ხელისუფლება მომავალშიც, ყოველგვარი შანტაჟის მიუხედავად, გადაწყვეტილებებს მიიღებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც გამოცემა „ჰილში“ იან კელისა და დევიდ კრამერის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიას ეხებოდა, სადაც სანქციების დაწესებაზეა საუბარი, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს შანტაჟის ერთგვარი ფორმაა.
„კელი და კრამერი ვინც არიან ყველამ ძალიან კარგად იცის საქართველოში. მათ ასეთ მოწოდებებს არავითარი ფასი არ აქვს. ისინი არიან ჩვეულებრივი ე.წ. გარე ექსპერტები და პერიოდულად აკეთებინებენ ასეთ განცხადებებს. ეს არის შანტაჟის ერთგვარი ფორმა, ასეთ შანტაჟს ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება ჩვენს ხელისუფლებაზე. ხელისუფლება მომავალშიც, ყოველგვარი შანტაჟის მიუხედავად, გადაწყვეტილებებს მიიღებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის შანტაჟის ერთგვარი ფორმა, რაც მიუღებელია, რადგან შეურაცხყოფს სახელმწიფოს ძალიან უხეში ფორმით.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ თანამშრომელს - დეპარტამენტის უფროსს და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, რომლებსაც ნაბრძოლი აქვთ 2008 წლის აგვისტოს ომში, ამ ადამიანებს ომი აქვთ გამოვლილი და ასანქცირებენ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. თან სანქცია თავისი შინაარსით არის ისეთი, რომ უთანაბრდება სისხლის სამართლის სასჯელს. კიდევ კარგი, იცავს ქართული სახელმწიფო ამ ადამიანების ინტერესებს, თორემ წარმოიდგინეთ, მთლიანად რომ ამოგიღონ სამოქალაქო ბრუნვიდან, შეგიზღუდონ ყოველგვარი წვდომა საბანკო ტრანზაქციებზე - ეს ერთგვარი „აპოკალიპტური“ სანქციაა. მახსოვს, ბავშვობაში არსებობდა ასეთი წინასწარმეტყველება და ვერ ვიგებდი, რას შეიძლება ნიშნავდეს. თუ არ მიიღებ გარკვეულ ნიშანს, ამ შემთხვევაში ვერც ვერაფერს იყიდი, ვერც ვერაფერს გაყიდი, სულ მაინტერესებდა, ფიზიკურად როგორ შეიძლება ეს მოხდეს და ამის ერთგვარი იმიტაციაა, რაც მოხდა ამ ორი პოლიციელის შემთხვევაში. დაუპირეს სამოქალაქო ბრუნვიდან მთლიანად ამოღება, უბრალოდ სახელმწიფომ შეძლო მათ ინტერესების თვისებრივად დაცვა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 2008 წლის ომში იბრძოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის სასჯელის ტოლფასი სანქცია შეუფარდეს, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, გარდა ამისა, ამ ადამიანებს არ აქვთ არავითარი საშუალება, სასამართლო წესით დაიცვან საკუთარი ინტერესები.
„სასამართლო დაცვის გარანტია არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რაც გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან. არის სასჯელის ტოლფასი სანქცია, შენ ვერ იცავ სასამართლო წესით თავს, სად არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც თავი მოაქვთ, რომ არიან ადამიანის უფლებების დამცველები ამ ქვეყანაში. ამას ემატება ის, რომ არის ორი ადამიანი, რომელიც იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს ომში და ამ ადამიანებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გვისანქცირებს კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლება. ეს არის შეურაცხმყოფელი ამ სახელმწიფოსთვის და ამ სახელმწიფოს პატრიოტი მოქალაქისთვის. ეს არის ჩვენი პოზიცია. ეს არის შანტაჟის მცდელობა, რასაც ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება. ეს ორი ადამიანი დასაჯეს რის გამო? ჩვენ ვსაუბრობთ არა ამერიკულ ინსტიტუტებზე, არამედ გლობალურ ომის პარტიაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
"ვიღაცას უნდოდა ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა, რაც აღკვეთეს პოლიციელებმა" - ირაკლი კობახიძე
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი