აშშ-ის სამი ძირითადი გზავნილი საქართველოს უზრა ზეიას განცხადებიდან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველ პარტიაში ზოგიერთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიამ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის ლიდერების მიერ დიდი ხნის, ერთგული პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება მხოლოდ მოწინააღმდეგეების ინტერესებს ემსახურება

"დავასრულე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, ბოლო ორი დღის დისკუსიები პრეზიდენტთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან.

მათ აშშ-ის სამი ძირითადი გზავნილი გადავეცი:

პირველი გზავნილია, რომ შეერთებული შტატები სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველ პარტიაში ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას, ავნებს ჩვენს პარტნიორობას და ყველა ქართველის ადამიანის უფლებებს.

ე.წ. “უცხოური გავლენის” კანონი აზიანებს ქართველ ხალხს, მათ შორის ძლიერ სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ ჯანდაცვას, სკოლებს, სოფლის მეურნეობას, მედიასა და ბევრ სხვა სფეროს. შედეგად, ევროკავშირმა გაყინა დიდი ბრძოლის შედეგად მოპოვებული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ანალოგიურად, საგანგაშოა ძალადობა და დაშინება სამოქალაქო საზოგადოების წევრების, ოპოზიციური პარტიების. მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ დეზინფორმაციის გაფორმება, მისი ერთგული და ხანგრძლივი პარტნიორის მიმართ, როგორიც აშშ-ია მხოლოდ ჩვენი მოწინააღმდეგეების ინტერესებს ემსახურება.

ჩემი მეორე გზავნილია ის არის, რომ შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერია. როგორც ქართველებმა ძალიან კარგად იციან, 16 წლის განმავლობაში რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის უკანონო ოკუპაციას, არ ასრულებს 2008 წლის 6-პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

დღეს მამაც ქართველ ქალებს შევხვდი, რომლებიც იძულებით გადაადგილებული პირები არიან პუტინის აგრესიის შედეგად, ტანჯვისა და გამძლეობის შესახებ მათი ისტორიები მოვისმინე.

აშშ-ის პოზიცია არ შეცვლილა და არ შეიცვლება, ჩვენ ვაგრძელებთ ასობით ათასი იძულებულით გადაადგილებული ქართველის ჰუმანიტარული საჭიროებების უზრუნველყოფის მხარდაჭერას.

ჩემი მესამე და ბოლო გზავნილი იყო ის, რომ 32 წელზე მეტია აშშ საქართველოს უდიდესი მხარდამჭერი იყო, მათ შორის ყველა ქართველის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ქონის უფლების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის მხრივაც.

შეერთებული შტატები მხარს არ უჭერს რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, თუმცა, მოლოდინი გვაქვს რომ ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ ნამდვილ კონკურენტუნარიან და დემოკრატიულ პროცესს. გადაწყვეტილება ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ უფლებას აირჩიონ თავისი წარმომადგენლები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, ძალადობის ან დაშინების მუქარის გარეშე. ძალადობის ან დაშინების ნებისმიერ მსგავსი შემთხვევა უნდა დაიგმოს და გამოძიებულ იქნას, დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ. საქართველოს ადგილობრივი გამოცდილი და სანდო არჩევნების დამკვირვებლების დიდი ტრადიცია გააჩნია, რომლებსაც შეუძლიათ ამ დემოკრატიული პროცესის სანდოობის უზრუნველყოფაში დახმარება. ბოლოს აღვნიშნავ - მინდა რომ ხაზი გავუსვა, რომ ამერიკელები და ქართველები განსაკუთრებულ მეგობრობას იზიარებენ, რომელიც, ვფიქრობ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ჩვენს საერთო სიყვარულშია ფესვგადგმული. ჩვენი მრავალი გაცვლითი პროგრამის მეშვეობით ჩვენ ყოველ წელს საშუალებას ვაძლევთ ასობით ქართველ სტუდენტსა და პროფესიონალს, რომ ისწავლონ აშშ-ში. ამერიკული გაცვლითი პროგრამების 6,000-მდე კურსდამთავრებული ქართველია, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ხელს უწყობენ დემოკრატიის განვითარებას.

ამ ვიზიტის დროს საშუალება მქონდა FLEX -ის პროგრამის გამორჩეულ ქართველ კურსდამთავრებულებს შევხვედროდი და ასევე შეხვდი ახალგაზრდა ამერიკელ Peace Corps მოხალისეებს, რომლებიც აქ ცხოვრობენ და პარტნიორობით ცდილობენ საქართველოს პროგრესისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

ჩვენ ხალხთა შორის კავშირები არის მტკიცე და მე ეს ძალიან კარგად დავინახე ჩემი ვიზიტის განმავლობაში. ჩვენი ორმხრივი კავშირების მეშვეობით, ამ უაღრესად რთულ დროს აშშ -ის ერთგულება ქართველი ხალხისადმი და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ აბსოლუტურად ურყევია", - განაცხადა მან.