რა აჯობებდა და რა ხდება - ოპოზიციის განლაგება და კვლევის შედეგები

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ოთხის ნაცვლად სამი პარტია - არ გამართლდა მოლოდინი, რომ საერთო ოპოზიციურ ცენტრს ჩამოაყალიბებდნენ პარტიები: „ლელო“, „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“. ახალ ერთობაში არ არის „ლელო“.

ვერ ხერხდება იმ ოპოზიციური ცენტრების ჩამოყალიბება, რომლთა ჯამსაც, ბოლო კვლევის თანახმად, ყველაზე მეტი მანდატის მიღება შეეძლო.

საარჩევნო ცენტრებზე ხანგრძლივი მსჯელობის პარალელურად, ცესკოში რეგისტრაცია დაიწყო - ფორმალური პროცედურები გაიარა 6-მა პარტიამ.

"ლელოს" გარეშე
„ჩვენ დღეს ვერთიანდებით იმიტომ, რომ გავუშვათ სახლში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, მოვაშოროთ საქართველოს რუსული გავლენები და საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ხოლო ქართველებმა იცხოვრონ უსაფრთხო და ბედნიერ გარემოში“, - განაცხადა 9 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ და ვიდრე შეკითხვას დაუსვამდნენ, პასუხი წინასწარ გასცა ყველასათვის საინტერესო შეკითხვას - რატომ არ არის „ლელო“?

ლელო ჩვენ მიგვაჩნია ძალიან მყარ და მნიშვნელოვან პარტნიორად. მცირე განსხვავებები იყო ჩვენს ხედვებს შორის და ამიტომ ამ წუთში შეთანხმება ვერ მოხერხდა. თუმცა თავისთავად ცხადია, არ იკეტება ამით პროცესი და, ბუნებრივია, ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება და არა მხოლოდ ლელოსთან, რადგან დრო საკმარისი ჯერ კიდევ არის“, - თქვა ნიკა გვარამიამ, თუმცა ოდნავ მოგვიანებით, „მთავარი არხის" ეთერში განაცხადა, რომ - „ლელოსთან მოლაპარაკებები ამ ეტაპზე აღარ მიმდინარეობს“.

„ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ - პოლიტიკური ერთობა ჯერ საერთო სახელზე შეთანხმებული არ არის.

თუმცა უკვე გადაწყვეტილია ზოგიერთი დეტალი:

-ეს ოპოზიციური ცენტრი არჩევნებზე გავა ნომრით - 4, რომელიც ამ ეტაპზე „ახლის“ საარჩევნო ნომერია.
-პრეზიდენტის „ქართული ქარტიის“ შესაბამისად, გაერთიანება ემხრობა ვერსიას, რომ - მომავალი პრემიერ-მინისტრი არ მიეკუთვნებოდეს არცერთ პოლიტიკურ პარტიას.

„ლელოში“ შეუთანხმებლობის კონკრეტულ მიზეზებს არ ასახელებენ და საზოგადოებისთვის „რეალური სიახლის შეთავაზების“ აუცილებლობაზე ლაპარაკობენ.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იყოს რეალურად ახალი პოლიტიკური პლატფორმა, შეთავაზება და ამასთან დაკავშირებით გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა და დაამატა, რომ „ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას სჭირდება იმ ორპოლუსიანი პოლიტიკური ველის დარღვევა, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა“.

მაგრამ წერტილი ჯერ არ დასმულა და „ლელოს“ წარმოდგენითაც, მოლაპარაკებების გაგრძელების შესაძლებლობა არსებობს. გულისხმობენ კონსულტაციებს არა მხოლოდ 9 ივლისს გამოცხადებულ ერთობასთან, არამედ უფრო ფართოდ - "სხვადასხვა ჯგუფებთან, საზოგადოებრივად აქტიურ მოქალაქეებთან და პარტიებთან".

ვიდრე "ლელოს" საკითხი გაირკვეოდა, 8 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ამ ახალ გაერთიანებაში არ იქნებოდა „ევროპული საქართველო“, რომელიც ამ ეტაპზე უკვე ძლიერი ოპოზიციური ერთობის შექმნას უჭერს მხარს და თავს სწორედ - „ლელოსა“ და „ახლის“ გვერდით ხედავდა, მაგრამ, როგორც პარტიაში აცხადებენ, შესაძლო პარტნიორები მათთან კომუნიკაციით არ დაინტერესდნენ.

„ევროპულმა საქართველომ“, 8 ივლისს, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) კვლევიდან (ჩატარდა ივნისში) პოლიტიკური რეიტინგების ნაწილი გამოაქვეყნა, რასაც ოპოზიციური პარტიები არ ასაჯაროებდნენ.

ამ კვლევაში გაზომილია, თუ რამდენად უჭერს მხარს ამომრჩეველი ოპოზიციური პარტიების ამა თუ იმ სახის კონფიგურაციას.

ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით
ISSA-ს კვლევის თანახმად, ოპოზიციური პარტიების ყულაბაში, ჯამში, ყველაზე მაღალ მაჩვენებელს [42%-ზე მეტს] აგროვებს ოპოზიციური ცენტრების კონფიგურაცია, რომელიც რესპონდენტებისთვის შეთავაზებულ ერთ-ერთ პირობით ბიულეტენშია ასახული.

ამ კონფიგურაციაში:

-22.3%-ს აგროვებს ოპოზიციური ცენტრი შემდეგი პარტიების შემადგენლობით: „ახალი“, „ლელო“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“/ „დროა“ და „ევროპული საქართველო“. თბილისში ამ გაერთიანების მაჩვენებელი - 31.8%-ს შეადგენს
-11.8% - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“/ „სტრატეგია აღმაშენებელი“;
-8.4% - „გახარია საქართველოსთვის“, „ხალხისთვის“ და „მოქალაქეები“.
ამავე პირობითი ბიულეტენით, „ქართული ოცნება“/“ხალხის ძალის“ მაჩვენებელი – 30.5%-ია; თბილისში - 23.2%.

ISSA-ს კვლევით, პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლების 80%-ზე მეტი ოპოზიციური ძალების რაღაც ტიპის გაერთიანებას ემხრობა. გადაუწყვეტელი და ნიჰილისტი ამომრჩევლების მაჩვენებელი 25%-ზე მეტია. აქედან დაახლოებით 16% თვლის, რომ „ხელისუფლება უნდა შეიცვალოს“.

-კვლევის თანახმად, ცალ-ცალკე გასვლის შემთხვევაში [შინაარსობრივი ალოკაციით] - 5%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა აქვთ შემდეგ პარტიებს: „ნაციონალური მოძრაობა“/“სტრატეგია აღმაშენებელი“ , „ახალი“, „ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“/“დროა“. 5%-იანი ბარიერის გადალახვასთან ახლოს დგას „ევროპული საქართველო“.
-ცალკე გასვლის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“/“სტრატეგია აღმაშენებლის“ რეიტინგი ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიაზე მაღალია.
-პროდასავლური ოპოზიციური პარტიების რეიტინგების ჯამი „ქართულ ოცნებაზე“ მაღალია.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“, 8 ივლისს, ახალი პლატფორმა - "ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" დააფუძნეს, რომელიც არჩევნებზე 5 ნომრით გავა. ამ ცენტრს შეუერთდა არაერთი ფიზიკური პირი, რომელთა ნაწილი, წარსულში თუ ამჟამად - უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“.

„ნაციონალურ მოძრაობას“ კვლავ იმედი აქვს, რომ არჩევნებამდე ოპოზიციური ფლანგი ძალების უფრო ფართო გაერთიანებას შეძლებს. ეს პარტია ოპოზიციური პარტიების სრულად გაერთიანების მომხრე იყო, თუმცა ამ იდეამ ვერ გაიმარჯვა.

პირი არ უჩანს კიდევ ერთი სავარაუდო ცენტრის - „გახარია საქართველოსთვის“, „ხალხისთვის“ და „მოქალაქეები“ - ჩამოყალიბებას. „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ არჩევნებში ცალკე აპირებს მონაწილეობას.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბაზაში ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია უკვე დარეგისტრირებულია 2024 წლის არჩევნებისთვის.

კიდევ ვინ ემზადება არჩევნებისთვის?
საარჩევნო ცენტრებზე მსჯელობის პარალელურად, ცესკოში პარტიების რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს.

არჩევნებში მონაწილეობას აპირებს ეკა ბესელიას პარტია „სამართლიანობისთვის“ და როგორც პოლიტიკოსი რადიო თავისუფლებას ეუბნება - ამ ეტაპზე რეგისტრაციის პროცესშია.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი დეპუტატი განმარტავს, რომ მხარს უჭერს გაერთიანებების იდეას და მოლაპარაკებებსაც აწარმოებს, თუმცა აქვს წითელი ხაზები - ვერასოდეს დადგება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

ეკა ბესელია პოლიტიკურ მომავალს უფრო „ქართული ოცნების“ ყოფილ წარმომადგენლებთან და სამოქალაქო სექტორის ჯგუფებთან ერთად ხედავს.

მისი თქმით, პარტიის რეგისტრაცია იმიტომ წამოიწყო, რომ პროცესი დროს მოითხოვს და თადარიგის წინასწარ დაჭერაა საჭირო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, ამ ეტაპზე, რეგისტრაცია გაიარა ექვსმა პარტიამ.
ამ სიაშია პარტიები: „გახარია საქართველოსთვის“ და „ლეიბორისტული პარტია“. ორივე ეს პარტია თავიდანვე აცხადებდა, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად იყრიან კენჭს.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ამ ეტაპზე, ცესკოში რეგისტრირებულია კიდევ 4 პარტია:

„საქართველო“
„მესამე გზა“
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“
„საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“
2021 წლის არჩევნებზე - თბილისის მერის პოსტზე - „ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ მერობის კანდიდატი - არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ იყო.

ხალხისთვის ძირითადად უცნობი, პატარა პარტიების სიჭარბეს ექსპერტები თავიდანვე მოელოდნენ - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კანონში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" - გაჩნდა ჩანაწერი დაბალპროცენტიანი პარტიებისთვის ყოველწლიური დაფინანსების შესახებ.

კანონის თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, წელიწადში 300 ათასი ლარი ბიუჯეტიდან გარანტირებული ექნება ნებისმიერ პარტიას, რომელიც, სულ ცოტა, 20 ათას მხარდამჭერს მოაგროვებს.

"მოქალაქეების" ლიდერს - ალეკო ელისაშვილს ჰქონდა ინიციატივა, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას წინასწარვე ეთქვა უარი ამ დაფინანსებაზე - ცალ-ცალკე გასვლის ცდუნებების აღმოსაფხვრელად. თუმცა ეს შეთანხმება არ შედგა.

ამ ცდუნებას ამომრჩეველთა ხმების დაკარგვის საფრთხე ახლავს. სრულად პროპორციული არჩევნების პირობებში, იმ პარტიებისთვის მიცემულ ხმებს, რომლებმაც 5% ბარიერი ვერ გადალახეს, ბარიერგადალახული პარტიები გაინაწილებენ და ყველაზე მეტი პირველ ადგილზე გასულ პარტიას შეხვდება.

პარტიებს რეგისტრაციისთვის დრო ჯერ კიდევ აქვთ, მაგრამ - არა ბევრი. საარჩევნო კოდექსზე დაყრდნობით:

-პარტიებმა, რომლებსაც თავიანთი წარმომადგენლები ჰყავთ 2020 წლის არჩევნების შედეგად დაკომპლექტებულ პარლამენტში - ცესკოს რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა - რაც აგვისტოს ბოლოს უწევს.
-ხოლო სხვებმა 15 ივლისამდე უნდა მიმართონ ცესკოს - მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მისაღებად; ხოლო 1 აგვისტომდე - 25 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერები უნდა მიიტანონ.

წყარო: რადიო თავისუფლება