რატომაა სახელმწიფოს მიერ ოპერაციების დაფინანსებაში გადახდილი ფული წყალს გატანებული და რა პრობლემებს აწყდებიან ადამიანები ოპერაციის შემდეგ
საქართველოს მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რათა ქვეყანაში ხარისხიანი მედიკამენტები ხელმისაწვდომ ფასად შემოვიდეს. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მანამდე, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამაც აღნიშნა, რომ ჯანდაცვის რეფორმა ბოლომდეა მისაყვანი და მთავრობამ ამ პრობლემის მოგვარებაზე უნდა იზრუნოს, განსაკუთრებით, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ნაწილში. ფაქტია, საქართველოში წამლები ძალიან ძვირია, იმდენად ძვირი, რომ სახელმწიფოს მიერ ამა თუ იმ ოპერაციის დასაფინანსებლად გამოყოფილი საკმაოდ სოლიდური თანხაც კი წყალშია გადაყრილი. ის, რომ სახელმწიფო თავის მოქალაქეებს ეხმარება და საყოველთაო დაზღვევის პროგრამით ოპერაციებს უფინანსებს, საკმაოდ დიდი შეღავათია, ოღონდ ცოტა ხნით. როგორც კი პაციენტი საავადმყოფოდან ეწერება და ექიმის დანიშნულებით ხელში ამა თუ იმ აფთიაქში შედის, ხვდება, რომ გაცილებით დიდ პრობლემას გადააწყდა, ოღონდ ამ ეტაპზე მას უკვე აღარავინ ეხმარება. საკმაოდ ძვირადღირებული, მაგრამ აუცილებლად საჭირო მედიკამენტების შეძენა თავად უწევს, ეს იმდენად მძიმე ტვირთია, რომ უკვე ვეღარც ხვდება, სინამდვილეში, რა დახმარება გაუწია სახელმწიფომ, როდესაც მისი ოპერაცია დააფინანსა.
მაშ, ასე, „ვერსია“ იწყებს ჟურნალისტური მოკვლევის ციკლს, რომელიც ჯანდაცვის სფეროში არსებულ ამ სერიოზულ პრობლემას ეძღვნება და ყველა იმ ადამიანს ეხება, რომელმაც სხვადასხვა სირთულის ოპერაცია გაიკეთა, ან აუცილებლად უნდა გაიკეთოს. სხვათა შორის, სწორედ ეს პრობლემაა ძირითადი მიზეზი, რის გამოც საშუალო შემოსავლების მქონე ოჯახი, თუნდაც ერთი წევრის მძიმე ავადმყოფობის გამო, უკიდურესად ღარიბდება. „ვერსიის“ გამოძიების პირველი სტუმარი, დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძეა, რომელიც პროფესიით ექიმი გახლავთ.
- ბატონო ლევან, ჯანდაცვის რეფორმის უმთავრეს პრობლემაზე უნდა ვისაუბროთ, როდესაც პოსტოპერაციის პერიოდში პაციენტი ექიმის დანიშნულების შესრულებას იწყებს. დამეთანხმებით, რომ ამას გვერდს ერთი პაციენტიც ვერ აუვლის, მნიშვნელობა არ აქვს, რა სირთულის ოპერაცია გაიკეთა, ექიმის დანიშნულება აუცილებლად უნდა შეასრულოს ანუ ის მედიკამენტები უნდა იყიდოს, რომელიც საავადმყოფოდან გაწერის დროს ექიმმა დაუნიშნა. პირდაპირ ვთქვათ, ერთი მხრივ, სახელმწიფო ეხმარება ოჯახს, როდესაც ოპერაციას აფინანსებს, რაც ძალიან დიდი დახმარებაა, მეორე მხრივ კი, ფარმაცევტული კომპანიები ატყავებენ იგივე პაციენტს, რადგან მედიკამენტები ძალიან ძვირია. თითქოს ერთგვარი ჩიხია, სად არის გამოსავალი?
- დიახ, უნდა დავიწყოთ ამ საკითხზე მსჯელობა იმიტომ, რომ ეს მნიშვნელოვანი პრობლემა და ჩემი აზრით, ხარვეზია. სწორად აღნიშნეთ, სახელმწიფო ბიუჯეტი ანუ ჩვენი საერთო თანხა ხმარდება პაციენტს ერთ ეტაპზე, მაგრამ მეორე ეტაპზე, რომელიც მისი გამოჯანმრთელების განუყოფელი ნაწილია, სახელმწიფო მოქალაქეს ვეღარ მიჰყვება. სამწუხაროა, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის სიკეთეს, რომელმაც პირველ ეტაპზე, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მეორე ეტაპზე, როდესაც ფაქტობრივად, მარტო რჩება ადამიანი, ვეღარ ხედავს. მეტიც, უკმაყოფილოც კი რჩება, რადგან საკუთარი ჯიბიდან უწევს აუცილებლად საჭირო მედიკამენტების შეძენა.
როგორც წესი, მძიმე დაავადებების, განსაკუთრებით, ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევებში, მედიკამენტები საკმაოდ ძვირია. ერთია, რომ პაციენტი უკმაყოფილოა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა, მას უბრალოდ, წამლის შესაძენად ფინანსური საშუალება არ აქვს და ფაქტობრივად, წყალში გადაყრილია ის დახმარება, რაც ოპერაციის დაფინანსების სახით, სახელმწიფოსგან მიიღო.
რეალურად, არ შეიძლება, რომ სახელმწიფო დახმარება მხოლოდ ერთი ეტაპით შემოიფარგლოს. არ შეიძლება, დახმარება ეტაპებად დაიყოს, რადგან ოპერაციული ჩარევა ერთი ნაწილია, ხოლო პოსტოპერაციული პერიოდის მართვა და მკურნალობა - მეორე. შესაბამისად, მთავარი ორიენტირი უნდა იყოს არა ის, რა ოდენობის თანხით დაეხმარა სახელმწიფო ადამიანს, რაც ნამდვილად კარგია, მაგრამ საბოლოოდ, პაციენტის გამოჯანმრთელება, მისი განკურნება მნიშვნელობა. გამოდის, რომ ბიუჯეტიდან თანხა იხარჯება, მაგრამ პაციენტი ვერ ჯანმრთელდება, რადგან მედიკამენტების შესაძენი ფული აღარ აქვს. ამ შემთხვევაში, მთავრობის მიერ, ამ პროცესის არასწორი მართვა იკვეთება, რაც სერიოზული პრობლემაა.
- პოსტოპერაციული პერიოდის მართვა საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია. რეალურად, ასეთ სურათს ვიღებთ: ოპერაცია, რომელიც სახელმწიფოს დახმარებით გაკეთდა, თითქოს აღარაფერს ნიშნავს, რადგან პაციენტსა და მისი ოჯახს აღარ შესწევს უნარი, ეს პროცესი მართოს - ამ ეტაპზე, უკვე აღარავინ ეხმარება, არადა, საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდება. როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე?
- აბსოლუტურად სწორად აღწერეთ ფაქტი. ოპერაცია მხოლოდ ერთი ნაწილია, ამის შემდეგ, პაციენტები საკუთარი ოჯახის წევრების მარიფათის ამარად რჩებიან - შეძლებენ კი, ოჯახის წევრები დამატებით, მუნიციპალური პროგრამების საშუალებით, გარკვეული თანხის მიღებას? ბუნებრივია, ამას ერთეულები ახერხებენ, ბევრს არ შეუძლია, არც ინფორმაცია აქვს და ისიც არ იცის, ვის მიმართოს, ამიტომ უსამართლობის განცდა ჩნდება. შესაბამისად, მიდგომა დიფერენცირებული კი არა, უნივერსალური უნდა იყოს. ამ უნივერსალურობისთვის მთავარი ისაა, რომ მთავრობამ ამ პროცესს შეხედოს არა ნაწილ-ნაწილ, არამედ, მთლიანობაში.
გიმეორებთ, მთავარი მიზანი უნდა იყოს პაციენტის გამოჯანმრთელება. მსგავსი ტიპის პროგრამების ეფექტიანობა უნდა იზომებოდეს არა პაციენტების რაოდენობით ანუ მშრალი სტატისტიკით, რამდენი ადამიანის ოპერაცია დაფინანსდა, არამედ, გამოჯანმრთელდნენ თუ არა ეს პაციენტები საბოლოოდ! თუ ასე არ არის, გამოდის, რომ სახელმწიფოს მიერ, ოპერაციისთვის გამოყოფილი თანხა გადაყრილია!
ერთ ეტაპზე, ადამიანს იმედი ეძლევა, რომ თუ ოპერაციას გაიკეთებს, უკეთ გახდება, იღებს კიდეც სახელმწიფო დაფინანსებას და კიდევ უფრო მეტი იმედი ეძლევა, მაგრამ ოპერაციის შემდეგ, ფინანსური პრობლემების გამო, მკურნალობის პროცესი ბოლომდე ვერ მიჰყავს, რადგან წამლები ძალიან ძვირია! უკვე აღარც სახელმწიფო ეხმარება და შესაძლოა, ტრაგიკული შემთხვევაც კი მივიღოთ.
სიმართლე გითხრათ, იმ თემებზე მეტად, რაც თითქოსდა, აქტუალურია დღეს, ყველაზე მნიშვნელოვნად, სწორედ ეს საკითხი მიმაჩნია. სამწუხაროდ, ამაზე არსად, არავინ აღარ მსჯელობს - არც პარლამენტის შესაბამის კომიტეტში და არც მედიაში. კარგია, რომ თქვენ ეს თემა წამოსწიეთ. რეალურად, მოსახლეობისთვის ეს საკითხი უფრო მნიშვნელოვანია და არა ის, შევა თუ არა ვიღაც პოლიტიკოსი პარლამენტში.
- ძალიან სერიოზულ პრობლემაზე ვსაუბრობთ, მაგრამ როგორც წესი, გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს, საბოლოოდ, ყველა ლაბირინთიდან არის გამოსასვლელი. მაინტერესებს, ევროპისა და აშშ-ს გამოცდილება ამ მხრივ ანუ როგორ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო პოსტოპერაციის დროს, პაციენტს მედიკამენტების შეძენის ნაწილში?
- ისე რომ არ გამოგვივიდეს, თითქოს მხოლოდ ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებს ვაკრიტიკებთ, გამოსავალზეც ვისაუბროთ. ზოგადად, სრულყოფილი სისტემა არ არსებობს, მაგრამ ხარვეზი რომ არის, აუცილებლად უნდა დავინახოთ და ვაღიაროთ. ხარვეზი იმიტომ კი არ არის, რომ ვიღაც ცუდია, ან კარგია, არა! იმიტომაა, რომ სწორ გადაწყვეტილებამდე არ მივსულვართ! ჩემი შეთავაზება, რასაც უახლოეს წლებში უნდა დაემყაროს ჯანდაცვის რეფორმა საქართველოში, საყოველთაო და სავალდებულო დაზღვევაა, როდესაც აბსოლუტურად ყველა მოქალაქე დაზღვეულია! საერთაშორისო პრაქტიკაზე მკითხეთ, შესაბამისად, გერმანიის, შვეიცარიის, ავსტრიის მაგალითებზე დაყრდნობით, გამოსავალი, სწორედ ესაა!
საყოველთაო და სავალდებულო დაზღვევა ნიშნავს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე დაზღვეულია, ოღონდ პენსიონერს, სოციალურად დაუცველ ფენას და ნაკლებშემოსავლიან ოჯახებს, დაზღვევის თანხას უფარავს სახელმწიფო. ოპერაციის დაფინანსების ნაცვლად, მით უმეტეს იმ პრობლემის გათვალისწინებით, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, უმჯობესი იქნება, დაზღვევის თანხა გადაუხადოს სახელმწიფომ ამ ადამიანებს და ფინანსური ტვირთი, რომელიც ახლა სახელმწიფო ბიუჯეტს აწვება, სადაზღვევო კომპანიებზე გადავიდეს. ფაქტობრივად, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ფინანსური ვალდებულებები ჩამოეხსნება.
ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი არ დაფინანსდება ოპერაციები, არამედ, ამ ტვირთს კერძო სექტორი და სახელმწიფო გადაინაწილებენ. ეს რეფორმა აუცილებლად უნდა გატარდეს ქვეყანაში, რადგან ვფიქრობ, რომ სწორი მოდელია. ვთავაზობ მთავრობას, ამ მხრივ, გარკვეული ნაბიჯები გადადგას და დაიწყოს დიალოგი, რადგან ეს არის თემა, რომელსაც შეუძლია სისტემურად მოაგვაროს ის პრობლემა, რაზეც ახლა, მე და თქვენ ვსაუბრობთ.
თუ სისტემური რეფორმა გვინდა, ესაა! საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა დაეზღვიოს, ესაა ჩემი შეთავაზების მარტივი ფორმულა. ვის აქვს შესაძლებლობა, თვითონ გადაიხადოს დაზღვევის თანხა და ვის - არა, უკვე მსჯელობის საგანია, რა დროსაც დეტალურად უნდა განვიხილოთ ყველა ნიუანსი, მათ შორის, სადაზღვევო კომპანიების ნაწილში.
- როდესაც ამბობთ, რომ ყველა მოქალაქე უნდა დაეზღვიოს, პოსტოპერაციის შემდგომი პერიოდის დაზღვევასაც გულისხმობთ ანუ პაციენტი შეძლებს, მედიკამენტების შეძენას დაზღვევით?
- ძალიან საინტერესო კითხვაა. დაზღვევის ამ მოდელში, აუცილებლად უნდა შევიდეს წამლის კომპონენტი. ასეთ შემთხვევაში, საშუალება მოგვეცემა, რომ ბიუჯეტს ტვირთი ჩამოეხსნას. ისეთ შემთხვევებზე, რომლებზეც ახლა ვსაუბრობთ, რაც შესაძლოა, დაზღვევამაც კი ვერ დაფაროს, სახელმწიფო ბიუჯეტს გამოუთავისუფლდება თანხა. ოპერაციას დააფინანსებს არა სახელმწიფო, არამედ, სადაზღვევო კომპანია, სახელმწიფოს კი დარჩება თანხა, რათა წამლის შეძენის დროს, თანადაფინანსების პრინციპით დაეხმაროს კომპანიას. მარტივად რომ ვთქვათ, კერძო სექტორი შეეხიდება სახელმწიფო სექტორს, ჩვენი მოქალაქის გამოჯანმრთელების პროცესში, ესაა მარტივი ფორმულა.
რეალურად, ობიექტურები რომ ვიყოთ, უნდა ვაღიაროთ, არ ვართ მდიდარი ქვეყანა, რომ შეგვეძლოს უნივერსალური ჯანდაცვის რეფორმას მივაღწიოთ, მაგრამ რა ვქნათ? ამის გამო, მოქალაქეებს ხომ არ გავწირავთ სასიკვდილოდ? სასწრაფოდ დასაწყებია რეფორმა, როდესაც ყველა მოქალაქე დაზღვეულია - დიახ, სწოდედ ამ სახელს დავარქმევდი რეფორმას.
თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ უნდა იყოს ის მახინჯი სისტემა, რაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს გვქონდა, როდესაც სადაზღვევო კომპანიებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის მოპარვის საშუალება ჰქონდათ. არა, ეს უნდა იყოს ჯანსაღი სისტემა და ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო - გვაქვს ავსტრიის, გერმანიისა და შვეიცარიის მაგალითები, შეგვიძლია ამ ქვეყნებიდან ჩამოვიყვანოთ სპეციალისტები, რათა მათთან ერთად დავიწყოთ რეფორმა. მოვუწოდებ მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს, რომ ამ საკითხზე სასწრაფოდ დავიწყოთ მსჯელობა.
***
დედაჩემი პენსიონერია, 77 წლის, მაღალი არტერიული წნევითა და მეორე ჯგუფის დიაბეტით. წლებია, კარდიოლოგის, ნეფროლოგისა და ენდოკრინოლოგის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა, მაგრამ იშემიური დიაბეტური ტერფი მაინც განუვითარდა. პრობლემა მარჯვენა ფეხის ცერა თითიდან დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ, განგრენა განვითარდა. შესაბამისად, დეკემბერ-იანვარში, ორი, საკმაოდ მძიმე ოპერაცია დასჭირდა... აქედან გამომდინარე, ზუსტად ვიცი ეს პრობლემა, რომელზეც ვწერ, რადგან ჯანდაცვის სისტემაში არსებული სიკეთე, მთელი რიგი ხარვეზებითა და ხშირ შემთხვევაში, დარღვევებითაც კი, პირადად შემეხო.
პირველივე ოპერაციის შემდეგ, საავადმყოფოდან გამოწერისთანავე გავები ფარმაცევტული კომპანიების ლაბირინთებში. ვაღიარებ, გადაჭარბებული მეგონა წუწუნი მედიკამენტების სიძვირესთან დაკავშირებით. არადა, როგორც გითხარით, დედაჩემს ქრონიკული დაავადებები აქვს და წლების მანძილზე, ექიმების რეკომენდაციებით, ამ დაავადებებს ვმართავთ. შესაბამისად, ვიცი, რომ წამლები ძვირია, მაგრამ ისეთი კატასტროფული მდგომარეობაც არ მეგონა, როგორშიც აღმოვჩნდი. დავიწყოთ მარტივით, ოპერაციის შემდეგ (ძირითადად, ნარკოზის გამო), პაციენტს თრომბოემბოლია რომ არ დაემართოს, კლექსანის (დეფიციტშია და არ იშოვება), ან კლექსიპარინის ინექციები ენიშნება, მინიმუმ, ათი ამპულა გჭირდებათ. იცით, ერთი ამპულა რა ღირს? გეტყვით - 25 ლარი. ამას დაუმატეთ ანტიბიოტიკი, სხვადასხვა აუცილებელი მედიკამენტი, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით და ყველაზე მთავარი - ნაოპერაციევის დასამუშავებლად საჭირო ხსნარები, სახვევები და საფენები.
ახლა, შედარებით რთულ ნაწილზე გადავიდეთ. ოპერაციის შემდეგ, დედას საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტი „ქსარელტო“, ექვსი თვით დაუნიშნეს. ესაა სისხლის გამათხელებელი, რაც ფაქტობრივად, თრომბოემბოლიას გამორიცხავს. „ქსარელტო“ აბსოლუტურად ყველა აფთიაქში იყიდება, ოღონდ 200 ლარი ღირს. იმის გამო, რომ ექვსი თვით სჭირდება, მკურნალმა ექიმმა ფორმა #100 მოგვცა. ეს ფორმა #100 მივიტანე „ფარმადეპოში“, სადაც შემეძლო, „ქსარელტო“ იაფად, 75 ლარად შემეძინა. კომპანიამ თურქეთის ერთ-ერთ ფარმაცევტულ ქარხანაში შეუკვეთა „ქსარელტოს“ ის რაოდენობა, რაც ექვსი თვე გვჭირდება ანუ 7 კოლოფი, რადგან ერთ კოლოფში 28 ცალი აბია. ასე დეტალურად იმიტომ აღვწერე, რომ 75 ლარად „ქსარელტოს“ ვერ შეიძენთ, თუ მხოლოდ ერთი ან ორი თვით გჭირდებათ, რადგან ფორმა #100-ს ასეთ მცირე დოზაზე, არ მოგცემენ. დედაჩემს „გაუმართლა“, ექვსი თვით სჭირდებოდა, მაგრამ ვისაც ერთი ან ორი თვით აქვს დანიშნული, 200 ლარი უნდა გადაიხადოს.
- ბატონო ლევან, არის თუ არა ეს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევა?
- როდესაც ვხედავთ, რომ ბაზარზე საჭირო მედიკამენტის იმპორტს მხოლოდ ერთი კომპანია ახორციელებს, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები ჩნდება. შესაბამისად, ამ საკითხს შესწავლა და თვალ-ყურის მიდევნება სჭირდება. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული გარიგებაც არსებობდეს...
შეიძლება გახსოვთ, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტში გავაპროტესტე ცვლილებები კანონში, როდესაც ე.წ. აღიარებული, პარალელური ქვენებიდან, იმპორტის პროცედურები გაართულა მთავრობამ, რადგან ამ ცვლილებებით კონკურენცია შეიზღუდა. საბოლოოდ, ამ მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალია - ბაზარზე კონკურენცია უნდა არსებობდეს!
მხოლოდ მსხვილ კომპანიებს კი არა, ნებისმიერს, თუნდაც საშუალოსა და მცირეს უნდა ჰქონდეს უფლება, აღიარებული რეჟიმის ქვეყნებიდან, როგორებიცაა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, კანადა, ან შეერთებული შტატები, ეს პრეპარატი ან მისი ანალოგი შემოიტანოს. პატარა და საშუალო კომპანიები კონკურენციაში უნდა შედიოდნენ მსხვილ ქსელებთან და შემოჰქონდათ მედიკამენტები, სწორედ ეს შეიზღუდა იმ ცვლილებებით, რაც წინა მოწვევის პარლამენტში გავაპროტესტე.
რეალურად, არასწორი პოლიტიკა გვაქვს მედიკამენტებთან დაკავშირებით. წამლები იმიტომაა ძვირი, რომ მსგავსი ტიპის საკანონმდებლო ცვლილებებით, კონკურენცია ხელოვნურადაა შეზღუდული. თუ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ხარისხიანი მედიკამენტები იყოს, აღიარებული ქვეყნებიდამ ხარისხიან მედიკამენტები ხელმისაწვდომ ფასად უნდა შემოვიტანოთ. ამისთვის, საკანონმდებლო ბაზაში მნიშვნელოვანი რეფორმა უნდა გატარდეს.
სხვათა შორის, არც იმას გამოვრიცხავ, რომ სხვადასხვა ქსელს შორის, კარტელური შეთანხმებაც არსებობდეს. მოკლედ, ეს საკითხი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტომ უნდა შეისწავლოს.