გიორგი მარგველაშვილის ქონებრივი დეკლარაცია

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რამდენიმე დღის წინ, კოალიციას „ძლიერი საქართველო - ლელო ხალხისთვის“ შეუერთდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი - „პლასტელინივით კაცი“, როგორც თვითონ განაცხადა წლების წინ. ჰოდა, თუ დავუჯერებთ, რომ მართლაც „პლასტელინია“, სულ პირველად, მისგან პოლიტიკოსის გამოძერწვა ზურაბ ჟვანიამ დაიწყო, ოღონდ სულ ცოტა ხნით; წლების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა განაგრძო ძერწვა და ჯერ განათლების მინისტრად მოგვევლინა, მერე - ქვეყნის პრეზიდენტად, 2018 წლამდე...

ამჯერად, მამუკა ხაზარაძის „სახელოსნოში“ მოხვდა და ვნახოთ, შეძლებს თუ არა ყოფილი ბანკირი მისგან პოლიტიკოსის „გამოძერწვას“. მანამდე, „ვერსია“ გიორგი მარგველაშვილის ქონებრივ დეკლარაციას გთავაზობთ, ოღონდ მანამდე, მისი ბიოგრაფია გავიხსენოთ.  

 

ექს-პრეზიდენტის ბიოგრაფია

ქართველი პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი, გიორგი მარგველაშვილი დაიბადა 1969 წლის 4 სექტემბერს, თბილისში, მამის, ინჟინერ თეიმურაზ მარგველაშვილისა და დედის, ფსიქოლოგ მზეანა გომელაურის ოჯახში. დაამთავრა თბილისის პირველი საჯარო სკოლა, თუმცა სწავლობდა რუსულ სკოლაში, სირიაში, სადაც მისი მშობლები სამსახურეობრივ მივლინებაში იმყოფებოდნენ. 1987-1992 წლებში, სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქვს პედაგოგის სერტიფიკატი. 1993-1994 წლებში, სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (Central Euroean University), დიპლომის შემდგომ კურსზე სოციოლოგიაში (პრაღა, ჩეხეთი).

1992-1995 წლებში, მუშაობდა ტურისტული კომპანიაში სამთო ტურიზმის გიდად; 1994-1995 წლებში - „ბიზნეს დღიურების“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსად; 1996-1997 წლებში იყო თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ლექტორი ფილოსოფიასა და კულტურაში, ხოლო 1995-2000 წლებში - საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ადგილობრივი ხელმძღვანელობის სპეციალისტი, პროგრამის კონსულტანტი; 1998 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში; 2000-2006 და 2010-2012 წლებში, იყო საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი; 2006-2010 წლებში - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსი.

მარგველაშვილი, პირველად, პოლიტიკურ ასპარეზზე 2003 წელს გამოჩნდა, როდესაც ზურაბ ჟვანიას მოწვევით, შეუერთდა ოპოზიციურ ბლოკს „ბურჯანაძე-დემოკრატები“. იგი პარტიის საარჩევნო სიის ათეულში შედიოდა. თუმცაღა ვარდების რევოლუციის შემდეგ, რომელიც არჩევნების გაყალბებას მოჰყვა, „ბურჯანაძე-დემოკრატები“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანდა, ხოლო მარგველაშვილმა დატოვა პოლიტიკა.

2011 წლიდან უკვე აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში. გამოდიოდა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად. საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის გამარჯვების შემდეგ, 2012 წლის 25 ოქტომბერს, დაინიშნა განათლების მინისტრად; 2013 წლის თებერვალში, დაინიშნა პირველ ვიცე-პრემიერად. 2013 წლის ოქტომბრის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების გამო, საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა. 2013 წლის 11 მაისს, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. არჩევნებში მონაწილეობის გამო, გიორგი მარგველაშვილმა დატოვა მინისტრის პოსტი 2013 წლის 18 ივლისს. 27 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, მან ხმათა 62% მიიღო და არჩეულ იქნა საქართველოს პრეზიდენტად.

 

მარგველაშვილის ქონება

ქონებრივი დეკლარაცია გიორგი მარგველაშვილმა, ბოლოს, 2019 წლის 7 აგვისტოს ჩააბარა. დეკლარაციაში მითითებულია, რომ ჰყავს მეუღლე - მაკა ჩიჩუა და ორი შვილი - თეიმურაზი და თომა. დეკლარაციაში მითითებული არ არის მისი უფროსი ქალიშვილი - ანა, პირველი ქორწინებიდან, რადგან სრულწლოვანია და ცალკე ცხოვრობს.

დეკლარაციიდან ირკვევა, რომ გიორგი მარგველაშვილის 100%-იან საკუთრებაშია 4 462 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც 2004 წელს. 11 000 აშშ დოლარად შეუძენია. თუმცა, იქვე განმარტებულია, რომ სინამდვილეში, სხვადასხვა დროს, რამდენიმე მიწის ნაკვეთი შეიძინა და ერთ ნაკვეთად გააერთიანა. დუშეთშივე, იმავე მისამართზე, გიორგი მარგველაშვილის 100%-იან საკუთრებაშია 200 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი, რომელიც იმავე წელს - 2004-ში შეუძენია და 2 500 აშშ დოლარი გადაუხდია.

გარდა ამისა, გიორგი მარგველაშვილის საკუთრებაშია 120 კვ. მეტრი ფართობის ბინა თბილისში, პაოლო იაშვილის ქუჩაზე, რომელიც 2009 წელს, 3 000 აშშ დოლარად შეუძენია. მისივე საკუთრებაშია კიდევ ერთი, 40 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი დუშეთში, რომელიც 2016 წელს, 10 000 ლარად იყიდა. მეუღლის, მაკა ჩიჩუას საკუთრებაშია 70 კვ. მეტრი ფართობის ბინა თბილისში, ლერმონტოვი-ჯაფარიძის ქუჩაზე, რომელიც 2002 წელს, 15 000 ლარად შეიძინა.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, გიორგი მარგველაშვილის ანგარიშზე, თიბისი ბანკში, ირიცხება 5 147 ლარი და 7 555 ევრო, ხოლო მაკა ჩიჩუას ანგარიშზე, ქართუ ბანკში - 1 377 ლარი.

ქონებრივი დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ გიორგი მარგველაშვილის, როგორც საქართველოს პრეზიდენტის წლიური შემოსავალი 79 185 ლარი ყოფილა, ხოლო მის მეუღლეს, როგორც ტელეკომპანია „იმედის“ პროექტ „ნიჭიერის“ ჟიურის წევრს - 6 250 ლარის შემოსავალი მიუღია.

 

 

 

ავტორი: მაკა რუხაძე