უშიშროების თანამშრომლის გათამაშებული სიკვდილი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 ვინ არის ქალი, რომლის საქმესაც გრიფით „საიდუმლო“ დაადეს

„გრიფით საიდუმლო“ - ასეთი წარწერა საბჭოთა კავშირის დროს, არაერთ დოკუმენტს ჰქონდა, თუმცა ახლაც გვხვდება საქმეები, რომლებსაც საიდუმლო გრიფი ადევს. ძირითადად, იმ საქმეებს, სახელმწიფო საიდუმლოებას, ფინანსების იმ მოძრაობას, რომლითაც სამხედრო ტექნიკას, ან იარაღს ყიდულობს ხელისუფლება. საიდუმლო გრიფი აქვს კონკრეტულ დანაშაულებსაც, როცა, მაგალითად, უცხო ქვეყნის აგენტს აკავებენ, ან პირიქით - სხვა ქვეყანაში აკავებენ აგენტს და აქ ცდილობენ ისე წარმოაჩნონ სიტუაცია, თითქოს კონკრეტული პირი სხვა დანაშაულისთვის დააკავეს. ისტორიას, რომელსაც ახლა გიამბობთ, სწორედ გრიფით საიდუმლო ედო, რადგან საქმე უშიშროების თანამშრომელს ეხებოდა. ყველაფერი კი, უცნაურად და ცოტა არ იყოს, გაუგებრად დაიწყო.

 

მილიციის განყოფილებაში ასაკოვანი ქალი მივიდა და განაცხადა, რომ მისი საქმრო მოკლეს. ქალი 60 წელს იყო მიღწეული, პატარა, ოთახის ძაღლი ჰყავდა ახუტებული და ცრემლად იღვრებოდა. სამართალდამცავებმა ყურადღებით მოუსმინეს და გაარკვიეს, რომ ქალი საქმროსთან მივიდა, სურდა, მისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა, ის კი სამზარეულოში ეგდო, მკერდი სისხლით ჰქონდა მოსვრილი, ვიღაც კაცი კი სურათებს უღებდა. მერე ამ კაცმა, აკივლებულ ქალს, მილიციის თანამშრომლის საბუთი ააფარა თვალებზე და განუცხადა, გამოძიებას ხელს ნუ შეუშლითო და გარეთ გაისტუმრა. დაბნეული ქალი ეზოში ჩავიდა, არ იცოდა, რა გაეკეთებინა, დაახლოებით, ნახევარ საათში უკან აბრუნდა და... სახლში არც საქმრო დახვდა, არც ძალოვანი უწყების თანამშრომელი და რაც მთავარია, სამზარეულოშიც ყველაფერი ისე იყო, თითქოს არაფერი მომხდარა. მეტიც, თუ პირველ ჯერზე, ქალს კარი ღია დახვდა, ახლა გასაღებით იყო დაკეტილი, მაგრამ მას მეორე გასაღები ჰქონდა და ბინაში სწორედ ამ გასაღებით შევიდა.

გამომძიებლებმა ერთმანეთს გადახედეს - ისტორია ცოტა დაუჯერებელი იყო, მაგრამ იძლებულნი იყვნენ, ქალს გაჰყოლოდნენ და ორი ოპერ-მუშაკი, ექსპერტთან ერთად გაჰყვა კიდეც. როცა ბინაში მივიდნენ და მისი მეპატრონის ვინაობა გაარკვიეს, ოპერებმა სასწრაფოდ განყოფიელბაში დარეკეს და ადგილზე უკვე ათამდე ძალოვანი მივიდა, ქალი კი დასაკითხად წაიყვანეს.

„თქვენი საქმრო უშიშროების ყოფილი თანამშრომელია, პენსიაზეა გასული და ახლა დალაგებულაად მოგვიყევით, რატომ ეძახით საქმროს, ხომ არ გახსოვთ იმ თანამშორმლის სახელი ან გვარი, რომელმაც საბუთი გაჩვენათ და საერთოდ, რატომ მიხვედით დღეს“, - გამომძიებლები აშკარად სერიოზულად იყვნენ განწყობილნი, რადგან უშიშროების ყოფილი თანამშრომელი, ვისზეც ქალი საუბრობდა, საგარეო საქმეების განყოფილებაში მუშაობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წვდომა ბევრ საიდუმლო დოკუმენტთან ჰქონდა და ახლა, ასეთი უცნაური ამბავი უშიშროებას შეშფოთების საფუძველს ნამდვილად აძლევდა.

ქალმა კი იცოდა, რომ მისი რჩეული ყოფილი ძალოვანი იყო, მაგრამ თუ უშიშროებაში მუშაობდა და საქმე საიდუმლო დოკუმენტებთან ჰქონდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა.

„ჩვენ ერთმანეთი სკვერში გავიცანით. მე ძაღლს ვასეირნებდი, ის მარტო იყო. მერე გავარკვიეთ, რომ მეც ქვრივი ვარ და ისიც. შემდეგ, სახლში დამპატიჟა ჩაიზე. მოგეხსენებათ, მარტოხელა კაცის ამბავი, ამიტომ სახლი დავულაგე, ჩაი მოვადუღე და დავპირდი, რომ მეორე დღეს სადილსაც გავუმზადებდი. ასეც მოვიქეცი, ნელ-ნელა დავუახლოვდით და გადავწყვიტეთ, ერთად გვეცხოვრა, ოღონდ მე პატიოსანი ქალი ვარ, ამიტომ სანამ ხელს არ მოვაწერდით, მასთან საცხოვრებლად ვერ გადავდიოდი. ხელმოწერა მომავალი კვირისთვის გქვონდა დაგეგმილი, რამდენიმე მეგობარიც კი დავპატიჟეთ, მაგრამ ახლა არ ვიცი, რა იქნება და როგორ იქნება“, - განაცხადა ქალმა.

ყოველი შემთხვევისთვის, უშიშროების თანამშრომლებმა ქალიც გადაამოწმეს, შემთხვევით, მოგზავნილი ხომ არ იყო, ან მის უკან სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები ხომ არ იდგნენ, მაგრამ ამაზე მინიშნებაც ვერ იპოვეს. სამაგიეროდ, ქალი საკმაოდ დაკვირვებული აღმოჩნდა და განაცხადა, იმ თანამშრომელს, რომელმაც სახეზე საბუთი ამაფარა, აუცილებლად ვიცნობ და თანამშრომლების სიას თუ მანახებთ, მარტივად მივხვდებიო. აბა, მაშინ კომპიუტერები არ არსებობდა, პირად საქმეებში კი არ იყო ისეთი ფოტოები, ერთი შეხედვით გეცნო, ამიტომ ხელი ჩაიქნიეს, მაგრამ...

„კიდევ... იმ თანამშრომელს, ნეკა თითზე ფრჩხილი ჰქონდა გაფუჭებული ანუ თითი კი არ აკლდა, ფრჩხილი ჰქონდა დაზიანებული და ეს არ იყო ახალი ჭრილობა, ალბათ, სულ ასე აქვს“, - განაცხადა ქალმა, რაც უკვე სერიოზული მინიშნება იყო.

სანამ უშიროების სამინისტროს თანამშრომლები პირად საქმეებში იქექებოდნენ, შს სამინისტროს მუშაკებმა ერთმანეთში მოიკითხეს და მალევე გაარკვიეს, რომ მათი კოლეგა, რომელსაც ნეკა თითზე ფრჩხილი ჰქონდა დაზიანებული, მოქმედი პოლკოვნიკი იყო. მისი პირადი საქმიდან სურათი ამოიღეს, კიდევ სამ, სხვა სურათთან ერთად დადეს და ქალს ჰკითხეს, თუ ამოიცნობ, რომელიაო. ქალმა ხელი პოლკოვნიკის სურათს დაუფიქრებლად დაადო. რა თქმა უნდა, სამართალდამცავები პოლკოვნიკის სახლისკენ გაემართნენ, თუმცა...

„პოლკოვნიკი საღამოს მეგობართან ერთად მოვიდა, დილით კი ისევ ერთად გავიდნენ და მას შემდეგ აღარ მინახავს“, - უთხრა სამართალდამცავებს პოლკოვნიკის მეუღლემ და როცა უშიშროების თანამშრომლის ფოტო უჩვენეს, მასზე მისი მეუღლის მეგობარი და წუხანდელი სტუმარი ამოიცნო. ამ ინფორმაციამ ძალოვნები საერთოდ დააბნია, ვერავინ ხვდებოდა, რა მოხდა, რატომ მოხდა, ან სად იყვნენ ახლა უშიშროების ყოფილი თანამშრომელი და მოქმედი პოლკოვნიკი? ზემდგომებს ინფორმაცია აინტერესებდათ, ითხოვდნენ, ორივე თუ არა, ერთ-ერთი მათგანი მაინც სასწრაფოდ  მოეძებნათ, მაგრამ ეს მარტივი რომ არ იქნებოდა, თავადაც ხვდებოდნენ. ყოველი შემთხვევისთვის, გააძლიერეს თვალთვალი რკინიგზის სადგურებზე, აეროპორტში, საზღვარზე, მაგრამ ისინი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო, ორი ძალოვანი, უბრალოდ, გაქრა.

„არა, ჩემს ქმარს სახლიდან ფული არ წაუღია, დანაზოგი რაც გვაქვს, ცოტა ბანკშია, ცოტაც სახლში, მაგრამ საბანკო წიგნაკიც აქაა და არც სახლში არსებულ დანაზოგს აკლია. ჩვეულებრივად, დღიური ფული წაიღო, ალბათ 20-30 მანეთი“, - თქვა პოლკოვნიკის ცოლმა და უშიშროების ყოფილი თანამშრომლის სახლშიც ნახეს ცოტა დანაზოგი, ცოტა ფული ბანკში ანუ ისინი უფულოდ იყვნენ წასულნი და წესით, თანხა მალე უნდა დასჭირვებოდათ, რადგან კვებისა და ტრანსპორტის გარდა, ელემენტარულად, ღამის გასათევიც სჭირდებოდათ. უშიშროებამ უმკაცრესად გააფრთხილა მაათი ყველა მეგობარი, რომ გამოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად ეცნობებინათ ორგანოებისთვის, მაგრამ ისინი არსად ჩანდნენ. რა თქმა უნდა, მათ ძალიან, ძალიან კარგად იცოდნენ, როგორ უნდა დამალულიყვნენ, იცოდნენ, სად და როგორ დაძებნიდა მათ უშიშროების სამინისტრო თუ შსს. მესამე დღეს, პოლკოვნიკი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოცხადდა, უშიშროების კომიტეტს კი, მისმა მეგობარმა მიაკითხა. ორივეს ჩვენება გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს და მათი მონაყოლის შემდეგ, სპეცოპერაცია სწორედ უშიშროებამ დაგეგმა.

„სანამ პენსიაზე გავიდოდი, ჩვენმა ყოფილმა თანამშრომელმა არქივიდან დოკუმენტები მოიპარა, შემდეგ კი მოახერხა და ქვეყნიდან გავიდა. ამის ერთადერთი მოწმე მე ვარ, ჩვენებაც მიცემული მაქვს, მაგრამ ერთია ჩვენება და მეორე - ცოცხალი მოწმე. ახლა, ეს ქალი, პოლკოვნიკზე გავიდა, მისი კლასელია და სთხოვა, ჩემს მოშორებაში დახმარებოდა, სამაგიეროდ, დიდ ფულს გადაუხდიდა და ამ ფულს საბჭოთა კავშირის შუა აზიური რესპუბლიკებიდან ერთ-ერთში გადასცემდა. მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ჩვენით მოგვეგვარებინა ყველაფერი და ამიტომ, ქალისთვის ყალბი სურათების გაგზავნა გვინდოდა, მერე კი, ის შუა აზიაში უნდა დაგვეკავებინა. ჰოდა, როცა პოლკოვნიკი სურათებს მიღებდა, საიდანღაც ჩემი მომავალი მეუღლე გამოგვეცხადა და როგორც ჩანს, ყველაფერი ჩაგვიშალა. სურათები გავაგზავნეთ, ახლა მისგან სიგნალს ველოდებით“, - ასეთი იყო მეგობრების მონაყოლი.

დაახლოებით, ორ კვირაში, ქალი პოლკოვნიკთან კავშირზე კვლავ გავიდა და მზად იყო, მას ტაჯიკეთში შეხვედროდა, სადაც ფულს გადასცემდა. რა თქმა უნდა, სპეცოპერაცია დაიგეგმა, მაგრამ ეს იყო არა მარტო ქართული, არამედ საბჭოთა უშიშროების კრახი. იმის მიუხედავად, რომ ვითომ მოკლულ უშიშროების თანამშრომელს საგულდაგულოდ მალავდნენ, პოლკოვნიკს, ფულის ნაცვლად, სამალავში სწორედ ის ფოტოები დაუტოვეს, რომელიც კონსპირაციულ ბინაზე იყო გადაღებული. მერე და მერე, სპეცოპერაციის გაანალიზებისას, ქართველმა ძალოვნებმა აღიარეს, რომ უშიშროების ყოფილი თანამშრომლისთვის ყალბი გასვენებაც უნდა მოეწყოთ, მაგრამ ვერ გათვალეს, რომ ქალი, შესაძლოა, ასე ჭკვიანი ყოფილიყო. საბოლოო ჯამში, ქალბატონი ვერ დააკავეს, თუმცა საქმეს გრიფით საიდუმლო დაადეს და... არც არაფერი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ვისაც არ ეზარებოდა, არა მარტო ასეთ საქმეებს კითხულობდა, არამედ, იმ აგენტების სიასაც აბულბულებდა, რომელსაც საბჭოთა „კა გე ბე“ ძალიან უფრთხილდებოდა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე