"ეს მატჩი ფინალის სტატუსს იმსახურებს" - მწვრთნელების შეფასება

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა თურქეთთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩი შეაფასა.

„შეუძლებელია, წაგებით კმაყოფილი და გახარებული ვიყო, მაგრამ ჩვენ დღეს არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით, ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ და ჩემი გუნდით და ნაჩვენები თამაშით ვამაყობ. ბედნიერი ვარ, რა ფეხბურთიც ვითამაშეთ.

ევროპის ჩემპიონატზე თამაში დიდი გამოცდილებაა და განვითარებაში ეს მატჩები აუცილებლად დაგვეხმარება. ტურნირს ყველა ჩვენგანმა სხვა თვალით უნდა შევხედოთ – ესაა საქართველოსთვის ჯილდო, რომელიც მას განვითარებაში დაეხმარება.

ჯგუფიდან გასვლაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მთავარია, კარგი მატჩები ჩავატაროთ. დარწმუნებული ვარ, შაბათსაც ასეთსავე ფეხბურთს ვაჩვენებთ. რაც შეეხება მიქაუტაძეს, მან ისტორიული გოლი გაიტანა და მისი წარმატება მიხარია.

მოსაგებად ალბათ მაინც გამოცდილება დაგვაკლდა. მჯერა, რომ საქართველო მსგავს შეხვედრას მომავალში აღარ წააგებს, ჩვენ ეს მარცხი გამოცდილებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ფეხბურთელებზე მხოლოდ დადებითად შემიძლია ვილაპარაკო. ახლა უკვე შაბათს ჩეხეთთან გასამართ მატჩზე ვფიქრობთ.

ჩვენ ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონზე ვითამაშეთ, ძალიან მაგარი ატმოსფერო იყო. ეს გარემო ჯერ კიდევ „ბაიერნში“ თამაშის დროიდან მახსოვს. მინდა, აღვნიშნო, რომ თამაშის წინ, საქართველოს ჰიმნის დროს თურქი ქომაგები უსტვენდნენ და ეს ნამდვილად არ იყო მოსაწონი საქციელი“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

ევრო 2024-ზე თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამაც შეაფასა.

„ეს იყო მატჩი, რომელიც ფინალის სტატუსს იმსახურებდა. თურქეთის ნაკრების გამარჯვებაში გულშემატკივრებმა დიდი წვლილი შეიტანეს და ეს გამარჯვება მათ ეკუთვნით. 18 ივნისს 50 წლის გავხდი, ასე რომ, დაბადების დღეზე უკეთეს საჩუქარს ვერც ვინატრებდი.

საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდია, იციან თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები და შესაბამისად თამაშობენ. ამ გუნდმა დაამტკიცა, რომ ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოხვედრილა.

ბოლო სამ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპს ვერ გავცდით, პირველი შემთხვევაა, როცა თურქეთის ნაკრებმა სასტარტო მატჩი მოიგო. წინა ევროზე ქულაც კი ვერ მოვიპოვეთ. ახლა კი მიზნად პლეი ოფში გასვლას ვისახავთ“.