FBI-ს დირექტორის ცნობით, ტრამპზე თავდამსხმელს კენედის მკვლელობის დეტალები აინტერესებდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის და პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმე განიხილეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტში. 24 ივლისს გამართულ მოსმენაზე მიწვეული იყო ფედერალური საგამოძიებო ბიუროს(FBI) დირექტორი კრისტოფერ რეი.

რეის ინფორმაციით, 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსი, რომელმაც დონალდ ტრამპს ქალაქ ბატლერში, საარჩევნო მიტინგზე შაშხანიდან ესროლა, თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ინტერნეტში ეძებდა პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობის დეტალებს. გამომძიებლების მიერ კრუქსის პირადი კომპიუტერის ანალიზმა აჩვენა, რომ მას კონკრეტულად აინტერესებდა, პრეზიდენტიდან რა მანძილზე იმყოფებოდა ლი ჰარვი ოსვალდი, რომელმაც ჯონ კენედის 1963 წელს დალასში ესროლა.

ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორმა კონგრესმენებს ისიც აცნობა, რომ მიტინგზე ტრამპის გამოსვლამდე დაახლოებით ორი საათით ადრე კრუქსი ტერიტორიას დრონით ათვალიერებდა. კრისტოფერ რეის ინფორმაციით, დრონი, რომელიც თავდასხმის შემდეგ კრუქსის ავტომობილში იპოვეს, ჰაერში 11 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. ავტომანქანაში იყო ორი ასაფეთქებელი მოწყობილობაც.

ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორის განცხადებით, ჯერჯერობით ისევ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ კრუქსს თანამზრახველები ჰყავდა.

შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, 13 ივლისს ესროლეს პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში, საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას. ერთ-ერთმა ტყვიამ ტრამპს ყურის ზედა ნაწილი დაუზიანა. სროლისას დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე და ორი დაიჭრა. თავდამსხმელი სპეცსამსახურების თანამშრომლებმა მოკლეს.

ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, დონალდ ტრამპის საარჩევნო მიტინგზე ცეცხლი გახსნა 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსმა. მისი მოტივები ჯერჯერობით უცნობია.

დონალდ ტრამპი, რომელიც კლინიკიდან მალევე გაწერეს, მაშინვე გაემგზავრა ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში, რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე, სადაც ის ოფიციალურად წარადგინეს პრეზიდენტობის კანდიდატად.

დემოკრატიული პარტია პრეზიდენტობის კანდიდატს წარადგენს ყრილობაზე, რომელიც 19 აგვისტოს ქალაქ ჩიკაგოში გაიხსნება.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უარი თქვა მეორე ვადით კენჭისყრის განზრახვაზე და მხარი დაუჭირა ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის კანდიდატურას.

საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.