ვინ არის ტელეფონების ხელოსანი, რომელმაც არასრუწლოვანები კრიმინალში ჩართო და მობილურებს აპარინებდა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ალბათ, ბევრს ჰქონია შეგრძნება, რომ მშობლებს მასზე მეტად მისი და ან ძმა უყვარს. ძირითადად, ეს ასაკის ბრალია და შეგრძნებები ასაკის მატებასთან ერთად ქრება, ხვდები, რომ მშობლები შვილებს არ ანსხვავებენ, მაგრამ იშვიათად ისეა, რომ რომელიმე მშობელი (ან ორივე ერთად) რომელიმე ბავშვს ამოიჩემებს, დანარჩენს ყურადღებას არ აქცევს. ამით შვილები უმაყოფილოები არიან ხოლმე, მაგრამ მშობლების ხათრითა თუ სიყვარულით, წყენას გულში იკლავენ და ცდილობენ, საუკეთესო შვილები იყვნენ...

 

პოლიციის განყოფილებაში ახალგაზრდა ქალი მივიდა და განაცხადა, რომ მისი დაქალი გათხოვებას აპირებდა, მას კი საქმრო არ მოსწონდა. რა თქმა უნდა, სამართალდამცავები ამ ამბავმა ძალიან  გაამხიარულა, მაგრამ გოგონამ მტკიცება დაიწყო, ის პიროვნება, ჩემი აზრით, კრიმინალია, რადგან ტელეფონების გამკეთებლად მუშაობს, მაგრამ უზარმაზარი ფული აქვს, ლამის, 100-ათასიანი მანქანა, ბრენდული სამოსი და ფულს ისე ისვრის, არც ითვლისო. მისი მტკიცებით, მამაკაცს სხვა ბიზნესი არ ჰქონდა და შეუძლებელი იყო, ტელეფონების შეკეთებით ამხელა ფული ეშოვა, თანაც გამწარებული ქალი იმასაც ამბობდა, დარწმუნებული ვარ, საყვარელიც ჰყავს და ჩემს დაქალს, რომელიც უწესიერესი და უპატიოსნესია, საშინლად ატყუებსო. მამაკაცის კეთილსინდისიერება ძალოვნებს ნაკლებად აინტერესებდათ, მაგრამ ფულის შოვნის წყარომ ყურადღება მიიპყრო და მართალია, გოგოს განცხადება არ დააწერინეს, მაგრამ პირობა დადეს, მოქალაქეს გადაამოწმებდნენ და იმასაც გაიგებდნენ, საიდან ჰქონდა ამდენი შემოსავალი.

მართლაც, ორმა ოპერმუშაკმა არ დაიზარა და მოიკითხა, თუ როგორი ხელოსანი იყო მამაკაცი, ჰქონდა თუ არა სხვა ბიზნესი და, პრაქტიკულად, ყველასგან ერთი და იგივე პასუხი მიიღო - მას ჰქონდა ტელეფონის აბსოლუტურად ყველა ნაწილი, ყველა ნაწილში იღებდა ნახევარ ფასს ანუ ძალიან იაფად ჰქონდა, ცუდი ხელოსანი არ იყო, მაგრამ უფრო მეტ ფულს სწორედ ნაწილების გაყიდვით შოულობდა და არა - ტელეფონების გაკეთებით. საიდან შემოჰქონდა ასე იაფად თუნდაც მეორადი ნაწილები, წარმოდგენა არავის ჰქონდა. ამბავმა საინტერესო გაგრძელება ჰპოვა და ოპერმუშაკები კდიევ უფრო დაინტერესდნენ. ცოტა ხანში, გადაწყდა, მამაკაცზე თვალთვალი დაეწესებინათ, რათა გაეგოთ, საიდან შემოჰქონდა ნაწილები, მაგრამ... ვერაფერი გაიგეს. კაცი ან სამსახურში იყო, ან საცოლეს ხვდებოდა (იმას, რომლის დაქალიც პოლიციაში იყო მისული), ან არცთუ იაფფასიან სასტუმროში ახალგაზრდა ქალები აჰყავდა და ერთობოდა. ის, რომ კაცი საცოლეს ღალატობდა, ცხადი იყო, მაგრამ სამართალდამცავებს ის აინტერესებდათ, საიდან ივსებდა ტელეფონის ნაწილების მარაგს?

„რომ ვთქვათ, სამსახურში მიდის ვინმე და ნაწილები მიაქვს, ტყუილი იქნება. მასთან იშვიათად დადიან კლიენტები, ძირითადად, კოლეგები აკითხავენ და ნაწილებს ყიდულობენ, მაგრამ საიდან მოაქვს ეს ნაწილები, ვერ ვხვდებით. ის არც უცხოეთიდან იწერს, არც იპარავს, არც არავის ხვდება, რომ იყიდოს, არც სახლიდან გამოაქვს ჩანთით. რაღაც არის მოსაფიქრებელი, რომ 24-საათიან კონტროლზე გვყავდეს, მაგრამ რა“, - მსჯელობდნენ სამართალდამცავები. გაჩნდა იდეა, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა ოპერმუშაკი მასთან მისულიყო და ტელეფონების გაკეთების სწავლება ეთხოვა, დიდი ფული შეეთავაზებინა, მაგრამ ობიექტმა ხელი აიქნია, სად მცალია სწავლებისთვის, მაგის ნერვები არ მაქვს, აგერ, გვერდით ჯიხურებში მიდი, იქ უკეთესად გასწავლიანო. სხვა გზა არ იყო, პოლიციამ ობიექტის მეპატრონეს მიმართა, ჯერ ხელწერილი ჩამოართვა, შემდეგ კი, მის სამუშაო ოთახში ვიდეო-თვალი დაამონტაჟა, ოღონდ ისე, რომ თვალთვალის ობიექტს ვერაფერი შეემჩნია.

ვიდეოთვალთვალმა შედეგი მეორე დღესვე მოიტანა. მამაკაცთან ახალგაზრდა, არასრულწლოვანი გოგონა შევიდა და მცირე ზურგჩანთა გადასცა. მასპინძელმა ჩანთა მაგიდაზე ამოაპირქვავა, ათამდე ტელეფონს ხელი და თვალი შეავლო, მერე გარკვეული თანხა გადათვალა, გოგონას მისცა და ცარიელი ჩანთა დაუბრუნა. გოგოს წასვლის შემდეგ კი, ტელეფონების დაშლა და ნაწილების დახარისხება დაიწყო. სამი დღის განმავლობაში, მას ათამდე ასეთი ჩანთა მიუტანეს და ყველა „კურიერი“ არასრულწლოვანი იყო. ძალოვნებმა გადაწყვიტეს, ერთ-ერთი „კურიერი“ დაეკავებინათ, მაგრამ შედმეგ ეს აზრი უარყვეს და ორ მათგანზე თვალთვალი დააწესეს, აინტერესებდათ, საიდან მოჰქონდათ ტელეფონები. ბევრი წვალება არ დასჭირვებიათ, მალევე მიხვდნენ, რომ ბავშვები ტელეფონებს მეტროს ვაგონებში იპარავნდნენ და სულ ერთი იყო, რა მოხვდებოდათ ხელში, ყველაფერს ზურგჩანთაში უძახებდნენ, თუმცა მანამდე, სიმ-ბარათს იღებდნენ, აუცილებლად აგდებდნენ და ტელეფონებს თიშავდნენ. სამართალდამცავები მიხვდნენ, რომ ბავშვებს ასაკის გამო უბრალოდ ვერ გაასამართლებდნენ და ერთადერთი, რაც შეეძლოთ, მათთვის ხელწერილები ჩამოერთვათ, მშობლებისთვის შეეტყობინებინათ, მაგრამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ვერ მისცემდნენ. ამასთან, აუცილებელი იყო, რომელიმე მათგანს მამაკაცის წინააღმდეგ ჩვენება მიეცა და ეთქვა, რომ მოპარულს სწორედ მასთან ასაღებდნენ. პრინციპში, ამას ჩანაწერებიც ანახებდა, მაგრამ კაცს შეეძლო ხელები დაებანა, აქაოდა, არ ვიცოდი, მოპარული თუ იყო, ბავშვების მონაცემები კი ჩაწერილი მქონდაო. მოკლედ, ჩვენების მიცემა აუცილებელი პირობა გახლდათ.

გამომძიებელმა ისიც იფიქრა, რომ თუ მამაკაცს ურთიერთობა საყვარელ ქალთან აერეოდა (ყოველ შემთხვევაში, თუ ეს ქალი საყვარელი არ იყო, საცოლე ხომ გახლდათ), შეცდომების დაშვებას მოუმატებდა და ეგებ, მისი პასუხისგებაში მიცემა უფრო გაიოლებულიყო. ამიტომაც, მის ერთ-ერთ საყვარელს, იმას, რომელსაც ხშირად ხვდებოდა, ფოტო გადაუღეს და დაქალს აჩვენეს. გოგონამ სურათს რომ დახედა, ჯერ შეჰკივლა, მერე კი... გინება დაიწყო. ბოლოს, როცა უშვერი ლანძღვით გული იჯერა, თქვა, რომ სურათზე აღბეჭდილი გოგონა, მისი დაქალის... და იყო. ჰო, ალალი და.

„ჩემი დაქალი დაზე უმცროსია. როცა ოჯახში პირველი შვილი გაჩნდა, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ერთადერთი გამოსავალი ის იყო, რომ ძვლის ტვინი მისი დედმამიშვილისგან აეღოთ. ამის შემდეგ გაჩნდა ჩემი დაქალი და მან გადაარჩინა თავისი და. რომ გაიზარდნენ, მშობლებმა ეს ისტორია გაუმხილეს და უფროსი და მუდმივად იმეორებდა, რომ უმცროსი მხოლოდ მის გადასარჩენად გააჩინეს, თორემ გეგმაში არ იყო და ჩაგრავდა. როგორც ჩანს, ამჯერად, საქმროს წართმევა დაუპირა და ეს ამაზრზენია. გემუდარებით, ამ ფოტოს ჩემს დაქალს ვაჩვენებ“, - თქვა ქალმა და სამართალდამცავებისგან თანხმობა მიიღო.

რა თქმა უნდა, ეჭვმიტანილზე თვალთვალი ხორციელდებოდა. პარალელურად, გამომძიებლებმა მოახერხეს და ორი არასრულწლოვანი დაითანხმეს იმაზე, რომ მათ კამერა და მიკროფონები დაემაგრებინათ, შეხვედრის და ნაქურდალის გადაცემის დროს კი, ეთქვათ, რომ მეტი ფული უნდოდათ, რადგან ქურდობა სულ უფრო ძნელდებოდა. ეს უკვე პირდაპირი სამხილი იქნებოდა, მაგრამ გეგმა ჩავარდა - როგორც კი ბავშვებმა თქვეს, რომ მეტი ფული უნდოდათ, რადგან ქურდობა გაძნელდა, მამაკაცმა ტელეფონები უკან მიუყარა, რა ქურდობა, არ მეგონა, თუ მოპარულებს მაბარებდით, ახლავე პოლიციაში დავრეკავო ანუ ის ამისთვისაც მზად იყო და ნებისმიერ საეჭვო მოქმედებას ყურადღებით უყურებდა. ამასობაში, ქალმა მეგობარს ფოტოები მიუტანა და ანახა, როგორ ღალატობდა საკუთარი და საქმროსთან (ან პირიქით) და ამბავიც ატყდა. გამწარებული ქალი ჯერ საქმროს ეცა, მერე - დას, თუმცა დამ ხელი აიქნია, უბრალოდ, გავერთე იმ კაცით, რომელიც მერე შენ მთელი ცხოვრება უნდა გყავდეს, შენ ყოველთვის ჩემს გამონაცვალს და ჩემს ნარჩენებს ითავსებ და არა უშავს, ქმარიც თუ ჩემი გამონაცვალი გეყოლებაო.

დის განცხადებამ კაცი ძალიან გააბრაზა და ქალს ხელი გაარტყა... ეს იყო მისი ყველაზე დიდი შეცდომა, რადგან საქმეში მაშინვე შორიდან მომზირალი ოპერმუშაკები ჩაერთვნენ, ხოლო როგორც კი ნაცემი ქალი მიხვდა, რომ ისინი პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, ბოლო ხმაზე იყვირა, მზად ვარ, ამ კაცის წინააღმდეგ ჩვენება მივცე, მოპარულ ტელეფონებს ყიდულობს, ნაწილებად შლის და ყიდისო.

„ამ იდიოტს სულ ეგონა, რომ მიყვარდა, მე კი, მხოლოდ ის მსურდა, რომ ჩემს დას ტკენოდა. რატომ? იმიტომ, რომ არ მიყვარს და ვერ ვიტან. ეს არ არის დანაშაული. ყველაფერს მიყვებოდა, პირობა მივეცი, ჩემს დას რომ შეირთავ, მერეც შენი საყვარელი ვიქნები-მეთქი და ამ შტერს ეგონა, ცხოვრება ააწყო. არადა, ჩვენი ურთიერთობა ქორწილის დღეს უნდა გამემხილა დისთვის, თუმცა ადრე მომიხდა ამის გაკეთება. მისი ყველაფერი ვიცი, ვიცი, როგორ აიძულებდა პატარა ბავშვებს ქურდობას, როგორ ყიდულობდა 1000-ლარიან ტელეფონებს 20 და 30 ლარად, როგორ ჰყიდდა ნაწილებს ნახევარ ფასად და მართლა დიდ ფულს შოულობდა. ამას თავი ყველაზე ჭკვიანი ჰგონია, მაგრამ სინამდვილეში, ყველაზე სულელია, ვინც კი მინახავს“, - განაცხადა ქალმა და...

სასამართლომ არასრულწლოვნების კრიმინალურ დაჯგუფებაში ჩართვისთვის და ნაქურდალის შესყიდვა-გასაღებისთვის, მამაკაცს 9 წელი მიუსაჯა.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე