პროკურატურა ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავების“ მიერ გაფლანგულ თანხებს სწავლობს

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

„ვერსია“ განაგრძობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გენერალურ პროკურატურაში გადაგზავნილი ანგარიშების შეხსენებას. ამჯერად, შპს „სანდასუფთავების“ 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი განვიხილოთ, რომლის შედეგად გამოვლინდა სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვასთან, პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასებასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

ვიდრე აუდიტის შედეგად გამოვლენილ ხარვეზებს გაგაცნობთ, შეგახსენებთ, რომ შპს „სანდასუფთავება“ დაფუძნებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით. საზოგადოების ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ეკისრება დირექტორს, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი. საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა კრება. პარტნიორს აქვს წლიური გაუნაწილებელი მოგების მიღების უფლება ნაშთის ჩათვლით და ზარალის გამოკლებით. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ შპს „სანდასუფთავების“ წლიური შედეგებით შემოსავალი შეადგენს: 2021 წელს - 12 504 469 ლარს, 2022 წელს - 14 533 039 ლარს; მიღებულია ფინანსური მოგება 2021 წელს - 596 644 ლარი, 2022 წელს - 636 911 ლარი, ხოლო საოპერაციო მოგება 2021 წელს - 118 436 ლარი, 2022 წელს - 133 577 ლარი; გაუნაწილებელი მოგების ნაშთი 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს - 6 432 362 ლარს.

 

ხარვეზები შემოსავლების მიღებაში

მოქმედი რეგულაციებით, სამეწარმეო საქმიანობა არის მოგების მიღების მიზნით განხორციელებული მართლზომიერი, არაერთჯერადი, დამოუკიდებელი და ორგანიზებული საქმიანობა. ამ მიზნის უზრუნველსაყოფად, შპს „სანდასუფთავების“ მიერ კომერციულ ბანკებთან გაფორმებულია ხელშეკრულებები, საბანკო ანგარიშებზე არსებულ ნაშთებზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვის შესახებ.

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ შპს „სანდასუფთავების“ შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა კომერციულ ბანკებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საბანკო ანგარიშებზე ყოველი კალენდარული დღის ბოლოს არსებული ნაშთიდან მიღებული საპროცენტო სარგებელი. სხვადასხვა ბანკში 2021-2022 წლებში, 1 იანვრის მდგომარეობით, ირიცხებოდა თავისუფალი ფულადი სახსრების აუთვისებელი ნაშთი - 8 721 438 ლარი, ხოლო ამავე პერიოდში ფულადი სახსრების ბრუნვა შეადგენდა 28 164 695 ლარს.

„ამ პირობებში,შპს „სანდასუფთავებას“ მიღებული აქვს საპროცენტო სარგებელი 1 544 953 ლარი, თუმცა ამავე პერიოდში, სხვა ისეთ კომერციულ ბანკებში, სადაც საპროცენტო სარგებლის მიღება ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის, ნაშთად ირიცხება 1 777 331 ლარი, ხოლო ბრუნვა შეადგენს 25 359 226 ლარს“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ შპს „სანდასუფთავებამ“ სათანადოდ ვერ უზრუნველჰყო თავისუფალი ფულადი სახსრების მართვა, რასაც დამატებითი შემოსავლისმიღებაუნდა მოჰყოლოდა.

 

ხარვეზები საწვავის ხარჯვაში

შპს „სანდასუფთავების“ ბალანსზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებზე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ დადგენილია საწვავის ხარჯის ოდენობა, ხოლო შპს „სანდასუფთავებაში“ დასაქმებულთა უფლებამოსილების განხორციელებისათვის ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე, დირექტორის ბრძანებით, დაწესებულია საწვავის ლიმიტები. მოქმედი რეგულაციებით, ერთობლივი შემოსავლიდან საწვავის ხარჯის გამოსაქვითად ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციით უზრუნველყოფილ იქნეს შეძენილი და გახარჯული საწვავის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დოკუმენტური დადასტურება.

„შპს „სანდასუფთავების“ საბალანსო მონაცემებით, აუდიტის პერიოდში ირიცხება 65 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, რომლებზეც ნაჩვენებია გაცემულად და ჩამოწერილია 1 995 533 ლარის ღირებულების 766 669 ლიტრი საწვავი. ცალკეულ სატრანსპორტო საშუალებაზე საწვავის ჩამოწერა განხორციელებულია ჩასხმის ოდენობის მიხედვით. აუდიტის ჯგუფის მიერ შერჩევით განხორციელდა 2021-2022 წლებში, ჯამში: 48 ერთეულ ავტომანქანაზე ჩამოწერილი 522 573 ლიტრი საწვავის ექსპერტის მიერ დადგენილ ნორმებთან შესაბამისობა. შედეგად ირკვევა, რომ ფაქტობრივად დადგენილ ნორმასთან შეუსაბამოდ ჩამოწერილია 147 770 ლიტრი საწვავი.

გარდა ამისა, შპს „სანდასუფთავების“ მიერ, 2021-2022 წლებში, ჯამში ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე საწვავის ხარჯვის ნორმებთან დაკავშირებით, არაა წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნები. შესაბამისად, ვერ მივიღეთ რწმუნება 94 727 ლიტრი საწვავის ნორმის შესაბამის ხარჯვაზე“.

შპს „სანდასუფთავებას“ ფიზიკური პირებიდან, 43 შემთხვევაში, უსასყიდლო სარგებლობაში, თხოვების ფორმით მიღებული აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შემდგომ საზოგადოების ხელმძღვანელის ბრძანებით, მიმაგრებულია შპს-ის თანამშრომლებზე და გამოყოფილია საწვავის ხარჯვის ლიმიტი. აღნიშნულ ავტომანქანებზე აუდიტის პერიოდში სულ ჩამოწერილია 52 795 ლიტრი საწვავი. წარმოდგენილი დოკუმენტებით თხოვების ფორმით მიღებული სატრანსპორტო საშუალებების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება არ დასტურდება.

აქედან გამომდინარე, აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ შპს „სანდასუფთავებაში“ არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველჰყოფს სამსახურებრივი დანიშნულებით საწვავის ხარჯვის დადასტურებას. შედეგად, ბალანსზე რიცხულ ავტომანქანებზე ექსპერტის მიერ დადგენილ ნორმასთან შედარებით ზედმეტად ჩამოწერილია არანაკლებ 147 770 ლიტრი საწვავი. ამასთან, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით მიღებული ავტომანქანების სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენების დადასტურების გარეშე ჩამოწერილია 94 727 ლიტრი საწვავი.

 

ხარვეზები ბაზრის კვლევაში

შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით ბაზრის კვლევის შედეგები. ყოველი შესყიდვის განხორციელების პროცედურების დაწყებამდე (გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვებისა), წლიური გეგმის შესაბამისად შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს, შესყიდვის განხორციელების საშუალების და დაფინანსების მოცულობის დაზუსტების/დადგენის, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ხელშეკრულების პროექტის მომზადების მიზნით.

რიგ შემთხვევებში, შპს „სანდასუფთავების“ მიერ ბაზრის კვლევა განხორციელებულია არასრულყოფილად. კერძოდ, არ არის შექმნილი სრული სურათი ბაზარზე არსებული შემოთავაზებების, მათ შორის, პოტენციურ მიმწოდებელთა ვინაობის, არეალის, მათი შესაძლებლობების, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების, მიწოდების პირობებისა და ვადების, ასევე შესყიდვის სავარაუდო ღირებულების თაობაზე. ამან განაპირობა, რომ ცალკეულ შემთხვევებში, საკონტრაქტო ფასებსა და სავარაუდო ღირებულებებს შორის არის მნიშვნელოვანი სხვაობები.

„2021 2022 წლებში, 62 შემდგარი ტენდერიდან, 14 შემთხვევაში, სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 1 126 884 ლარით, შესყიდვის პროცედურების შედეგად, პრეტენდენტების მიერ სავარაუდო ღირებულება შემცირდა 368 001 ლარით და შეადგინა 758 883 ლარი, მათ შორის, დიდი ოდენობით შემცირებულია: მინდვრის ცოცხების შესყიდვის ფასი - 26 600 ლარით (53%-ით); ავტომანქანების შეკეთება-მომსახურების ფასი - 110 095 ლარით (45.91 %-ით); ფინანსური და მმართველობის ანგარიშგების აუდიტორული მომსახურების ფასი - 24 200 ლარით (35.7%-ით) და სხვა“.

სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ  სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის დროს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ ბაზრის კვლევა სათანადოდ არ არის ჩატარებული, რომლის შედეგად, 14 შემთხვევაში, პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი ფასი შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით შემცირებულია 368 001 ლარით. ეს გარემოება ერთი პრეტენდენტის არსებობის პირობებში წარმოშობს ფულადი სახსრების არაეკონომიურად ხარჯვის რისკებს.

 

ხარვეზები შრომის ანაზღაურებაში

შპს „სანდასუფთავების" მიერ ნარჩენების გატანის მომსახურება რეგულირდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებებით, ხოლო აღნიშნული მომსახურებისათვის დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების გაცემა რეგულირდება შპს-ის მიერ დამტკიცებული ნორმის მიხედვით, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მოცულობის შესაბამისად.

„შპს „სანდასუფთავებას“ საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და ანახვეტის გატანის მომსახურებისათვის, ფაქტობრივად გატანილი ნარჩენების წონის შესაბამისად, მიღებული აქვს 8 741 800 ლარი. შპს-ს დირექტორის ბრძანებით, ერთი ტონა მასის გატანისათვის ავტომანქანის პარამეტრების მიხედვით დამტკიცებულია გასაცემი შრომის ანაზღაურების სხვადასხვა ნორმა. აღნიშნულ მომსახურებაზე დასაქმებულია 126 პირი და ფაქტობრივად გატანილი წონის გათვალისწინებით, გაცემულია შრომის ანაზღაურება, ჯამში - 3 225 281 ლარი“.

სახელმწიფო აუდიტორებისთვის წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ რიგ შემთხვევებში, სათანადო დასაბუთების გარეშე ცალკეული პირები დასაქმებულები არიან მხოლოდ მაღალანაზღაურებად სატრანსპორტო საშუალებებზე. ამასთან, ხშირ შემთხვევებში, ფიქსირდება ავტომანქანების მიერ გატანილი ნარჩენის ზუსტი წონები, კერძოდ: 7 760 ტონა - ათჯერ; 7 820 ტონა - ათჯერ; 8 020 ტონა - 14 ჯერ; 7 360 ტონა - ათჯერ; 9 060 ტონა - 11-ჯერ; 7 700 ტონა - 12-ჯერ; 3 880 ტონა – 18-ჯერ; 3 820 ტონა - 17-ჯერ; 4 020 ტონა - 27-ჯერ; 8 400 ტონა - 12 ჯერ, რაც შპს-ს საქმიანობის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ნაკლებად სარწმუნოა, ხოლო ერთი და იმავე პარამეტრების ავტოსატრანსპორტო საშუალებების სხვადასხვა პერიოდში აწონვის მაჩვენებლებში ფიქსირდება ტრანსპორტის ტარის წონის არსებითი სხვაობები.

„კერძოდ, ერთსა და იმავე სატრანსპორტო საშუალებაზე რიგ შემთხვევებში აწონვის შედეგებში ფიქსირდება: ტარის წონა - 12 100 კგ, ხოლო სხვა პერიოდის მონაცემებში - 1 220 კგ-ით მეტი (ანუ 13 320 კგ); ანალოგიურად სხვა პარამეტრების სატრანსპორტო საშუალებაზე დაფიქსირებულია ტარის წონა - 9 880 კგ, თუმცა შემდგომი პერიოდის აწონვის მონაცემებში ფიქსირდება 3 180 კგ-ით მეტი - 13 060 კგ და სხვ. აღნიშნული პრაქტიკულად არასარწმუნოა, შეუძლებელია და მონაცემების არასწორად ასახვაზე მიანიშნებს, ამასთან, შპს-ის მიერ ფაქტობრივად განხორციელებული მომსახურების და შრომის ანაზღაურებისათვის გაწეული ხარჯების შეუსაბამობების რისკებზე მიუთითებს“.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ შპს „სანდასუფთავებაში“ არსებულმა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველჰყო საყოფაცხოვრებო ნარჩენების და ანახვეტის ფაქტობრივად გატანილი მოცულობების დადგენაში არსებული ხარვეზების გამოვლენა და აღმოფხვრა.სახელმწიფო აუდიტორები ვერ დარწმუნდნენ, რომ შრომის ანაზღაურებისათვის გაწეული ხარჯი და მომსახურებისათვის მიღებული შემოსავალი შეესაბამება თუ არა ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მოცულობას.

 

ხარვეზები პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასებაში

შპს „სანდასუფთავების“ მიერ საოფისე კონტეინერების შესყიდვა-რემონტისათვის 2021 წელს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში უმცირესი ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია განხორციელდა დოკუმენტების არასწორად დაზუსტების მოტივით. კომისიის მოთხოვნის საფუძველზე, მეორე პრეტენდენტმა დააზუსტა დოკუმენტაცია და 29 498 ლარით გამოცხადებულია გამარჯვებულად. აუდიტორებისთვის წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ გამარჯვებული პრეტენდენტის ფასების ცხრილში, შეთავაზებული ჯამური ღირებულება ფაქტობრივად შეადგენდა დაზუსტებულ ფასზე მეტს - 29 566 ლარს, რაზეც კომისიას არ უმსჯელია.

ანალოგიური სახის ხარვეზითაა ჩატარებული ავტომანქანების ფილტრების შესყიდვა. სატენდერო კომისიამ შეაფასა დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი და მოითხოვა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტები. თუმცა, ორი დღის შემდეგ, კომისიამ განმეორებით იმსჯელა, გამოავლინა სხვა უზუსტობები და მიეცა დისკვალიფიკაცია.

„შპს „სანდასუფთავების“ 2020-2022 წლების ფინანსური და მმართველობის ანგარიშგების აუდიტორული მომსახურებისათვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ბეიკერ ტილი ჯორჯია“ და გაფორმებულია ხელშეკრულება. მხარეებს შორის გაფორმებული მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე, მიმწოდებელზე გადახდილია ხელშეკრულების სრული ფასი, ჯამში - 76 700 ლარი.

ორივე შესყიდვის შემთხვევაში სატენდერო წინადადებით გათვალისწინებულია, რომ მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ფინანსური და მმართველობის ანგარიშგების აუდიტორული მომსახურება და წარმოადგინოს დასკვნა. წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნებით ირკვევა, რომ მიმწოდებელს წარმოდგენილი აქვს დასკვნა მხოლოდ ფინანსურ ანგარიშგებაზე, ხოლო მმართველობის ანგარიშგებასთან დაკავშირებით დასკვნა არ წარმოუდგენია. ფინანსური ანგარიშგების დასკვნის ნაწილში - „დასკვნა სხვა საკანონმდებლო და მარეგულირებელ მოთხოვნებზე“, ერთ პუნქტად ასახულია ჩანაწერი, რომ აუდიტის პასუხისმგებლობაა ჩატარებული პროცედურების საფუძველზე გამოთქვას მოსაზრება საქმიანობის მიმოხილვის ანგარიშის კანონის მე-7 მუხლთან შესაბამისობაზე“.

კანონის შესაბამისად, მმართველობის ანგარიში არ მოიცავს მხოლოდ საქმიანობის მიმოხილვას, იგი მოიცავს კორპორაციული მართვის ანგარიშგებას და არაფინანსურ ანგარიშგებას, სატენდერო წინადადებაში კი არ არის გამიჯნული, რომ მიმწოდებელს უნდა წარედგინა მხოლოდ საქმიანობის მიმოხილვის შესახებ დასკვნა და არ უნდა წარედგინა დასკვნა კანონით განსაზღვრულ სხვა საკითხებზე.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონით, საქმიანობის მიმოხილვა მოიცავს: სუბიექტის წინაშე არსებული ძირითადი რისკებისა და გაურკვევლობების ამომწურავ ანალიზს; არაფინანსურ ინდიკატორებს, რომლებიც დაკავშირებულია სუბიექტის საქმიანობასთან, მათ შორის, დასაქმების და გარემოს დაცვის საკითხებთან; განვითარების გეგმებს; სუბიექტის მიერ წარმოებული კვლევებისა და მისი განვითარების მიმოხილვას; ინფორმაციას სუბიექტის ფილიალების საქმიანობის შესახებ; სუბიექტის საკრედიტო, საბაზრო, ლიკვიდობის და ფულადი ნაკადების რისკების მიმოხილვას და ინფორმაციას ამ რისკების მართვის მექანიზმების შესახებ, რაზეც დასკვნა წარმოდგენილი არ არის“.

გამომდინარე იქიდან, რომ სატენდერო წინადადებაში არ არის გამიჯნული ცალკე მმართველობის ანგარიშგების დასკვნის შედგენისთვის მომსახურების გადასახდელი თანხის ოდენობა, აუდიტის ჯგუფი ვერ გამოთქვამს მოსაზრებას ზედმეტად ანაზღაურებული თანხის ოდენობაზე.

საბოლოოდ, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, სატენდერო კომისიის მიერ გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა და შემსყიდველის მიერ მიმწოდებელზე გაწეული მომსახურების ანაზღაურება, რიგ შემთხვევებში,ხარვეზებით განხორციელდა.

 

 

 

 

 

ავტორი-მაკა რუხაძე