თიანეთის მუნიციპალიტეტის აუდიტის ანგარიშს გენერალური პროკურატურა სწავლობს

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა

 

„ვერსია“ აგრძელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იმ ანგარიშების გახსენებას, რომლებიც უწყებამ გენერალურ პროკურატურაში გადააგზავნა. ამჯერად, თიანეთის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტს გთავაზობთ, სადაც სახელმწიფო მაკონტროლებლებმა მართლაც უმძიმესი ხარვეზები გამოავლინეს.  

 

ხარვეზები ბიუჯეტსა და ფინანსური რესურსების მართვაში

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ზოგადად, ნებისმიერმა მუნიციპალიტეტმა უნდა დანერგოს ფინანსური მართვისა და კონტროლის ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველჰყოფს სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენებას. თუმცა, თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების წლიურ ანგარიშებზე დაყრდნობით, შემოსულობებმა 2020-2021 წლებში - 21 529.1 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა - 19 445.4 ათასი ლარი შეადგინა.

„2020-2021 წლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტმა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლი არასათანადოდ შეასრულა. კერძოდ, მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, წლის ბოლომდე ვერ აითვისა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხები. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო პროგრამით გათვალისწინებული მოსალოდნელი შედეგები: ძირითადად, ვერ დასრულდა და დაგვიანდა საგზაო ინფრასტრუქტურის, საბავშვო ბაღების, წყლის მაგისტრალებისა და სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები.

საანგარიშო პერიოდში, მუნიციპალიტეტი ფლობდა მნიშვნელოვანი მოცულობის საბიუჯეტო ნაშთებს. კერძოდ, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს ანგარიშზე ნაშთის სახით ერიცხებოდა 2 716.0 ათასი ლარი. 2020 წელს დაიგეგმა 2 701.7 ათასი ლარის ხარჯვა, თუმცა გამოიყენა მხოლოდ 89.3 ათასი ლარი. შესაბამისად, პერიოდის ბოლოს დაფიქსირდა 2 626.7 ათასი ლარის ნაშთი, საიდანაც 992.4 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

2021 წელს, თიანეთის მუნიციპალიტეტმა დაგეგმა ნაშთის გამოყენება 2 476.0 ათასი ლარის ოდენობით, მაგრამ დააგროვა 2 173.0 ათასი ლარი. შესაბამისად, წლის ბოლოსათვის საბიუჯეტო ნაშთმა 4 799.7 ათასი ლარი შეადგინა, საიდანაც 2 861.7 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტმა, 2020-2021 წლებში, ვერ უზრუნველჰყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება, ამასთან, დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი (მათ შორის, თავისუფალი ნაშთი). ყოველივე ეს, თიანეთის მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე მიუთითებს.

 

ხარვეზები ინფრასტრუქტურულ პროექტებში

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2020 წელს, თიანეთის მუნიციპალიტეტმა შპს „ქვენიფნელთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შეისყიდა სოფლების - ახალსოფლისა და დულუზაურებს შორის, შიდა გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები, ღირებულებით - 494.0 ათასი ლარი. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებდა შპს „მშენექსპერტის“ წარმომადგენლი.

„ექსპერტის მიერ წარმოდგენილი დასკვნით დადასტურებულია შპს „ქვენიფნელის“ მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა, ღირებულება და ხარისხი. სამუშაოების ხარისხზე შენიშვნა არ ჰქონია თიანეთის მუნიციპალიტეტში შექმნილ სამუშაოს მიმღებ ჯგუფს, რის საფუძველზეც, მიმწოდებელს აუნაზღაურდა ფორმა №2-ში წარმოდგენილი სამუშაოების ღირებულება.

თიანეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა აღნიშნული პროექტი. გამოვლინდა, რომ შესრულებული სამუშაოები დაზიანებულია. გარდა აღნიშნული შემთხვევისა, დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ დაზიანებულია 2020 წელს რეაბილიტირებული სოფელ ჟებოტის სკვერი, ღირებულებით - 14.8 ათასი ლარი“.

აღნიშნული სამუშაო ჩაბარებულია თიანეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმღები კომისიის მიერ, ზედამხედველობის სამსახურისა და სოფლის წარმომადგენლის ხელმოწერების საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ შესრულებული სამუშაოები ჩაბარებულია სრულად, აუდიტის ჯგუფის მიერ, სამუშაოების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ობიექტი დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას.

„ობიექტების ექსპლოატაციის პროცესში გამოვლენილი დაზიანებები, ძირითადად, რეაბილიტაციის მიმდინარეობისას მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმების დარღვევის შედეგია, რომლის გამოვლენაც საზედამხედველო და საექსპერტო დაწესებულებების ვალდებულება იყო. დაზიანებული ობიექტების არსებობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს აღნიშნული ორგანიზაციების პასუხისმგებლობის შესახებ არ უმსჯელია და სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია.

აღსანიშნავია, რომ დათვალიერების მომენტისთვის, დაზიანებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ჰქონდათ მოქმედი საგარანტიო ვადა, რომლის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებული იყო საკუთარი ხარჯებით გამოესწორებინა ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები. მუნიციპალიტეტს მიმწოდებლებისთვის ხარვეზების გამოსწორების მოთხოვნით არ მიუმართავს“.

სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმი, ზოგ შემთხვევაში, ვერ უზრუნველჰყოფს ხარისხიანი ინფრასტრუქტურული პროექტების მიღება-ჩაბარებას და პროექტების მდგომარეობის შესახებ მერიის დროულ ინფორმირებას. სამუშაოების მონიტორინგის, მიღება-ჩაბარებისა და საგარანტიო ვადის ეტაპზე არსებული მართვის სისუსტეების გამო, ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი დაზიანებულია.

 

დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტები

2020-2021 წლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტმა, ინფრასტრუქტურული პროექტების შეძენის მიზნით, დახარჯა 8 735.2 ათასი ლარი. შემოწმებით გამოვლინდა, რომ შესყიდვის პროცესი მიწოდების პერიოდის დაცვის მხრივ გამოირჩევა მნიშვნელოვანი ხარვეზებით.

„კერძოდ, რიგ შემთხვევაში, მიმწოდებლები ვერ ახერხებდნენ სამუშაოების დროულ დასრულებას, რის გამოც ვადის გაგრძელების მიზნით მიმართავდნენ მერიას (უმეტეს შემთხვევაში, მრავალჯერ). მუნიციპალიტეტი მიწოდების ვადებს ზრდიდა სათანადო დასაბუთების გარეშე, რაც მნიშვნელოვნად ახანგრძლივებდა სამუშაოების დასრულების პროცესს, ხოლო ზოგიერთი ობიექტის მშენებლობა არ დასრულებულა. ამასთან, რიგ შემთხვევაში, თიანეთის მერია არ იყენებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას და მიმწოდებლებს არ აკისრებდა შესაბამის სანქციებს. შედეგად, დაზიანდა როგორც მუნიციპალიტეტის, ისე მოსახლეობის ინტერესები.

მაგალითად, 2019 წელს, თიანეთის მუნიციპალიტეტმა, შპს „ოთო 2013“-თან გაფორმებული ხელშეკრულებით, შეისყიდა დაბა თიანეთში სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები, ღირებულებით - 272.0 ათასი ლარი. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2019 წლის 31 დეკემბერს. მშენებლობის პროცესში მიწოდების პერიოდი გაგრძელდა ორჯერ და საბოლოო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 15 თებერვალი. მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა ვადის გაგრძელების მიზეზები. ხელშეკრულების მოქმედების საბოლოო ვადიდან გასულია ორი წელი და სამუშაოები 2022 წლის ივნისის მდგომარეობითაც დაუსრულებელია“.

აუდიტორებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით ირკვევა, რომ მიმწოდებელმა შეასრულა მხოლოდ 156.0 ათასი ლარის (57%) ღირებულების სამუშაო. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები არ დასრულებულა, ავანსად მიღებული თანხიდან, 42.1 ათასი ლარი, მიმწოდებელს არ დაუბრუნებია. აღსანიშნავია, რომ საბანკო გარანტიას, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელს გაეცა საავანსო თანხა, გაუვიდა ვადა.

„გარდა ამისა, ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მიმწოდებელს უნდა დაკისრებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები, თუმცა მუნიციპალიტეტს არც ამ შემთხვევაში გამოუყენებია არსებული შესაძლებლობები. კერძოდ, არ არის დარიცხული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, შეუსრულებელი ვალდებულების 5%-ის ოდენობით, რაც 5.8 ათასი ლარს შეადგენს; არ არის დარიცხული გეგმა გრაფიკის დარღვევაზე განსაზღვრული პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%, რაც 41.3 ათას ლარს შეადგენს; არ არის მოთხოვნილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საგარანტიო თანხა - 13.6 ათასი ლარი. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრებოდა 2021 წლის 31 იანვრამდე. აღსანიშნავია, რომ მიმწოდებელმა შეიტანა სარჩელი სასამართლოში, რომლითაც მუნიციპალიტეტისაგან ითხოვს სამუშაოების გაგრძელებაზე ნებართვას“.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ 2021 წელს, თიანეთის მუნიციპალიტეტმა გააფორმა ხელშეკრულება შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპთან“, რომელიც ითვალისწინებდა დაბა თიანეთის შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულებას, ღირებულებით - 1 002.6 ათასი ლარი. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2021 წლის 21 სექტემბრამდე, თუმცა მშენებლობის პროცესში ვადა გაგრძელდა იმავე წლის 21 ოქტომბრამდე. მიმწოდებელმა ვერ დაასრულა სამუშაოები და 2021 წლის 6 დეკემბერს მუნიციპალიტეტმა შეწყვიტა ხელშეკრულება.

„წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით ირკვევა, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, შეასრულა 283.6 ათასი ლარის (28%) სამუშაო. აღსანიშნავია, რომ მიმწოდებელს ავანსად მიღებული თანხიდან არ დაუბრუნებია 73.1 ათასი ლარი და არც მუნიციპალიტეტს გაუტარებია შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები თანხის მისაღებად - გასულია ექვს თვეზე მეტი. გარდა ამისა, ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, მიმწოდებელს დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 45.1 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც არ არის გადახდილი, ხოლო თანხის მისაღებად მუნიციპალიტეტს სამართლებრივი ღონისძიებები არ გაუტარებია“.

გარდა ამისა, ოთხი ხელშეკრულების ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტში დაუსრულებელია 2019 წელს შესყიდული 969.2 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები. აუდიტორების მტკიცებით, ეს ხელშეკრულებები შეწყვეტილია, ხოლო მიმწოდებლების მიმართ გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო, დარიცხულია პირგასამტეხლოს თანხები, ჯამურად - 293.7 ათასი ლარი, რომელიც არ არის გადახდილი. ასევე, ორი ხელშეკრულების ფარგლებში, მუნიციპალიტეტს არ აქვს მიღებული კანონმდებლობით განსაზღვრული ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის თანხა, რომელიც შეადგენდა 34.5 ათასი ლარს. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტს დარიცხული და საგარანტიო თანხების მისაღებად შესაბამისი ღონისძიებები არ განუხორციელებია.

სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და მიმწოდებლებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შეუსრულებელია 2 643.9 ათასი ლარის სამუშაო, ხოლო ავანსის სახით გაცემული თანხიდან არ არის დაბრუნებული 115.2 ათასი ლარი.

„გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო კუთვნილი 434.0 ათასი ლარი ჯარიმებისა და გამოუყენებელი საბანკო გარანტიის სახით. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები დაუსრულებელია. მუნიციპალიტეტი სათანადოდ არ იცავდა საკუთარ ინტერესებს და არ ატარებდა საკმარის და შესაფერის სამართლებრივ ღონისძიებებს მშენებლობების გასაგრძელებლად და კუთვნილი საბიუჯეტო შემოსავლების მისაღებად. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირები მოქმედებდნენ მიმწოდებლებთან შეთანხმებით, მათი ინტერესების სასარგებლოდ“.

 

დაურიცხავი პირგასამტეხლოს თანხები

სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად, შესყიდვის მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრება საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან/და სამუშაოს შესრულების ვადა. ხელშეკრულების პირობები შეიძლება შეიცვალოს და სამუშაოს დასრულების ვადა გადაიწიოს მხოლოდ წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო. ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სამუშაოების დასრულების ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ჯარიმდება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

„2020-2021 წლებში, ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის შესყიდვისა და ხელშეკრულებების ადმინისტრირების პროცესი, თიანეთის მერიამ, ზოგ შემთხვევაში, წარმართა ხარვეზებით. კერძოდ, მერია არაობიექტურად ზრდიდა ობიექტის მიწოდების ვადებს და, შესაბამისად, სამუშაოების დაგვიანებით შესრულებისთვის არ იყენებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციებს.

წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, სამუშაოების დასრულების ვადის ზრდის მიზეზებად, ძირითადად, დასახელებულია არახელსაყრელი კლიმატური პირობები. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები უამინდობის მოტივით გაიზარდა ხუთი ხელშეკრულების შემთხვევაში, ღირებულებით - 1 630.8 ათასი ლარი. ხელშეკრულებების ცვლილებების საფუძველია სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოდან“ წარმოდგენილი ცნობები ნალექიანი დღეების რაოდენობის შესახებ“.

აღსანიშნავია, რომ საპროექტო დაწესებულებების მიერ სამუშაოების შესასრულებლად დადგენილი ვადა, როგორც წესი, ითვალისწინებს ნალექიან დღეებსაც. სახლემწიფო აუდიტორების მტკიცებით, თიანეთის მუნიციპალიტეტი შესყიდვის პროცედურას ატარებს აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, რომელსაც ეთანხმება პრეტენდენტიც. გარდა ამისა, მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი ცნობები შეიცავს მონაცემებს კონკრეტულ პერიოდში ნალექიანი დღეების რაოდენობის შესახებ და არ მიუთითებს, რომ ეს მონაცემები აღემატება რეგიონის საშუალო მაჩვენებელს და ფორსმაჟორულია.

„ამდენად, მიწოდების ვადის გადაწევის რეალური მიზეზი იყო სამუშაოების არასათანადო შესრულება. ნაცვლად იმისა, რომ მუნიციპალიტეტს განეხორციელებინა შესაბამისი რეაგირება, მიმწოდებლებს არაობიექტურად უხანგრძლივებდა სამუშაოების შესრულების ვადებს და არ იყენებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ საჯარიმო სანქციას. მაგალითად, 2020 წელს, სოფლების - ნაქალაქარის, ჩაბანოსა და ახალსოფლის საბავშვო ბაღების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კლიმატური პირობების გამო, საჯარიმო სანქციების გამოყენების გარეშე, მიმწოდებელს ორჯერ გაუგრძელდა ვადა, სულ - 58 დღით“.

იმ შემთხვევაში, თუკი მუნიციპალიტეტი არ შეცვლიდა ხელშეკრულებების პირობებს, ხუთი ხელშეკრულების ფარგლებში, მიმწოდებლებს დაერიცხებოდათ პირგასამტეხლო, სულ - 86.1 ათასი ლარის ოდენობით. გარდა აღნიშნულისა, დაბა თიანეთში, შიდა გზების რეაბილიტაციის მიზნით, 2021 წელს ხელშეკრულება გაფორმდა შპს „გზები და კეთილმოწყობასთან“, ღირებულებით - 1 276.3 ათასი ლარი. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2022 წლის 5 იანვრამდე, თუმცა მიმწოდებელს პერიოდულად უგრძელდება დასრულების ვადა. შედეგად, სამუშაოები მიმდინარე პერიოდშიც დაუსრულებელია.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტი სათანადოდ არ იცავდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს და არ ატარებდა საკმარის ღონისძიებებს სამუშაოების დროულად დასასრულებლად. მიწოდების ვადები გაზრდილია დაუსაბუთებლად, სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენის გარეშე. ეს კი წარმოშობს რისკს, რომ კონკრეტული მიმწოდებლების მიმართ, მუნიციპალიტეტს გააჩნდა სუბიექტური მიდგომა.

ავტორი: მაკა რუხაძე