სკანდალური ექსკლუზივი - რა აკავშირებს გოგი თოფაძესთან, რუსეთსა და ისრაელთან კოვიდის ქართული წამლის შემქმნელებს და რატომ აღარ იყიდება აფთიაქებში „მადლი ღვთისა“

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

„მადლი ვაზისა“ რამდენიმე დღეში გაიყიდება

 

რამდენიმე დღეში „მადლი ვაზისა“ გამოჩნდება, რომელიც ამჯერად, 50 ლარად გაიყიდება. ამის შესახებ „ვერსიას“ შპს „მადლი ღვთისას“ დამფუძნებელმა, ანზორ ჯაფარიძემ ექსკლუზიურად განუცხადა. „მადლი ვაზისა“ იგივეა, რაც „მადლი ღვთისა“. კორონავირუსის საწინააღმდეგო საკვები დანამატი რომ სამმა ქართველმა აკადემიკოსმა შექმნა, რომლებსაც მედიცინასთან კი არა, ქიმია-ბიოლოგიასთანაც კი არაფერი აკავშირებთ, საქართველოს გარდა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც შეიტყვეს - ქართულ მედიაში გავრცელებული სკანდალური ინფორმაცია რუსულმა სააგენტოებმა მაშინვე თარგმნეს და გაავრცელეს. მოკლედ, ატყდა დიდი მითქმა-მოთქმა და ბოლოს, საპატრიარქომ იდეის ავტორებს პრეპარატის სახელწოდების შეცვლა მოსთხოვა. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, აკადემიკოსებმა საკვები დანამატის - „მადლი ღვთისა“ სახელი შეცვალეს და 29 დეკემბერს ეს ცვლილება ნოტარიულადაც დაადასტურეს. სხვათა შორის, სახელის გარდა, აკადემიკოსები კიდევ ერთ დათმობაზე წავიდნენ - ანოტაციიდან ამოიღეს წინადადება, რომ ეს საკვები დანამატი კორონავირუსს ამარცხებს. ვიდრე ამ სიახლეს დეტალურად გაგაცნობთ, ჯერ ერთი კვირის წინანდელი სკანდალი გავიხსენოთ და გზა და გზა იმ ფაქტებსაც შემოგაშველებთ, რაც „ვერსიამ“ დამოუკიდებლად მოიძია, მოგვიანებით კი, ექსკლუზივის სახით, იდეის ავტორებმაც დაადასტურეს. 

 

სკანდალური „მადლი ღვთისა“

ამბავი ასე დაიწყო: ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი „მადლი ღვთისა“, ყველა წესისა და კანონის მოთხოვნის სრული დაცვით, „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში მოხვდა. სკანდალი არ აგორდებოდა, პროდუქტის ანოტაციაში რომ არ დაეწერათ, კორონავირუსისგან დაავადებულებს ოთხ დღეში კურნავსო. ინფორმაცია ამის შესახებ 21 დეკემბერს გავრცელდა, სამ დღეში კი, უკვე ეს პრეპარატი აფთიაქებში აღარ იყიდებოდა.

„შპს „მადლი ღვთისამ“ 2 064 კოლოფი ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი „ავერსში“ 11 დეკემბერს შეიტანა. „ავერსის“ ადმინისტრაციის მტკიცებით, მისი გაყიდვა არ დაწყებულა და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან „მადლი ღვთისა“ გაყიდვაში არ ჩაშვებულა - პროდუქტი ჯერ აფთიაქებშიც არ გადანაწილებულა“, - წერდნენ მედიასაშუალებებში.

ვნახოთ, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქტი, ამ შემთხვევაში, საკვები დანამატი, რათა ის სააფთიაქო ქსელში მოხვდეს. ამისთვის საჭიროა, რომ საკვებ დანამატს მწარმოებლის ხარისხის სერტიფიკატი, ასევე, დამოუკიდებელი ლაბორატორიის ხარისხის სერტიფიკატი ჰქონდეს, რომელიც საკვებ დანამატ „მადლი ღვთისას“ აქვს. მას შემდეგ, რაც „ავერსში“ ეს სერტიფიკატები წარადგინეს, პროდუქტი ბაზაში შეიტანეს.

სერტიფაკატების გარდა, პრეპარატი, რომელიც აფთიაქებში იყიდება, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ოფიციალურად რეგისტრირებული უნდა იყოს. ირკვევა, რომ „მადლი ღვთისა“ სააგენტოს არ დაურეგისტრირებია, მაგრამ რეალურად, ეს პროცედურა სულაც არაა საჭირო და აგიხსნით, რატომ: წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატისთვის რეგისტრაცია ნებაყოფლობითია, რომელსაც დაინტერესებული პირი, საკუთარი ინიციატივით ახორციელებს. სწორედ ამ კანონის მიხედვით, „მადლი ღვთისას“ ავტორებს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში საკუთარი პრეპარატის რეგისტრაცია არ დასჭირვებიათ.

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, თავდაპირველად, „მადლი ღვთისას“ ანოტაციაში ეწერა, რომ ეს საკვები დანამატი კორონავირუსს ოთხ დღეში ამარცხებდა, რაც კანონდარღვევაა. მართალია, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონის მიხედვით, ბოლოგიურად აქტიურ საკვებ დანამატს ოფიციალური რეგისტრაცია არ სჭირდება, მაგრამ ზუსტად ამავე კანონით, „დაუშვებელია ფარმაცევტულ პროდუქტად დაურეგისტრირებელი, ასევე, ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით ნებაყოფლობით დაურეგისტრირებელი ბიოლოგიურად აქტიური დანამატის სარეკლამო ტექსტში, დაავადებების მითითება და მათი ფარმაცევტულ პროდუქტებად წარმოჩენა“.

არადა, „მადლი ღვთისას“ ანოტაციაში სამ ენაზე ეწერა, რომ საკვები დანამატი, რომელიც „დამზადებულია საქართველოს მადლიანი მიწა-წყლის, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოპოვებული, უნიკალური ჯიშისა და სახეობის მცენარეებისაგან და წარმოადგენს ვირუსული და ინფექციური ჯგუფის დაავადების, მათ შორის, ახალი კორონავირუსის - COVID-19-ის საწინააღმდეგო ძლიერმოქმედ საშუალებას, რომლის მიღებისას უმჯობესდება გუნება-განწყობა, ძლიერდება იმუნიტეტი და ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი“.

საკვებ დანამატს „მადლი ღვთისა“, ხარისხის სერტიფიკატი აკრედიტებულმა ლაბორატორიამ, შპს „გლობალ ტესტმა“ მიანიჭა, უფრო ზუსტად, „გლობალ ტესტის“ სამკურნალო საშუალებების საგამოცდო ლაბორატორიამ. „გლობალ ტესტი“ 2011 წელს დაფუძნდა. კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია ნუგზარ ქავთარაძე, ხოლო დირექტორია ნინო ჯინჯოლავა. მედიაში გავრცელდა „გობალ ტესტის“ წარმომადგენლის, ქეთი ბარამიძის კომენტარი. მისი თქმით, ლაბორატორიის გაცემული ხარისხის სერტიფიკატი ეხება ტაბლეტის ქიმიური შემადგენლობის შემოწმებას და არა იმას, რა დაავადებს კურნავს იგი:

„ეს არის ლაბორატორია, სადაც ტარდება მხოლოდ ქიმიური ანალიზები. მე ვარ ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ენა როგორ მომიბრუნდება და როგორ ვიტყვი, რომ ვაზის ყლორტების ექსტრაქტი, რომელსაც ეს ტაბლეტი შეიცავს, კოვიდს შველის. ხარისხის სერტიფიკატში მითითებულია მხოლოდ ის, თუ რა ზომის უნდა იყოს ტაბლეტი, რა ფერის, რამდენ ხანში უნდა დაიშალოს, შეიცავს თუ არა იმ ნივთიერებას, რასაც შეიცავს, სუფთაა თუ არა ტაბლეტი მიკრობიოლოგიურად. აი, ამას გულისხმობს სერტიფიკატი და მიწერია, რომ ლაბორატორიაში წარმოდგენილი ტაბლეტი შეესაბამება სტანდარტს. გიმეორებთ, სერტიფიკატში არ წერია, რის სამკურნალოდ შეიძლება მისი გამოყენება“.

„მადლი ღვთისა“ დამზადებულია ფარმაცევტულ კომპანია, შპს „დავათში“. ეს კომპანია 1996 წელს დაფუძნდა, რომლის დირექტორია ვახტანგ ჯებაშვილი, ხოლო დამფუძნებლები: ნინა მაისურაძე - 10%, თეიმურაზ ჯებაშვილი - 50%, თამაზ ჯებაშვილი - 30% და ერეკლე ჯებაშვილი - 10%. კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კომპანიაში მიიტანეს ხარისხის სერტიფიკატი, რომელიც ბაზარზე აკრედიტებულმა ლაბორატორიამ გასცა, მიაწოდეს ნედლეული და დაამზადეს საკვები დანამატი.

 

ვინ არიან „მადლი ღვთისას“ ავტორები

საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, შპს „მადლი ღვთისა“ 2020 წლის 23 ოქტომბერსაა რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორია გურამ კუპატაძე, ხოლო 100%-იანი წილი ასე ნაწილდება: შაქრო კვირკვია, რომელიც რუსეთის მოქალაქეა - 30%, გურამ კუპატაძე - 30% და ანზორ ჯაფარიძე - 40%. რეესტრის მონაცემების მიხედვით, ანზორ ჯაფარიძის სახელი ამ ერთადერთი კომპანიის გარდა, არსად ფიგურირებს, შაქრო კვირკვია პირადი ნომრის მითითებითაც კი არ იძებნება რეესტრში, ხოლო რაც შეეხება გურამ კუპატაძეს, მას რამდენიმე კომპანიაში აქვს წილი. კერძოდ, გურამ კუპატაძე „ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის საერთაშორისო კავშირი მადლის“, ასევე, „ადამიანთა უფლებების დაცვისა და დახმარების საერთაშორისო კავშირი ნდობას“ გამგეობის წევრი გახლდათ.

არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი - ააიპ „ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის საერთაშორისო კავშირი მადლი“ 2000 წლის 16 ივნისს შეიქმნა. კომპანიის ხელმძღვანელები არიან: გურამ კუპატაძე, შალვა წიწუაშვილი, მიხეილ ჩაჩუა, ტარიელ მუმლაძე და გელა ანდღულაძე.

საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, „ვერსიამ“ გაარკვია, რომ შპს „მადლი ღვთისას“ დამფუძნებლებიდან ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქეა, ხოლო მეორე - ქართულ-ებრაული მეგობრობის კავშირის ხელმძღვანელი. მოკლედ, რუსულ-ებრაული ინტერესი და გამოცდილება აშკარაა, რადგან მართალია, რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ფარმაცევტულ საქმიანობაში უდიდესი გამოცდილება აქვს, აღარაფერს ვამბობ ისრაელზე, რომელიც ამ მხრივ, მსოფლიო ლიდერია, თუმცა მთავარი ინტრიგა მაინც ისაა, რომ გურამ კუპატაძე 2012 წელს, გოგი თოფაძის პარტიის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ შემომწირველი გახლდათ.

კარგად დაუკვირდით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეა საუბარი, როდესაც ბიზნესიდან პოლიტიკურ ასპარეზზე ახლადშემოსულმა ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია „ქართული ოცნება“ შექმნა და მიხეილ სააკაშვილი, თავისი ნაციონალური მოძრაობით, პოლიტიკურ ტატამზე ორმაგი იპონით გაშხლართა. გოგი თოფაძე და მისი პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ იმ კოალიციას წარმოადგენდა, რომელიც ივანიშვილმა შექმნა.  

 

„ვერსიის“ სკანდალური ექსკლუზივი

თავდაპირველად, აკადემიკოს ანზორ ჯაფარიძეს დავუკავშირდი, რადგან კორონავირუსის საწინააღმდგეგო პრეპარატის შექმნის იდეა მას გაუჩნდა. ამის შემდეგ დაუკავშირდა თანამოაზრეებს და მასსავით აკადემიკოსებს - შაქრო კვირკვიასა და გურამ კუპატაძეს. აქვე განვმარტავ, რომ ანზორ ჯაფარიძისა და გურამ კუპატაძის ინტერვიუებს სტილის სრული დაცვით გთავაზობთ.

- ბატონო ანზორ, „მადლი ღვთისამდე“ პრეპარატი ან საკვები დანამატი თუ შეგიქმნიათ?

- არა, არავითარი, ეს იყო პირველი, რაც ღმერთის ნება გახლდათ. გაზაფხულზე, როდესაც კორონავირუსის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, მაშინ წარმოიშვა „მადლი ღვთისას“ შექმნის იდეა. ეს გახლავთ ოთხი კომპონენტისგან შემდგარი პრეპარატი. თავიდანვე ვიცოდით, რომ სამედიცინო წრეებში არ მიიღებდნენ და ასეთი აჟიოტაჟი ატყდებოდა, ამიტომ თავდაპირველად, ეს პრეპარატი ჩვენი ოჯახის წევრებმა, ჩვენმა ახლობლებმა - დაახლოებით, 400-მდე ადამიანმა მიიღო და გამოსცადა. ამ ადამიანებს უკვე დადასტურებული ჰქონდათ კორონავირუსი და ამ პრეპარატს პროფილაქტიკის, პრევენციის მიზნით იღებდნენ, რომლებიც სამ-ოთხ დღეში გამოჯანმრთელდნენ.

თავიდან ამ საკვებ დანამატს „მადლი ღვთისა“ დავარქვით, მაგრამ საპატრიარქომ მოგვთხოვა, სახელწოდება შეგვეცვალა. რამდენიმე დღეა, ამ საკითხს ვაგვარებდით და „მადლი ღვთისას“ სახელწოდება შევუცვალეთ, დავარქვით „მადლი ვაზისა“, რადგან ეს ოთხი კომპონენტი, ძირითადად, ვაზისგან მომდინარეობს, თანაც ვაზის ერთი ჯიში კი არ არის, უსიერ ტყეში აღმოვაჩინე ველური ვაზი, მომეწონა მისი მტევანი, გადმოვიტანე და გავაშენე ეს ვაზი. სწორედ ამ განსაკუთრებული ჯიშის ვაზის კომპონენტებს ვიყენებთ ჩვენს საკვებ დანამატში.

აბსოლუტურად ყველა გზა გავიარეთ, რაც წამალმა უნდა გაიაროს. ყველა დოკუმენტი და ყველა საჭირო მასალა გვქონდა - ლაბორატორიის დასკვნა და ხარისხის სერტიფიკატი, რაც გვქონდა, მაგრამ ამ საკითხზე ჩვენს დირექტორს დაუკავშირდით.

- ბატონ გურამ კუპატაძეს აუცილებლად დავურეკავ, მაგრამ მანამდე თქვენ მიპასუხეთ...

- ასე კარგად საიდან გვიცნობთ, ან საიდან გაქვთ ინფორმაცია?

- ბატონო ანზორ, რამდენიმე დღეა, სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, ჩემი კოლეგები წერდნენ ამის შესახებ და იქიდან ვიცი. ბუნებრივია, დავინტერესდი, ჩავერთე და დავიწყე მოკვლევა, მაგრამ ამასობაში, „მადლი ღვთისა“ აღარ იყიდება, თან რამდენიმე დღე გავიდა და განსხვავებული ამბავი მჭირდება, თორემ „ვერსიის“ მკითხველებმაც იციან ის, რაც უკვე გავრცელდა...

- გასაგებია. იცით, განსხვავებული ინფორმაცია რა იქნება თქვენთვის, მაია? სახელწოდება შევცვალეთ და „მადლი ღვთისას“ ნაცვლად, ამიერიდან, პრეპარატს  „მადლი ვაზისა“ ერქმევა. გარდა ამისა, ანოტაციიდან ამოვიღეთ COVID-19, რადგან გვითხრეს, ჯერ მსოფლიოში არ შექმნილა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი და თქვენ ვინ ხართო, ამიტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ამოვიღეთ და დავტოვეთ ინფექციური დაავადების საწინააღმდეგო საკვები დანამატი. გარდა ამისა, თქვენთვის ექსკლუზივი იქნება ისიც, რომ ფასი შევცვალეთ.

- დიდი მადლობა და რა ეღირება „მადლი ვაზისა“?

- 50 ლარი. ამაზე მეტად ვეღარ გავაიაფეთ, რადგან ათასი ჯანდაბა და ბარიერი გვიშლის ხელს, რომ გაცილებით იაფი იყოს. მეტსაც გეტყვით, თავიდან გვინდოდა, რომ ეს საკვები დანამატი საქველმოქმედო სახის ყოფილიყო, მაგრამ არის რაღაც კანონები, რომლებიც გვაფერხებენ.

იმასაც გეტყვით, რომ მე ვარ ანზორ ჯაფარიძე, აკადემიკოსი, ოთხი ეკლესია მაქვს ჩემი ხელით აღდგენილი. მე ვარ ქართველთა და აფხაზთა შერიგების კავშირის საპატიო პრეზიდენტი. ცილი დაგვწამეს, რომ ეს პრეპარატი ფულის საკეთებლად შევქმენით, მაგრამ არა, გენაცვალე! უფლის ნებით ვაკეთებთ, ღმერთმა დაგვავალა და შევქმენით.

 

***

„ვერსია“ შპს „მადლი ღვთისას“ დირექტორს და 30%-იანი წილის მფლობელს, გურამ კუპატაძეს დაუკავშირდა.

-  ბატონო გურამ, არცერთი თქვენგანი - არც ანზორ ჯაფარიძე, არც შაქრო კვირკვია და არც თქვენ ექიმი კი არა, ქიმიკოსი ან ბიოლოგიც არაა. ეს პრეპარატი როგორ შექმენით?

- უფლის ნება იყო, ამაზე მეტს ვერ გეტყვით, რადგან ის, რაც რეალურად მოხდა, საზოგადოებამ საქილიკოდ და სასაცილოდ აიგდო. იმას კი არ გვეუბნებიან, რომ თქვენ, სულ სხვა პროფესიის ადამიანებმა ასეთი საკვები დანამატი შექმენით, პირიქით, გვიკიჟინებენ, ამერიკამ და ინგლისმა ვერ შექმნეს კორონას საწინააღმდეგო პრეპარატი და თქვენ როგორ შექმენითო. თქვე დალოცვილებო, ქვევრი პირველად სად შეიქმნა? საქართველოში, ხომ? და ხომ აღიარა ეს ფაქტი მთელმა მსოფლიომ?

- სპეციალისტი არ გახლავართ, ბატონო გურამ, მაგრამ პროფესიონალმა ექიმმა, გიორგი ღოღობერიძემ თავის ერთ-ერთ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა, რომ ის კომპონენტები, რასაც „მადლი ღვთისა“ (მაშინ ასე ერქვა) შეიცავს, ბუნებრივი ანტიოქსიდანტებიაო.

- დიახ, ასეა. ვაზი თავიდან ბოლომდე, ღვთიური მცენარეა.

- ბატონო გურამ, ხომ იცით, რა ცნობისმოყვარე ხალხი ვართ ჟურნალისტები, ამიტომ აუცილებლად უნდა გკითხოთ, 2012 წელს, გოგი თოფაძის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ 300 ლარი შესწირეთ?

- რა თქმა უნდა, მე და ჩემმა ბიჭმა შევწირეთ. მეტსაც გეტყვით, 2012 წლის მარტში, „კარდაკარის“ ოპერაციაში ვმონაწილეობდით მე და ჩემი შვილი და 150-150 ლარი ავიღეთ თითოეულმა. ეს თანხა ოფიციალურად დაგვირიგეს ყველას, ვინც ვმონაწილეობდით, მაშინ ამ კომისიას მამუკა კაციტაძე ხელმძღვანელობდა. ჩვენ რომ ავიღეთ, ავდექით და პარტიას ოფიციალურად შევწირეთ. სულ ვფიქრობდი, პროკურორი ქალბატონი რომ იყო აუდიტის სახელმწიფო სამსახურში, ნათია მოგელაძე, გამომიძახოს ერთი და მკითხოს, რატომ შესწირეო, მაგრამ 300 ლარზე ხელი არ გაისვარეს.

მეტსაც გეტყვით, 2011 წელს, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე ბატონი ბიძინა გამოჩნდა, 18 ნოემბერს, როდესაც ხალხს „ქართუ ბანკიდან“ გამოჰქონდა ფული და საკუთარ ანგარიშებს აუქმებდნენ ამ ბანკში, მე 100 ლარი შევიტანე. ერთი წლის მანძილზე, ყულაბაში ვაგროვებდი 50-თეთრიანებს და რომ გავხსენი 15 ნოემბერს, 96 ლარი იყო, ჰოდა, 18 ნოემბერს, „ქართუ ბანკში“ 100 ლარი შევიტანე და ანგარიში გავხსენი. 2015 წლის იანვრის ჩათვლით, ყოველთვიურად, ამ ანგარიშზე 20 ლარი შემქონდა.

- ბიძინა ივანიშვილს იცნობთ თუ 2011 წელს, მაშინდელი ხელისუფლების მიმართ პროტესტის გამო გახსენით ანგარიში „ქართუ ბანკში“?

- დიახ, შევხვედრივარ კიდეც. ერთ-ერთ შეხვედრაზე ვუთხარი, ბატონო ბიძინა, უმჯობესია, ხალხის გასაჭირი უშუალოდ ხალხისგან მოისმინოთ ხოლმე, ჩამოხვიდეთ და მოსახლეობას შეხვდეთ, მხოლოდ ჩემი რაიონი კი არა, მთელი საქართველო ვიგულისხმე. ზესტაფონში ვცხოვრობ, მაგრამ წინაპრები ჭითურის რაიონის სოფელი კაცხიდან იყვნენ.

- ქართულ-ებრაული მეგობრობის საერთაშორისო კავშირსაც ხელმძღვანელობთ, არა?

- დიახ, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად დავაფუძნეთ ეს კავშირი. ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ბატონი შალვა წიწუაშვილი ებრაელი გახლდათ, რომელიც ისრაელში ცხოვრობს. ხუთმა კაცმა დავაფუძნეთ ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის საერთაშორისო ასოციაცია მადლი.

- რამე კავშირი ხომ არ აქვს ამ ასოციაციას თქვენს მიერ შექმნილ საკვებ დანამატთან. თქვენი ებრაელი მეგობრები დაგეხმარნენ ფინანსურად?

- დიახ, გარკვეულწილად, იყო დახმარება. ფინანსურად არა, მაგრამ მორალურად და რჩევების სახით დაგვეხმარნენ, დიახ!

- „ავერსი“ რა ნიშნით შეარჩიეთ?

- მრავალი ფარმაცევტული კომპანია და აფთიაქია, მაგრამ ყველაზე ძლიერი, თვალსაჩინო და გამოცდილი „ავერსია“. მივაკითხეთ, წარვადგინეთ დოკუმენტები და შევიტანეთ საკვები დანამატი.

 

 

მაია მიშელაძე