როგორ გაიფლანგა სახელმწიფო ფული ხობის მუნიციპალიტეტში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ვერსია“ აგრძელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იმ ანგარიშების შეხსენებას, რომლებიც უწყებამ გენერალურ პროკურატურაში გადააგზავნა. ამჯერად, ხობის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტს გთავაზობთ. თუმცა, ვიდრე იმ ხარვეზებს გაგაცნობთ, რომლებიც სახელმწიფო მაკონტროლებლებმა გამოავლინეს, ჯერ ზოგად ინფორმაციას გავეცნოთ ხობის მუნიციპალიტეტზე. ხობის მუნიციპალიტეტი არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, განკარგავს საკუთარ ქონებასა და ბიუჯეტს. მუნიციპალიტეტი მოიცავს 22 ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელიც აერთიანებს 57 სოფელსა და ადმინისტრაციულ ცენტრს - ქალაქ ხობს. მუნიციპალიტეტის ფართობია 676 კვ.კმ., ხოლო მოსახლეობის რიცხოვნობა - 27 800 კაცი.

2020-2021 წლებში, ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯები გაწეულია შემდეგ პროგრამებზე: წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება - 5 631 000 ლარი; ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 19 879 800 ლარი; დასუფთავება და გარემოს დაცვა - 1 172 300 ლარი; განათლება - 4 689 400 ლარი; კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები - 2 215 400 ლარი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 1 640 900 ლარი.

 

ხარვეზები ფინანსური რესურსების მართვაში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე დაყრდნობით, 2020-2021 წლების შემოსულობებმა 37 517 500 ლარი, ხოლო გადასახდელებმა - 35 228 800 ლარი შეადგინა. ორივე საბიუჯეტო წლისთვის მუნიციპალიტეტმა არასათანადოდ შეასრულა ბიუჯეტის, როგორც შემოსულობების, ასევე, გადასახდელების მუხლები. კერძოდ, ხობის მერიამ სათანადოდ ვერ დაგეგმა შემოსავლების მოსალოდნელი შესრულება და 2020-2021 წლებში, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გადაჭარბებამ ჯამში 2 196 600 ლარი შეადგინა.

„შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტმა კონკრეტულ საბიუჯეტო წლებში არ გაითვალისწინა მნიშვნელოვანი ფულადი რესურსის ათვისება; ხობის მერიამ წლის ბოლომდე ვერ აითვისა ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხები და ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო პროგრამებით გათვალისწინებული შედეგები: ძირითადად ვერ დასრულდა და დაგვიანდა საგზაო ინფრასტრუქტურის, სკოლების, სპორტული მოედნების და სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები; შეუსაბამოდ დაიგეგმა ან/და არ ჩატარდა კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებები.

საბიუჯეტო პარამეტრების არასათანადო დაგეგმვისა და შესრულების გამო, ხობის მუნიციპალიტეტი ფლობდა მნიშვნელოვანი მოცულობის საბიუჯეტო ნაშთებს. კერძოდ, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს ბალანსზე ნაშთის სახით ერიცხებოდა 2 647 300 ლარი. 2020 წლისათვის დაიგეგმა 2 628 000 ლარის ათვისება, თუმცა ნაშთის ცვლილებით გამოწვეულმა ფულადი სახსრების დაგროვებამ 1 133 800 ლარი შეადგინა. შესაბამისად, პერიოდის ბოლოს დაფიქსირდა 3 781 100 ლარის ნაშთი, საიდანაც 1 282 700 ლარი თავისუფალი ნაშთია. 2021 წელს, მუნიციპალიტეტმა დაგეგმა 3 093 900 ლარის ათვისება, თუმცა დააგროვა 1 154 900 ლარი. საბოლოოდ, წლის ბოლოსათვის საბიუჯეტო ნაშთმა 4 936 000 ლარი შეადგინა, საიდანაც 1 620 800 ლარი თავისუფალი ნაშთია“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ 2020-2021 წლებში, ხობის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველჰყო სახელმწიფო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების, ასევე, ვალდებულებების დროულად განხორციელება და დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი, მათ შორის, თავისუფალი ნაშთი. ყოველივე ეს მიუთითებს ხობის მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე.

 

დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ 2020-2021 წლებში, ხობის მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა 115 ხელშეკრულებით, ღირებულებით - 23 863 700 ლარი. მუნიციპალიტეტში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებას და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებდა სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოს მიმღები ჯგუფი. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრული იყო სამუშაოების მიღება-ჩაბარება საექსპერტო ან/და ტექნიკური ზედამხედველის მიერ გაცემული დასკვნების გათვალისწინებით, რითაც დასტურდებოდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ხარისხი და შესრულების ვადები. წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ობიექტები ჩაიბარა დადებითი საექსპერტო დასკვნების საფუძველზე.

„აუდიტის ჯგუფმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა ხობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, რის შედეგად გამოვლინდა დაზიანებული ობიექტები. მაგალითად, მუნიციპალიტეტმა 2020 წელს შეისყიდა შავღელეს ადმინისტრაციული ერთეულის შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაო, ღირებულებით - 2 498 900 ლარი. გზის ორი მონაკვეთი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული.

გარდა ამისა, ხარვეზები გამოვლინდა 10 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ პროექტებზე, რომელთა ღირებულება 3 743 700 ლარია. კერძოდ, დაზიანებულია საგზაო, განათლების, სპორტისა და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები.  როგორც გამოვლინდა, მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის პროცედურები ზოგიერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნებას, სამუშაოების ხარისხის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე. შედეგად, ობიექტები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. ობიექტების ექსპლოატაციის პროცესში გამოვლენილი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, ძირითადად აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმების დარღვევის შედეგია, რომელთა გამოვლენა საექსპერტო დაწესებულებას ვალდებულებაა. დაზიანებული ობიექტების არსებობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს აღნიშნული ორგანიზაციების პასუხისმგებლობის შესახებ არ უმსჯელია და სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია“.

დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტების დათვლიერებისას, სახელმწიფო აუდიტორებმა გამოავლინეს, რომ მათი საგარანტიო ვადები არ იყო გასული. მიუხედავად ამისა, მერიის შესაბამის სამსახურს ყველა ობიექტის მონიტორინგი არ განუხორციელებია, რაც ხობის მუნიციპალიტეტს საშუალებას მისცემდა გამოეკვლია დაზიანების მიზეზები და მიმწოდებლებისათვის მოეთხოვა დაზიანებების გამოსწორება. შესაბამისად, ხობის მერიამ არ გამოიყენა ხელშეკრულებებით მინიჭებული უფლება და არ უზრუნველყო არსებული წუნის მიმწოდებელი ორგანიზაციების სახსრებით აღმოფხვრა.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ხობის მუნიციპალიტეტმა ვერ დანერგა კონტროლის შესაფერისი პროცედურები და პროცესები ვერ წარმართა იმგვარად, რომ მიეღო სათანადო ხარისხის ინფრასტრუქტურული პროექტები. შედეგად, ხობის მერიამ ჩაიბარა 6 242 600 ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებიდან მოკლე დროში დაზიანდა და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. მუნიციპალიტეტმა არ დაადგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები, არ გამოავლინა მათზე პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები.

 

ხარვეზები სახელმწიფო შესყიდვებში

2019-2020 წელს, ხობის მუნიციპალიტეტმა ორი ხელშეკრულების ფარგლებში დააფინანსა სოფლების გზების ცემენტო-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები. ორივე შემთხვევაში, მუნიციპალიტეტმა დაუსაბუთებლად მოახდინა პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია და ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვის პროცესი წარმართა შეზღუდული კონკურენციის გარემოში. შედეგად, მუნიციპალიტეტმა, სავარაუდოდ, 321 600 ლარი დახარჯა არაეკონომიურად.

„2019 წლის 14 იანვარს, ხობის მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა ახალი ხიბულისა და საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის ცემენტო-ბეტონით საფარით მოწყობის სამუშაოებზე. სავარაუდო სატენდერო ღირებულება შეადგენდა 1 590 800 ლარს. დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელს უნდა ჰქონოდა ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის 5 726 800 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების გამოცდილება. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ანალოგიურ სამუშაოებად განიხილებოდა „გზების მოწყობა/რეაბილიტაცია“. შესყიდვაში მონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა - შპს „შარა-გზამშენი პირველმა“ და დააფიქსირა 1 272 600 ლარის შეთავაზება. საწარმომ გამოცდილების სახით წარმოადგინა გზების მოწყობა/რეაბილიტაციაზე შესრულებული 11 439 600 ლარის სამუშაოები, მათ შორის, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით შესრულებული 2 160 800 ლარის ღირებულების ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაო. სატენდერო კომისიამ განიხილა პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და არასაკმარისად ჩათვალა გამოცდილება. კერძოდ, კომისიამ სრული 5 726 800 ლარის გამოცდილება მოითხოვა მხოლოდ გზის ცემენტო-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოებზე, რასაც სატენდერო დოკუმენტაცია არ ითვალისწინებდა“.

პრეტენდენტმა სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება (ოქმი), რომლითაც ანალოგიური სამუშაოების გამოცდილებად მოთხოვნილი იყო მხოლოდ გზის ცემენტო-ბეტონის საფარით მოწყობა, გაასაჩივრა დავების განხილვის საბჭოში. საბჭომ სრულად დააკმაყოფილა საჩივარი და კომისიას მიუთითა მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და შპს „შარა-გზამშენი პირველის“ ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების პროცესში სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვის შესახებ.

„ხობის მუნიციპალიტეტმა, დავების განხილვის საბჭოს მითითების შესრულების ნაცვლად, ტენდერი შეწყვიტა და ახალი ტენდერი გამოაცხადა შეცვლილი პირობებით. კერძოდ, ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილებად მოითხოვა მხოლოდ გზის ცემენტო-ბეტონის საფარით მოწყობა/რეაბილიტაციის სამუშაოები. აღნიშნულ ტენდერში შპს „შარა-გზამშენი პირველს“ მონაწილეობა არ მიუღია. გამარჯვებულმა პრეტენდენტმა დააფიქსირა 1 492 300 ლარის შემოთავაზება, რაც 219 700 ლარით აღემატება შეწყვეტილ ტენდერზე შპს „შარა-გზამშენი პირველის“ ფასს“.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ სატენდერო კომისიამ ანალოგიურად იმოქმედა ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის ცემენტო-ბეტონით საფარითმოწყობის სამუშაოების შესყიდვისას. კერძოდ, ტენდერი გამოცხადდა 2019 წლის 15 იანვარს, სავარაუდო ღირებულებით - 1 532 000 ლარი. სატენდერო პირობები გამოცდილების ნაწილში წინა ტენდერის იდენტური იყო და მონაწილეობა მიიღო იმავე პრეტენდენტმა - შპს „შარა-გზამშენი პირველმა“. სატენდერო კომისიამ ამჯერადაც დაახარვეზა პრეტენდენტის გამოცდილება და მოითხოვა სატენდერო დოკუმენტაციისაგან განსხვავებული გამოცდილება. გადაწყვეტილება პრეტენდენტმა ასევე გაასაჩივრა დავების საბჭოში, რომელმაც საჩივარი დააკმაყოფილა. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტმა იმავე მოტივით შეწყვიტა ტენდერი. შეცვლილი პირობებით გამოცხადებულ განმეორებით ტენდერზე გამარჯვებულმა პრეტენდენტმა დააფიქსირა 1 425 000 ლარი, რაც 101 900 ლარით აღემატება შეწყვეტილ ტენდერზე შპს „შარა-გზამშენი პირველის“ მიერ შეთავაზებულ ფასს.

„ორივე ტენდერის შეწყვეტის მიზეზად კომისიამ ოქმში მიუთითა, რომ ცემენტო- ბეტონისა და ასფალტო-ბეტონის სამუშაოების სპეციფიკა მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან და ანალოგიად ვერ მიიღებდა. კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ ვეღარ მოახდენდა სატენდერო დოკუმენტაციის ცვლილებას, ხოლო აღნიშნული სახით მოთხოვნილი გამოცდილება გახდებოდა დაუსრულებელი დავის საგანი.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა რა აუცილებლობით იყო გამოწვეული სატენდერო პირობისაგან განსხვავებული გამოცდილების მოთხოვნა. სატენდერო კომისიამ არ გაითვალისწინა გარემოება, რომ შპს „შარა-გზამშენი პირველს“ მუნიციპალიტეტში შესრულებული ჰქონდა ანალოგიური სახის და მოცულობის სამუშაოები და პასუხისმგებელი პირების განმარტებით შესრულებული სამუშაოს ხარისხზე პრეტენზია არ ჰქონიათ. მუნიციპალიტეტმა ისიც ვერ განმარტა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მოდავე მხარეები, რადგანაც ტენდერებში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა“.

სატენდერო კომისიის მიერ გამოყენებული მოტივი ცემენტო-ბეტონისა და ასფალტო-ბეტონის სამუშაოების სპეციფიკის განსხვავების შესახებ ვერ იქნება გათვალისწინებული შემდეგი გარემოების გამოც: შეწყვეტილი ტენდერებიდან დაახლოებით ერთი თვით ადრე - 2018 წლის 7 დეკემბერს, კომისიამ ტენდერი გამოაცხადა სოფელ გაღმა საჯიჯაოში გზის ცემენტო-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოებზე, სავარაუდო ღირებულებით 93 600 ლარი. სატენდერო დოკუმენტაცია ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების ნაწილში შეწყვეტილი ტენდერების დოკუმენტაციის იდენტურია. ამ შემთხვევაშიც პრეტენდენტის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების გამოცდილება ნაკლები იყო კომისიის მიერ მოთხოვნილ საერთო გამოცდილებაზე. მიუხედავად ამისა, კომისიას პრეტენდენტის დისკვალიფიკაციასა და დოკუმენტაციის ხარვეზებზე არ უმსჯელია.

„აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ხობის მუნიციპალიტეტის მიერ წინა პერიოდში ტენდერების გამოცხადების პრაქტიკაც გზების ცემენტო-ბეტონის საფარით მოწყობა რეაბილიტაციის სამუშაოებზე. გამოვლინდა, რომ გამოცდილების მოთხოვნისას კომისია ძირითადად მოქმედებდა ერთგვაროვნად და არ უთითებდა მხოლოდ ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს. კერძოდ, 2018 წელს გამოცხადებულ ტენდერებში კომისია კონკრეტულად ბეტონის სამუშაოები მოითხოვდა საერთო გამოცდილების მხოლოდ 17%-მდე მოცულობით. თუ კომისია 2019 წელს გამოცხადებული ტენდერების დოკუმენტაციის შედგენის ან და შერჩევა-შეფასების პროცესში იმოქმედებდა იმავე მიდგომით, ორივე ტენდერში შპს „შარა-გზამშენი პირველი“ გაიმარჯვებდა“.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ 2019 წლის ივლისიდან შეცვალა მიდგომა გამოცდილების მოთხოვნასთან დაკავშირებით. კერძოდ, გზის სამუშაოებზე (ცემენტო-ბეტონი და ასფალტო-ბეტონი), ანალოგიური სამუშაოების სახით მოთხოვნილია ორივე სახის გამოცდილება „ცემენტო-ბეტონის ან/და ასფალტო-ბეტონის გზების მოწყობა/რეაბილიტაცია“. გამომდინარე აქედან, 2018 წლიდან ჩატარებული ტენდერებისათვის, ცალსახად, ცემენტო-ბეტონის სამუშაოების გამოცდილება კომისიამ მოითხოვა მხოლოდ შეწყვეტილი ტენდერების შემთხვევაში.

შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ 2019 წელს, სოფლის გზების ცემენტო-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოების შესყიდვისას, სატენდერო კომისიამ დაუსაბუთებლად მოახდინა პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია და შეწყვიტა ტენდერები. შედეგად,ხობის  მუნიციპალიტეტმა დაკარგა ჯამში 321 600 ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა. კომისიამ გადაწყვეტილებები მიიღო სუბიექტურად, მის მიერვე დადგენილი პირობების შეუსაბამოდ და იმოქმედა არსებული პრაქტიკიდან განსხვავებულად, რის გამოც მუნიციპალიტეტის ინტერესები მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ავტორი: მაკა რუხაძე