დარღვევები, რომლებიც საჯარო სკოლებში, დისტანციური სწავლების ფარგლებში გამოვლინდა - სახელმწიფო აუდიტის სკანდალური დასკვნა

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო აუდიტორები საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლებით დაინტერესდნენ. მიზეზი მარტივია, 2020 წელს, COVID-19-ის პანდემიამ მთელი მსოფლიო სრულიად ახალი რეალობისა და  გამოწვევების წინაშე დააყენა. ბუნებრივია, ახალ რეალობას განათლების სისტემაც უნდა მორგებოდა, რის გამოც აუცილებელი გახდა სასწავლო პროცესის ვირტუალურ სივრცეში გადატანა და დისტანციური ფორმატის შემოღება. სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაინტერესდა, რამდენად ეფექტიანად წარიმართა საქართველოს საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლება. აუდიტი ჩატარდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო - USAID-ის მხარდაჭერით, აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურის - GAO-სა და აუდიტის განვითარების ცენტრის - CAE-ს ექსპერტების ჩართულობით. როგორც მოსალოდნელი იყო, აუდიტის შედეგად, ის ნაკლოვანებები და ხარვეზები გამოვლინდა, რომლებიც გავლენას ახდენდნენ სასწავლო პროცესზე დისტანციურ ფორმატში. თუმცა აუდიტორები მხოლოდ ხარვეზების გამოვლენით არ შემოფარგლულან, მათ აღმოსაფხვრელად, უწყებამ რეკომენდაციებიც გასცა.

 

ძირითადი დარღვევები

ვიდრე ძირითად დარღვევებს განვიხილავთ, შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის პანდემით შექმნილი ვითარების გამო, 2020 წლის 21 მარტს, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ზოგადსაგანმათლებლო დაწესებულებები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ და საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, სამინისტრომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო:

„Microsoft office 365 Teams-ში, ყველა საჯარო სკოლის კლასებისა და საგნებისთვის ვირტუალური საკლასო ოთახები შეიქმნა; Microsoft Office 365-ის მომხმარებლის პროფილი 528 327 მოსწავლისა და 52 124 მასწავლებლისთვის შეიქმნა, რისთვისაც Microsoft Teams-ის ქართულ ენაზე ადაპტირება გახდა საჭირო; სატელევიზიო სივრცეში დაიწყო პროექტი „ტელესკოლა“; რაც მთავარია, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, დისტანციური სწავლება განისაზღვრა, როგორც სწავლების ერთ-ერთი ფორმა, დამტკიცდა დისტანციური სწავლების წესი, განისაზღვრა მოსწავლეთა ყოველდღიური დატვირთვა და სასკოლო საათობრივი ბადე; გაფორმდა მემორანდუმი ინტერნეტის პროვაიდერ კომპანიებთან, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მობილური ინტერნეტის სპეციალური პაკეტები შესთავაზეს; 2020 წლიდან, მასწავლებელთა ყველა ტრენინგი ტარდებოდა ონლაინ, Teams-ის გამოყენებით. 2021 წელს, ამ პლატფორმაზე, სხვადასხვა საგნობრივი და ზოგადპროფესიული მიმართულებით, 38 424-მა მასწავლებელმა, ჯამში, 69 ტრენინგ-კურსი გაიარა. პანდემიის პირველ ეტაპზე, ყველა სკოლამ სწავლება ონლაინ-რეჟიმში განახორციელა, ხოლო ამის შემდეგ, ეტაპობრივად, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, რეგიონებისა და ქალაქების სკოლები, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, იხსნებოდა და იხურებოდა“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

ვნახოთ, რა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა. დავიწყოთ იმით, რომ ქვეყნის მასშტაბით, მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს ხელი არ მიუწვდება დისტანციური სწავლებისთვის საჭირო რესურსებზე - კომპიუტერებსა და ინტერნეტზე. სამწუხაროდ, განათლების სამინისტრო ასეთი მოსწავლეების რაოდენობის შესახებ სრულ ინფორმაციას არ ფლობს.

„დისტანციური სწავლების განსახორციელებელ ერთ-ერთ საშუალებად, განათლების სამინისტრომ გამოიყენა პლატფორმა - Microsoft Teams-ი, რომლის ლიცენზიების შესყიდვა დაიწყო 2019 წელს. 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მოსწავლეების მიერ, ბონუს-ლიცენზიების ათვისების მაჩვენებელი დაბალი იყო და მხოლოდ 42% გახლდათ, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის მიერ აუთვისებელი იყო ფასიანი ლიცენზიების 17.5% და 10%. ლიცენზიების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრის, გააქტიურების გეგმისა და მონიტორინგის მექანიზმების ნაკლებობის პირობებში, რესურსის არაპროდუქტიულად გამოყენების რისკები გაჩნდა“.

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2017 წლიდან 2021 წლის ივლისის ჩათვლით, საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების 42% არ იყო ჩართული საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით განხორციელებულ ტრენინგ-მოდულებში. 2017 წლიდან, ცენტრმა დაიწყო მასწავლებელთა გადამზადება კომპიუტერული უნარების განსავითარებლად. მიუხედავად ამისა, პანდემიამდე, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში გადამზადებული იყო 15 000 პედაგოგი, რაც მასწავლებელთა 27%-ია.

„დისტანციური სწავლების ერთ-ერთ ფორმად, საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ გამოიყენეს, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტისა და პროგრამის მიხედვით, ტელე-გაკვეთილების ჩატარებას ითვალისწინებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ „ტელესკოლის“ გაკვეთილები სრულად არ ფარავს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ყველა სავალდებულო საგანს. შესაბამისად, ის მოსწავლეები, რომლებიც მხოლოდ „ტელესკოლით“ იღებენ განათლებას, კონკრეტულ საგნებში, შესაძლოა, საგაკვეთილო პროცესის მიღმა დარჩნენ. ამავე პროექტი ფარგლებში, რეგიონების მიხედვით, იმ მოსწავლეთა რაოდენობას აღრიცხავენ, რომლებიც მხოლოდ „ტელესკოლით“ იღებენ განათლებას, თუმცა პროექტის განმახორციელებელი უწყებები არ ფლობენ სრულ და უახლეს ინფორმაციას „ტელესკოლის“ ნახვადობის სტატისტიკის შესახებ, სხვადასხვა პარამეტრის გათვალისწინებით, რაც აფერხებს პროგრამის შეფასებისა და მონიტორინგის პროცესს“, - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

სახელმწიფო მაკონტროლებლების მტკიცებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ აქვს შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის დროს განსახორციელებელი ღონისძიებები განისაზღვრება, რათა გაუთვალისწინებელმა მოვლენებმა, მომავალში, ნაკლები ზიანი მიაყენოს განათლების სისტემას. ამასთან, არ არის დანერგილი პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს პანდემიის გრძელვადიანი ეფექტებისა და დისტანციური სწავლების შედეგების პოტენციური გავლენის შეფასებას განათლების სისტემაზე. სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ პანდემიის მოკლევადიანი ეფექტები ნეგატიურად აისახა მოსწავლეთა შედეგებზე და ყოველივე ეს, მიუთითებს, რომ საგანგებო გეგმის შემუშავება აუცილებელია.

„საქართველოს მაღალმთიან რეგიონებსა და ბარის შორეულ სოფლებში, მასწავლებელთა დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, ხორციელდება პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ და ქვეპროგრამა - „დისტანციური სწავლება“,  რომლებიც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ არსებული დეფიციტის შევსებას. ცენტრის ინფორმაციით, 2018-2021 წლებში, სხვადასხვა მიზეზით, 309 ერთეული მასწავლებლის ვაკანსია ვერ შეივსო. მეტიც, არსებობს რისკი, რომ ამ დეფიციტის გავლენით, 2018-2021 წლებში, სხვადასხვა სასწავლო წელს, რომელიმე საგანში, სათანადო განათლება, ჯამში, დაახლოებით, 15 000-მა მოსწავლემ ვერ მიიღო“.

სახელმწიფო აუდიტორების მტკციცებით, „ასწავლე საქართველოსთვის“ და „დისტანციური სწავლება“ ემსახურება საერთო მიზანს - აღმოფხვრას მასწავლებელთა დეფიციტი მაღალმთიან რეგიონებში, თუმცა სწავლების წარმართვის ფორმა განსხვავებულია. ზოგადად, „დისტანციური სწავლების“ ქვეპროგრამის განხორციელება, დაახლოებით, ოთხჯერ უფრო ნაკლები ფინანსური რესურსითაა შესაძლებელი და უფრო მეტი დეფიციტური კადრის მოძიებაც შეუძლია, რაც მოსწავლეებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას გაზრდის იმ შემთხვევებში, როდესაც რეგიონებში, კვალიფიციური კადრის მივლინება შეუძლებელია.

 

რეკომენდაციები

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო აუდიტორებმა საჯარო სკოლებში დისტანციურ სწავლებაში არსებული ხარვეზები და ნაკლოვანებები გამოავლინეს, მათ აღმოსაფხვრელად, შესაბამისი რეკომენდაციებიც გასცეს.

რეკომენდაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის - დისტანციური სწავლების სათანადოდ წარმართვისთვის, სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს იმ მოსწავლეების იდენტიფიცირება, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ კომპიუტერსა და ინტერნეტზე. სანდო ინფორმაციის არსებობის პირობებში, უწყებამ უნდა განსაზღვროს მოწყვლადი ჯგუფებისთვის დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობის გზები.

რეკომენდაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის - რესურსების პროდუქტიულად გამოყენების მიზნით, ლიცენზიები უნდა შეისყიდოს საჭიროების შეფასების საფუძველზე. მასწავლებლების/ადმინისტრაციული პერსონალისა და მოსწავლეების მიხედვით, ათვისების საპროგნოზო მაჩვენებლებზე დაყრდნობით, უნდა შემუშავდეს შესყიდული ლიცენზიების გააქტიურების გეგმა/გრაფიკი და შესაბამისად, მისი შესრულების უწყვეტი მონიტორინგი განხორციელდეს.

რეკომენდაცია სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის“ - მოსწავლეებისთვის ზოგადი განათლების შეუფერხებლად მიწოდებისა და დისტანციური სწავლების სათანადოდ განხორციელების მიზნით, უნდა შეფასდეს მასწავლებელთა სპეციფიკური საჭიროებები საინფორმაციო/კომპიუტერული ტექნოლოგიების სხვადასხვა უნარებში და მხოლოდ კონკრეტული მიმართულებების მიხედვით უნდა გადამზადდნენ.

რეკომენდაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის - უწყებამ უნდა მოიპოვოს ინფორმაცია პროექტ „ტელესკოლის“ აუდიტორიის შესახებ, გააანალიზოს სტატისტიკური მონაცემები რელევანტური პარამეტრების მიხედვით და შეაფასოს მიზნის მიღწევის მაჩვენებლები. პროექტის გაგრძელების შემთხვევაში, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნები სრულად უნდა მოიცვას.

გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, გაუთვალისწინებელი მოვლენების ზეგავლენის შემცირებისა და სისტემის სათანადოდ მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით, საგანგებო გეგმა უნდა შეიმუშაოს, რომლითაც განისაზღვრება ის ღონისძიებები და მათზე პასუხისმგებელი შესაბამისი უწყებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ზოგადი განათლების უწყვეტობასა და მდგრადობას. ამასთან, პროგნოზისა და ანალიზის საფუძველზე, უნდა შეფასდეს დისტანციური სწავლების შედეგები, მოსალოდნელი გავლენა და დაიგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები.

რეკომენდაცია ცენტრსა და სამინისტროს - ყველა მოსწავლის ზოგადი განათლებით სათანადოდ უზრუნველყოფისა და რესურსების პროდუქტიული გამოყენების მიზნით, სისტემის სხვადასხვა ერთეულის  კოორდინაციის საფუძველზე, იდენტიფიცირებულ უნდა იქნეს ყველა ის სკოლა და საგანი, სადაც არ არის პედაგოგი ან კვალიფიციური კადრის დეფიციტია. იმ პირობებში, როდესაც არ არის მივლინებული მასწავლებელი, ასეთ საგნებში, სათანადო პირობების უზრუნველყოფით, დისტანციური სწავლება უნდა განხორციელდეს.