რატომ მოკლა დამ 60 წლის ძმა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

განსაკუთრებით დღეს, არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა ასაკოვანი მამაკაცი თავისზე ბევრად უმცროს ქალს ირთავს ცოლად. ადრე ყველაფერ ამას კაპიტალისტურ გადმონაშთს ეძახდნენ და საბჭოთა ელიტა გულს ირევდა, აქაოდა, შვილად, ან შვილიშვილად ეკუთვნის, ამის გაკეთება როგორ შეიძლებაო?! მერე რა, რომ იმ ელიტის უდიდეს ნაწილს საყვარლებად სწორედ ასეთი ახალგაზრდა გოგონები ჰყავდა, მთავარი ხომ ის იყო, ოფიციალურად არაფერი „გაეფუჭებინათ“. ასე იყო თუ ისე, ასაკში დიდ სხვაობას ყურადღება მაინც ექცეოდა და კიდევ ერთი დაუწერელი კანონი იყო, მამაკაცი ქალზე უფროსი უნდა ყოფილიყო, თუნდაც დღეებით, მაგრამ მაინც უფროსი. ასაკით უფროსი რძლის ოჯახში შეშვება არავის უხაროდა და ესეც ერთგვარი პარადოქსი გახლდათ - თუ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, რა შუაშია ასაკი?!

 

მოკლედ, ერთმა 60 წელს მიღწეულმა კაცმა ცოლად 27 წლის გოგო რომ მოიყვანა, დიდი ამბავი ატყდა. მას აკრიტიკებდა ყველა, ვისაც კი არ ეზარებოდა - ოჯახის წევრებიდან დაწყებული, კოლეგებით დამთავრებული. ის, ვინც პირდაპირ არ აკრიტიკებდა, ზურგს უკან ჭორაობდა, მაგრამ კაცს არაფერი აინტერესებდა, ძალიან ბედნიერი იყო ახალგაზრდა ცოლთან და რაც მთავარია, მას მანამდე ოჯახი არ ჰყავდა, საკმაოდ შეძლებულიც იყო, მაგრამ ყველაფერს დის ოჯახსა და დის შვილებს ახმარდა. ჰოდა, ყველაზე მეტად სწორედ და ჯავრობდა, ჩემს შვილებს უფულოდ დატოვებს, ყველაფერს იმ გოგოს გადაუფორმებსო. არც გოგო ნაღვლობდა დიდად კრიტიკასა და ჭორებს, კაცს თან ჰყვებოდა და როცა მან უთხრა, ანდერძის შეცვლა მინდა, რაღაცები შენც რომ გერგოსო, ხელი აუქნია, არ ვაპირებ დაქვრივებას, შენთან ერთად კიდევ ასი წელი უნდა ვიცოცხლოო. ამას ბევრი შეესწრო და ბევრს გულწრფელად გაუკვირდა, ეგონათ, გოგო სწორედ ფულის გამო გაჰყვა კაცს, ის კი, ანდერძში მის შეყვანაზე უარს აცხადებდა. ნათესაობა თითქოს დამშვიდდა, ახლადშეუღლებულებმაც ჩვეულებრივად გააგრძელეს ცხოვრება და ყველაფერი თავის გზით მიდიოდა.

ერთ დღეს, ახალგაზრდა ქალმა დაქალს დაურეკა, საინტერესო ფილმია კინოთეატრებში, ეგებ, შენი ქმარი წამოიყვანო და წავიდეთ, მე გეპატიჟებითო. დაქალი დათანხმდა და კინოში წყვილები ერთად შევიდნენ. 60 წლის კაცი ბედნიერებისგან ასხივებდა, აშკარად ეტყობოდა, რომ ცხოვრება უხაროდა. ფილმი საინტერესო იყო, მაგრამ შუა ჩვენების დროს, მამაკაცმა გულზე ხელი მიიდო, უცნაურად გახედა გვერდით მჯდომ ახალგაზრდა მეუღლეს, ერთი ამოიხრიალა და სულიც ამოაყოლა. რა თქმა უნდა, ჩვენება შეჩერდა, სასწრაფოც მალე მივიდა, მაგრამ ექიმებმა მხოლოდ გარდაცვალება დააფიქსირეს. წესისამებრ, გარდაცვლილი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს, სამართალდამცავებმა მისი ცოლი და ორი მეგობარი ზერელედ გამოჰკითხეს, რადგან ყველა დარწმუნებული იყო, რომ მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა მეორე დღეს, ყველაფერი თავდაყირა დადგა - ექსპერტიზის დასკვნით, მამაკაცს ის პრეპარატი ჰქონდა მიღებული, რომელიც ალკოჰოლთან რეაქციაში შედის და რადგანაც გარდაცვლილს პრეპარატის პარალელურად, ღვინო და კონიაკი ჰქონდა დალეული, პრეპარატმა მოქმედება დაიწყო, რამაც საბოლოო ჯამში, გულის გაჩერება გამოიწვია.

„დიახ, სანამ კინოში წავიდოდდით, კაფეში შევედით, მსუბუქად ვჭამეთ, მე ღვინო შევუკვეთე, ჩემმა მეუღლემ - კონიაკი, მაგრამ როცა ღვინო მოიტანეს, რატომღაც დალევა არ მომინდა და ორივე იმან დალია. მაგ კაფეში მუდმივად დავდივართ, პრაქტიკულად, კვირაში 4-5 დღე, სწორედ მანდ ვართ ხოლმე, რადგან ერთმანეთი სწორედ იქ გავიცანით. აბსოლუტურად ყველა გვიცნობს, მიმტანიდან დაწყებული, დირექტორით დამთავრებული. ისეც ყოფილა, რომ ფული დაგვრჩენია სახლში, მაგრამ უპრობლემოდ გაგვმასპინძლებიან და თანხა მერე მიგვიტანია“, - განაცხადა ქვრივმა.

საინტერესო ის იყო, რომ ექსპერტები დაზუსტებით ვერ ამბობდნენ, წამალი ღვინოში იყო გარეული, თუ კონიაკში და რაღა თქმა უნდა, ამის დადგენა არც ჭიქების მეშვეობით შეიძლებოდა, ორივე ჭიქა გარეცხილი იყო. რაც შეეხება მიმტანს, ის ჩვეულებრივი გოგონა გახლდათ, კაფეში დიდი ხნის მუშაობის სტაჟით და როცა სამართალდამცავები მის დასაკითხად მივიდნენ, ლამის ატირდა, მე რა შუაში ვარ, სასმელს მე ხომ არ ვასხამ, რაც ბარმენმა დამისხა, ის მივიტანეო და ლოგიკურად, მართალიც იყო. ჭიქაც და სასმელიც მან სწორედ ბარმენის ხელიდან აიღო.

ბარმენმა მხრები აიჩეჩა, იმ ბოთლებიდან ყოველდღიურად ვასხამ, ორივე ბოთლი აქ მაქვს, სასმელი ორივეში არის და მოდით, შევამოწმოთო. ექსპერტებმა ბოთლები ექსპერტიზაზე წაიღეს, მაგრამ მომაკვდინებელი პრეპარატი არცერთში აღმოჩნდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ პრეპარატი ჭიქაში ან მანამდე ჩაასხეს, სანამ სასმელით შეავსებდნენ, ან მას შემდეგ. ექსპერტები გამორიცხავდნენ, წამალი საკვებში ყოფილიყო არეული, რადგან მას სპეციფიური სუნი აქვს და მხოლოდ ალკოჰოლი აქრობს.

„ჩემს ძმას ეს ალქაჯი მოკლავდა. სწორედ იმიტომ გაჰყვა ცოლად, მერე ყველაფერი რომ მას დარჩენოდა. საბედნიეროდ, ჩემს ძმას ეყო ჭკუა და ანდერძი არ შეუცვლია, ამიტომ ეს აქედან ისეთივე ცარიელ-ტარიელი წავა, როგორიც აქ მოეთრა“, - გარდაცვლილის და ბოლო ხმაზე კიოდა, მაგრამ მისი რძალი ყურადღებას არ აქცევდა, კუბოზე იყო დამხობილი და ცხარე ცრემლით ტიროდა.

„თუ რამე გამეგება, ქვრივი მკვლელი არ არის. შეუძლებელია, ასე ითამაშო და თუ ასე თამაშობს, მაშინ ქართულ კინოს უდიდესი მსახიობი დაუკარგავს. ფაქტია, ვიღაცას აწყობდა, რომ ეს კაცი სწორედ ცოლის გვერდით მომკვდარიყო და ის კაფეში მოწამლეს, მაგრამ ვინ და რატომ, ეს არის საინტერესო. ეგებ, ოჯახის წევრები არაფერ შუაში არიან და მას სხვა მტერი ჰყავდა“, - ხმამაღლა მსჯელობდა გამომძიებელი, მაგრამ მისმა თანაშემწემ უკვე იცოდა, რომ გარდაცვლილს მტერი არ ჰყოლია, რომ ის დიდი პატივისცემით სარგებლობდა, არც ისეთი სასიყვარულო ისტორიები ჰქონია, ვინმეს შური ეძია, მაგრამ... ხომ შეიძლებოდა, ადრე, სანამ ცოლს შეირთავდა, ვინმესთან შვილი შესძენოდა, ის ბავშვი გაზრდილიყი, გაეგო მამის არსებობის შესახებ და მამა ასე გაემეტებინა, ან დაესაჯა? შეამოწმეს ბარის ყველა თანამშრომელი, მათ, ან მათი ოჯახის წევრებს რამე კვეთა ხომ არ ჰქონდათ გარდაცვლილთან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთადერთი, ვინც რაღაცით იყო დაკავშირებული კაცთან, სწორედ ის გოგონა იყო, რომელიც მაგიდას ემსახურებოდა. როგორც გაირკვა, გოგონას დედა, გარდაცვლილის დის დაქალი იყო, კაფეში მუშაობა მან დააწყებინა და დედა-შვილი მადლიერებას არც მალავდა - ცოტა ამოისუნთქეს და გოგოს შინ პურის ფულზე მეტი მიჰქონდა. ვარაუდი იმისა, რომ გარდაცვლილს, შესაძლოა, ოფიციანტთან რამე სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონოდა, მალევე გამოირიცხა. ჯერ ერთი, ყველა ამბობდა, რომ კაცი გოგოს მამა-შვილურად ექცეოდა და როცა ოფიციანტს ამაზე მიანიშნეს, მან ჯერ ტირილი დაიწყო, მერე კი, ასევე ტირილით თქვა, რას მეუბნებით, ნებისმიერ ექიმთან შემამოწმეთ, ქალიშვილი ვარო. გამოძიება ჩიხში საბოლოოდ შევიდა, მაგრამ...

„გარდაცვლილმა ორი დღის წინ შეცვალა ანდერძი და მთელი უძრავ-მოძრავი ქონება ცოლს დაუტოვა. ამის შესახებ არ იცოდა არავინ, არც მეუღლემ, არც ნათესავებმა, ვიცოდი მხოლოდ მე და მქონდა გაუთქმელობის პირობა მიცემული“, - ეს განცხადება გარდაცვლილის ადვოკატმა გააკეთა და იქ ამბავი დაიწყო... მოკლული კაცის და რძალს თმებში სწვდა და სანამ ხელიდან გამოსტაცებდნენ, თმა ბღუჯა-ბღუჯა ამოაცალა. როცა სიტუაცია ასე თუ ისე დამშვიდდა, ქვრივმა ადვოკატს მიმართა, მე მხოლოდ ბინას დავიტოვებ, თავზე ჭერი რომ მქონდეს, დანარჩენი არაფერი მინდა, ყველაფერი დას და მის შვილებს მიეცით, ისინი ძალიან უყვარდა და დარწმუნებული ვარ, ჩემს გადაწყვეტილებას მოიწონებდაო. არც ამას ელოდა ვინმე და ძალოვნები საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ქვრივი ეჭვმიტანილთა სიიდან უნდა ამოეღოთ. მომხდარი მალე გახმაურდა, ყველა ქვრივს აქებდა, კაცი მართლა ჰყვარებიაო და... განყოფილებაში ოფიციანტი მივიდა.

„ასე ცხოვრება არ შემიძლია, მით უმეტეს, იმის შემდეგ, რაც მოხდა. ორიოდე დღის წინ, ჩემთან გარდაცვლილის და მოვიდა, მისგან ძალიან ვარ დავალებული. რაღაც სითხე მომცა და მითხრა, როცა ჩემი ძმა და მისი ცოლი მოვლენ, ეს სითხე ქალს სასმელში გაურიე, არ მოკლავს, უბრალოდ, უშვილობას იწვევს, გულყრა დაეწყება, მერე კი, როცა საავადმყოფოში წაიყვანენ, სისხლდენა ექნებაო. ის ექიმია, დავუჯერე, მას ძმის შვილი არ უნდოდა. წამალი ღვინოში ჩავასხი, რადგან ქალი ყოველთვის ღვინოს სვამდა და იმ დღეს... არ დალია, ქმარმა დალია. შემეშინდა, მაგრამ ვიფიქრე, რომ ეს წამალი მხოლოდ ქალებზე მოქმედებდა, მით უმეტეს, კაცი მშვიდად გავიდა კაფედან. მერე, ეს ამბავი გავიგე და... არ შემიძლია, არა, ასე ვერ ვიცხოვრებ“, -განაცხადა ოფიციანტმა.

სასამართლომ გარდაცვლილის დას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ოფიციანტს - 8 წლით, თუმცა... ქვრივმა ქონებაზე მაინც უარი თქვა, ჩემი ქმრის დის შვილებს არაფერი დაუშავებიათო.

 

 

 

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე