რა ხდება ევროპულ საქართველოში და რატომ დატოვეს პარტია ბოკერია-ჩერგოლეიშვილმა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„გიჟ თამარა“ და „პოლიტიკური სუტენიორი“

 

 ქართული ანდაზაა - „გარეული მოვიდა და შინაური გააგდოო“. აი, სწორედ ასე დაემართათ გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილს. ახლა, იმას არ ვამბობთ, რომ ისინი, რომლებიც პარტიაში დარჩნენ, გარეულები იყვნენ ანუ ევროპული საქართველო, თავის დროზე, ყველამ ერთად დააფუძნა, მაგრამ ბოლო წუთამდე ითვლებოდა, რომ ეს გიგას და უფრო მეტიც, „გიჟ თამარას“ პარტია იყო. სხვათა შორის, ჩერგოლეიშვილი თავად წერს ხოლმე სოციალურ ქსელში, „გიჟ თმარას“ მეძახიანო. ისე, ხმა დადის, რომ პარტიიდან გიგას წამოსვლის საბაბი თუ მიზეზი, სწორედ ცოლი გახდა. და მაინც, რა მოხდა ევროპულ საქართველოში?

 

„ევროპულ საქართველოს ჰქონდა შანსი, რომ მანკიერი პრაქტიკა შეეცვალა და ალტერნატივა შეეთავაზებინა საქართველოსთვის. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ძალის ლიდერთა ნაწილმა ამ გზას გადაუხვია და სწორედ ამიტომ, ჩვენი გზები იყოფა. მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას, როგორც პარტიის თავმჯდომარე, საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის წინაშე, ამ მდგომარეობაში მყოფი პარტიის წარდგენაზე“, - თქვა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე, რომელიც პარტიის ოფისის შენობაში არ გაუმართავს.

ევროპული საქართველოდან წამოსული ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევნები რიგგარეშედ ტარდებოდა და ეს პარტიის პოლიტსაბჭოს ლიდერის, გიგი წერეთლის ინიციატივა იყო.

მათივე თქმით, წერეთელი თავად აპირებდა, გიგა ბოკერიას წინააღმდეგ კენჭი ეყარა ახალი თავმჯდომარის არჩევნებში.

როგორც გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი ამტკიცებენ, განხეთქილება შიდაპარტიულ პრაიმერიზს მოჰყვა, რომელიც 28 ივლისს გაიმართა.

პრაიმერიზში ორი სია უპირისპირდებოდა ერთმანეთს. აკაკი ბობოხიძე და გიგი წერეთელი მხარს უჭერდნენ პირველ სიას, რომელსაც სათავეში გიგა ბოკერია ედგა, მეორე ნომერი წერეთელი იყო, ჩერგოლეიშვილი - მესამე და ბობოხიძე - მეოთხე.

მეორე სიის სათავეში თამარ ჩერგოლეიშვილი იყო, მეორე ნომრად კი გიგა ბოკერია ეწერა. მასში საერთოდ არ ყოფილან ბობოხიძე და წერეთელი. ამ სიას დაუჭირა მხარი გიგა ბოკერიამაც.

28 ივლისს ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, რომელშიც პარტიის 1900-მდე დელეგატმა მისცა ხმა, 55%-ით გაიმარჯვა პირველმა სიამ, მეორე სიამ კი, შესაბამისად, დელეგატების 45%-ის ხმა მიიღო.

პარტიის წესდების თანახმად, ევროპული საქართველოს საარჩევნო სია, ამ ორი სიის მიერ მიღებული ხმების პროპორციულად უნდა ჩამოყალიბებულიყო. საბოლოო ექვსეული კი ასე გამოიყურებოდა:

გიგა ბოკერია, თამარ ჩერგოლეიშვილი, გიგი წერეთელი, აკაკი ბობოხიძე, ვახო კალოიანი, გიორგი ნონიაშვილი.

ბოკერიასა და ჩერგოლეიშვილთან ერთად, პარტია ვახო კალოიანმა და გიორგი ნონიაშვილმაც დატოვეს.

ბოკერია და ჩერგოლეიშვილი ამბობენ, რომ გიგი წერეთელი უკმაყოფილო დარჩა საბოლოო სიაში თავისი პოზიციით - მას გიგა ბოკერიაზე წინ ყოფნა უნდოდაო.

სხვათა შორის, ჩერგოლეიშვილმა პარტიის დატოვების შემდეგ, წერეთელს „პოლიტიკური სუტენიორი“ უწოდა...

პარტიიდან წამოსულების თანახმად, კონფლიქტის მიზეზი იყო ისიც, რომ ბობოხიძისა და წერეთლის ფრაქციამ პრაიმერიზში ხმების 65% ვერ დააგროვა, რაც მათ პარტიის პოლიტსაბჭოზე მისცემდა კონტროლს.

ევროპული საქართველოდან წამოსულები დარჩენილებს იმაშიც სდებენ ბრალს, რომ ამ უკანასკნელი ჯგუფის წარმომადგენლებმა პარტიის დელეგატებად დაარეგისტრირეს სხვა პოლიტიკური ძალების მხარდამჭერები, როცა წესდება ამას კრძალავდა.

როგორც თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც მისმა გუნდმა დელეგატების ვინაობის გადამოწმება დაიწყო:

„900 დელეგატი რომ გადავუმოწმეთ, აღმოვაჩინეთ, რომ მხოლოდ 56 იყო ევროპული საქართველოს მხარდამჭერი. დანარჩენები იყვნენ ნაცები, ქოცები, ახლები და ა.შ.“

„პრაიმერიზში თავიდან დარეგისტრირდა 2500-მდე ადამიანი ჩვენს სიაში, მეორე სიაში - დაახლოებით, ამის ნახევარი. მე ვფიქრობ, რომ ამან გამოიწვია გარკვეული უკმაყოფილება... ადამიანების კონკრეტულ ჯგუფზე ვერ შევთანხმდით. ამას მოჰყვა უკმაყოფილება, გარკვეული მუქარის შემცველი განცხადება, რომ იქნება ყრილობა და იქნება ცვლილებები. შემდეგ, როცა ვთქვით, რომ იყოს ყრილობა და ცვლილებები, ამას მოჰყვა შემდეგ გიგა ბოკერიას განცხადება“, - თქვა გიგი წერეთელმა „ტვ პირველის“ ეთერში.

კითხვაზე, თუ რატომ დატოვეს პარტია სწორედ მათ და არა მეორე ჯგუფმა, ბოკერია და ჩერგოლეიშვილი ამბობენ, რომ ყოფილ თანაპარტიელებთან თანამშრომლობის გაგრძელება შეუძლებელი ჩანდა, შიდაპარტიული დაპირისპირება კი ძალზედ დამაზიანებელი იქნებოდა.

„ახალი ღვინო უნდა ჩაისხას ახალ ტიკებში და ორივე შეინახება“, - დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა ბრიფინგამდე რამდენიმე საათით ადრე.

„რომც მოვიგოთ ეს შიდა ბრძოლა, პარტია იქნება ისეთი დასახიჩრებული, რომ ამ პარტიაზე პასუხისმგებლობის აღება, რომ 5%-ს (ბარიერს) გადალახავს და იმ ბრძოლაში შევა, უბრალოდ, უსინდისობაა და ჩვენი ამომრჩევლის მოტყუება“, - განაცხადა უკვე პრესკონფერენციისას.

ცნობისთვის: ევროპული საქართველო 2017 წლის დასაწყისში დაარსდა მას შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ლიდერების ნაწილი გამოეყო - მათ შორის იყვნენ გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე.

მაშინ „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა 27-დან 21 დეპუტატი, ვინც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, „ნაციონალური მოძრაობის“ სიით მოხვდა პარლამენტში - აკაკი ბობოხიძისა და გიგი წერეთლის ჩათვლით.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, სადაც 2017 და 2018 წლების არჩევნებთან შედარებით, პარტიის შედეგი მნიშვნელოვნად შემცირდა, „ევროპულ საქართველოში“ დიდი განხეთქილება მოჰყვა და სხვებთან ერთად, პარტია დატოვეს გიგი უგულავამ და დავით ბაქრაძემ.

გიგა ბოკერია წარსულში ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი იყო, რომელმაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, პოლიტიკაში გადაინაცვლა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდა. 2010-2013 წლებში, ის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბოკერია თანამოაზრეებთან ერთად დაუპირისპირდა მიხეილ სააკაშვილს, დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და მის ხმამაღალ კრიტიკოსად იქცა.

გიგა ბოკერიას მეუღლემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა, რომელიც იქამდე ჟურნალისტი და აქტივისტი იყო, 2023 წლის ნოემბერში გამოაცხადა, რომ პოლიტიკაში მიდიოდა და „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა.

 ავტორი: ნინო დოლიძე