"ქვეყნის განვითარება არის პასუხი ყველაფერზე და არის საუკეთესო გზა ყველა მიმართულებით" - ირაკლი კობახიძე

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ეკონომიკა, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი პოზიციები, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე და მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი პოზიციები გამთლიანების ამოცანის შესრულების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყნის განვითარება არის საუკეთესო გზა ქვეყნის გამთლიანების მიმართულებით.

 

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკის განვითარებაზე, ესეც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც ხელს შეუწყობს და დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. რაც უფრო მეტად იქნება განვითარებული ჩვენი ქვეყნის ის ტერიტორია, რომელიც დღეს არ არის ოკუპაციის ქვეშ, ანუ ქვეყნის ტერიტორიის 80 %, მით უფრო მეტი ინტერესი გაჩნდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რომ განხორციელდეს ინტეგრაცია და ჩვენ ვიცხოვროთ საერთო, ერთიან, განუყოფელ სახელმწიფოში, მათ შორის, ერთად გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. შესაბამისად, ქვეყნის განვითარება არის პასუხი ყველაფერზე და არის საუკეთესო გზა ყველა მიმართულებით, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების მიმართულებით. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ეკონომიკა, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი პოზიციები, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე და მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი პოზიციები გამთლიანების ამოცანის შესრულების კუთხით,“- განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, თბილისი-ბათუმის მაგისტრალი არის ერთ-ერთი საკვანძო პროექტი.

„გარდა იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია უფრო სწრაფი გადაადგილება, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებასაც, იგივე ტურიზმის განვითარებას და ზოგადად, ყველა მიმართულებით. გარდა ამისა, ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ფონზე, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რომ ბევრად უფრო განვავითაროთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა ასევე ისაუბრა აღმოსავლეთის მაგისტრალზე.

„ერთი, რომ საზღვრიდან საზღვრამდე დავაკავშირებთ ჩვენ ავტომაგისტრალით კონკრეტულ პუნქტებს, თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვრამდე დასრულდება ავტომაგისტრალის მშენებლობა მთლიანად, უკვე 2028 წლის ბოლომდე, გაიჭრება, მათ შორის წითელ ხიდამდე და სადახლომდე მიმავალი 4-ზოლიანი ავტომაგისტრალი და კახეთის მიმართულებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.
მთლიანობაში, ამ ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას აქვს ძალიან დიდი ეკონომიკური პოტენციალი ჩვენი ქვეყნისთვის. ამისთვის გრძელდება სწორედ გზების მშენებლობა, ძალიან დიდი ინვესტიციები ჩაიდება ამ მიმართულებით მომდევნო 4 წლის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ანაკლიის პროექტი, რკინიგზის მოდერნიზაცია და ა.შ. ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან თანმიმდევრული და წინასწარ გაწერილი გეგმა, რაც საბოლოო ჯამში გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ფუნქციას არა მარტო ეკონომიკური, არამედ ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.