ვისი დავალებით სცემა ახალგაზრდა მოცეკვავემ შეყვარებულს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არ არსებობს სფერო, რომელშიც წარმატებულ ადამიანს მტერი არ ჰყავს. ვიღაცას შური ახრჩობს და ჰგონია, რომ მას ადგილი წაართვეს და იმ წარმატებული ადამიანის ნაცვლად, სწორედ ის უნდა ყოფილიყო. მოშურნეების ნაწილი ბოღმას გულში ინახავს და იმ მომენტს ელდოება, როცა კონკურენტს ფეხი დაუცდება, ნაწილი კი, პირდაპირ მოქმედებაზე გადადის. ჰოდა, ხშირად შურით დაბრმავებული ადამიანები ისეთ საქციელს სჩადიან, მერე, მთელი ცხოვრება სანანებელი რომ აქვთ ხოლმე, მაგრამ ადამიანის ბუნებას ვერაფერი გამოასწორებს და არასდროს იქნება ისე, რომ ირგვლივ ყველა კეთილშობილი იყოს.

 

საქართველოში სპორტულმა ცეკვებმა პოპულარობის პიკს მაშინ მიაღწია, როცა ერთ-ერთ არხზე ახალი შოუ დაიწყო, რომლის მონაწილენიც ერთმანეთს, სწორედ ცეკვაში ეჯიბრებოდნენ. გაგიკვირდებათ და, სპორტული ცეკვები, თავისი ინტიმური თუ ეროტიული ხასიათის მიუხედავად, საბჭოთა კავშირის დროსაც ძალიან პოპულარული იყო, ოღონდ იატაკქვეშეთში. თუ სადმე ოფიციალურად ფუნქციონირებდა რამე, მკაცრად კონტროლდებოდა კაბის სიგრძე და ისიც, რომ წყვილებს მხოლოდ ცეკვაზე ეფიქრათ. არცთუ იშვიათად, ცეკვის გაკვეთილებს მშობლები მთელი შემადგენლობით ესწრებოდნენ. ასეთი მკაცრი კონტროლისა თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის მიუხედავად, საბჭოთა მოცეკვავეები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევდნენ, ტანვარჯიშში კი საერთოდ, კონკურენციის გარეშე იყვნენ. აღარაფერს ვამბობ წყალში დადგმულ ცეკვებსა და ფიგურულ სრიალზე.

მოკლედ, ერთ-ერთი ასეთი სპორტული ცეკვების შემსწავლელი სტუდია ჩვენს დედაქალაქშიც იყო, მაგრამ რომ გითხრათ, ბავშვები ეხვეოდნენ და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინათ-თქო, მოგატყუებთ. იყო სტუდია, არსებობდა თავისთვის, თუმცა მასწავლებლები მკაცრად არჩევდნენ კონტიგენტს, იქ გასართობად ვერავინ მივიდოდა და ამიტომაც იყო, იქაური მოსწავლეები სხვებს ერთი თავით რომ აღემატებოდნენ.

ჰოდა, სპორტული ცეკვების ქართული სტუდიიდან საერთაშორისო ტურნირზე გასამგზავრებლად მართლაც გამორჩეული წყვილი ემზადებოდა. ყველამ იცოდა, მათ ერთმანეთი უყვარდათ, დაქორწინებასაც აპირებდნენ და ყველაზე დიდ იმედს სწორედ ამ შეჯიბრზე ამყარებდნენ, რადგან იქ გამარჯვების შემთხვევაში, ფულადი პრემიის გარდა, ხელფასიც ენიშნებოდათ. რაც მთავარია, შეეძლოთ, პედაგოგებად თავად ემუშავათ. ყველაფერი კი, თავდაყირა მას შემდეგ დადგა, რაც გოგონას, რომელიც დილით სკვერში დარბოდა, თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. მას სახეზე უამრავი სისხლჩაქცევა ჰქონდა, როგორც თავად ამბობდა, მსხვილი მავთულის ნაჭერი ურტყეს ფეხებზე და ფეხებიც ზოლებად ჰქონდა დალურჯებული. როცა ეს პედაგოგებმა ნახეს, მაშინვე განყოფილებაში დარეკეს და იმის მიუხედავად, რომ თავად გოგონა დარეკვას არ აპირებდა და ამ ინციდენტის შემდეგ, ხელი ჰქონდა ჩაქნეული კარიერაზეც, ცეკვაზეც...

„ცეკვისთვის თავი ადრე უნდა დამენებებინა, მაშინ, როცა ამას ჩემი ძმა მეუბნებოდა. მშობლები არ გვყავს, მისი გაზრდილი ვარ და იმისთვის, რომ ჩემთვის კაბებისა და შესაბამისი საკვების ფული ჰქონოდა, ღამის ცვლაშიც დაიწყო მუშაობა, არანაირ სამსახურს არ თაკილობდა, ცოლიც კი ვერ მოიყვანა, მისი შენახვის შესაძლებლობა უბრალოდ არ ექნებოდა. მე კი, ავიტეხე ცეკვა, ცეკვა... რა მომცა ცეკვამ? აგერ, თითქოს უმთავრესი ტურნირისთვის ვემზადებოდი და მერე, რა? ვეღარსად მივდივარ, ასე დასრულდა წლების შრომა“, - მოთქვამდა გოგონა.

მასწავლებლები პირობას დებდნენ, რომ საუკეთესო ექიმებს დაახვევდნენ თავს, რომ ორ კვირაში ფეხზე დააყენებდნენ, რომ ის მოახერხებდა შეჯიბრზე წასვლას, მაგრამ გოგონას არაფრის გაგონება სურდა. მეტიც, მან ბინაში სანახავად მისული მეწყვილე არ შეუშვა, ასეთს რომ დამინახავს, შეიძლება, შევძულდე, ჩვენ კი ჯვრისწერას ვაპირებთო. ადგილს ვერ პოულობდა გოგონას ძმაც, რადგან იმავე დღეს, სკვერში მასაც უნდა ევარჯიშა, მაგრამ წინა დღეს, სამსახურში ძალიან დაიღალა და გამოძინება არჩია. ამიტომ, საკუთარ თავს ადანაშაულებდა და სამართალდამცავებს ეხვეწებოდა, ოღონდ, დამნაშავე იპოვეთ და მე გადმომეცით, მეტი არაფერი მინდაო.

„თავდამსხმელს ხელზე ლურჯი ნაჭერი ჰქონდა დახვეული, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ძვლები არ სტკენოდა. რომ არა ეს ნაჭერი, გოგონას, შესაძლოა, სახის ძვლები დამტვრეოდა. ნაჭერის რამდენიმე ბუსუსი ჭრილობებში ჩარჩა და თუ იმდენს მოახერხებთ, რომ ამ ნივთს იპოვნით, ჩვენ დავადასტურებთ, რომ თავდამსხმელი სწორედ ამ ნაჭრით იყო ანუ ეს მტკიცებულებაა, მაგრამ ჯერ ნაჭერი უნდა იპოვოთ“, - უთხრა ექსპერტმა გამომძიებელს.

რა თქმა უნდა, გამოძიებას რამდენიმე ვერსია ჰქონდა, თუმცა უმთავრესი, გოგონას კონკურენტის შურისძიება განიხილებოდა. დარბაზში, სადაც ის ვარჯიშობდა, კიდევ იყო ერთი გოგო, რომელიც ცუდად ნამდვილად არ ცეკვავდა, მაგრამ გადამწყვეტ შეჯიბრზე მოხვედრის შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ მთავარ პრეტენდენტს დაემართებოდა რამე და აკი, კიდეც დაემართა. გამომძიებლები ხვდებოდნენ, რომ თავად გოგო ასე გამეტებით მეტოქეს ვერ სცემდა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, ვინმესთვის დახმარება ეთხოვა?! ამიტომ, ის დაკითხვაზე დაიბარეს.

„დავიწყოთ იმით, რომ თავის დროზე, მან ის ბიჭი ამახია, რომელიც ახლა ცოლად მოყვანას უპირებს. იმით გავაგრძელოთ, რომ მაგას ვერავინ ამჩნევდა, სანამ ფეხსაცმელში ჩუმად ნემსები არ ჩამიყარა და ორი თვე ვეღარ ვიცეკვე, მერე აღმოაჩინეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ მისი ცემის ამბავი რომ გავიგე, არ მწყენია, მეტიც, გამიხარდა, თუმცა ამ საქმესთან კავშირი არ მაქვს. ახლა მხოლოდ მომავალ შეჯიბრზე ვარ გადართული, სადაც ჩემს ყოფილ, მაგრამ მაინც შეყვარებულთან ერთად მომიწევს წასვლა“, - გოგონა აშკარად თავხედურად და თამამად საუბრობდა, იმდენად თამამად, რომ სამართალდამცავები დარწმუნდნენ, რამე დანაშაული რომ ჰქონდეს, ასე აგდებულად არ ილაპარაკებდაო.

წესითა და რიგით, გოგონას სხვა მტერი არ უნდა ჰყოლოდა და არც ინტერესი უნდა ჰქონოდა ვინმეს, ის შეჯიბრზე არ წასულიყო.

მასწავლებლები იძულებულნი გახდნენ, ყველაფერი გადაეწყოთ და იმ გოგონასთან ემუშავათ, რომელიც ჯანმრთელად იყო და აშკარად სურდა შეჯიბრზე წასვლა. გამომძიებლები ყველაფერს აკეთებდნენ საქმის გასახსნელად, მაგრამ რად გინდა, ეჭვმიტანილი უბრალოდ არ ჰყაავდათ. სამართალდამცავებმა ისევ გოგონას დაკითხვა გადაწყვიტეს, ეგებ, გაიხსენოს ვინმე, ან რამე, რაც საქმის გახსნისკენ სავალ გზას გვიჩვენებსო. დაზარალებულმა ისევ მხრები აიჩეჩა, ახალს ვერაფერს გეტყვითო, სტუმრებს ყავა დაალევინა და ის იყო, გამომძიებელი და მისი თანაშემწე სახლიდან უნდა გასულიყვნენ, როცა ძალოვანმა საკიდზე დაკიდებულ ქურთუკს, უფრო სწორედ კი, მის ჯიბეს მიაქცია ყურადღება, საიდანაც ლურჯი ნაჭერი მოჩანდა. მან ფრთხილად ამოიღო და ხელში მუქი ლაქებით დასვრილი ლურჯი ნაჭერი შერჩა. გოგონამ გაოცებისგან პირი დააღო, გამომძიებელს კი ეჭვიც აღარ ეპარებოდა, რომ ნაჭერზე სწორედ დაზარალებულის სისხლის ლაქები იქნებოდა. ამ დროს, კარში ძმაც შემოვიდა და როცა მას გაოგნებული სახით შეხედეს, თავადაც გაოცდა, რა ხდებაო, მერე თვალი ლურჯ ნაჭერს ჰკიდა და ვითომც არაფერი, ისე იკითხა, ეს რა ნაჭერიაო? გამომძიებელმა მთავარი ეჭვმიტანილი უხმოდ დააკავა და განყოფილებაში წაიყვანა, თან ექსპერტს ნაპოვნი ნივთმტკიცებაც წაუღო.

„თქვენ გაგიჟდით? მართალია, მე არ მინდოდა, დას ცეკვაზე ამდენი დრო დაეკარგა, მაგრამ ფიქრობთ, რომ ის, რაც დაემართა, მე გავუკეთე? დამნაშავეს ჩემი ხელით მოვკლავ, რომ გავიგო, ვინ არის და თქვენ ბრალს მე მდებთ? კი, ქურთუკი ჩემია, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, ის ნაჭერი მის ჯიბეში საიდან მოხვდა. მოდით, ჩემს დას ვკითხოთ, ხომ არ იყო ვინმე სტუმრად და თუ ვინმე იყო, დამნაშავეც ის იქნება“, - ძმა არ ცხრებოდა და ჩვენებას კი არ აძლევდა, ლამის ყვირილით ამტკიცებდა საკუთარ უდანაშაულობას.

სანამ გოგონას დაჰკითხავდნენ, ექსპერტმა დაადასტურა - ეს ის ნაჭერია, რომელიც თავდამსხმელს მუშტზე ჰქონდა დახვეული, ხოლო სისხლი - დაზარალებულისააო. აი, თუ გოგონა იტყოდა, რომ სტუმრად არავინ ჰყავდა, რა მოხდეობდა მერე?!

„არ მჯერა, რომ ჩემი ძმა ასე გამიმეტებდა, მომკალით და არ მჯერა. სტუმრად არავინ ყოფილა, მხოლოდ ჩემმა მეწყვილემ შემოიარა, ჩემი საყვარელი ტკბილეული მომიტანა, მითხრა, ნუ შემომიშვებ, კართან გავჩერდები, წყალი დამალევინეო. კარი გავაღე, მაგრამ არ შემოსულა, მე წყალი მივუტანე, ნუგბარი გამოვართვი და წავიდა. შეეძლო თუ არა მისაღებში შემოსვლა და ქურთუკის ჯიბეში ნაჭრის ჩადება? შეეძლო, მაგრამ რატომ? რისთვის? ჩემთან ერთად, წარმატების უდიდესი შანსი ჰქონდა, ახლა კი უშანსოდ მიდის და ეს ყველაზე კარგად თავად იცის“, - თქვა დაზარალებულმა.

ძალოვნებმა ამჯერად გოგონას მეწყვილე დააკავეს, რომელიც აყვანის დროს ისე დაფრთხა, მიხვდნენ, ათიანში მოარტყეს. ამიტომ, ცერემონიების გარეშე, ჯერ ლურჯი ნაჭერი დაუდეს წინ, მერე - ექსპერტის დასკვნა, ნაჭერზე შენი კანის ნაწილაკებიც არის და აღიარებით ჩვენებას თუ არ მოგვცემ, სერიოზულ სასჯელს ვერ გადაურჩებიო.

„მეორე გოგონას, რომელიც კარგად ვერ ცეკვავს, გავლენიანი ბიძა ჰყავს. სწორედ იმ ბიძამ მითხრა, რაც იქ უნდა მოიგო, იმ თანხის ხუთმაგ ოდენობას მოგცემ, ოღონდ ისე გააკეთე, რომ შეჯიბრზე ჩემი ძმის შვილი წავიდესო. უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე, იმ ტურნირს ან მოვიგებდით, ან - ვერა, ფული კი, ძალიან მჭირდება, დედა მყავს ავად“, - განაცხადა დაკავებულმა.

დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო - სამართალდამცავებმა ბიძაც დააკავეს და... დაზარალებულის კატეგორიული მთხოვნის შემდეგ, ორივეს მხოლოდ პირობითი სასჯელი აკმარეს. გოგონა ცეკვას შეეშვა, მაგრამ მასწავლებლობა დაიწყო და ამ საქმეს დღემდე წარმატებულად აგრძელებს.

 

 

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე