რა დარღვევები გამოვლინდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ორგანიზაციებში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კონკრეტულად ამ დასკვნას იმიტომ გახსენებთ, რომ აჭარა ერთ-ერთი რეგიონია, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა. აუდიტის ანგარიში, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, სახელმწიფო მაკონტროლებლებს გენერალურ პროკურატურაში არ გადაუგზავნიათ, მაგრამ საინტერესოა, რა ფინანსური დარღვევები გამოვლინდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ორგანიზაციებში. ერთი შეხედვით, ფინანსურ აუდიტში სერიოზული დარღვევები და ხარვეზები არ არის, თუმცა სახელმწიფო აუდიტის შედეგად, გარკვეული ნაკლოვანებები მაინც გამოიკვეთა და მათ გამოსასწორებლად, ქვეყნის მთავარმა მაკონტროლებლებმა მთელი რიგი რეკომენდაციებიც კი შეიმუშავეს. დასკვნა, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგების აუდიტია, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

„ჩვენი აზრით, წარმოდგენილი დასკვნის აბზაცში - „პირობითი მოსაზრების საფუძველი“ - აღწერილი საკითხების გავლენით განპირობებული შედეგების გარდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, მომზადებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად“, - ვკითხულობთ აუდიტის შესავალში, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამის მიუხედავად, მთელი რიგი ხარვეზები მაინც გამოვლინდა.

 

ხარვეზები მოკლევადიან დავალიანებებში

კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, არ არის ასახული საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა, სარგებლობაში პირველადი გადაცემა არ განხორციელებულა და არ არის შეფასებული.

„კანონმდებლობის შესაბამისად, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით ფლობს, მართავს და განკარგავს ქონებას და ახორციელებს ქონების მართვა-განკარგვასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს. შესაბამისად, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე უნდა აღირიცხოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ყველა ქონება, რომლის სარგებლობაში პირველადი გადაცემა არ განხორციელებულა. სამინისტროს ფინანსურ ანგარიშგებაში არ ირიცხება 1 400 ერთეულზე მეტი მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება, რომელიც სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მონაცემებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და არ არის შეფასებული. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის ფინანსურ ანგარიშგებაში „დაუმთავრებელი მშენებლობის“ ანგარიშზე, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ასახულია 670 209 ლარის ღირებულების დაუმთავრებელი აქტივი, რომელზეც 2017-2018 წლებიდან ბრუნვა არ ყოფილა“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

აღნიშნული აქტივი, 2017-2018 წლებში, შესრულებული საპროექტო სამუშაოს ღირებულებაა, რომლის დაფინანსება მიმდინარე წლის ბიუჯეტითაც არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, აღნიშნული არაფინანსური აქტივიდან, მომავალში ეკონომიკური სარგებლის მიღების ალბათობა აუდიტის თარიღისთვის არ არის განსაზღვრული.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის ბალანსზე ასახული „სხვა არაფინანსური აქტივების“ ნაშთი, შესაძლოა, მოიცავდეს ისეთ დაუმთავრებელ აქტივებს, საიდანაც მომავალში ეკონომიკური სარგებლის მიღება ნაკლებსავარაუდოა. შესაბამისად, ისინი, შესაძლოა, არ აკმაყოფილებდნენ აქტივად აღიარების კრიტერიუმებს.

 

ხარვეზები გრძელვადიან ფინანსურ აქტივებში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აპარატის ფინანსურ ანგარიშგებაში, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ირიცხება გრძელვადიანი ფინანსური აქტივები - 1 424 312 ლარის ოდენობით, რომელიც აღრიცხულია ანგარიშზე − „ინვესტიციები წილობრივ ინსტრუმენტებში“. ეს თანხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში განხორციელებული ფულადი/ქონებრივი შენატანებია.

საჯარო სექტორის კომერციულ ერთეულებში არსებული წილების ასახვის მიზნით, გამოიყენება კაპიტალ-მეთოდი, რაც გულისხმობს წილობრივი მონაწილეობის თავდაპირველ აღრიცხვას თვითღირებულების საფუძველზე, ხოლო შემდეგ, მის კორექტირებას მეკავშირე ერთეულის, ან ერთობლივი საქმიანობის „წმინდა აქტივებში/კაპიტალში“ ინვესტორის კუთვნილ წილში შეძენის შემდგომ მომხდარი ცვლილების შესაბამისად.

„სამინისტროს ფინანსურ ანგარიშგებაში, მუხლში - „ინვესტიციები წილობრივი ინსტრუმენტები“ თავდაპირველად აღრიცხული თანხა არ არის შეცვლილი იურიდიული პირების საქმიანობის წლიური ფინანსური შედეგების გათვალისწინებით. ამის გამო, ვერ მოვიპოვეთ რწმუნება 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში „გრძელვადიანი ფინანსური აქტივების“ ანგარიშის საბოლოო ნაშთის სისწორესა და სისრულეზე. აღსანიშნავია, რომ მაკონტროლებელი ერთეულების მიერ არ არის გატარებული ქმედითი ღონისძიებები ფინანსური ანგარიშგების მონაცემების ფაქტობრივ მდგომარეობასთან მისადაგების მიმართულებით, რაც აქტივების მართვაში არსებულ ნაკლოვანებებზე მიუთითებს“.

სახელმწიფო აუდიტორების რეკომენდაციის მიხედვით, სამინისტრომ უნდა განიხილოს კომპანიებში არსებული წილების ერთჯერადად, სამართლიანი ღირებულებით შეფასების საკითხი, ან საიმედო ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, კომპანიებში წილობრივი ინსტრუმენტების საბოლოო ნაშთი დააკორექტიროს წინა წლებში არსებული თანხობრივი, ქონებრივი და წილობრივი შენატანებით, ხოლო შემდგომ გაითვალისწინოს კაპიტალ-მეთოდის მოთხოვნები.

 

ხარვეზები  ინვენტარიზაციაში

ინვენტარიზაცია არის ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარებული აქტივების, ვალდებულებების, ასევე განმარტებით შენიშვნებში ან/და საცნობარო ანგარიშებზე ასახული არასაბალანსო კატეგორიების ფაქტობრივი ნაშთების შედარება ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებთან. ინვენტარიზაცია კონტროლის მექანიზმია, რომლის მიზანია დანაკლისის, ზედმეტობისა და დაზიანებული ან/და გამოუსადეგარი აქტივების იდენტიფიცირება. შესაბამისად, ინვენტარიზაციის ჩატარება მნიშვნელოვანია იმაში დასარწმუნებლად, რომ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ყველა აქტივი და ვალდებულება რეალურად არსებობს და ამასთან, ორგანიზაციის მფლობელობაში არსებული ყველა აქტივი სრულადაა ასახული ფინანსურ ანგარიშგებაში. ინვენტარიზაციის სრულყოფილად განხორციელება მნიშვნელოვანია ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენისთვის, აქტივების ეფექტიანი განკარგვისა და შიდა კონტროლის გასაუმჯობესებლად.

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2022 წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ორგანიზაციებში ჩატარებულ ინვენტარიზაციის პროცესს ახლდა გარკვეული ნაკლოვანებები.

„ააიპ „აგროსერვის ცენტრის“ საინვენტარიზაციო მასალებში მითითებული აქტივების ადგილსამყოფელი და მდგომარეობა არ ასახავს რეალობას, ასევე არ არის მინიჭებული საინვენტარო ნომერი ან შტრიხკოდი, ხოლო მატერიალურად პასუხისმგებელი პირების განსაზღვრა ფორმალური ხასიათისაა. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ არ ჩატარებულა იმ უძრავი ქონების ინვენტარიზაცია, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და სარგებლობაში პირველადი გადაცემა 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არ იყო განხორციელებული“.

სახელმწიფო აუდიტორების რეკომენდაციით, ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენის მიზნით, საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელობამ, მარეგულირებელი ნორმების საფუძველზე, უნდა უზრუნველჰყოს ორგანიზაციის ბალანსზე აღრიცხული აქტივების ინვენტარიზაცია, შედეგების შეფასება და ბუღალტრული აღრიცხვა.

 

ხარვეზები ფინანსურ ანგარიშგებებში

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში - „სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების“ 97% ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის აქტივებია. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის ბალანსზე აღრიცხულია 5 935 687 ლარის ღირებულების მიწა და შენობა-ნაგებობები, რომლებიც 2022 წლის 31 დეკემბრამდე პრივატიზებულია, ან გადაცემულია უვადო სარგებლობა-საკუთრებაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებისთვის. შესაბამისად, აღნიშნული აქტივები არ უნდა ირიცხებოდეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის და შესაბამისად, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფინანსურ ანგარიშგებაში - „დაუმთავრებელი მშენებლობა“, 2022 წლის ბოლოსთვის, შეადგენს 20 207 475 ლარს. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 5 031 043 ლარის აქტივები ფაქტობრივად დასრულებულია და შესულია ექსპლუატაციაში, თუმცა ისინი შესაბამის მუხლებში არ არის გადატანილი. კერძოდ, 2 893 363 ლარი დასრულებული გზების/ხიდების მშენებლობაა, 948 738 ლარი - განხორციელებული საპროექტო დოკუმენტაციის ღირებულება, ხოლო1 188 942 ლარი - ტექნიკური ზედამხედველობის ხარჯები.

„დაუმთავრებელი წარმოების მუხლში აღრიცხვის გამო, აღნიშნულ აქტივებს არ ერიცხებათ ცვეთის ხარჯი. შესაბამისად, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში - „სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივის“ მუხლი 5 031 043 ლარით გაზრდილად არის წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ „სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივის“ მუხლის არასწორი აღრიცხვა ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯების არასწორ ასახვას იწვევს, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს (ფინანსური შედეგების ანგარიშგება) მუხლის „წმინდა აქტივი/კაპიტალი“ სისწორეზე“.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ ააიპ „აგროსერვის ცენტრის“ ფინანსურ ანგარიშგებაში, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შემოსავლები-გრანტებით, ირიცხება 1 000 086 ლარი, საიდანაც 198 754 ლარი - საქართველოში, იაპონიის საელჩოს გრანტია. საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ააიპ „აგროსერვის ცენტრი“ ვალდებული იყო, ერთი წლის განმავლობაში, მოეწყო მანდარინის სათბურ-იზოლატორები. ხელშეკრულების თანახმად, მისი შეწყვეტის, ასევე, პირობების დარღვევის ან თანხის გამოუყენებლობის შემთხვევაში, თანხა უბრუნდებოდა გრანტის გამცემს.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ გრანტის ფარგლებში მიღებული თანხა მხოლოდ ვალდებულებების შესრულების შემდგომ ექვემდებარებოდა შემოსავლებად აღიარებას.

 

ხარვეზები ცვეთაში, ამორტიზაციასა და ტრანსპორტის ხარჯებში

საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთა-ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის“ თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაცია ვალდებულია, განსაზღვროს აქტივების სასარგებლო მომსახურების ვადა, რომლის განმავლობაშიც მოსალოდნელია ერთეულის მიერ ცვეთადი ამორტიზებადი აქტივის გამოყენება, ან პროდუქციის და მსგავსი ნაწარმის რაოდენობა, რომლის მიღებაც მოსალოდნელია ერთეულის მიერ მოცემული აქტივის გამოყენებით. სასარგებლო მომსახურების ვადის განსაზღვრა მნიშვნელოვანია, ცვეთადი ამორტიზებადი აქტივების ღირებულების სისტემატური განაწილებისათვის.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული აქტივების ინვენტარიზაციის დროს, არ არის გადასინჯული ძირითადი და არამატერიალური აქტივების სასარგებლო მომსახურების ვადები, ხოლო ცვეთის დარიცხვა განხორციელდა წინა პერიოდში მოქმედი წესის შესაბამისად, პროცენტების დარიცხვით.

ხაზინის მონაცემებით, 2022 წელს, რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გაწეულმა ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის საკასო ხარჯმა შეადგინა 13 211 534 ლარი, მათ შორის, საწვავ-საპოხი მასალების შეძენის ხარჯი შეადგენს 3 980 912 ლარს, ხოლო ექსპლუატაციის, სათადარიგო ნაწილებისა და მათი რემონტის ხარჯები - 2 718 480 ლარს“.

მოქმედი რეგულაციებით, სამსახურებრივ მივლინებად ითვლება დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით მოსამსახურის გამგზავრება. ამასთან, ტრანსპორტთან დაკავშირებული ხარჯების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ რიგ შემთხვევებში, სათანადო დოკუმენტური საფუძვლების გარეშე გაცემული საწვავი აღიარებულია ხარჯად, კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რვა შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი პირი არ იმყოფებოდა მივლინებაში, თუმცა ავტომანქანა დაფიქსირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ და ჩასხმულია 405 ლიტრი და 1 467 ლარის ღირებულების საწვავი. აღნიშნულ შემთხვევებზე, შესაბამისმა უწყებამ სახელმწიფო აუდიტორებს ვერ წარუდგინა დოკუმენტური დადასტურება ავტომობილის სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს კი საწვავის ხარჯვაზე დაწესებულ კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე მიუთითებს.

 

ავტორი: მაკა რუხაძე