9 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან - მძიმე ღამის დეტალები

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

13 ივნისის ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა. 2015 წლის 12 ივნისს ძლიერი წვიმა დაიწყო, მდინარე ვერე ადიდდა. 13 ივნისის ღამეს მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დღემდე დაკარგულია. სტიქიის დროს დაზარალდა 200-ზე მეტი ოჯახი.

სტიქიას ასეულობით ცხოველი ემსხვერპლა, განადგურდა ზოოპარკის ინფრასტრუქტურა, ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად ცხოველების ნაწილი ზოოპარკიდან გაიქცა. 

განადგურდა საცხოვრებელი სახლები, ხიდები, დაიტბორა გზები, გვირაბები. დაზიანდა ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი: კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის მონაკვეთი, თამარაშვილი-გმირთა მოედნის ტერიტორია და მზიური. 

ხეობაში მოვარდნილმა წყალმა მობინადრეებთან ერთად წაიღო სახლებიც. სამაშველო ოპერაციისას ერთი მაშველი, ზურაბ მუზაშვილი ადგილზე დაიღუპა. ცნობილი ხდება, რომ საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ, ტრაგედიის ღამეს, მან 7 ადამიანი გადაარჩინა.

სტიქია რამდენიმე ლოკაციაზე მძვინვარებდა. დედაქალაქის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა,  კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს. ბეგი ვეტერინარებმა დააძინეს და ისე გადაიყვანეს ვოილერში.  

ქალაქში გასული ცხოველებიდან ერთი ვეფხვი, "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე, დახურულ საწყობში იყო დამალული. სტიქიიდან მე-4 დღეს, ვეფხვი თავს დაესხა მოქალაქეს, რომელიც  ლაგუნა ვერეს სარდაფში შევიდა. ცხოველი სამწუხაროდ მოკლეს.  

წყალმა მთლიანად დაფარა ზოოპარკი. მოვარდნილ ღვარცოფს მისი სამი თანამშრომლი ემსხვერპლა. 

13 ივნისის ტრაგიკული მოვლენები დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა. ამის შემდეგ, მდინარემ გვირაბის გარღვევა შეძლო და მტკვარს შეუერთდა. 

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში  ათასობით ახალგაზრდა ჩაერთო.  მოხალისეებმა დატბორილი ტერიტორიების გაწმენდა დაიწყეს. 

მოხალისეთა ნაწილი სტიქიის ზონაში ფიზიკურად შრომობდა, მეორე ნაწილი კი მათ საკვებითა და წყლით ამარაგებდა. მათ რიგებს შეუერთდნენ სასულიერო პირები, პოლიტიკოსები, ჯარისკაცები, სპორტსმენები, სტუდენტები და ხელოვანები.

13 ივნისს გარდაცვლილები:

  1. ნუგზარ ბუაძე;
  2. დავით გაბიტაშვილი;
  3. ჟანა ეგიაზაროვა;
  4. ნანა ფილიშვილი;
  5. ელზა ზარანდია;
  6. ინდირა ზარანდია;
  7. გურამ პეტრიაშვილი;
  8. მარიამ ქუთელია;
  9. ნინა შუტკოვა;
  10. ივლიტა ჯიბუტი;
  11. ნატა ნინაშვილი;
  12. სულიკო ნოზაძე;
  13. ზურაბ მუზაშვილი;
  14. კარპო ენუქიძე;
  15. ოთარ ცუხიშვილი;
  16. ელიზბარ ბაღაშვილი;
  17. გივი დვალი;
  18. ლიანა ეგიაზაროვა;
  19. სვეტრალა ეგიაზაროვა;
  20. მალხაზ ჭიტაძე;
  21. გულიკო ჭიტაძე.

13 ივნისს დაკარგულები:

  1. სერგო კაპანაძე;
  2. ბექა ბუთურიშვილი.

13 ივნისს ერთმანეთს 9 გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენა დაემთხვა.  მეწყერი, ღვარცოფი, უხვი ნალექი და წყალმოვარდნა. საერთო ჯამში, თბილისს 100-მილიონიანი ზარალი მიადგა.