პრემიერ-მინისტრის ანგარიში უკვე პარლამენტშია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლა 28 ივნისს ჩაინიშნა. თუმცა, ორშაბათს პრემიერმა საკანონმდებლო ორგანოს სამთავრობო პროგრამის შესახებ მოხსენება წარუდგინა. დოკუმენტში დეტალურადაა განხილული, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სხვა, მნიშვნელოვანი საკითხები. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ურყევად ახორციელებს ქვეყნის დემოკრატიული, მდგრადი და მშვიდობიანი განვითარების დღის წესრიგს და ატარებს მნიშვნელოვან რეფორმებს სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული მიზნების ეფექტიანად რეალიზებისთვის.

 

ქვეყნის ინსტიტუციური გაძლიერება უწყვეტად გრძელდება სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში ეკონომიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოების გაძლიერებას, სოციალური პოლიტიკის განვითარებას, კარგი მმართველობის, მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესებას.

„2023 წელს, საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი. აღნიშნულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაშიც დიდი როლი ითამაშა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის ფარგლებში კონკრეტული რეფორმების გასატარებლად საქართველოს მიერ გაწეულმა ძალისხმევამ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებდა მუშაობას ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით.

„საანგარიშო პერიოდში აქტიურად გაგრძელდა ყველა დიპლომატიური თუ სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენება საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დღის წესრიგში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხების აქტიურად დაყენებისთვის.

ქართული მხარე აგრძელებდა ძალისხმევას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ღირსეული დაბრუნების მიმართულებით. მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების, რისკების ნიველირებისა და საზღვარგარეთ საოკუპაციო რეჟიმების უკანონო კონტაქტების აღკვეთის მიმართულებით.

საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით. მიღებულ იქნა თავდაცვის კოდექსი, რომლის საფუძველზე შეიქმნა ერთიანი სამართლებრივი ჩარჩო − ის არსებითად ცვლის და თავდაცვის მიზნებზე სრულად მორგებულს ხდის სამხედრო სამსახურს, აწესებს სამხედროების სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანეს გარანტიებს, ქმნის თავდაცვის ორგანიზებისა და ნატო-სთან თავსებადობის ეფექტიან სამართლებრივ საფუძვლებს. საქართველო წარმატებით გადავიდა ნატო-სთან თანამშრომლობის ახალ პრაქტიკულ მექანიზმზე, ინდივიდუალურად მორგებულ პარტნიორობის პროგრამაზე. 2023 წელს ევროპული საბჭოს მიერ გამოცემული (CFSP) 2023/920 გადაწყვეტილებით დამტკიცდა „ევროპული სამშვიდობო მექანიზმის“ (European Peace Facility) 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში საუბარია საზოგადოების უსაფრთხოების, მართლწესრიგის, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯზე და აღნიშნულია, რომ განხორციელდა კრიმინალური პოლიციის რეფორმა, გენდერული ნიშნით ჩადენილ ძალადობის თითოეულ ფაქტზე რეაგირების გაუმჯობესების მიმართულებით, სახეზეა ხელშესახები შედეგები.

„საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დამტკიცდა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები“. ამასთან, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის გამარტივდა სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში მთავრობა ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც. კერძოდ,

საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა მდგრადობა და ევროპისა და რეგიონის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჩვენა. 2021-2022 წლებში დაფიქსირებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდგომ, მაღალი ზრდის დინამიკა 2023 წელსაც გაგრძელდა - გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა“. 

პოზიტიური ტენდენციებით დაიწყო 2024 წელი - პირველი კვარტალის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7.8%  შეადგინა. 2023 წელს საქართველოში ინფლაცია ნაკლები იყო, როგორც კანდიდატი ქვეყნების, ასევე, ევროზონის საშუალო ინფლაციაზე. 2023 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა ასევე აისახა შრომის ბაზრის პოზიტიურ ტენდენციებზე - დაფიქსირდა დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა და უმუშევრობის მინიმალური მაჩვენებელი.

„საქართველოს მთავრობა განხორციელებული თუ მიმდინარე რეფორმებით წარმატებით აგრძელებს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებასა და ხარისხიან სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. სერვისების ანაზღაურების ახალი მექანიზმის, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების სისტემის (DRG) ამოქმედების შედეგად, 2023 წლის ბოლოსთვის სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა საშუალოდ 27-დან 12%-მდე შემცირდა. 2023 წელს ამოქმედდა მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების სისტემა, რასაც დადებითი ეფექტი ჰქონდა როგორც მოსახლეობის დანახარჯების შემცირებაზე, ასევე ფარმაცევტულ სექტორში კონკურენციის ბალანსირებაზე. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცულია მოსახლეობის 95%“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში საუბარია განათლების სისტემის რეფორმაზეც. გადამუშავდა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები“, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სააღმზრდელო- საგანმანათლებლო პროცესის ინკლუზიურობასა და ხარისხის გაუმჯობესებას. 2024 წელს, ზოგადი განათლების მიმართულებით საბიუჯეტო დაფინანსება გაზრდილია 322.68 მილიონი ლარით 2023 წელთან შედარებით და შეადგენს 1 972.65 მილიონ ლარს. რაც შეეხება უმაღლესი განათლების დაფინანსებას, 2020 წელთან შედარებით, გაზრდილია 26%-ით და შეადგენს 181.3 მილიონ ლარს.

საქართველოს მთავრობა განმარტავს, რომ 2023 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა შრომის ბაზრის პოზიტიურ ტენდენციებზე აისახა. პრემიერ-მინისტრის წლიური მოხსენების მიხედვით, 2023 წელს დაფიქსირდა დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა და უმუშევრობის მინიმალური მაჩვენებელი.

„დასაქმებულთა რაოდენობა 51 000-ით გაიზარდა და 1 335 000 შეადგინა. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 50 ათასით, რაც პროდუქტიულ დასაქმებაზე მიანიშნებს. უმუშევრობის დონე 2023 წელს შემცირდა 0.9 პროცენტული პუნქტით და 16.4%-ით განისაზღვრა. 2024 წლის პირველ კვარტალში გაგრძელდა უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების მზარდი დინამიკა და უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. 2024 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე, წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით, შთამბეჭდავად − 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.0% შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 130 000-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 1 402 000 შეადგინა. დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ჯანსაღ ტენდენციებსა და სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობისა და მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად, რაც უკიდურესად ართულებს სამშვიდობო პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას, იზრდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც გამოხატავს ინტერესს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობების მიმართ, სამშვიდობო ინიციატივებში ჩართვის სურვილს, რაც უმთავრესი შედეგია ამ პოლიტიკის საბოლოო მიზნების მისაღწევად.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობისა და ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ფუნქციონირებას აგრძელებდა სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში მოქმედი „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც გრანტებს გასცემს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ერთობლივი ბიზნესპროექტების მხარდასაჭერად.

ანგარიშის თანახმად, 2023 წლის 15 მაისი-15 ივნისის პერიოდში, მშვიდობის ფონდის მეოთხე საგრანტო კონკურსის ფარგლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან 129 ბიზნესპროექტი დარეგისტრირდა, რაც განაცხადების სტაბილურ მატებას და, შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მზარდ ინტერესს ადასტურებს.

„შედეგად, დაფინანსდა 22 ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური ბიზნესპროექტი; ჯამურად, ფონდის ამოქმედებიდან (2020 წლის სექტემბერი) ოთხი საგრანტო კონკურსის ფარგლებში 300-ზე მეტი ბიზნესპროექტი დარეგისტრირდა, რომელთაგან 100-მდე პროექტია დაფინანსებული. ამასთან, 2023 წელს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ფონდს საქართველოში რეგისტრირებულ სამეწარმეო სუბიექტებზე გრანტის გაცემის და, ამგვარად, კიდევ უფრო მეტი ერთობლივი ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური ბიზნეს ინიციატივების დაფინანსების შესაძლებლობა მიეცა. მშვიდობის ფონდი გრანტებს გასცემს საერთაშორისო კონტრიბუციების საფუძველზე. საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ფონდის წარმატებული საქმიანობის შედეგად, შვეიცარიისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაფინანსების გაზრდის შესახებ. საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე შეუფერხებელი და გამარტივებული წვდომის ხელშეწყობა. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში მოქმედი არაერთი საშეღავათო პროგრამის გამოყენებით, 2023 წელს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში უგამოცდოდ ჩაირიცხა 235 სტუდენტი, ხოლო საკუთარი სურვილით ეროვნული გამოცდების გავლის შედეგად დამატებით ექვსი ახალგაზრდა; ამასთან, ოთხი ახალგაზრდა ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებლებში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო ე.წ. „1+4“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც განკუთვნილია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის, აფხაზებისა და ოსებისთვის. სამშვიდობო ინიციატივის შესაბამისად, გაგრძელდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე, მათ შორის საქართველოს მოქალაქის პასპორტზე გამარტივებული წესით წვდომის უზრუნველყოფა. 2023 წელს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ოკუპირებული რეგიონებიდან 142-მა ადამიანმა აიღო. საქართველოს მთავრობა აქტიურად განაგრძობდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან, უფასო ჯანდაცვაზე წვდომის უზრუნველყოფას. ამ მიზნით, შეუფერხებლად გრძელდებოდა „სახელმწიფო რეფერალური პროგრამის“ ეფექტიანი ფუნქციონირება და მის ფარგლებში საჭირო სამედიცინო მომსახურების უფასოდ გაწევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის, რითიც საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის რეგიონიდან - 1 178-მა, ხოლო ცხინვალის რეგიონიდან 298-მა ადამიანმა (სულ: 1 476) ისარგებლა. საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებების განხორციელების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის შესაძლებელი გახდა აღნიშნული პროგრამის მიღმა არსებულ ჯანმრთელობის დაცვის სპეციალურ სახელმწიფო პროგრამებში ჩართვა და უფასო სამედიცინო მომსახურების მიღება სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში ამოქმედებული ნეიტრალური პირადი ნომრის ფლობის საფუძველზე“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

პრემიერის ანგარიშიდან ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ, რომლის მთავარი სამიზნე ნარკორეალიზატორები არიან. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 4 406 პირი, მათ შორის, 294 - ნარკორეალიზატორი.

„მთავარ პრიორიტეტად და გამოწვევად რჩება ნარკოტიკებით ონლაინ-ვაჭრობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ ე.წ. დარქნეტში არსებული ონლაინ-მაღაზიების იდენტიფიცირებას, ტექნიკურ დამუშავებასა და შემდგომ ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების გატარებას ინტერნეტ-ნარკორეალიზაციაში ჩართული პირების დაკავების მიზნით. შს სამინისტროს ნაყოფიერი მუშაობის შედეგად, საანგარიშო პერიოდში დაიხურა 10 ინტერნეტ-ნარკოსარეალიზაციო მაღაზია და დაკავებულ იქნა ნარკოტიკებით ონლაინ-ვაჭრობაში ჩართული 31 პირი. პრიორიტეტულ საკითხად რჩება ნარკოტიკული საშუალებების საქართველოს გავლით ტრანზიტულად გადაზიდვის აღკვეთა“.

საანგარიშო პერიოდში, აღნიშნულ პრობლემასთან გამკლევების მიზნით, შს სამინისტრომ განაგრძო მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციასთან (DEA), ასევე ევროპელ სამართალდამცავებთან. მათთან ერთად გრძელდება ისეთი კომპლექსური ღონისძიებების ჩატარება, როგორიცაა, მაგალითად, საერთაშორისო კონტროლირებადი მიწოდება.

„გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურსა და გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულთან ბრძოლის ოფისს (UNODC) შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე შექმნილია უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფი - „კონტეინერების კონტროლის ჯგუფი“, რომლის მიზანია საქართველოში შემოტანილი ან ტრანზიტით მოძრავი აკრძალული ტვირთების აღმოჩენა. ჯგუფი განთავსებულია თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბათუმისა და ფოთის პორტებში. ჯგუფის წევრები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზებით მოძრავი საეჭვო ტვირთების იდენტიფიცირებასა და მათ შემოწმებას. ჯგუფის წევრები კვალიფიკაციის ამაღლებისა და გამოცდილების შეძენის მიზნით მუდმივად გადიან გადამზადებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგებსა და სემინარებზე“.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა აქტიურად წარიმართა. ნატო-ს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში დადასტურებულია ალიანსის ერთგულება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა. დოკუმენტის მიხედვით, კომუნიკეში კიდევ ერთხელ გამოიხატა ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მოწოდებულ იქნა, რომ რუსეთის ფედერაციამ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული თავისი საოკუპაციო ძალები, უარი თქვას საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე.

ნატო-ს გარდა, წლიურ მოხსენებაში საუბარია ორმხრივ ურთიერთობებზე.  დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, გრძელდებოდა თანამშრომლობა აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საგარეო ურთიერთობების სხვადასხვა საკითხზე.

„ამასთან, აქტიურად გრძელდებოდა თანამშრომლობა ამერიკულ ბიზნეს-წრეებთან, წამყვან ანალიტიკურ ცენტრებთან, არასამთავრობო სექტორთან, მედიასთან, კვლევით ინსტიტუტებსა და აკადემიურ საზოგადოებასთან. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი და შეხვედრა. 2023 წლის 14−17 ივნისს, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ჯორჯიის შტატის დელეგაცია აღნიშნული შტატის გუბერნატორის, ბრაიან კემპისა და პირველი ლედის, მარტი კემპის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ჯორჯიის ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის დეპარტამენტის გენერალ-მაიორი ტომ კარდენი, ასევე ჯორჯიის  შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის (GDECD) წარმომადგენლები.

2023 წლის 27 ივნისს, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის იმჟამინდელი ხელმძღვანელი ჯეიმს ო’ბრაიენი, რომელსაც თან ახლდნენ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი, 2023 წლის 5-6 დეკემბერს - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკი, 2024 წლის 17 იანვარს - გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი რიჩარდ ნეფიუ, 2024 წლის 14 მაისს - შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრასიის საკითხებში ჯეიმს ობრაიენი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკი“.

მთავრობაში აღნიშნავენ, რომ აშშ-ის მხრიდან ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა ძალაში შესული საკანონმდებლო აქტები, რომლებშიც, მათივე ცნობით, მაქსიმალურადაა შენარჩუნებული საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა: მათ შორისაა აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი, რომლის ფარგლებშიც, ზედიზედ მერვე წელია, აისახება საქართველოს მხარდამჭერი მნიშვნელოვანი ჩანაწერები ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით და გამოხატულია ურყევი პოზიცია ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ისევე, როგორც შენარჩუნებულია საქართველოსთვის გათვალისწინებული დაფინანსების უმაღლესი ნიშნული - 132 025 000 აშშ დოლარი.

რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საქართველო განუხრელად ემხრობოდა და ახორციელებდა დაბალანსებულ პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო რეგიონში სტაბილურობის აღდგენისა და ხანგრძლივვადიანი მშვიდობის მიღწევისაკენ. დოკუმენტის მიხედვით, საქართველო გამოთქვამდა და გამოთქვამს მზაობას, ხელი შეუწყოს მეზობელ ქვეყნებს შორის დიალოგსა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რაც მთელი რეგიონის ინტერესშია.

„2023 წლის 26-27 ოქტომბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა. თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები რჩებიან საქართველოს ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორებად, რომლებთანაც ჩვენს ქვეყანას აკავშირებს რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის პროექტები. სამმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის რჩება მნიშვნელოვან რეგიონულ ფორმატად, რომლის ფარგლებშიც საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა შეხვედრები სხვადასხვა უწყებას შორის“.

2023 წელს, საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი და აღნიშნულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაშიც დიდი როლი ითამაშა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის ფარგლებში კონკრეტული რეფორმების გასატარებლად საქართველოს ძალისხმევა.

„2023 წლის გაზაფხულზე, საქართველომ, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, მოამზადა საქართველოს ერთი წლის პროგრესის შესახებ ანგარიში, ხოლო 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყო მუშაობა 2024 წლის გაფართოების ანგარიშზე, რომელიც ევროკომისიას მიეწოდება 2024 წლის სექტემბრის დასაწყისში. საანგარიშო პერიოდში საქართველომ უმნიშვნელოვანესი ძალისხმევა გასწია როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების კუთხით. მთლიანობაში მიღებულ იქნა 25-მდე ახალი საკანონმდებლო აქტი და განხორციელდა ინსტიტუციური ცვლილებები კანონმდებლობის აღსრულების კუთხით ევრორეგულაციების და ევროდირექტივების შესაბამისად. შედეგად, ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით, საქართველომ ვალდებულებების დაახლოებით 55% განახორციელა.

საანგარიშო პერიოდი გამორჩეული იყო ორმხრივი ვიზიტებისა და ინსტიტუციური დიალოგის დინამიკით. ამ მხრივ აღსანიშნავია საქართველოში განხორციელებული ევროკავშირის სანქციების საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩის, დევიდ ოსალივანის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის, კუმარ იერისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის სამსახურის უფროსის, ჯიმ ობრაიენის სამუშაო ვიზიტი, რომლის დროსაც საქართველომ დასავლელ პარტნიორებთან სანქციების საკითხში თანამშრომლობის კუთხით, მაღალი შეფასება მიიღო.

დოკუმენტის მიხედვით, ევროკომისიის უკანასკნელი შეფასების თანახმად, საქართველო წარმატებით ასრულებს თანამშრომლობის ყველა შესაბამის პუნქტს, რაც უვიზო რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების გარანტს წარმოადგენს.

„საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით, მომზადდა და 2024 წლის 30 აპრილს ევროკომისიას მიეწოდა უვიზო რეჟიმის მექანიზმის შესრულების ანგარიში. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის პარალელურად, მიმდინარეობდა კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება გაწევრიანების გზაზე, მათ მიერ შეძენილი გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის მიზნით. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია 2023 წლის 3 ოქტომბერს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების ვიზიტი“.

პოსტპანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვანი საგარეო გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა მდგრადობა და ევროპისა და ფართო რეგიონის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჩვენა. დოკუმენტის მიხედვით, 2021-2022 წლებში დაფიქსირებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდგომ, მაღალი ზრდის დინამიკა 2023 წელსაც გაგრძელდა - გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, პოსტპანდემიურ პერიოდში, 2021-2023 წლების საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ - 9.7%. 2023 წელს, მაღალ ეკონომიკურ ზრდას უმთავრესად ხელი შეუწყო საინვესტიციო აქტივობის ზრდამ, რეალური ინვესტიციები 23%-ით გაიზარდა.

„სექტორების მიხედვით კი, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს: ვაჭრობის, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, სხვადასხვა სერვისის მიმართულებით ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. 2024 წელი, ეკონომიკური ზრდის კუთხით, მნიშვნელოვნად პოზიტიური ტენდენციებით დაიწყო - პირველი კვარტალის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7.8% შეადგინა. სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024-2029 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის - საშუალოდ 5.1%-ის ოდენობით. ეკონომიკური აქტივობის ზრდა პოზიტიურად აისახა შრომის ბაზრის მაჩვენებლებზეც, კერძოდ, 2023 წელს დასაქმების ზრდა და უმუშევრობის დონის შემცირება დაფიქსირდა.

ისტორიულად მაღალი დასაქმებისა და უმუშევრობის მინიმალური დონის ფონზე, ფიქსირდება პოზიტიური ტენდენციები შრომის ბაზრის ხარისხობრივი გაუმჯობესების მიმართულებითაც. 2023 წელს პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა საგარეო მოწყვლადობის შემცირების კუთხითაც, რომლის ნათელი გამოვლინებაა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, 2023 წლის მდგომარეობით, ის ისტორიულ მინიმუმზეა და 4.3%-ს შეადგენს.

2023 წელს მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებას ძირითადად ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ზრდამ, რაც დიდწილად ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებისა და კომპიუტერული, საინფორმაციო მომსახურების ექსპორტის ზრდას უკავშირდება. 2023 წელს საქონლის ექსპორტი 9.1%-ით გაიზარდა და რეკორდული 6.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 17.3%-ით გაიზარდა (608.7 მლნ აშშ დოლარით) და ასევე რეკორდულ მოცულობას - 4.1 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

ამასთან, 2023 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით გადააჭარბა. 2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წინა წლის გაორმაგების შემდეგ კვლავ გაიზარდა (1.5%-ით) და 808 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“.

მთავრობის ინფორმაციით, მდგრად დონეზე ნარჩუნდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა და საქართველოს, მშპ-თან მიმართებით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.

„ბოლო სამ წელიწადში, დაახლოებით, ხუთი მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა ქვეყანაში. 2023 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ინვესტიციების რეკორდული ოდენობა 2022 წელს დაფიქსირდა და 2.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაღალი მოცულობა განპირობებული იყო სააქციო კაპიტალით, რაც ახალ ინვესტიციებს უკავშირდება, და ასევე, რეინვესტირებით. სავალო ვალდებულებები შემცირდა, რაც მიანიშნებს, რომ კომპანიების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგად უცხოური კაპიტალით დაფუძნებული კომპანიების მიერ დამფუძნებელი კომპანიების მიმართ სასესხო ვალდებულებების გასტუმრება ხორციელდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა საშუალოდ 6.8%-ს შეადგენს, რაც საქართველოს შესადარი ქვეყნების მაჩვენებელს აღემატება“.

2023 წლის აპრილიდან, ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება, ხოლო 2023 წლის საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2.5% შეადგინა. 2023 წელს, საქართველოში ინფლაცია ნაკლები იყო, როგორც კანდიდატი ქვეყნების, ასევე, ევროზონის საშუალო ინფლაციაზე. 2024 წლის იანვარ-აპრილის საშუალო წლიური ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელზე ნაკლებია და იგი 0.6%-ის დონეზე დაფიქსირდა. ინფლაციის დაბალმა დონემ შესაძლებელი გახადა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის დაწყება. 2023 წლის მაისიდან, შემცირებული ინფლაციის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის თანდათანობით შემცირება დაიწყო და ეტაპობრივად 8.0%-მდე შეამცირა.

აღსანიშნია, რომ წინა წლის დასაწყისში, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ, ხოლო 2024 წლის დასაწყისში დაადასტურა პოზიტიური პერსპექტივა. 2024 წლის მარტში, Moody’s-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელად BA2 დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა. სარეიტინგო სააგენტოები აღნიშნავენ, რომ საქართველომ, გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, შეძლო და შეინარჩუნა მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ეკონომიკური მდგრადობა.

 

 

 

 

ავტორი-მაკა რუხაძე