განაცხადა ქალმა.

გამომძიებელმა დაჭრილი და გადარჩენილი გოგოს განყოფილებაში მიყვანის განკარგულება გასცა. ის აშკარად შეშინებული იყო, მთელი სხეული უკანკალებდა და მის დასამშვიდებლად ერთი საათი და ექიმების ჩარევა გახდა საჭირო. მერე კი, გამომძიებელმადაარწმუნა, რომ მას არანაირი საფრთხე არ დაემუქრებოდა და თუ თავდამსხმელს დაასახელებდა, არამარტო მას, არამედ, მის მეგობრებსაც  დააკავებდა, შური რომ ვერავის ეძია და გოგონამაც ამოილუღლუღა - „გინეკოლოგის შვილი მკლავდა!“ გამომძიებელმა მის დასაკავებლად ოპერ-ჯგუფი გაგზავნა, მაგრამ... წინა დღეს, ის ბელორუსში წასულა და დედამ არ იცოდა, როდის დაბრუნდებოდა, ან დაბრუნდებოდა თუ არა საერთოდ.

„მას გოგო უყვარდა, მისგან ბავშვსაც ელოდებოდა, მაგრამ ბოლო მომენტში, გოგონამ გათხოვება გადაიფიქრა, აბორტი გაიკეთა და მას შემდეგ, მათ, ვინც აბორტს იკეთებდა, მკვლელებს ეძახდა. ჩემთან მუშაობდა და სავარაუდოდ, ჟურნალში ნახულობდა, ვინ იკეთებდა აბორტს“,-განაცხადა გინეკოლოგმა და რაღა თქმა უნდა, სამსახურიდანწასვლაზე განცხადება დაწერა.

ქართველი ძალოვნების მოთხოვნით, ეჭვმიტანილი ბელორუსში დააკავეს, მაგრამ... მოსკოვში გაასამართლეს და როგორც ამბობენ, 15 წელი მიუსაჯეს, თუმცა ბევრი იმასაც ამბობდა, ის საერთოდ არ დაუკავებიათ, დაკითხეს და გაუშვესო. ჰო, გინეკოლოგი რუსი გენერლის ქვრივი იყო, რომელიც საქართველოში გარდაიცვალა და დედა-შვილმა აქ ცხოვრება გადაწყვიტეს.

 

 

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე