როგორ გახსნა დასასვენებლად წასულმა ძალოვანმა დანაშაული

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

სამართალდამცავებიც ადამიანები არიან და მათაც ზუსტად ისევე სჭირდებათ დასვენება, როგორც სხვებს, თორემ განსაკუთრებით დღეს, ბევრს ჰგონია, რომ ძალოვანი უწყების თანამშრომელი არ იღლება, რომ ქუჩაში 24 კი არა, 48 საათი შეუძლია ყოფნა და წესრიგის დაცვა, რომ უფლებაც კი არ აქვს, დაიღალოს. შესაბამისად, ძალოვნებიც დადიან ხოლმე დასასვენებლად და არცთუ იშვიათად ცდილობენ, მარტო დაისვენონ და არა - ცოლ-შვილის გარემოცვაში, რადგან ორგანიზმთან ერთად, გონებამაც მოახერხოს სხვა რამეზე გადართვა.

 

სწორედ ასე იყო, როცა განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი მიყრუებულ სოფელში მარტო წავიდა, რათა სამი-ოთხი დღე ფეხით ევლო, მდინარის პირას ჩამომჯდარიყო, დაეძინა სუფთა ჰაერზე და რაც მთავარია, მიეღო ნატურალური პროდუქტი. პირველ რიგში, რაც სოფელში ჩასულმა გააკეთა, ის იყო, რომ იკითხა, ვინმე ოთახს ხომ არ აქირავებსო. გაირკვა, რომ სოფელში ისედაც ცოტა ხალხი ცხოვრობდა, გაქირავებაზე კი არასდროს არავის უფიქრია, თუმცა...

„მარტო ვცხოვრობ, თუ მიკადრებ მასპინძლად, წამოდი, დასაძინებელ ოთახს მოგცემ, არაფერი მინდა შენი, მაგრამ საჭმლის კეთების რა გითხრა, პროდუქტებს აქვე, სოფელში კი ვიყიდით, მაგრამ მე ან შემწვარ კარტოფილს ვჭამ, ან კვერცხს, სხვა რამის გაკეთება არ ვიცი“, - უთხრა გამომძიებელს მამაკაცმა, რომელსაც სწორედ ოთახის თაობაზე ესაუბრებოდა.

ძალოვანი სიხარულით დათანხმდა, სოფლის კარტოფილის გახსენებაზე, ნერწყვიც კი მოადგა და მასპინძელს მხიარულად გაჰყვა, თან იქვე დააყოლა, თუ ბინის ქირას არ გამომართმევ, მაშინ საკვებს მე ვყიდულობო. მამაკაცებმა ყველი, ბოსტნეული, ერთი ვარია იყიდეს და სადილის მომზადებას შეუდგნენ.

„დაახლოებით, ექვსი თვის წინ, ახალგაზრდა ბიჭი ჩამოვიდა ჩვენს სოფელში, ისიც ოთახს ეძებდა, აგერ, მეზობლის ქალმა შეიფარა. მოხუცი ქალია, ასე უთხრა, შენი არაფერი მინდა, ხანდახან წყალი მომაწოდეო და ცხოვრობს ის ბიჭი აქ, თან ხატავს, აქაოდა, ქალაქში ხატვა მიჭირს, ათასი საქმეა, ნაცნობი, უცნობი გაწუხებს, აქ კი სიმშვიდეაო. მოკლედ, ორი უცხო ხართ სოფელში“, - გაეცინა კაცს.

ახალგაზრდა ბიჭის საქციელმა გამომძიებელი ჩააფიქრა. არ მოეწონა, ვიღაც რომ ნახევარი წელი, მიყრუებულ სოფელში იყო და ხატავდა. გადაწყვიტა, ნახატები ენახა და მიმხვდარიყო, მართლა ხელოვანთან ჰქონდა საქმე თუ ვიღაც სოფელში იმალებოდა და სინამდვილეში ძებნილი იყო. საეჭვო პირი გამომძიებელმა იმ დღესვე გაიცნო და ბიჭმა ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვა. ნახატებიც სიამოვნებით ანახა გამომძიებელს (რომელმაც ნამდვილი პროფესია დაუმალა, ვინძლო, არ დავაფრთხოო) და მას იმდენად მოეწონა ნამუშევარი, ერთ-ერთის შეძენაც გადაწყვიტა, მაგრამ ბიჭმა უარი თქვა, ეგ უკვე გაყიდულია, აქვე, სოფლელმა კაცმა იყიდა, სხვა აირჩიეო. ისიც გაირკვა, რომ ბიჭის ნახატები არა მარტო ადგილზე, არამედ, ახლო-მახლო სოფლებშიც მეტად პოპულარული იყო და 30-40 მანეთს არავინ ამადლიდა. სწორედ ამით ირჩენდა ბიჭი თავს და თან ამბობდა, მთავარია, იმ ნახატს მოვრჩე, რომელიც ჩაფიქრებული მაქვს და გამოფენისთვის მინდაო. მთავარი ნახატის მასშტაბები კი, მართლაც შთამბეჭდავი იყო - დაახლოებით, ორი მეტრი სიგანე და 4 მეტრი სიგრძე ჰქონდა ტილოს, რომელზეც მთები და მინდორი მოჩანდა, თუმცა მთებზე არსებულ ხეებს ბიჭი ფოთლებს სათითაოდ უხატავდა და როგორც თავად ამბობდა, ნამუშევარი მზად ერთ წელში იქნებოდა. გამომძიებელი დამშვიდდა, ბიჭს აშკარად არ ეეტყობოდა, რომ კრიმინალთან რამე შეხება უნდა ჰქონოდა და მთლიანად დასვენებაზე გადაერთო. მასპინძელს შეუთანხმდა, დილით, ადრე გავალ სასეირნოდ, ასე, 6-7 საათისთვის და 10-ისთვის დავბრუნდებიო. მანაც თავი დაუქნია.

მეორე დღეს, გამომძიებელმა ბევრი ისეირნა და შინ რომ ბრუნდებოდა, დაინახა, მისი მასპინძლის სახლიდან კვამლი გამოდიოდა. მაშინვე ნაბიჯს აუჩქარა, კარი გააღო და ინსტიქტურად მივიდა ფანჯარასთან, რომ გამოეღო, რადგან კვამლს ისე გაევსო ოთახი, არაფერი ჩანდა. მერე ლოგინს ეცა, ნახევრად გაგუდული მასპინძელი გარეთ გამოათრია და როგორც იქნა, აზრზე მოიყვანა. თან ყვიროდა, მომეხმარეთო და ლამის მთელი სოფელი მოგროვდა.

„დილით გრილოდა, ბუხარი დავანთე და ლოგინში დავბრუნდი. არ ვიცი, რა მოხდა, კვამლი რატომ დადგა“, - ამბობდა თვალებდაჭყეტილი მასპინძელი. ერთ-ერთი სოფლელი სახურავზე ავიდა და საკვამურიდან მოზრდილი თივის ნაჭერი გადმოაგდო, ალბათ, რომელიმე ფრინველმა გაიკეთა ბუდეო. ყველა დაწყნარდა და სახლებში წავიდ-წამოვიდა, თუმცა მასპინძელი აშკარად დაფიქრებული იყო, მერე კი...

ჯერ ერთი, ბუხარი ორი დღის წინაც დავანთე და არანაირი ბუდე არ იყო, მეორეც - ახლა რომ დავანთე, კვამლი გადასარევად გაიტანა, ცეცხლის დანთების შემდეგ, საპირფარეშოში გავედი, უკან რომ დავბრუნდი, ერთი ნაჭერი შეშა დავამატე და არანაირი პრობლემა არ იყო. მთავარი კი ის არის, რომ როცა მეზობელი სახურავზე ადიოდა, კიბე მიდგმული იყო. მე კიდევ, კიბე მუდმივად წაქეული მაქვს. ვიღაც ჩემს მოკვლას ცდილობდა“, - თქვა მასპინძელმა და გამომძიებელსაც გაახსენდა, რომ წაქცეული კიბე თავადაც შენიშნა. ეს აშკარა კრიმინალი გახლდათ, მკვლელობის მცდელობა, მაგრამ ვის და რატომ უნდა მოეკლა კაცი?

„წარსულზე აბა, რა გითხრა? უბედური კაცი ვარ, სამი ცოლი მყავდა, შვილი არცერთთან არ მეყოლა. პირველ მეუღლეს გავშორდი, მეორეს ავტომობილი დაეჯახა, როდესაც გაჩერებაზე იდგა, მესამე - სიმსივნით გარდაიცვალა, ორი წლის წინ დავკრძალე და სოფლად წამოვედი. ქალაქში კი მაქვს სამოთახიანი ბინა, მაგრამ დაკეტილია და დღე-დღეზე, ძმისშვილს გადავუფორმებ, აბა, რა გავაკეთო? ვის უნდა უნდოდეს ჩემი მოკვლა? თანამდებობაზე არასდროს მიმუშავია, მძღოლი ვიყავი და მუდმივად გზაში, „ბარანკას“ ვატრიალებდი, მოვლილი მაქვს ჩემი მანქანით მთელი საბჭოთა კავშირი“, - მხრებს იჩეჩავდა მასპინძელი.

გამომძიებელი იმითაც დაინტერესდა, ვინმეს მისი სახლი ხომ არ მოუვიდა თვალში და რომელიმე სოფლელს ხომ არ სურდა მისი მოშორება, რაზეც მასპინძელს ხმამაღლა გაეცინა - „რა ჩემი სახლი? ჩემს სახლზე ბევრად უკეთესებია მიტოვებული, მეპატრონეები კაპიკებში დათმობენ, შედი, იცხოვრე, მიწებიც თავზე საყრელია, ჩემი სახლი არაფერი ღირს და არც მიწა მაქვს იმდენი, მისთვის ვინმემ სასიკვდილოდ რომ გამიმეტოს“...

თითქოს, ყველაფერი მიწყნარდა, მასპინძელმა თქვა, ეგებ, მართლაც ბუდეს აშენებდა რამე, ან ფრინველს მიჰქონდა თივის ბღუჯა და უბრალოდ, სწორედ ჩემს საკვამურში ჩაუვარდაო, რისიც გამომძიებელს არ სჯეროდა. მეორე დღეს, სტუმარი ისევ დილით გავიდა სახლიდან, მაგრამ შორს არ წასულა, იქვე მიიმალა და სახლის თვალთვალი დაიწყო, მაგრამ არავინ გამოჩენილა. ერთი ეგ იყო, მხატვარმა ბიჭმა ჩაიარა თავის ინსტრუმენტებით, თუმცა სახლისკენ არც გაუხედავს და ისე მიეფარა ტყეს, მხოლოდ ცას და ჩიტებს უყურებდა და თან სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. გამომძიებელმა ჩასაფრება მეორე დღესაც მოაწყო, მაგრამ ისევ უშედეგოდ და მასპინძელს დაეთანხმა, ალბათ, მართლა შემთხვევითობა იყოო და ისიც აუწყა, ორ დღეში, ქალაქში დავბრუნდებიო.

იმ საღამოს ისევ აგრილდა, მასპინძელმა ისევ ბუხრის დანთება გადაწყვიტა და შეშაც შეუკეთა. კვამლი უკან გამობრუნდა და სტუმარ-მასპინძელმა ერთმანეთს გადახედეს. კაცი მაშინვე გარეთ გავიდა, კედელს კიბე მიაყუდა და ასვლა დაიწყო. ბოლო საფეხურზე რომ დადგა ფეხი, საფეხური ჩატყდა და კაცი დაბლა ტყვიასავით წამოვიდა. გამომძიებელმა ხელი და ფეხი ერთდროულად შეაშველა და პირდაპირი დაცემისგან იხსნა, მაგრამ კაცს ფეხი მაინც მოტყდა. კიბის საფეხური ლამის ბოლომდე იყო ხერხით გადაჭრილი და ამის გამკეთებელმა კარგად იცოდა, რომ ბოლო საფეხურის ჩატეხვის შემთხვევაში, ვარდნა გარდაუვალი იქნებოდა. საკვამურში კვლავ თივა იყო ჩატენილი და უვკე აღარავის ეპარებოდა ეჭვი, რომ მამაკაცის მოკვლა სურდათ. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კაცი რაიონის საავადმყოფოში წაიყვანა, თან გამომძიებელიც გაჰყვა და ექიმებს სთხოვა, ერთი დღე გააჩერეთო, თავად კი, სოფელში დაბრუნდა და იქ შეკრებილებს უთხრა, აქ დაბრუნებას აღარ აპირებს, ისევ ქალაქში უნდა იცხოვროს და მეც ხვალ დილით ტანსაცმელი უნდა წავუღო, აქეთ გამოხედვაც არ უნდაო. სოფლელებს აბა, რა უნდა ეთქვათ, კაცს ვიღაც ერჩოდა და ლოგიკური იყო, გაცლა რომ ამჯობინა. გამომძიებელი სოფლელებს დაემშვიდობა და სახლში შევიდა, დავიძინებ და ხვალ დილით ტანსაცმელს წავუღებ, კარსაც ავჭედავო. სინამდვილეში, როგორც კი სახლში შევიდა, უკანა ფანჯრიდან გადაძვრა და რაიონისკენ მოკურცხლა. რაიონულ საავადმყოფოში, თავის მასპინძლის პალატაში, გვერდით ლოგინზე მოკალათდა, ზეწარი გადაიფარა და გაინაბა.

პალატის კარი ღამის 3 საათისთვის გაიღო და ვიღაც ფეხაკრეფით შევიდა. გამომძიებელს ზეწარი ორ ადგილზე ჰქონდა გახვრეტილი და ქუჩიდან შემომავალ მკრთალ შუქზე, სილუეტს კარგად არჩევდა. სილუეტი დაზარალებულის საწოლთან დაიხარა, მერე კი, იქვე მდგარ წყლის ბოთლს სახურავი მოხადა, შიგნით რაღაც ჩაყარა, თავი დააფარა და ის იყო გასვლა დააპირა, გამომძიებლის ხმაც გაიგონა - „გაინძრევი და გესვრი“. ძალოვანის ხელში ტაბელური იარაღი ელავდა. ჰოდა, რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როცა ხელში... მხატვარი ბიჭი შერჩა. მოგვიანებით, ექსპერტიზამ ბოთლში საწამლავი აღმოაჩინა.

„რატომ მსურდა მამაჩემის მოკვლა? იმიტომ, რომ როცა ციმბირისკეენ ჩამოდიოდა, სულ დედაჩემთან ჩერდებოდა, ეუბნებოდა, ერთ დღესაც აქედან წაგიყვანო. მერე კი, დედა ორსულად დარჩა და ესეც დაიკარგა, გაქრა. ქართული რომ მესწავლა, დედამ რეპეტიტორიც კი დაიქირავა, მშობლიური ენა უნდა იცოდეო. სამი წლის წინ გარდაიცვალა, ბოლომდე ამ არაკაცის სახელს იძახდა. მერე, ბინა რომ გადავქექე, სურათიც ვიპოვე და გადავწყვიტე, მომეძებნა. მხატვრობის ნიჭი მაქვს და დავიბრალე ეს პროფესია. ხშირად ვესაუბრებოდი და ერთხლაც არ უხსენებია, რომ შვილი დატოვა. ამიტომ გადავწყვიტე, დამესაჯა. კაცს მემკვიდრე არ ჰყავს და შვილი არც კი დაძებნა“, - განაცხადა დაკითხვაზე დაკავებულმა.

როცა დაზარალებულმა გაიგო, რომ მოკვლას შვილი უპირებდა, გაოგნდა. რა თქმა უნდა, ის ქალი გაიხსენა, მაგრამ იფიცებოდა, არ ვიცოდი, რომ შვილი მყავდა, ეგ რომ მცოდნოდა, აქ რატომ დავიწყებდი ქალების დევნას, ცოლად იმას მოვიყვანდიო. მერე კი, ყველაფერი გააკეთა, რათა მისი შვილი არ დაეკავებინათ და ცდილობდა აეხსნა, რომ მისი არსებობის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა შვილმა არ დაუჯერა და რუსეთში დაბრუნდა.

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე