როგორ იძია ქალმა შური ყოფილ ქმარზე

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უღმერთოდ ლამაზი „ნინო“ და „დაგოიმებული“ კაცები

ალბათ, არ არსებობს ზრდასრული ადამიანი, რომლისთვისაც ტელეფონზე შეცდომით არ დაურეკავთ. ძირითადად, ასეთი ამბები მობოდიშებითა და მალე დამშვიდობებით სრულდება, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში, შეცდომით გაშვებული ზარი ნაცნობობასა და ოჯახის შექმნაში გადადის. არის შემთხვევები, როცა დამრეკავი ჯიუტად ცდილობს იმის მტკიცებას, რომ ნომერი არ შეშლია და რომ პირს, ვისთანაც საუბარი უნდა, უბრალოდ უმალავენ. ასეთ დროს, საქმე კონფლიქტამდეც მიდის ხოლმე...

 

მაშინ, როცა მობილური ტელეფონები არ იყო, ადამიანები სახლის ტელეფონებით ურთიერთობდნენ და სიტყვაზე მენდეთ, რომ ეს სატელეფონო საუბრები ცალკე ურთიერთობა და ფენომენი გახლდათ. ჰოდა, მილიციის განყოფილებაში ერთი მეშახტე მივიდა, აღარ შემიძლია, ყოველ საღამოს ვიღაც კაცი მირეკავს და ნინოს დაძახებას მთხოვს, უარს რომ ვეუბნები, თავის მოკვლით იმუქრება, მეუბნება, თუ არ დავუძახებ, მეოთხე სართულიდან გადავხტებიო. კაცი ჩიოდა, ღამის ცვლაში ვმუშაობ, ძილი მინდა, ტელეფონს ვერ ვთიშავ, ხანდახან სამსახურიდანაც რეკავენ, სასწრაფოდ რაღაც სჭირდებათ, ხან გაზის დაგროვებაა, ხან სხვა პრობლემა და მიშველეთო. სამართალდამცავებს მისი განცხადება უცნაურად კი ეჩვენათ, მაგრამ დაჰპირდნენ, აუცილებლად გავარკვევთ, საიდან რეკავენო და ხომ წარმოგიდგენიათ მეშახტის გაოცება, როცა მეორე საღამოს, სამსახურში, ლამის მთელი განყოფილება დაადგა და ის დასაკითხად გადაიყვანეს. საქმე ის გახლდათ, რომ ძალოვნებმა გაარკვიეს, საიდან შემოდიოდა ზარი და როცა ადგილზე მივიდნენ, იქ სასწრაფო დახმარების ბრიგადა დახვდათ, რომლებიც მეზობლებმა გამოიძახეს. გამოძახების მიზეზი კი... მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი, თუ გადმომხტარი მამაკაცი იყო. გამოდიოდა, რომ ის არ ტყუოდა, როცა ამბობდა, ნინოს თუ არ დამალაპარაკებთ, თავს მოვიკლავო. ექიმებმა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში და ვერ ამბობდნენ, მოახერხებდნენ თუ არა მის გადარჩენას.

„მე რა შუაში ვარ? საერთოდ რომ არ მოვსულიყავი, ხომ ვერ გაარკვევდით, მე მირეკავდა თუ არა, ან რას მეუბნებოდა? მე მოვედი იმიტომ, რომ შემაწუხა და ახლა, თქვენ ეჭვი გაქვთ, რომ ამით ალიბი შევიქმენი და მე გადმოვაგდე? მთელი დღე სამსახურში ვარ, მაგ კაცთან შეხება არასდროს მქონია და ძალიან, ძალიან მინდა რომ გადარჩეს, ეგებ, მეც გავიგო, ვინ არის ნინო, ეგებ, ისიც გავიგო, რატომ გადმოხტა“, -განაცხადა მეშახტემ.

ამასობაში, საავადმყოფოდან დარეკეს და თქვეს, რომ მამაკაცი, რომელსაც ან სუიციდის მცდელობა ჰქონდა, ან გადმოაგდეს, აუცილებლად გადარჩებოდა და მის დაკითხვას გამომძიებლები სამ დღეში შეძლებდნენ. მანამდე მეშახტის დაკავება-გაშვების საკითხზე იმსჯელეს და საბოლოოდ, ის ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაუშვეს. სამი დღე მოლოდინში მიილია და როგორც იქნა, ძალოვნები დაზარალებულთან შეუშვეს.

„მრცხვენია, რომ გადავრჩი და ახლა ახსნა-განმარტებები მიწევს. სამი თვის წინ, მანქანით მივდიოდი, გზაზე ვიღაც ქალი იდგა, ფეხსაცმელზე ქუსლი ჰქონდა მოტეხილი, მთხოვა, ეგებ, ხელოსნამდე მიმიყვანოო. ისეთი ლამაზი იყო, ხელოსნამდე კი არა, მაღაზიაში წავიყვანე და ახალი ფეხსაცმელი ვუყიდე. ჰო, მე ვუყიდე, მერე სამსახურამდე მივიყვანე და მეორე დღეს შეხვედრა დავუთქვი. მოვიდა, რესტორანში წავედით დ ასე გრძელდებოდა თითქმის ათი დღე. ვთხოვე, შენები გამაცანი, მინდა, ცოლად მოგიყვანო-მეთქი და მხოლოდ ავადმყოფი მამა მყავს შინ, ცოტა მძიმე ხასიათი გაუხდა ავადმყოფობის გამო, ამიტომ ჯერ ვერ გაგაცნობო. მერე კი, ტელეფონის ნომერი მომცა, შეგიძლია, დამირეკო, როცა მოგენატრებიო და გაქრა. ჰო, გაქრა და ვეღარ ვპოულობ. ვრეკავდი იმ ნომერზე და როგორც მივხვდი, მამამისი ჯიუტად არ ეძახდა ტელეფონთან. ისე მიყვარს, მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია და... ვეღარ გავძელი და გადმოვხტი. გემუდარებით, იპოვეთ ჩემი ნინო, გთხოვთ, თორემ თავს აუცილებლად მოვიკლავ“, - განაცხადა დაზარალებულმა.

ამ ჩვენებით დასტურდებოდა, რომ მეშახტე არაფერ შუაში იყო, მაგრამ არც სამართალდამცავებს ჰქონდათ იმდენი დრო და შესაძლებლება, ვიღაც ქალი ეძებნათ. ახლა, მთავარი იყო, სანამ ის კაცი საავადმყოფოში გახლდათ, მისთვის რაც შეიძლება მეტი ყურადღება მიექციათ, ნათესავებისთვის ეცნობებინათ და მათ დაერწმუნებინათ, რომ თვითმკვლელობა გამოსავალი არ იყო. პარალელურად, მასთან ფსიქოლოგიც მუშაობდა, მაგრამ ამაოდ, კაცი ირწმუნებოდა, თუ ნინოს არ მიპოვნით, თავს მოვიკლავო. მომხდარიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, როცა მეშახტე ისევ განყოფილებაში მივიდა და ამჯერად უკვე, იქეთ გადავიდა შეტევაზე.

„მეხუმრებით, თუ მამასხარავებთ? მე ძილი მჭირდება, ძილი... მეორე ღამეა, ვიღაც კაცი მირეკავს და ნინოს ითხოვს, თან იმუქრება, სადაც ვნახავ, იქ გამოვჭრი ყელსო. ან მომაშორეთ ეს გადარეული ხალხი, ან ტელეფონს საერთოდ გადავაგდებ და მერე თქვენ იყავით ჩემი სამსახურისა და ჩემი კოლეგების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი“, - ყვიროდა მამაკაცი და როცა სამართალდამცავების გაოცებულ სახეებს შეხედა, მაშინვე მიხვდა, რომ ისინი ვერაფერს ხვდებოდნენ.

როგორც გაირკვა, მეშახტეს ისევ ურეკავდნენ და გამორიცხული გახლდათ, ეს საავადმყოფოში მყოფი მამაკაცი ყოფილიყო, რადგან მას სუიციდის მორიგი მცდელობა რომ არ ჰქონოდა, ცალკე ოპერმუშაკი უთენებდა ღამეს და ცალკე - ექთანი. რა თქმა უნდა, გამომძიებლებმა კავშირგაბმულობის სამსახურს მიმართეს და მათაც ერთ საათში თქვეს, საიდან ხორციელდებოდა ზარები. მითითებულ მისამართზე მარტოხელა კაცი ცხოვრობდა და სამართალდამცავებმა მისი დაკითხვა გადაწყვიტეს. რა თქმა უნდა, კითხვა ნინოს შეეხებოდა.

„ორიოდე კვირის წინ, მანქანით მივდიოდი, ვიღაც ქალმა ხელი დამიქნია, ფეხსაცმელზე ქუსლი მომტყდა და ეგებ, ხელოსნამდე მიმიყვანოო. უღმერთოდ ლამაზი იყო და რა თქმა უნდა, წავიყვანე. ხელოსანმა ქუსლი გამოცვალა, მე ველოდებოდი, ბოლოს, მორიდებით ვთხოვე, ეგებ, სადმე გვევახშმა-თქო. ასე დაიწყო ურთიერთობა, ტელეფონიც მომცა, მაგრამ მითხრა, არ დამირეკო, ავადმყოფი მამა მყავსო და ერთხელ ჩემთანაც დარჩა ბინაში. მერე ბინის გასაღებიც მივეცი, დაგილაგებო, მითხრა და რომ მივედი, ბინაში არაფერი აღარ დამხვდა, დანაზოგი, ოქროს ჯვარი, ყელსაბამი, ვერცხლის დანა-ჩანგალი, ყველაფერი წაიღო. ჰოდა, იმ ნომერზე ვრეკავდი, არ მინდოდა, საქმეში სამართალდამცავები ჩამერთო და ახლა აქ ვარ, ის, რაც მე არ მსურდა, თქვენ გააკეთეთ“, - განაცხადა დაკავებულმა.

მან ქალის აღწერილობაც თქვა, რომელიც ზუსტად ემთხვეოდა იმ მამაკაცის მიერ აღწერილ ქალს, რომელმაც თავის მოკვლა სცადა, მაგრამ ახლა ის იყო საინტერესო, ორივე შემთხვევაში, ქალმა მამაკაცებს მეშახტის ნომერი რატომ მისცა? თანაც, გამომძიებლებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ პირველი დაზარალებული რაღაცას მალავდა, ის განმეორებით დაკითხესდა მანაც აღიარა, რომ სახლიდან რაღაც ნივთები დაეკარგა, მაგრამ არ აინტერესებდა, მას მხოლოდ იმ იდუმალი ნინოს პოვნა სურდა, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდა. ძალოვნებმა მამაკაცების მონაყოლით ფოტორობოტი შეადგინეს და მეშახტეს აჩვენეს, შემთხვევით, ხომ არ გეცნობაო?

„როგორ არ მეცნობა? ჩემი ყოფილი ცოლია, ორი წლის წინ დავშორდით, ჩემი შემოსავალი არ აკმაყოფილებდა. მას შემდეგ არ მინახავს, მაგრამ ნინო ნამდვილად არ ჰქვია არც საბუთებით, არ მოფერებით“, - განაცხადა მეშახტემ. ქალზე ძებნა გამოცხადდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ის მეორე დღესვე, ნაქირავებ ბინაში დააკავეს. ბინაშივე აღმოაჩინეს ვერცხლის დანა-ჩანგალი და ის ოქროული, რომელიც მეორე მამაკაცმა დაკარგა. თაღლითი ორივე მამაკაცმა ამოიცნო.

„მე სხვა ცხოვრებისთვის ვარ გაჩენილი, ლაღი ცხოვრებისთვის, ეს ჩემი მეშახტე კიდევ, ან ჭუჭყიანი იყო, ან დაღლილი და წლის ბოლოს, სამადლოდ, საგზურს ჩუქნიდნენ. გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვის თავად მიმეხედა და დავშორდი, ის ახალგაზრდული სიყვარულიც, რის გამოც გავყევი, მარტივად მოვკალი ჩემში და მერე ამ იდიოტებს დავუწყე დაგოიმება. კაცისთვის ხომ მთავარია, ლამაზი ქალი დაინახოს და მერე ყველაფერი ავიწყდება. ჩემი ყოფილი ქმრის ტელეფონის ნომერს შეგნებულად ვაძლევდი და თან ვეუბნებოდი, ღამით დარეკეთ, დღისით ავადმყოფი მამა ტელეფონთან არ მიშვებს-მეთქი, მინდოდა, დაღლილი და დაქანცული ქმარყოფილი შეეწუხებინათ, ესეც ერთგვარი შურისძიება იყო. არ მეგონა, თუ მიჩივლებდნენ. იმ კაცმა ჩემი გულისთვის თავის მოკვლა რომ სცადა, მე არაფერ შუაში ვარ. ცოტა მეტი ფული იშოვოს და გავყვები“, - მშვიდად საუბრობდა ქალი და ვერც კი აცნობიერებდა, რომ ქურდობის გამო, საუკეთესო შემთხვევაში, ოთხ წელს მიუსჯიდნენ.

სასამართლომ მისი ბრალეულობა მარტივად დაამტკიცა და ქალს ორი წელი რეალური სასჯელი, ორი წელი კი პირობითი მისცა. მასზე შეყვარებული კაცი ციხეში პატრონობდა, ამანათებს უგზავნიდა და იმედი ჰქონდა, რომ იქიდან გამოსვლის შემდეგ, „ნინო“ მისი იქნებოდა, მაგრამ გათავისუფლებულმა ქალმა მასთან ცხოვრება არ ისურვა.

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე