რამდენად შეინარჩუნებს საქართველო ავტო ჰაბის ფუნქციას? - ჩინეთი ყაზახეთის ბაზრით ინტერესდება

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ავტომობილების რეგიონული ჰაბის სტატუსი რისკის ქვეშაა. მიზნობრივი ბაზრებით, სადაც საქართველოდან ექსპორტით ავტომობილები გადის ჩინეთი ინტერესდება. ქვეყანა წარმოებას ზრდის და სარეალიზაციოდ ახალ ბაზრებს ეძებს.

ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ არსებობს რისკი, ჩინეთის სახელმწიფომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მოლაპარაკებები დაიწყოს და აქცენტი ამ ქვეყნებში ჩინური წარმოების ავტომობილებზე გაკეთდეს, რის გამოც საქართველო შესაძლოა თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

“ჩინეთი ეძებს ავტომობილების რეალიზაციის ახალ ბაზრებს. როგორც იცით, ამერიკული ბაზარი მათთვის ჩაკეტილია, ევროპულ ბაზარზე ჩინური ავტომობილები გაძვირებულია, რაც არაკონკურენტულ პირობებში აყენებს ევროპულ მწარმოებლებთან. შესაბამისად, ახლა ცდილობს, შევიდეს ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ჩვენთან, კავკასიის რეგიონში და გავიდეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც უნდა გაიყიდოს ეს ავტომობილები.

მთავარი კითხვაა, რაც ჩვენს ასოციაციაში განიხილება და თავს ვიმტვრევთ, რამდენად შეინარჩუნებს საქართველო ავტო ჰაბის ფუნქციას. წარმოიდგინეთ, ჩინეთიდან წამოვიდა ავტომობილი, ჩამოვიდა საქართველოში და როგორც წარმოგიდგენიათ მერე ამ ავტომობილის უკან დაბრუნება ყაზახეთში? ან ყაზახეთის გავლით დაბრუნდა საქართველოში და მერე უკან დაბრუნდეს? უფრო დიდი ალბათობით თუ ჩინური ავტომობილების ყიდვა/გაყიდვაზეა საუბარი, ყაზახები ივაჭრებენ ჩვენთან, ვიდრე ჩვენ ჩინური ავტომობილებით ყაზახეთში ან ცენტრალური აზიის ქვეყნებთან,” - ამბობს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსი ნონიაძე.

კითხვაზე, რა არის გამოსავალი საქართველოსთვის, ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ადგილობრივ ავტოდილერებს ახალ ბაზრებზე მოუწევთ ფოკუსის გაკეთება.

“გამოსავალი იქნება, რომ ახალი ბაზრები უნდა მოვძებნოთ და ახალი მოთხოვნა უნდა გავაჩინოთ ჩვენს პროდუქციაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იმდენად დიდი და მძაფრია კონკურენცია, შეიძლება არა მარტო ერთმა კომპანიამ, არამედ ზოგადად საქართველომ ვერ გაუძლოს კონკურენციას. როცა ამას ვამბობთ, ხანდახან გვადანაშაულებენ, რომ თემით ვუტრირებთ და ვამძაფრებთ, მაგრამ მერწმუნეთ, იმედია არ დაგვიდგება ის დრო როცა ჩემი სიტყვების სიმართლეში დარწმუნდება მთავრობაც და ნაწილი ბიზნესის, ვინც პრობლემას ამაში ვერ ხედავს,”- ამბობს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსი ნონიაძე.


ცნობისთვის: საქართველოდან ყაზახეთში ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებლები ყოველ წლიურად იზრდება. 10 წლის წინ თუ ამ ბაზარზე თითქმის 4 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა, 2023-ში ამ მაჩვენებელმა 591 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. 2024 წლის 5 თვეში კი აღნიშნულ ქვეყანაში საქართველოდან რეექსპორტით 237 მლნ დოლარზე მეტ ავტომობილები გავიდა.

 

წყარო:bm.ge