საკრედიტო ინფორმაციის გაგება უფასო ხდება - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილება

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საკრედიტო ქულის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა და გაგება 1 თვეში უფასო გახდება - ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებაში წერია.

2024 წლის 23 აპრილს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში შევიდა საჩივარი, "საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს" წინააღმდეგ.

მოსარჩელე, დავით ყარაშვილი BM.GE-სთან ამბობს, რომ საქმე ეხება საკრედიტო ქულის შესახებ პირის მხრიდან საკუთარი ინფორმაციის გაგების ფასს, რომელსაც მოქალაქეები აქამდე იხდიდნენ.

"მონაცემთა დაცვის გუნდის" პარტნიორი ამბობს, რომ კრედიტინფოს პოზიციით, მომხმარებლებს ქულის გაგება აქამდეც უფასოდ შეეძლოთ გარკვეული პროცედურის გავლის შემდეგ. თუმცა, რადგან ეს ჩანაწერი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ვერ აღმოაჩინა, ინფორმაციის ღიაობის კანონიდან გამომდინარე, ორგანიზაცია დაჯარიმდა და მკაფიო მითითება დაევალა.

"აქამდე, ამ საკრედიტო ქულის მიღება თუ გსურდათ, ამისათვის კრედიტინფოსთვის თანხა უნდა გადაგეხადათ და შეგეძინათ ე.წ. "პრემიუმ პაკეტი". სწორედ მონაცემთა სუბიექტის მიერ საკუთარი მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაციის უფასოდ მოთხოვნის უფლებასა და ზოგადად, გამჭვირვალობის ახალ პრინციპს ეფუძნებოდა ჩემი საჩივარი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სს "საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო" ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით (მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა) გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში. კრედიტინფოს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. კრედიტინფოს მიმართ გაიცა სავალდებულოდ შესასრულებელი დავალებები, რომლებიც 1 თვის ვადაში უნდა შესრულდეს.

აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, თქვენ შეგიძლიათ, სრულიად უფასოდ მოითხოვოთ თქვენი საკრედიტო ქულის შესახებ ინფორმაცია", - ამბობს დავით ყარაშვილი BM.GE-სთან.