დიდი დარღვევები გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 ხარვეზები ინფრასტრუქტურულ პროექტებში, სახელმწიფო შესყიდვებსა და ქონების მართვა-განკარგვაში - აუდიტის დასკვნა

 სახელწმიფო აუდიტის სამსახურმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტები შეამოწმა. ამჯერად, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებით დავინტერესდით. აუდიტორებმა 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობა შეისწავლეს. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში, ინფრასტრუქტურული პროე      ქტები დარღვევებით ხორციელდება. გარდა ამისა, ხარვეზები გამოვლინდა, როგორც სახელმწიფო შესყიდვებში, ასევე, ქონების მართვა-განკარგვაშიც.

 

გურჯაანი

დავიწყოთ გურჯაანის მუნიციპალიტეტით, სადაც ინფრასტრუქტურულ პროექტებში, სახელმწიფო აუდიტორებმა სხვადასხვა სახის დარღვევები გამოავლინეს. კერძოდ, აუდიტის ჯგუფმა, გურჯაანის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, 2018-2019 წლებში, მუნიციპალიტეტში მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 9 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული 527 300 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სხვადასხვა ხარვეზი აღენიშნება. ასე, მაგალითად, 2018 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტმა შეისყიდა გზის მოასფალტების სამუშაოები, რომელთა ღირებულება 68 600 ლარი იყო. მერიამ ობიექტი ჩაიბარა ექსპერტის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.  მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელს აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოს ღირებულება, მაგრამ დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ მოწყობილი ასფალტბეტონის გზის ნაწილი დაზიანებულია.

„ამ ობიექტის გარდა, დათვალიერების შედეგად, ჯამში - 458 700 ლარის ღირებულების ხარვეზებით შესრულებული სამუშაოები გამოვლინდა. კერძოდ, დაზიანებულია საგზაო, ჯანმრთელობის დაცვის, სპორტული და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული პროექტები. შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ხშირ შემთხვევაში, გურჯაანის მერიას დადგენილი არ ჰქონდა დაზიანების ზუსტი მიზეზები, ხოლო მათი გამოსწორების მოთხოვნით, მიმწოდებლებს მხოლოდ აუდიტის მიმდინარეობისას მიმართა“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

2018-2019 წლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტმა განახორციელა ქალაქში არსებული სხვადასხვა ქუჩის რეაბილიტაცია. აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა შესრულებული სამუშაოები და გამოვლინდა, რომ 10 ქუჩაზე, რომელთა რეაბილიტაციისთვის 1 187 900 ლარი დაიხარჯა, გზის საფარი დაზიანებულია. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“, წყლის სისტემის მოწესრიგების დროს, გაჭრა გზის საფარი, ხოლო შემდეგ აღარ აღადგინა. ხარვეზები არც აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში იყო გამოსწორებული.

 

დარღვევები შესყიდვებში

რა თქმა უნდა, სახელმწიფო აუდიტორებმა ხარვეზები გამოავლინეს სახელმწიფო შესყიდვებში. კერძოდ, გურჯაანის მუნიციპალიტეტმა, ელექტრონული ტენდერებით შესყიდვის განხორციელებისას, დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტებს უმიზეზოდ, დაუსაბუთებლად მიანიჭა დისკვალიფიკაცია.

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა მაღალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტებთან, რის გამოც ადგილობრივი ბიუჯეტი დაზარალდა. უფრო ზუსტად, გურჯაანის ბიუეტმა 47 500 ლარის სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა დაკარგა.

 

მოსახლეობის წყალმომარაგება

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ მოსახლეობის წყალმომარაგება შეფერხებით და დადგენილი სტანდარტების შეუსაბამო წყლით განხორციელდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 25 087 ოჯახიდან, 21 444 ოჯახს წყალი მიეწოდება გრაფიკით. პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს, თუმცა მუნიციპალიტეტს სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია.

 

ხარვეზები ავტოპარკის მართვაში

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას აღემატება.

შვიდი სამორიგეო ავტომანქანის ნაცვლად, 2018 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტს _ 11, ხოლო 2019 წელს − 18 მუნიციპალური, ან თანამშრომლების საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ერიცხებოდა. მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით, რაც საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურ ხარჯვას იწვევს.

 

ქონების მართვა-განკარგვა

დარღვევები გამოვლინდა ქონების მართვა-განკარგვაშიც. კერძოდ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული კონტროლის მექანიზმები, კუთვნილი შემოსავლების ადმინისტრირების მხრივ, სათანადოდ არ ფუნქციონირებს. სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ მუნიციპალიტეტმა იჯარით გაცემული ქონებიდან, 2019 წლის ბოლოს, ვერ მიიღო კუთვნილი შემოსავალი 55 000 ლარის ოდენობით; ბიუჯეტში მობილიზებულმა დასუფთავების მოსაკრებელმა 22 600 ლარი შეადგინა, რაც ბიუჯეტით დაგეგმილის მხოლოდ 29%-ია.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის აქტივების დაკარგვის, დაზიანებისა და არამართლზომიერი გამოყენების რისკებს.

 

თელავი

როგორც აღვნიშნეთ, დარღვევები გამოვლინდა თელავის მუნიციპალიტეტშიც. სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ მუნიციპალიტეტში არსებობს, როგორც ფინანსური რესურსების, ასევე, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები.

აუდიტორების მტკიცებით, თელავის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 33.9% და 27.6% დააკლდა.

 

დარღვევები სახელმწიფო შესყიდვებში

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, კონტროლის სისუსტის გამო, თელავის მუნიციპალიტეტმა სატენდერო პროცესი ისე წარმართა, რომ დაბალფასიანი სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტი არასამართლიანად დააჯარიმა. შედეგად, შესყიდვის ღირებულება 37 800 ლარით გაიზარდა, რაც აუდიტორების მტკიცებით, არაეკონომიურად განკარგული საბიუჯეტო რესურსია.

 

ხარვეზები ინფრასტრუქტურულ პროექტებში

აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ თელავის მუნიციპალიტეტმა 291 300 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტის მოწყობაში, არაეფექტიანად დახარჯა საბიუჯეტო სახსრები და ვერ მიაღწია პროექტის განხორციელებით დასახულ მიზანს.

კერძოდ, აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ მოსახლეობის წყალმომარაგება ხორციელდება შეფერხებით და დადგენილი სტანდარტების შეუსაბამოდ, სასმელად უვარგისი წყლით, თუმცა მუნიციპალიტეტს არც სათანადო ღონისძიებები გაუტარებია პრობლემის გადასაწყვეტად და არც სამოქმედო გეგმა შეუმუშავებია. ამასთან, წყლის სისტემების მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვაში არსებული კონტროლის სისუსტეების შედეგად, 21 800 ლარის საბიუჯეტო სახსრები ზედმეტადაა ანაზღაურებული.

 

ქონების მართვა-განკარგვა

სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვაში, აუდიტორებმა დარღვევები თელავის მუნიციპალიტეტშიც გამოავლინეს. კერძოდ, სახელმწიფო ქონების განკარგვის პროცესში არსებული სისუსტეების გამო, თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები.

შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ ქონების განკარგვა ხორციელდება არაპროდუქტიულად და ბიუჯეტი კარგავს კუთვნილი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.

გარდა ამისა, მოსაკრებლების ადმინისტრირებაში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, სრულად ვერ ხორციელდება დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება. აუდიტორების მტკიცებით, თელავის მერიამ სათანადო სამართლებრივი ღონისძიებები არ განახორციელა იმ პირების მიმართ, რომელთაც მოსაკრებლის გადახდა ევალებოდათ.

 

ხარვეზები ავტოპარკის მართვაში

სახელმწიფო აუდიტორებმა თელავის მუნიციპალიტეტის ავტოპარკშიც გამოავლინეს დარღვევები. უფრო ზუსტად, აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ თელავის მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით, რაც ხელს უწყობს საბიუჯეტო ასიგნებების არაეკონომიურ და არარაციონალურ ხარჯვას.