115 ახალი სტატია

როგორ გაიფლანგა ტურიზმის განვითარებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხები

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყველა დარღვევა, რომელიც სახელმწიფო აუდიტორებმა აჭარის ტურიზმისა და კურორტების მართვის დეპარტამენტში გამოავლინეს

 

ტურიზმის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა. მეტიც, საერთაშორისო ტენდენციების მიხედვით, ტურიზმი ჩამოყალიბდა, როგორც ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი დარგი, რომელიც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას უწყობს ხელს. ალბათ, გაინტერესებთ, როგორ ვითარდება ტურიზმი აჭარაში - სწორედ ამ თემით დაინტერესდნენ სახელმწიფო აუდიტორები და მორიგი დასკვნაც გამოაქვეყნეს. აუდიტორულ ანგარიშში ასახულია, როგორც ტურიზმის მიმართულებით არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის ანალიზი, ასევე, მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ფარგლებში გაცემული სესხების მიზნობრიობაც. რა თქმა უნდა, სახელმწიფო აუდიტორებმა დარღვევები ამ მიმართულებითაც გამოავლინეს, თუმცა ვიდრე დარღვევებს განვიხილავთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ აჭარის რეგიონის განვითარების თვალსაზრისით, ტურიზმი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, ვიზიტორების ნაკადი და ტურიზმის სფეროდან მიღებული შემოსავლები კი ყოველწლიურად იზრდება. რაც მთავარია, მსოფლიოს მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს 2019 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველო მსოფლიოს იმ 15 ქვეყანას შორის დასახელდა, სადაც მოგზაურობისა და ტურიზმის მონაწილეობა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) 10%-ს აღემატება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის - „საქსტატის“ მონაცემებით, ტურიზმის წილი ქვეყნის მშპ-ში, 2014 წელს - 6.3%, ხოლო 2019 წელს - 8.1% იყო.

 

ახლა ვნახოთ, კონკრეტულად რა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა აჭარის რეგიონის ტურიზმის ინდუსტრიაში. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, 2017 წლიდან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში, ტურისტებისთვის, დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილების მშენებლობის სამუშაოების შესყიდვას ახორციელებს.

ამ სამუშაოების ადგილზე დათვალიერების შედეგად, სახელმწიფო აუდიტორებმა გამოავლინეს, რომ მიუხედავად საბიუჯეტო რესურსების ხარჯვისა (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან, ამ მიმართულებით, 2017-2019 წლებში, 3 853 800 ლარი გაიხარჯა), ინფრასტრუქტურული პროექტები ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ ფუნქციებს.

„ის ადგილები, რომლებიც დასრულებულია და ვიზიტორებს უნდა იღებდეს, მოუვლელი და მიტოვებულია. პროგრამის დაგეგმვისა და სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების დროს გამოვლენილი გარემოებები ადასტურებს, რომ სამინისტროს, როგორც პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში, ასევე, მიღებული პროდუქტის სათანადო მოვლა-პატრონობის მიმართულებით, პრობლემები აქვს, რაც საბოლოოდ, ამ პროგრამის განხორციელების შეფერხებასა და მოსალოდნელი სარგებლის ვერ მიღებას იწვევს“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას“ ახორციელებს. ამ პროგრამის ფარგლებში, 2014-2020 წლებში, 40-მა ბენეფიციარმა 2 811 300 ლარის მოცულობის სესხი მიიღო. სესხის მომსახურების თანადაფინანსებაზე, რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გადახდილია 610 600 ლარი, 2016-2019 წლებში - 460 600 ლარი.

„მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გაცემული სესხები, 2007-2013 წლებში, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან, კომერციული ბანკიდან ან/და კერძო გამსესხებლებისგან აღებული სესხების რეფინანსირებას წარმოადგენს. შედეგად გამოვლინდა, რომ პროგრამის დაგეგმვასა და ადმინისტრირებაში არსებული არაეფექტიანი მექანიზმების არსებობის გამო, ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსი მოხმარდა უფრო გადახდისუუნარობის რისკქვეშ მყოფი მოქალაქეების სესხის წნეხის შემცირებას, ვიდრე აჭარის რეგიონში, მცირე და საშუალო ტურისტული ობიექტების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ტურისტული მომსახურების გაუმჯობესებას“.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ამავე პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი ხელშეკრულებებით არ განისაზღვრა სათანადო კონტროლის მექანიზმები, რაც ბენეფიციართა ტურიზმის სექტორში საქმიანობის ვალდებულებას უზრუნველყოფდა. შესაბამისად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია, რამდენად დაეხმარა აღნიშნული თანადაფინანსების პროგრამა ბენეფიციარებს და რამდენად აგრძელებენ ისინი ტურისტულ სექტორში საქმიანობას.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ტურიზმისა და კურორტების სფეროს მართავს და ამ დარგის განვითარების ხელშეწყობის ერთიან პოლიტიკას ატარებს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო სტრუქტურა - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. ეს დეპარტამენტი სამ პროგრამას ახორციელებს: „ტურიზმისა და კურორტების სფეროს მართვა და დარგის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობა“, „აჭარის ტურისტული მარკეტინგი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე“ და „ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარება“.

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2016-2019 წლებში, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 30 276 800 ლარით დაფინანსდა. დეპარტამენტის მიერ გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვანი წილი - 19 953 400 ლარი დაიხარჯა პროგრამაზე - „აჭარის ტურისტული მარკეტინგი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე“.

ამ პროგრამის ფარგლებში, 2016-2019 წლებში, სხვადასხვა მარკეტინგული არხების საშუალებით, სარეკლამო კამპანიები განხორციელდა სამიზნე ქვეყნებში, კერძოდ,  აზერბაიჯანში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ბელარუსში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, ესტონეთში, თურქეთში, ისრაელში, ლატვიაში, ლიეტუვაში, პოლონეთში, რუსეთის ფედერაციაში, საუდის არაბეთში, სომხეთში, უკრაინასა და ყაზახეთში.

ამავე პროგრამის ფარგლებში, ოღონდ ამჯერად, შიდა ტურიზმის წახალისების მიზნით, სარეკლამო კამპანია საქართველოს მასშტაბით განხორციელდა. შესაბამისად, აჭარის სარეკლამო ვიდეო-რგოლი გავიდა საქართველოს კინოთეატრების დარბაზებსა და თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის ფასადის მონიტორზე. გარდა ამისა, აჭარის შესახებ, სარეკლამო-საინფორმაციო აუდიო-რეკლამა განთავსდა რადიო-სადგურებში, აქტიურად მიმდინარეობდა რეგიონის რეკლამირება Facebook-ის ინტერნეტ პლატფორმაზე. მეტიც, განხორციელდა შიდა ტურები ქართველი ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის.

2016-2019 წლებში, ტურიზმის მზარდ სტატისტიკაზე არსებითი გავლენა მოახდინა ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ - COVID-19, თუმცა უარყოფითად იმოქმედა 2019 წლის ივლისში, რუსეთის ფედერაციის მიერ, ცალმხრივად შეწყვეტილმა პირდაპირმა საჰაერო მიმოსვლამაც. მიუხედავად იმისა, რომ 2016-2019 წლებში, მარკეტინგულ აქტივობებში, 676 564 ლარი დაიხარჯა, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან; 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა შემცირდა პოლონეთიდან და გაერთიანებული სამეფოდანაც. გარდა ამისა, თითქმის იმავე მოცულობის ხარჯების პირობებში, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, აზერბაიჯანელი ვიზიტორების რაოდენობა 0.9%-ით გაიზარდა, ხოლო ლატვიიდან - 103%-ით“.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ამ ქვეყნებიდან, 2019 წელს, ვიზიტორების კლება-ზრდის მიზეზები, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს არ შეუსწავლია, რაც ამ პროგრამების მართვაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს.