მშობიარობა ციხეში და დედისგან უარყოფილი ჩვილი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შიზოფრენიით დავადებული ცნობილი ბიზნესმენის ოჯახური დრამა

 

შიზოფრენია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დაავადებაა. ის ქრონიკული ხასიათისაა, მიმდინარეობს ფსიქოზური რეგისტრის სინდრომების დომინანტით და უმეტეს შემთხვევაში იწვევს პიროვნების დეფექტს. შიზოფრენია ერთნაირი სიხშირით გვხვდება მსოფლიოს ყველ კუთხეში, ცივილიზაციის დონისა და კულტურის განურჩევლად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შიზოფრენიით, საშუალოდ, 1-დან 1.5%-მდე ადამიანია დაავადებული. მაგალითად, აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ყოველწლიურად, ქვეყანაში ამ დაავადების 100-დან 150 ათასამდე ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. არ არის ნაჩვენები განსხვავება დაავადების სიხშირეში ქალებსა და მამაკაცებს შორის, მეტიც, შიზოფრენიის წარმოშობა დღემდე დაუდგენელია, თუმცა ენდოგენური ბუნების დაავადებებს მიაკუთვნებენ. მიჩნეულია, რომ მის განვითარებაში წამყვანი როლი მემკვიდრეობას მიუძღვის. ასევე, მნიშვნელობა აქვს, ფსიქო-ფიზიკურ კონსტიტუციასაც...

პოლიციის განყოფილებაში ახალგაზრდა კაცი მივიდა და განაცხადა, რომ მის მოკვლას აპირებენ, რომ მას უთვალთვალებენ, რომ მუდმივად დასდევენ და აღარ იცის, რა მოიმოქმედოს. მისი ტონი აშკარად დამაჯერებელი იყო, პარალელურად, გაირკვა, რომ მამაკაცს არცთუ მცირე ბიზნესი ჰქონდა, უფრო ზუსტად კი, საკმარისზე მსხვილი ბიზნესი და გაჩნდა ეჭვი, რომ მის მოკვლას, შესაძლოა, ამ ბიზნესის გამო აპირებდნენ, თუმცა მომჩივანი ადასტურებდა, რამე წილის მოთხოვნის ან ფულის გამოძალვის წინადადებით ჩემთან არავინ მოსულაო. ძალოვნებმა საქმე აღძრეს და მასზე თვალთვალი, თან პიროვნების შესწავლა დაიწყეს. მალევე გაირკვა, რომ კაცს ბიზნესი ბიძისგან ერგო, მემკვიდრეობით მიიღო და თან საკმაოდ უცნაურ გარემოებაში - ბიძამ გაიგო, რომ ცოლი ღალატობდა და ცხელ გულზე, მთელი ქონება ანდერძით ძმისშვილს დაუტოვა. მომხდარიდან ორ დღეში, კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა და ძმისშვილი ერთ დღეში მილიონერი გახდა. თითქოს, ბიზნესს ურიგოდ არ უძღვებოდა, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ დაეწყო შიშები. რამდენიმედღიანმა თვალთვალმა შედეგი ვერ გამოიღო და სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს, ყოველი შემთხვევისთვის, ობიექტის მეუღლე გამოეკითხათ, ფრთხილად, მშვიდად... თუმცა, ქალი მოსალოდნელზე მიხვედრილი აღმოჩნდა.
„ჩემი მეუღლე შიზოფრენიით არის ავად. მას ის იშვიათი ფორმა აქვს, რომელიც თავს მხოლოდ მაშინ გახსენებს, როცა რამე ფსიქოლოგიურ სტრესს იღებ. მან კი ეს სტრესი მაშინ მიიღო, როცა ბიძისგან მემკვიდრეობა ერგო, დაეწყო შიშები, რომ მოკლავდნენ, ეგონა, რომ უთვალთვალებდნენ. სინამდვილეში კი, არაფერი ხდება. უბრალოდ, მას ასეთ თანხებთან შეხება არასდროს ჰქონია და დაიბნა. სხვა მიზეზს მე ვერ ვხედავ“, - განაცხადა ქალმა.
გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ მამაკაცი მართლაც იყო აღრიცხვაზე ფსიქიატრიულში და ნამდვილად შიზოფრენიით გახლდათ დაავადებული. ამიტომ, მასზე თვალთვალი მოხსნეს და მამაკაცს აუხსნეს, რომ სიკვდილით არავინ ემუქრებოდა, რაზეც ის ძალიან გაბრაზდა და თქვა, რომ ძალოვან უწყებაში არაპროფესიონალები მუშაობდნენ. თითქოს, ეს ისტორია ასევე უნდა დასრულებულიყო, მამაკაცი დროთა განმავლობაში უნდა მომხვდარიყო, რომ სიკვდილით არავინ ემუქრებოდა, მაგრამ ორი თვის შემდეგ, ყველაფერი თავდაყირა დადგა - განყოფილებაში ამჯერად მამაკაცის ცოლი მივიდა და განაცხადა, რომ მის მოკვლას აპირებდნენ. გაოცებულმა სამართალდამცავებმა ერთმანეთს გადახედეს და პირველი, რაც თავში აზრად მოუვიდათ, ფსიქიატრიულში ქალის მონაცემების გადამოწმება იყო, თუმცა...
„არ იფიქროთ, რომ მეც შიზოფრენია მჭირს. ჩემი ქმარი, დაახლოებით, ერთი თვის წინ გარდაიცვალა, ორმოციც კი არ არის გასული. ის ავარიით დაიღუპა და ეს არ იყო მოწყობილი, ან განზრახული. ის ავტომობილში იჯდა, როცა საპირისპირო მხრიდან მომავალი მანქანა შეასკდა. იმ მანქანას მთვრალი მამაკაცი მართავდა, ისიც გარდაიცვალა. ახლა კი, შეგრძნება მაქვს,რომ ჩემს მოკვლას ცდილობენ და გეტყვით, რატომ. მე ძალიან რთულ ფორმებში მაქვს ალერგია და ეს განსაკუთრებით კატის ბეწვზე ვლინდება. მეტიც, საკმარისია კატის ბეწვი სხეულზე შემეხოს, არა მარტო გამონაყარი მაქვს მთელ ტანზე, არამედ, სპაზმი მეწყება, სუნთქვა მიჭირს და შეიძლება გავიგუდო. ჰოდა, ბოლო ორი დღეა, სახლში ეს მემართება, ყველაფერი გადავატრიალე, მაგრამ ვერაფერს მივაგენი. არადა, ეს მემართება საძინებელში და რაც მთავარია, შეგრძნება მაქვს, რომ როცა სახლში არ ვარ და მერე ვბრუნდები, თითქოს ვიღაც იყო, თითქოს რაღაც ისე არ არის. გთხოვთ, მიშველეთ, მე სახლში ვერ ვრჩები, რადგან შიში მაქვს, ან მომკლავენ, ან ალერგია მომიღებს ბოლოს“, - განაცხადა ქალმა.
პირველ რიგში, სამართალდამცავებმა ექსპერტი წაიყვანეს და საკეტი შეამოწმეს. ექსპერტმა დაადასტურა, რომ კარი არ იყო სხვა გასაღებით გაღებული ანუ სახლში უცხო პირის შეღწევა ამ გზით გამორიცხული იყო, მაგრამ...
„როცა ქმრის ნივთები გადმომცეს, არსად იყო გასაღებების აცმა, მისი სამუშაო კაბინეტის გასაღები, სახლის გასაღები, ავტოფარეხის გასაღები გაქრა. ფარეხში გასაღები შევცვალე, კაბინეტშიც, რადგან მეორე არ მქონდა, სახლის გასაღები კი არ შემიცვლია, რადგან მე ჩემი მქონდა და იმით ვაღებდი“, - განაცხადა ქალმა.
გამოდიოდა, რომ ვიღაცამ ის გასაღებები იპოვა და გამოიყენა, მაგრამ ვინ? ეჭვი იმ ბიძის ოჯახზე მიიტანეს, რომელმაც ქონება ძმისშვილს დაუტოვა. გარდაცვლილ მამაკაცს შვილი არ ჰყავდა, არც - და-ძმა და შესაბამისად, გარდაცვალების შემთხვევაში, ბიძისგან მიღებული ავლა-დიდება, ისევ ბიძაშვილებს დაუბრუნდებოდათ. ამიტომ, მათი თვალთვალი დაიწყეს და თან იმის გარკვევა, ნახეს თუ არა რომელიმე მათგანი მეზობლებმა ქვრივის სახლის სიახლოვეს.
„სისულელეა. მამაჩვენი, ერთი შეხედვით, არასწორად მოიქცა, მაგრამ მისი უცნაურობების გამო, თადარიგი დავიჭირეთ და მის სიცოცხლეშივე, ჩვენც დამოუკიდებლად დავიწყეთ ბიზნესის წარმოება. მან სიცოცხლეშივე იცოდა, რომ უფრო წარმატებულები გავხდით, რომ უფრო მეტი კაპიტალი დავაგროვეთ და, ალბათ, ეს ვერ აიტანა. შეხედეთ ჩვენს აქტივებს და მიხვდებით, რომ ის ბიზნესი არაფერში გვჭირდება“, - თქვეს გარდაცვლილი ბიზნესმენის შვილებმა და მართლებიც იყვნენ - მათი შემოსავლები ბევრად მეტი იყო, ვიდრე მამის მიერ ძმისშვილისთვის გადაცემული ბიზნესი.
გამოძიება სხვა გზით წავიდა. გადაწყვიტეს, დიასახლისის ფორმაში ოპერმუშაკი გამოეწყოთ და ის საღამოს შინ მისულიყო, დილით კი, სამსახურში წასულიყო. პარალელურად, ბინისთვის უნდა ეთვალთვალათ და თუ ვინმე შესვლას დააპირებდა, ადგილზე დაეკავებინათ. ხაფანგმა მეორე დღესვე იმუშავა - როგორც კი დიასახლისის ფორმაში გადაცმულმა ოპერმუშაკმა ბინა დატოვა, დაახლოებით, 20 წუთში, სახლის კარი ვიღაცამ გააღო. ბინაში კიდევ ორი თანამშრომელი იყო ჩასაფრებული და მათ დაუპატიჟებელი სტუმარი უმაარტივესად დააკავეს, რადგან... სტუმარი ახალგაზრდა ქალი იყო. მისი ჩანთის ჩხრეკის შემდეგ, კატის ბეწვი ამოიღეს. ყველაზე საინტერესო კი, ის გახლდათ, რომ დიასახლისი ამ ქალს არ იცნობდა და ამტკიცებდა, პირველად ვხედავო. სამაგიეროდ, ქალმა იცოდა, ვის ბინაშიც შედიოდა.
„სამი წელია, ამ ქალის ქმრის საყვარელი ვარ. ცოლად მოყვანას მპირდებოდა, მით უმეტეს, იცოდა, რომ ეს ქალი ბავშვს ვერ გაუჩენდა. ორსულად დავრჩი, ის კი, სწორედ იმ დღეს აპირებდა ცოლისთვის ყველაფრის თქმას, როცა დაიღუპა. იმ დღესაც ჩემთან იყო, გასაღები ჩემთან დარჩა, მერე კი, ეს უბედურება მოხდა. მისგან ვიცოდი, რომ ალერგიული იყო და იმდენად ალერგიული, რომ შეიძლებოდა ალერგიას სიკვდილიც გამოეწვია. ამიტომ, კატის ბეწვი ბალიშის პირსა და ბალიშს შორის ჩავუდე და როგორც ჩანს, ძლიერად კი იმოქმედა, მაგრამ გადარჩა. ახლა იგივეს გაკეთება მინდოდა, მითხრეს, კატას ბეწვს თუ არ შეაჭრი, თუ ამოწიწკნი და კანის ნაწილაკებიც წამოყვება, უფრო ეფექტური იქნებაო, თუმცა არაფერი გამოვიდა და მე და ჩემს შვილს სიღატაკეში მოგვიწევს ცხოვრება. სამწუხაროდ, აბორტის გაკეთება უკვე გვიანია, თორემ როგორც კი მისი სიკვდილის ამბავი გავიგე, მაშინვე გინეკოლოგთან გავიქეცი, მაგრამ ამაოდ“, - განაცხადა დაკავებულმა.
მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, სასამართლომ ქალს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და მართალია, მან ციხეში იმშობიარა, მაგრამ ბავშვზე დაბადებისთანავე უარი თქვა. სამაგიეროდ, იმ ქალმა, რომლის მოკვლასაც ცდილობდნენ, ბავშვი იშვილა და დამოუკიდებლად გაზრდა დაიწყო. ციხიდან გათავისუფლებული ბიოლოგიური დედა შეეცადა, გარკვეული თანხა მიეღო ბავშვის სანაცვლოდ, თუმცა როცა შეიტყო, რომ ბავშვს მემკვიდრეობით შიზოფრენია ერგო, გადაიკარგა. ჰო, მერე, მოგვიანებით თქვეს მეზობლებმა, რომ რეალურად, ბავშვს არაფერი სჭირდა - ეს მისმა აღმზრდელმა დედამ, ბიოლოგიური დედის დასაფრთხობად მოიფიქრა და როგორც ჩანს, არცთუ ურიგოდ გამოუვიდა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე