როგორ უღალატა დაქალმა დაქალს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პროვინციულ სალონში მომხდარი სასიყვარულო დრამა

თმის შეჭრა - პროცედურა, რომელსაც ყველა მიმართავს (ბოლომდე გამელოტებული კაცების გარდა) და შესაბამისად, ყველა ცდილობს, რომ თავისი სტილისტი ჰყავდეს, რომელსაც ყოველ მისვლაზე არ აუხსნის, რა და როგორ უნდა... ამიტომ, სტილისტებს მუდმივი კლიენტები ჰყაავთ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ საქმეს კარგად ასრულებენ, თორემ დამწყებებს ბაზარზე შესვლა და დამკვიდრება უჭირთ, რადგან კონკურენცია დიდია და სანამ ვინმეს დააჯერებ, რომ თმის შეჭრა მაღალ დონეზე შეგიძლია, დრო გადის. ჰო, თმას განსაკუთრებით ქალები უვლიან და ამიტომაც, სილამაზის სალონებს ისინი უფრო ხშირად სტუმრობენ...

 

ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, არც თუ დიდი ხნის წინ მოხდა. თბილისთან ახლოს, ერთ, არაფრით გამორჩეულ სალონში ორი გოგონა მუშაობდა, ორივეს თავისი კლიენტი ჰყავდა და რაც მთავარია, ისინი ერთმანეთის კონკურენტები არ იყვნენ - ერთს თმის შეჭრა ეხერხებოდა საოცრად, მეორე კი თმას ღებავდა, ვარცხნიდა, ასწორებდა, ახვევდა და მუშტარი არცერთს არ აკლდა. საქმე კარგად მიდიოდა, გოგონები ნაქირავებ ფართს უვლიდნენ, მეპატრონეს ფულს დროულად უხდიდნენ და იმაზე მსჯელობდნენ, ეგებ, სადმე ჩვენი ფართი ავიღოთ, ქირის ფული ბანკში გადავიხადოთ, კრედიტი გამოვიტანოთ და ბოლოს ფართი შეგვრჩებაო. ჰოდა, ამ მსჯელობაში რომ იყვნენ, მოხდა რაღაც, რამაც მათი გეგმები თავდაყირა დააყენა. ის გოგო, რომელიც მხოლოდ თმის შეჭრაზე მუშაობდა, სალონში მარტო იმყოფებოდა, მეორე ორი დღით მშობლებთან, სოფელში იყო წასული. ამ დროს, სალონში ახალგაზრდა ქალი შევიდა, მაგიდიდან მაკრატელი აიღო, გოგონას მიუახლოვა, მთელი ძალით მოიქნია მაკრატელი და მკლავში ჩაარჭო, გასვლისას კი გოგოს მიაძახა, ახლა გეცოდინება, რომ სხვისი ქმრების ლოგინში არ უნდა იკოტრიალოო. გოგონამ სასწრაფო და პოლიცია ერთად გამოიძახა.

„მე საქმრო მყავს, მაგრამ გადაჭრით შემიძლია იმის თქმა, რომ ის უცოლოა. მის მშობლებს ვიცნობ, ის ჩემებს იცნობს და არა მგონია, იმ დონის უნამუსო იყოს, რომ ცოლი ჰყავდეს და მე არ მეუბნებოდეს. მით უმეტეს, ორ თვეში ქორწილსაც ვაპირებთ და თუ ცოლი ჰყავს, ხომ უნდა ხვდებოდეს, რომ ხელმოწერას ვერ მოვახერხებთ? რაც შეეხება ლოგინში კოტრიალს, ეგეც ტყუილია, ნებისმიერ ექიმთან შემამოწმეთ, მე მამაკაცთან ურთიერთობა არასდროს მქონია. კი, ჩემს საქმროს ვკოცნი, ვსეირნობთ, ერთმანეთს ვეხუტებით, მაგრამ ლოგინში კოტრიალი სხვა რამ არის და ქორწილამდე ჩემთვის ეს ყველაფერი წარმოუდგენელია. ის ქალი პირველად ვნახე, არ ვიცი, ვინ არის და რა უნდოდა“, - განაცხადა დაზარალებულმა.

პოლიციის სამწუხაროდ, სილამაზის სალონი ვიდეოთვალით არ იყო აღჭუღვილი და შესაბამისად, თავდამსხმელის იდენტიფიცირება მარტივი არ იქნებოდა, მაგრამ ძიება მაინც დაიწყო და ძალოვნებს იმედი ჰქონდათ, რომ სატელეფონო ანტენებით მოახერხებდნენ თავდამსხმელის პოვნას. არც ამან გაამართლა - ისე ჩანდა, რომ თავდამსხმელი სალონში მობილურის გარეშე იყო მისული ანუ ყველაფერი გათვლილი ჰქონდა.

მესამე დღეს, გოგონამ პოლიციაში ისევ დარეკა და განაცხადა, რომ დილით, სახლიდან გამოსულს, ავტომობილის საბურავი გაჭრილი ხვდება. პირველ ჯერზე, ამას ყურადღება არ მიაქცია, მეორედაც რომ იგივე მოხდა, უკვე პოლიცია ჩააყენა საქმის კურსში. სამართალდამცავებს ბევრი არ უფიქრიათ, იმავე საღამოს ჩასაფრება მოაწყვეს და ღამის 2 საათზე, როცა საბურავის გასაჭრელად მამაკაცის სილუეტი დაიხარა, მოქმედება დაიწყეს. კაცი ადგილზე მარტივად დააკავეს და ის გოგონას მეზობელი აღმოჩნდა, რომელიც თურმე ჯიუტად ამტკიცებდა, ის ადგილი, სადაც ეს გოგო აყენებს მანქანას, ჩემი უნდა იყოს და სანამ არ მოაშორებს, საბურავებს დავუჭრიო. ყოველ შემთხვევაში, გეგმა ასეთი იყო, მაგრამ არაფერი გამოვიდა, რადგან მან სამართალდამცავებისგან უმკაცრესი გაფრთხილება მიიღო, კიდევ ერთი ასეთი ფაქტი და ციხე არ აგცდებაო. სამაგიეროდ, იმ კაცს საერთო არაფერი ჰქონდა სალონში მომხდარ თავდასხმასთან.

სანამ გამოძიება ქალის ძებნით იყო დაკავებული, გოგონა ისევ მათთან მივიდა და განაცხადა, რომ საქმრო დაშორდა, ნიშნობის ბეჭედი უკან წაიღო და მიზეზად ის დაასახელა, თურმე, მას ცოლიან მამაკაცთან ჰქონდა რომანი და ამის შესახებ საქმროს უმალავდა. ბიჭი დაბეჯითებით ამბობდა, რომ უტყუარი ინფორმაცია ჰქონდა და უეჭველად იცოდა სიმართლე, თუმცა წუხდა, აქამდე თავად რომ ვერ მიხვდა, სინამდვილეში ვისთან ჰქონდა საქმე. რაღა თქმა უნდა, სამართალდამცავებმა მისი დაკითხვა გადაწყვიტეს და მართალია, თავიდან ბიჭი ჯიუტობდა, ჩემს წყაროს ვერ გავცემო, მაგრამ მერე გამოტყდა, რომ არანაირი წყარო არ ჰქონია, რომ დილით, ვიღაცამ მანქანის საქარე მინასთან დაახვედრა წერილი, სადაც ეწერა, რომ მას საცოლე დაოჯახებულ კაცთან ღალატობდა, რომ ამის გამო, მისმა ცოლმა დაჭრა, რომ ხელში მაკრატელი ჩაარტყა. ესეც ადგილზე მივიდა, საცოლის შეხვეული ხელი დაინახა, ჰკითხა, რა მოგივიდაო და...

„არ მინდოდა, რომ ენერვიულა და ამიტომ, ვუთხარი, თითქოს მავთულის ღობეს გავედე ცუდად და გამეკაწრა. ამან კიდევ, ყვირილი ატეხა, მიმალავ, სინამდვილეში, შენი საყვარლის ცოლმა დაგჭრაო და რა უნდა მეთქვა, ნიშნობის ბეჭედი წამაძრო თითიდან და გაიქცა“, - უთხრა სამართალდამცავებს გოგონამ. საქმროს არაფრის გაგონება აღარ სურდა, ის ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ გააცურეს და ცოლად მოჰყავდა ქალი, რომელიც საყვარლებს ხელთათმანებივით იცვლიდა. ამიტომ, დამნაშავის პოვნა აუცილებელი იყო, სიმართლე რომ გაერკვიათ, რადგან გამომძიებლებს სჯეროდათ, რომ გოგო არ იტყუებოდა და სჯეროდათ იმის, რომ ის ქალიშვილი იყო, რადგან დაბეჯითებით იმეორებდა, ნებისმიერ ექსპერტთან და ექიმთან წამიყვანეთო.

საინტერესო ის გახლდათ, რომ გამოძიებას (მათდა სამწუხაროდ), თავში არ მოსვლია, გოგონას მეგობარი დაეკითხათ, ის, რომელიც თმების შეღებვისა და ვარცხნილობის გაკეთების სპეციალისტი იყო. ხომ არსებობდა იმის შესაძლებლობა, რომ თავდამსხმელს გოგონები არეოდა და სინამდვილეში, სწორედ იმ მეორესთან ყოფილიყო მისული, ხელში კი სულ სხვა შერჩა. გოგონამ მხრები აიჩეჩა, რა საყვარელი და ცოლიანი კაცი, ერთი სული მაქვს, იმდენი თანხა შევაგროვო, მშობლებს სოფელში სახლი გადავუხურო, რომ არ აწვიმდეთ და ათოვდეთ, ამიტომ, ლამის 24-საათიან რეჟიმზე ვარ გადასული, კლიენტებს სახლებშიც კი ვაკითხავ და იქ ვღებავ, როცა მოსვლას ვერ ახერხებენ და ხანდახან ღამის თენებაც კი მიწევსო. ამის მიუხედავად, სამართალდამცავებს გოგონას ნაამბობში რაღაც არ მოეწონათ, თითქოს ის ზედმეტად ნერვიულობდა, თითქოს რაღაცას მალავდა, ამიტომ მასზე თვალთვალი დააწესეს. იმავე საღამოს, ის სკვერში ვიღაც კაცს შეხვდა, კარგა ხანს ეკამათა, შემდეგ კი, შინ წავიდა. ორი ოპერმუშაკიდან, ერთი კაცს გაჰყვა, მეორე - გოგონას. მამაკაცი შინ წავიდა და ცოტა ხანში, ძალოვნებმა მისი ვინაობა იცოდნენ. მას ცოლ-შვილი ჰყავდა და ცოლის ფოტოს მოპოვება პრობლემას არ წარმოადგენდა.

„ღმერთო ჩემო, ეს არის, სწორედ ეს“, - სულმოუთქმელად თქვა დაზარალებულმა გოგომ, თვალბზე ხელი აიფარა და ატირდა, ახლა მაინც ხომ გაირკვევა სიმართლე, ბოლოს და ბოლოს, მაგის ქმარი დამაპირისპირეთ, წესით, არც უნდა ვიცნობდეო, მაგრამ როგორც კი ქმრის ფოტო აჩვენეს, თავი დაიქნია, ჩვენი კლიენტია, უფრო სწორედ ჩემი, რადგან მხოლოდ თმას იკრეჭს, აბა, ხომ არ შეიღებავსო და... ისიც თქვა, მეეჭვება, ჩემს მეგობარს იცნობდეს, ერთმანეთს არც კი ელაპარაკებიანო. ახლა საინტერესო ის იყო, რას იტყოდა თავდამსხმელი ქალი და ის განყოფილებაში უცერემონიოდ მიიყვანეს. მერე რა, რომ მთელი გზა ბოლო ხმაზე ყვიროდა, იმ ბოზის გამო არ დამიჭიროთ, ინანებთო.

„დიახ, მე დავარტყი მაკრატელი ქალს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქმარი წამართვას. ის, რომ ჩემი ქმარი მასთან დადის, მისმა მეგობარმა მითხრა. უფრო სწორედ, მე მითხრეს, რომ ჩემს ქმარს იმ სალონში საყვარელი ჰყავდა, არ ვიცოდი, რომელი გოგო იყო, ამიტომ როცა ერთ-ერთი დარჩა, შევედი და პირდაპირ ვკითხე, ჩემს ქმართან შენ კოტრიალობ-მეთქი? იმან თავი დახარა და მიპასუხა, თქვენი მესმის, სულ ვეუბნები ჩემს დაქალს, რომ არასწორი საქციელია, მაგრამ არ მიჯერებსო. მერე, ის დაქალი ვნახე და კი მიიღო საკადრისი“, - განაცხადა დაკავებულმა.

სამართალდამცავებისთვის ყველაფერი ნათელი გახდა. დაქალმა დაქალი გაიმეტა, თავად რომ გადარჩენილიყო, მაგრამ მერე, დაკითხვაზე თქვა, რას ვიფიქრებდი, თუ მაკრატლით დაჭრიდაო. ამ ისტორიაში, ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ დაზარალებული საქმროს აღარ შეურიგდა, მართალი ვიყავი და არ დამიჯერე, ასეთი ქმარი კიდევ მე არ მჭირდებაო.

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე