ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ და თანაუგრძნობენ ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

როგორც სამძიმრის წერილშია აღნიშნული, დიდია თენგიზ ცერცვაძის წვლილი ქართული მედიცინის განვითარებაში, ასევე გამორჩეულია მისი როლი საქართველოს მიერ COVID-19-ის პანდემიის წარმატებულად მართვაში.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ქართველი იმუნოლოგის, პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო.

დიდია ბატონი თენგიზის წვლილი ქართული მედიცინის განვითარებაში, რაც აღიარებულია არამარტო ეროვნულ, არამედ საერთაშორისო დონეზეც – ის გახლდათ ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი.

გამორჩეულია მისი როლი საქართველოს მიერ COVID-19-ის პანდემიის წარმატებულად მართვაში. ბატონი თენგიზი, კოლეგებთან ერთად, ყოველთვის იდგა ქართული საზოგადოების ჯანმრთელობის სადარაჯოზე და გამონაკლისი არც პანდემიასთან ბრძოლა იყო.

გულწრფელად თანავუგრძნობთ შესანიშნავი პიროვნებისა და პროფესიონალის, ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერის, თბილისის საპატიო მოქალაქის – თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალებას მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს და ჩვენს საზოგადოებას“, – ნათქვამია წერილში.