რატომ მოკლა დამ და საფანტის პისტოლეტით

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სისხლიანი ოჯახური დრამა

ალბათ, ყველას ჰქონია შემთხვევა, როცა სამსახურში კოლეგები ზურგს უკან ებრძვიან, როცა შურთ და არ ამჟღავნებენ, მაგრამ უფროსთან ენები მიაქვთ, ცდილობენ გააშაონ, რომ მერე, წარმატებული კარიერა წყალმა წაიღოს და მის ადგილზე, სწორედ ისინი მოვიდნენ. სამწუხაროდ, განსაკუთრებით დღეს, ასეთი რამ უცხო არ არის და ამიტომაც, ძველებური ნდობა თუ ურთიერთგაგება სამსახურებში ნაკლებადაა, ერთმანეთის გატანა, ჭირში გვერდით დგომაც სულ უფრო იშვიათია... გულწრფელ გვერდში დგომას ვგულისხმობ, თორემ მოწყენილი სიმბოლოს დადება სოციალურ ქსელში ყველას ეხერხება.

 

სწორედ ასე იყო იმ შემთხვევაშიც, რომელზეც ახლა გიამბობთ. კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა იმდენი მოახერხა, რომ მოკლე დროში, ხელმძღვანელობის ნდობა დაიმსახურა. როცა გაირკვა, რომ ერთ-ერთი თანამშრომელი მივლინებაში უნდა წასულიყო რომში, „შეფებს“ ბევრი არ უფიქრიათ, მაშინვე გამოაცხადეს, რომ იტალიის დედაქალაქში, სწორედ ის ქალბატონი წავიდოდა, რომელმაც მოკლე დროში მოახერხა მათი გულის მოგება. ქალი შინ ბედნიერი დაბრუნდა, ძალიან სურდა, რომ ყველაფერი ქმრისთვის ეთქვა და მას მოუთმენლად ელოდა. ამ დროს, სადარბაზოში თითქოს იარაღის გასროლის ხმა გაისმა და სანამ დამფრთხალი ქალი ფიქრობდა რა მოხდა, ერთ წუთში, კარი ქმარმაც შეაღო.

„რა სროლა, რა იარაღი? ბავშვები აფეთქებენ ახალი წლიდან შემორჩენილ პეტარდებს. ნუ გეშინია, არავინ მოუკლავთ“, - უთხრა ქმარმა და როცა გაიგო, რომ ცოლი მივლინებაში მიდიოდა, მასზე მეტად გაუხარდა, მიულოცა და ცოლს ცოტა გაუკვირდა კიდეს, ასე ძალიან რატომ უხაროდა მის მეუღლეს.

იმავე საღამოს ყველაფერი თავდაყირა დადგა. მეზობლებმა, იმ სართულზე, სადაც ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, ქალის გვამი იპოვეს. მას თავში საფანტის მცირე ნაწილაკი ჰქონდა მოხვედრილი, თუმცა ეს სიკვდილისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

„ეს არ არის ცეცხლსასროლი იარაღი, ეს არის საფანტის პისტოლეტიდან ნასროლი, მაგრამ მკვლელი ძალიან ახლოს იდგა გარდაცვლილთან და თან, პირდაპირ საფეთქელში ესროლა. ნებისმიერ სხვა ადგილზე სროლა, ალბათ, სიკვდილს არ გამოიწვევდა“, - ამბობდა ექსპერტი.

რაღა თქმა უნდა, სამართალდმაცავებმა პირველ რიგში კარის მეზობლები დაჰკითხეს და ქალმა თქვა, რომ როცა გასროლის ხმა გაიგონა, რომელიც საახალწლო ასაფეთქებელი ეგონა, მისი ქმარი... უკვე სახლში იყო.

„ამ სახლში ჩვენი მეგობარი ქალი ცხოვრობდა, ის, რომელიც მოკლეს. მასთან მხოლოდ და მოდიოდა ხოლმე სტუმრად, ისიც იშვიათად, მასზე 4 თუ 5 წლით პატარაა. ძალიან მშვიდ ცხოვრებას ეწეოდა, არაფერი შეგვიმჩნევია, როცა სადმე დიდი ხნით მიდიოდა, გასაღებს ჩვენ გვიტოვებდა ხოლმე და ჩვენც, თუ სადმე მივდიოდით, ჩვენი გასაღები მას ჰქონდა. წარმოდგენა არ მაქვს, ვის შეიძლებოდა ასე გაემეტებინა ანგელოზივით გოგო“, - განაცხადა ქალმა.

იგივე თქვა ქმარმაც და გამოძიებას მათთან კითხვები აღარ ჰქონია, თუმცა მორიგი განსაცდელი ქალს სამსახურში ელოდა. როცა ის დილით სამსახურში მივიდა, უფროსმა დაიბარა და უთხრა, რომ მივლინებით ვეღარ წავიდოდა, რადგან მათ არაფერი იცოდნენ ქალის ფსიქიკური პრობლემების შესახებ, არ იცოდნენ, რომ ის ფსიქიატრიულში აღრიცხვაზე იმყოფებოდა, რომ იმ დღეს ფსიქიატრთან ვიზიტი ჰქონდა დაგეგმილი. ქალი ყველაფერ ამას პირდაღებული უსმენდა და გამუდმებით იმეორებდა - „არა, არა!“

„რა, არა? ჩვენთან დარეკა ქალმა, გაგვეცნო, როგორც ცნობილი ფსიქიატრი, გვითხრა, რომ შეგვეხსენებინა თქვენთვის, გასაუბრებაზე მისულიყავით, რადგან წინა ვიზიტი, თურმე, გააცდინეთ და თუ ახლაც გააცდენთ, შედეგები, შესაძლოა, სავალალო იყოს. მას არც სახელი და გვარი დაუმალავს, გადავამოწმეთ და ძალიან ცნობილი ფსიქიატრია“, - მშვიდად საუბრობდა უფროსი.

ქალი უხმოდ გავიდა მისი კაბინეტიდან და პირდაპირ სამართალდამცავ ორგანოებს მიადგა, აქაოდა, მიშველეთ, ჩემს თავს რაღაც ხდება და ვერ ვხვდებიო. ის ჯიუტად ამტკიცებდა, ფსიქიატრებთან შეხება არასდროს მქონია, არც კი ვყოფილვარ მაგ ტიპის საავადმყოფოში და ვიღაცას, ალბათ, უნდა, რომ იქ გამომკეტოს, სხვას რას მივაწერო ეს ყველაფერი, არ ვიციო. გამომძიებლები ფსიქიატრიულში წავიდნენ, ის ექიმი ნახეს და მორიგი გაოცება იქ ელოდათ.

„რა? მე ვინმეს დავურეკე და კონსულტაციაზე მისვლა ვუთხარი? იცით, ჩემი გამოცდილების ადამიანები უკვე აღარსად რეკავენ, ამისთვის არსებობს რეგისტრატურა, მდივანი... ნამდვილაად არ ვაპირებ, პაციენტებს ქუჩა-ქუჩა ვდიო, ამის არც საჭიროება მაქვს, არც სურვილი. ვინ დაურეკა იმ ქალს, წარმოდგენა არ მაქვს და თუ ჩემი სახელი გამოიყენა, თქვენ გაარკვიეთ, მე მთელი საქართველო მიცნობს“, - განაცხადა ექიმმა.

გამოძიებამ იმაზეც კი დაიწყო ფიქრი, წინა ღამით მომხდარი მკვლელობა, ამ საქმეს ხომ არ უკავშირდებაო, მაგრამ კვალი ვერ იპოვა და საქმეები კვლავ ცალ-ცალკე დატოვა. სამსახურში ქალის წარმატება ბევრს რომ არ უხაროდა, მალე გაარკვიეს, მაგრამ ვინ შეიძლებოდა წასულიყო ყველაფერ ამაზე? ცუდი ის გახლდათ, რომ უფროსობა გაჯიუტდა, გამოდის, ეს თანამშრომელი არ უყვართ და მერე რა, რომ ამდენს მიაღწია, კოლექტივს ვერ დავანგრევთ ერთი კადრის გამო და ამიტომ, მივლინება კი არა, ალბათ, სამსახურიდან წასვლა მოუწევსო. ამასობაში, ნაგვის გატანის დროს, მენაგვეებმა იარაღი შენიშნეს და რა თქმა უნდა, სამართალდამცავები გამოიძახეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს სწორედ მკვლელობის იარაღი გახლდათ და მასზე ერთი მკაფიო ანაბეჭდი ჩანდა. ძალოვნების სამწუხაროდ, ეს ანაბეჭდი ბაზაში არ იყო, მაგრამ რადგანაც მთელი სამეზობლო ამტკიცებდა, ეზოში უცხო არავინ დაგვინახავსო, გადაწყდა, ანაბეჭდები ყველა მეზობლისთვის აეღოთ და... იარაღზე გარდაცვლილის მეზობლის ანაბეჭდები აღმოჩნდა, იმ კაცის, რომელიც გასროლის ხმის შემდეგ, ერთ წუთში შინ შევიდა.

„მე არ მომიკლავს. გეფიცებით, არ მომიკლავს და რომ მომეკლა, ტანსაცმელზე, ხელზე, დენთის კვალი ხომ უნდა მქონდეს? უბრალოდ, დავინახე დაგდებული იარაღი, შემეშინდა, ასეთებში ვერ ვერკვევი, ავიღე და სანაგვეში მოვისროლე“, -ამბობდა დაკავებული და გამოძიების სამწუხაროდ, სიმართლესთან ძალიან ახლოს იყო, რადგან შეუძლებელი გახლდათ, ასე მოკლე დროში დენთის კვალის წაშლა, ის კი, უბრალოდ, არ ჩანდა.

თუმცა, გამომძიებელი ეჭვობდა, რომ ეჭვმიტანილმა მკვლელი დაინახა და ხელს აფარებდა. შეიძლებოდა თუ არა ეს მისი ცოლი ყოფილიყო? რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, მით უმეტეს, რომ ქმრის დაკავების შემდეგ, ის აშკარად სხვანაირი გახდა, თითქოს, რაღაცის თქმა სურდა და ვერ ამბობდა. ამასთან, გარდაცვლილის ბინაში სამართალდამცავებმა დაკავებული მამაკაცის უამრავი ანაბეჭდი იპოვეს, როგორც სამზარეულოში, ისე სააბაზანოს კარზე და ლოგინზეც კი. ძალიან, ძალიან დიდი გახლდათ შანსი, რომ დაკავებული გარდაცვლილის საყვარელი იყო და ძიებაც ამ მიმართულებით წავიდა. დაკითხვაზე დაიბარეს გარდაცვლილის დაც, აინტერესებდათ, იცოდა თუ არა რამე მეზობლების ურთიერთობაზე, მაგრამ როგორც კი გოგონა გამომძიებლის ოთახში შევიდა, მაშინვე მუხლებში ჩაიკეცა, თავი ხელებში ჩარგო და მოთქმა დაიწყო - „არ მინდოდა, არ მინდოდა“... გამომძიებელმა ცოტა ხანს აცადა, მერე წინ დაისვა და რაც შეიძლება, მშვიდად უთხრა - დაიწყე!

დაკავებული ჩემი დის კი არა, ჩემი საყვარელია. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს, დაქორწინებასაც ვაპირებდი. მის მეუღლესთან დაქალი მუშაობს და ის მიყვებოდა ხოლმე მის ამბებს. როცა გავიგე, რომ მივლინებაში მიდიოდა, მივხვდი, კარიერას იწყობდა და ქმარი არ მიატოვებდა, წარმატებული ქალებისგან არ გარბიან. დავრეკე და ვუთხარი, ვითომ ფსიქიატრი ვიყავი, მერე ჩემს დასთან მივედი და მის საძინებელში ჩემი საყვარელი მამაკაცის მაისური ვნახე, ვკითხე, საიდან-მეთქი და ერთმანეთს ვხვდებითო. საფანტის იარაღი ადრე ვიპოვე და მას შემდეგ სულ თან ვატარებდი. ამოვიღე და ვისროლე. მერე მივხვდი, რომ მოკვდა, მეგონა, უბრალოდ, ეტკინებოდა. სროლის ხმაზე ის კაცი შემოვარდა, ისე ვიყავი გაოგნებული, ვერაფერი ვუთხარი. თავად მიჯიკა, წადი, თვალში არავის მოხვდეო, იარაღი კი აიღო და მაისურით გაწმინდა. არ ვიცი, ალბათ, გადაგდებისას თავისი ანაბეჭდების წაშლა დაავიწყდა“, - ტიროდა ქალი.

რა თქმა უნდა, წყვილი დაშორდა, მამაკაცი დანაშაულის დამალვისთვის გაასამართლეს, გოგო - დის მკვლელობისთვის, მაგრამ ყველაფერი ამით არ დასრულებულა - ქალს სამსახურში კიდევ კარგა ხანს მოუხდა იმის მტკიცება, რომ დამნაშავე მისი თანამშრომლები კი არა, მისი ქმრის საყვარელი იყო. ის მივლინებაში გაუშვეს, თუმცა იქიდან დაბრუნებული სამსახურიდან გაათავისუფლეს, აქაოდა, დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვაო.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე