თამარაშვილის გამზირისა და ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე მოძრაობა 3 თვით შეიზღუდება

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსების მოწყობა იწყება, რის გამოც, 15 ივნისის 00:00 საათიდან, სამი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში მოძრაობა სრულად აიკრძალება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთაზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის გამზირამდე, ორივე მიმართულებით. ტერიტორიაზე გადაადგილება შეეძლება მხოლოდ ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას და ამავე ქუჩაზე მოძრავ N464 მიკროავტობუსს. ასევე, ჩაკეტილ მონაკვეთზე გადაადგილდებიან საჯარიმო სადგომზე და სასწრაფო დახმარების ობიექტამდე მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები.

შეზღუდვის პერიოდში თამარაშვილის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ ჩოლოყაშვილის გზატკეცილისა და არსებული გვირაბის გამოყენებით. საპირისპირო მიმართულებით, გმირთა მოედნის მხრიდან თამარაშვილის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ იმავე მარშრუტით – გვირაბისა და ჩოლოყაშვილის გზატკეცილის გამოყენებით.

თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.