ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში - კობახიძე

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც „ბლექ სი პეტროლიუმი“ აშენებს,  უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს არის ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

„მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვმონაწილეობ ამ მასშტაბური პროექტის წარდგენაში. საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც „ბლექ სი პეტროლიუმი“ აშენებს, უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის.

ეს არის ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მშენებლობის პირველი ეტაპის ბიუჯეტი – 110 მილიონ დოლარს, მთლიანი პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი 700 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ქარხანა აღჭურვილი იქნება მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე დანადგარებით, რაც განაპირობებს უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტის მიღებას.

საწარმო ფუნქციონირებას მომავალი წლის მარტში დაიწყებს და პირველ ეტაპზე წლიურად 1,2 მილიონი ტონა ნედლ ნავთობს გადაამუშავებს. ეს მოცულობა ეტაპობრივად ოთხ მილიონ ტონამდე გაიზრდება.

2028 წლის ბოლოსთვის, საწარმოში სრულად იქნება დანერგილი ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების მაღალტექნოლოგიური გადამუშავება. ამის შემდეგ „ბლექ სი პეტროლიუმი“ შეძლებს, ადგილობრივ ბაზარს მიაწოდოს სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტები. რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, პროდუქტი გავა ექსპორტზე ევროპაში და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე“, – განაცხადა პრემიერმა.

პროექტი მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. მნიშვნელოვნად გაიზრდება ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი, გაუმჯობესდება საგარეო სავაჭრო ბალანსი, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის მდგრადობას და სტაბილურობას, ზოგადად, ჩვენი ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საწარმოს სრული ციკლით ამოქმედება ხელს შეუწყობს იმპორტის ჩანაცვლებას და მეტად კონკურენტული ბაზრის შექმნას, რაც ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული პრიორიტეტია.

„ქარხანა უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას და პირველ ეტაპზე 500 ადამიანს დაასაქმებს. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრებელი იქნება.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პროექტი საქართველოში ახალი პროფესიების ჩამოყალიბების, ახალგაზრდობისთვის ახალი ცოდნისა და სამუშაო გამოცდილების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას შექმნის. შესაბამისად, ეკონომიკურთან ერთად, პროექტს დიდი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებაში.

მადლობას ვუხდი და წარმატებებს ვუსურვებ „ბლექ სი პეტროლიუმს“, მის ხელმძღვანელობას და ყველა ადამიანს, ვინც ჩართულია ამ  პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.