4 წელიწადში ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა საფეხურზე გადავა - პრემიერის დაპირებები ეკონომიკის დარგში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2028 წლისთვის 130 მილიარდს გადააჭარბებს ქვეყნის ეკონომიკა, ამისთვის არის გათვალისწინებული კონკრეტული პროგრამები, პროექტები და დარწმუნებული ვართ, რომ ამ მიზანს ჩვენ წარმატებით შევასრულებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებულ პროგნოზის მიხედვით, 2024 წელს საქართველოს ექნება ფართო რეგიონში და მთლიანად ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა.

 

„მინდა, გამოვეხმაურო საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებულ პროგნოზს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. არის განახლებული წლევანდელი პროგნოზი ასევე საშუალო ვადიანი პროგნოზი, რომლის მიხედვითაც 2024 წელს საქართველოს ექნება ფართო რეგიონში და მთლიანად ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა.

 

ასევე საშუალოვადიან პერიოდში 2024-2029 წლებში ჩვენს ქვეყანას ექნება ანალოგიურად ფართო რეგიონში და ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენი ეკონომიკური გუნდი ახორციელებს. კიდევ ერთხელ მინდა, თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ განსაკუთრებული მადლობა ამისათვის. რაც შეეხება წლევანდელ პროგნოზს, 2,5-ჯერ აჭარბებს ის ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს. რაც შეეხება 2024-2029 წლებს, ამ შემთხვევაში, ჩვენი უპირატესობა არის დაახლოებით 1,6-ჯერ აღემატება ჩვენი პროგნოზი იმ პროგნოზს, რომელიც არის გათვალისწინებული სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის.

 

ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ეს ტემპი. ჩვენ ყოველთვის გადაჭარბებით ვასრულებდით იმ პროგნოზს, რომელსაც წარადგენდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი. აქაც დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა იქნება იმაზე მაღალიც კი, ვიდრე ეს არის პროგნოზირებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. ჩვენ გვაქვს ამისათვის გაწერილი კარგად გააზრებული პროგრამა, რომლის მიხედვითაც 2028 წლისთვის 130 მილიარდს გადააჭარბებს ქვეყნის ეკონომიკა. ამისთვის არის გათვალისწინებული კონკრეტული პროგრამები, კონკრეტული პროექტები და დარწმუნებული ვართ, რომ ამ მიზანს ჩვენ წარმატებით შევასრულებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა საფეხურზე გადავა.

„მინდა, ვისაუბრო იმაზე, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და ეს არჩევნები, მათ შორის სწორედ ამ საკითხს უკავშირდება, რამდენად შეძლებს ჩვენი ქვეყანა, გააგრძელოს სტაბილური განვითარება ყველა მიმართულებით. რეალურად ჩვენ გასული 4 წლის და მთლიანად გასული 12 წლის განმავლობაში შევქმენით ძალიან მყარი საფუძველი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარება და 4 წელიწადში ჩვენი ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა საფეხურზე გადავიდეს, ამისათვის ყველანაირი საფუძველი არის შექმნილი. რაც შეეხება ეკონომიკას, ჩვენ მოვახერხეთ და 28 მილიარდიდან 90 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ საქართველოს ეკონომიკა 12 წლის განმავლობაში. მარტო ბოლო 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით იზრდება ჩვენი ეკონომიკა. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომლის მიხედვითაც ეკონომიკა 130 მილიარდ ლარამდე უნდა გაიზარდოს. ამისათვის აუცილებელია მშვიდობა და ქვეყნის სტაბილური განვითარება. იგივე ეხება ბიუჯეტის ზრდას. ქვეყნის ბიუჯეტი იყო 8,5 მილიარდი ლარი 2012 წელს, წელს უკვე ბიუჯეტი გახლდათ დაახლოებით 28 მილიარდი ლარი და ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც, ბიუჯეტი 40 მილიარდ ლარს გადააჭარბებს 4 წელიწადში, რაც ასევე ნიშნავს ბევრად უფრო მეტი პროექტის განხორციელებას და ქვეყნის კიდევ უფრო მეტად განვითარებას ყველა მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ენერგეტიკის მიმართულებით მთავრობას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს.

 

„უკვე შექმნილია ძალიან მყარი საფუძველი და ჩვენ ძალიან მკაფიოდ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 2028 წლისთვის 8000 მეგავატს მიაღწევს დადგმული სიმძლავრის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში და 2030 წლისთვის მაჩვენებელი გადააჭარბებს 10 000 მეგავატს. შესაბამისად, ეს ყველაფერი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა ელექტროენერგიის გამომუშავების თვალსაზრისით, ანუ გამომუშავება გადააჭარბებს მოხმარებას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა იმისათვის, რომ ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი ენერგეტიკული თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ ნიშნავს ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობის უფრო მეტად გამყარებასა,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, სოფლის მეურნეობის კუთხითაც ძალიან დიდი პროგრესი ექნება ქვეყანას, მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

 

„სოფლის მეურნეობის სფეროში ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, თუ რამხელა მიღწევები გვქონდა გასული წლების განმავლობაში. ამ კუთხითაც გვექნება ძალიან დიდი პროგრესი შემდეგი 4 წლის მანძილზე, მაჩვენებლები გაორმაგდება სხვადასხვა მიმართულებით, ეს შეეხება სოფლის მეურნეობის გამომუშავებას, აგრარული პროდუქციის ექსპორტს და ა.შ. აქაც არსებობს ძალიან კონკრეტული გეგმები, მათ შორის, სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ პროგრესის მიღწევას სოფლის მეურნეობის სფეროში. ქართული სოფლის გაძლიერება არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა, შესაბამისად, ამ კუთხით მთავრობა მაქსიმალურად იზრუნებს შემდეგი წლების განმავლობაშიც,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, გასული წლების განმავლობაში ძალიან დიდი პროგრესი ჰქონდა ქვეყანას ტურიზმის სექტორში და ეს შედეგი აუცილებლად იქნება მიღწეული.

 

„ტურიზმის სფეროში გვქონდა ძალიან დიდი პროგრესი, გასული წლების განმავლობაში და აქაც, ამოცანა არის ამბიციური, 11 მილიონს უნდა მიაღწიოს ტურისტების რაოდენობამ, თუ გაგრძელდა პროცესები ისე, როგორც გრძელდება და აუცილებლად გაგრძელდება, ეს შედეგი აუცილებლად იქნება მიღწეული. რაც შეეხება ტურიზმიდან შემოსავლებს, 6.4 მლრდ დოლარს მიაღწევს 2028 წლისთვის, ჩვენი გეგმის მიხედვით,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერის თქმით, მაქსიმუმ 2029 წელს, მივიღებთ უკვე პირველ გემს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში.

„უკვე დაიწყო ანაკლიის პორტის მშენებლობა და ჩვენ გვქონდა საშუალება, ადგილზე გავცნობოდით სამუშაოებს. რა თქმა უნდა, ძალიან ინტენსიურად წარიმართება ეს სამუშაოები და მაქსიმუმ 2029 წელს, თუმცა იმედი გაქვს უფრო ადრეც, მივიღებთ უკვე პირველ გემს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში.

რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დასრულდება ძალიან მალე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებთან დაკავშირებით.

„გვაქვს ამბიციური გეგმები თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებთან დაკავშირებით. ერთ შემთხვევაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაზეა საუბარი, მგზავრთნაკადი უნდა გაიზარდოს 5 მილიონამდე, დღევანდელი მაჩვენებელი არის 1.7 მლნ მგზავრი და საუბარია თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზე, რაც დასრულდება რამდენიმე წელიწადში და რაც თბილისის აეროპორტს მისცემს 18 მლნ მგზავრის მიღების შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს ასევე ეკონომიკის ზრდას, ტურიზმის ზრდას ჩვენს ქვეყანაში. ყველა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ეს პროექტიც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წარმატებით განხორციელდება“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შემცირდება სიღარიბე და 2028 წელისთვის მაქსიმუმ 150 ათასი იქნება სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა.

„რაც შეეხება უმუშევრობას, აქაც გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში და ამისათვისაც კონკრეტული გეგმა არსებობს. სიღარიბეს რაც შეეხება, მილიონ 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წელს, ეს მაჩვენებელი უკვე შემცირებულია 440 ათასამდე. ჩვენი გეგმის მიხედვით, მაქსიმუმ 150 ათასი იქნება სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა 2028 წელისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შემდეგი 4 წლის განმავლობაში დაგეგმილია 9 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციების მოზიდვა ქვეყნისთვის.

„მაგისტრალების მიმართულებით გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. ჩვენ გვქონდა საუბარი ირაკლი ქარსელაძესთან მიღწეულ შედეგებთან დაკავშირებით, უბრალოდ წარმოუდგენელი მაჩვენებლებია. წინა ხელისუფლების პირობებს რომ შევედაროთ, მაშინ მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი აშენდა ქვეყანაში. ამ ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მხოლოდ 34 კილომეტრი სიგრძის გვირაბი გაიჭრა და 22 კილომეტრი სიგრძის ხიდები აშენდა, აქ საუბარია მხოლოდ რიკოთის მონაკვეთზე, არ არის საუბარი სხვა კობი-ქვეშეთის გვირაბზე და ა.შ. ისე არის კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი. რეალურად რამდენჯერმე არის გაზრდილი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი. ვისარგებლებ შემთხვევით და ირაკლი ქარსელაძეს ამისათვის განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი. მომავალშიც გაგრძელდება ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის კიდევ უფრო მეტად გამოკვეთას და გაძლიერებას, ეს საბოლოო ჯამში აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, ეკონომიკურ ზრდაზე და ა.შ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ასევე ამბიციურად გაგრძელდება მუშაობა ყველა მიმართულებით.

 

„პენსიები გაიზრდება ყოველწლიურად. ამასთან დაკავშირებით ჩვენს პროგრამაში კონკრეტული მონაცემები გვქონდა წარმოდგენილი. დევნილების ღირსეული საცხოვრისით დაკმაყოფილება - 6000 ოჯახი მიმდინარე პროექტების საფუძველზე დაკმაყოფილდება ახალი საცხოვრისით. ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ გეგმების, რაც გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით. ერთი საინტერესო დეტალი ის არის, რომ როდესაც მიწევს ხოლმე საუბარი მთავრობის ანგარიშზე, გეგმებზე, მიწევს ხოლმე დაახლოებით 90%-ის გაფილტვრა იმ გეგმებიდან და შესრულებული სამუშაოებიდან, რაც არის ხოლმე წარმოდგენილი. აქედან ჩანს, თუ რამხელა მასშტაბის სამუშაოებს ატარებს თითოეული სამინისტრო და ასევე ამბიციურად გავაგრძელებთ მუშაობას ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ზრუნვას ქართული ჯარის გაძლიერებაზე, ზრუნვას პოლიციაზე, სამართალდამცავ უწყებებზე“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, წელს გადამუშავდა რეკორდული რაოდენობის, 320 000 ტონამდე ყურძენი, რაც დაახლოებით 45%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

„მოსავალი ღვინის საწარმოებს 21 3000-ზე მეტმა მევენახე-ფერმერმა ჩააბარა. კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში გადამუშავდა 290 ათას ტონაზე მეტი ყურძენი და ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 390 მილიონ ლარს მიაღწია. რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მევენახისთვის, ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ განვახორციელეთ სუბსიდირება, იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ამ დარგის განვითარებას, მათ შორის, საფერავზეც, რამაც ხელი შეუწყო მათ შორის მოსავლის დროულად დაბინავებას და გაიზარდა ჩვენი ფერმერებისა და გლეხების შემოსავალი. რთველის საორგანიზაციო შტაბმა უზრუნველყო მოსავლის შეუფერხებელი დაბინავება. ჯამში, 600 კომპანია იყო ჩართული ღვინის ჩაბარების პროცესში. მათ შორის როგორც ღვინის მსხვილი მწარმოებლები, ისე საშუალო და მცირე მარნები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. 2024 წლის მოსავალი, ასევე გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით, რაც ცალკე აღნიშვნის ღირსია. ღვინის კერძო სექტორი ორიენტირებული იყო ხარისხიანი ყურძნის შეძენაზე და შესაბამისად მიმდინარე წლის მოსავლის ღვინოებიც გამორჩეული, მრავალფეროვანი და განსაკუთრებულად ხარისხიანი იქნება. ეს არის ჩვენი ეკონომიკის გამორჩეულად მნიშვნელოვანი დარგი, რომლის განვითარებაც პირდაპირაა დაკავშირებული, ზოგადად, ქართული სოფლის გაძლიერებასთან და ამ მიმართულებით ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პერიოდია ქვეყანაში, მთავრობა, თითოეული სამინისტრო მუდმივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა.

 

„ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლა. პირველ ადგილზე ვართ, როგორც რეგიონში, ასევე ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით. ეს არის ამ წლის მონაცემები და ასევე, საშუალოვადიანი პროგნოზითაც, საქართველო იქნება პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ამას ამბობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, კონკრეტული პროგნოზი არის მოცემული ციფრებში, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროგნოზსაც კი გადაჭარბებით შევასრულებთ. ეს არის მთავარი ჩვენი საზოგადოებისთვის და არა ის პოლიტიკური კინკლაობა, რომელსაც ჩვენ რადიკალური ოპოზიცია გვთავაზობს, ჩვენ თავიდან ბოლომდე ვიქნებით კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე, ეკონომიკურ ზრდაზე. ჩვენ არ შეგვიწყვეტია მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პერიოდია ჩვენს ქვეყანაში, მთავრობა, თითოეული სამინისტრო მუდმივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და ქვეყნის განვითარება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით,  ხელოვნებაზე მეტი ზრუნვა,  იქნება  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

„ხელოვნებაზე მეტი ზრუნვა, ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ამისათვის ჩვენ საგანგებოდ გამოვყავით ყოველწლიური დამატებითი თანხა ბიუჯეტში, რაც მოხმარდება ხელოვნების სფეროს განვითარებას. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება იმისათვის, რომ კულტურის მიმართულება კიდევ უფრო მეტად განვითარდეს“, - განაცხადა პრემიერმა.