მდიდარი ნიკა გილაურის „მოკრძალებული“ ქონებრივი დეკლარაცია

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

12 წლის წინ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საჯაროდან კერძო სექტორში გადაინაცვლა. 12 წელია, დუმილს ამჯობინებს და სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების მრჩევლის ფუნქციას ასრულებს. პოლიტიკურ კულუარებში ჭორაობენ, რომ ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ახალ კოალიციას სწორედ ნიკა გილაური აფინანსებს. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი, სავარაუდო კანდიდატი, რომელიც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა დაასახელოს, დიდი ალბათობით, გილაურია.

ჭორები-ჭორებად, მაგრამ 5 ოქტომბერს, ნიკა გილაურმა 12-წლიანი დუმილი დაარღვია და საჯარო ლექცია გამართა, სადაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრა. მან თავადვე აღნიშნა, რომ 12 წელია, ინტერვიუ არ მიუცია და პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებია.მართალია, ბევრს „ჭორაობენ“, რომ თუ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, შესაძლოა,ისევ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მოგვევლინოს, გილაურმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა... „ვერსია“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქონებრივ დეკლარაციას გთავაზობთ, თუმცა მანამდე, ნიკა გილაურის ბიოგრაფია გავიხსენოთ. 

 

ექსპრემიერის ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში, 1975 წლის 14 თებერვალს. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტზე. 1998 წელს დაამთავრა ინგლისის ბიურნემოუტნის კოლეჯის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები; 1999-2000 წლებში სწავლობდა საერთაშორისო ბიზნეს-მენეჯმენტს ფილადელფიის ტემპლის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.

1999 წლიდან მუშაობდა დუბლინის საერთაშორისო საფინანსო ცენტრში; 2000 წელს იყო ფილადელფიის მცირე ბიზნესის განვითარების ცენტრის ფინანსური კონსულტანტი; 2001 წლიდან - „საქართველოს ტელეკომის“ ფინანსური კონსულტანტია; 2002 წლიდან - ესპანური კონსორციუმის „იბერდროლას“ ფინანსური კონსულტანტი; 2003-2004 წლებში - ირლანდიური კომპანია „იესბი“-ის „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მენეჯმენტ-კონტრაქტორი და ფინანსური მაკონტროლებელია; 2004 წლიდან, ნიკა გილაური საქართველოს ენერგეტიკის მინისტრია; 2007-2009 წლებში- საქართველოს ფინანსთა მინისტრი; 2009-2012 წლებში- საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო.

2010 წლის იანვარში,ნიკა გილაური ყოფილ მოდელსა და „მის საქართველო 2004“-ის მონაწილე - მარინე შამუგიაზე დაქორწინდა. წყვილს ერთი შვილი ჰყავს - მარი გილაური. 

საჯარო სექტორის დატოვების შემდეგ,ნიკა გილაურმა დააფუძნა საკონსულტაციო კომპანია Reformatics,გარდა ამისა, ის McKincey&Co-ს უფროსი მრჩეველიცაა.2012 წლიდან დღემდე,ნიკა გილაურმა აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის 30-მდე ქვეყნის მთავრობას გაუწია კონსულტაცია  ისეთ საკითხებში,  როგორებიცაა სახელმწიფო მმართველობა, ანტიკორუფციული, მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა.მანვე გასცარეკომენდაციები ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების, ენერგეტიკის, სოციალური, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.

 

გილაურის ქონება

სულ ბოლოს, ქონებრივი დეკლარაცია ნიკა გილაურმა, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, 2012 წლის 17 მაისს შეავსო.

დეკლარაციაში მითითებული არ არის, ფლობს თუ არა ბინას, სახლს, მიწის ნაკვეთს ან ავტომობილს ნიკა გილაური ან მისი მეუღლე. მოკლედ, უძრავ-მოძრავის ქონების შესახებ ქონებრივ დეკლარაციაში არაფერია მითითებული.

გარდა ამისა, ნიკა გილაურის ოჯახი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს, რომლის თითოეული ღირებულება აღემატება 10000 ლარს. რაც შეეხება მის საბანკო ანგარიშებს,დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ნიკა გილაურს გახსნილი ჰქონდა ანგარიში საქართველოს ბანკში, მაგრამ ირკვევა, რომ თურმე არაფერი ერიცხებოდა.  დეკლარაციის შევსების დროს, მას ხელთ არ ჰქონდა ნაღდი ფული, რომელიც აღემატებოდა 4000 ლარს. ნიკა გილაური არ მონაწილეობდა კომერციულ საქმიანობაში და შესაბამისად,იქიდან შემოსავალსაც არ იღებდა.

რაც შეეხება უშუალოდ მის, როგორც პრემიერ-მინისტრის შემოსავალს. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში, საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტზე, ნიკა გილაურის ანაზღაურება 152150 ლარი ყოფილა.

ვინაიდან ნიკა გილაურის დეკლარაციაში, წლიური ხელფასის გარდა, ხელჩასაჭიდი არავითარი ინფორმაცია არ არის მითითებული, 2008-2011 წლების ფინანსურ დეკლარაციების მიმოხილვას შემოგთავაზებთ და აქვე გეტყვით, რომ 2008-2011 წლებში,  სახელფასო ანაზღაურების სახით, მან 465 980 ლარი აიღო.

ყოფილი პრემიერის 2008, 2009, 2010 და 2011 წლების ფინანსური დეკლარაციების შედარებისას აღმოჩნდა, რომ გილაურმა 2008 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ფინანსთა მინისტრის პოსტზე, ხელფასის სახით, 113 800 ლარი აიღო; 2009 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, პრემიერის თანამდებობაზე - 73 789 ლარი; 2010 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრამდე - 126 241 ლარი; ხოლო 2011 წლის ანალოგიურ პერიოდში, გილაურმა 152 150 ლარი გამოიმუშავა.

ამასთან, დეკლარაციის ერთ-ერთი გრაფა - „თქვენი, თქვენი ოჯახის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფული, რომლის ოდენობა 4000 ლარს აღემატება“, 2008-2011 წლების დეკლარაციებში ცარიელია.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, 2008 წელს, ნიკა გილაურს საქართველოს ბანკში ორი საბარათე და ერთი საკრედიტო ანგარიში ჰქონდა გახსნილი, რომელთაგან ერთ საბარათე ანგარიშზე, ნაშთის (კრედიტი ან დებეტი) სახით - 0 ლარი, მეორეზე კი - 6 861.60 ლარი ირიცხებოდა. რაც შეეხება საკრედიტო ანგარიშს, პრემიერს 30 000-დოლარიან საკრედიტოზე, დეკლარაციის შევსების მომენტში, 23 582.02 დოლარი ჰქონდა დარჩენილი. გარდა ამისა, პრემიერს საბარათე ანგარიში თიბისი ბანკშიც ჰქონდა გახსნილი, რომელზეც არაფერი ერიცხებოდა.

უკვე 2009 წლის დეკლარაციის თანახმად, ნიკა გილაურს საქართველოს ბანკში ორი საკრედიტო და ერთი სახელფასო ანგარიში ჰქონდა, მაგრამ არცერთზე არანაირი თანხა არ უფიქსირდებოდა.

რაც შეეხება 2010 წლის ფინანსურ დეკლარაციას, გილაურს საქართველოს ბანკში გახსნილი ორი სახელფასო ანგარიშიდან ერთზე, ნაშთის სახით - 4 833.35 აშშ დოლარი (კრედიტი), მეორეზე კი - 6 000 აშშ დოლარი (დებეტი) ერიცხებოდა. გარდა ამისა, პრემიერს საქართველოს ბანკში საკრედიტო ანგარიშიც ჰქონდა გახსნილი, მაგრამ თანხა არ უფიქსირდებოდა.

2011 წლის დეკლარაციის მიხედვით, გილაურს საქართველოს ბანკში ორი საკრედიტო და ერთი სახელფასო ანგარიში ჰქონდა გახსნილი, თუმცა დეკლარაციის შესაბამის გრაფაში ნაშთის სახით არანაირი თანხა არ ფიქსირდება.

გილაურების უძრავ ქონებას რაც შეეხება, 2008-2011 წლების დეკლარაციას თუ ვენდობით, პრემიერსა და მისი მეუღლეს, მარინა შამუგიას საკუთრებაში არანაირი უძრავი ქონება არ გააჩნიათ.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას (თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშების, ნაღდი ფულადი თანხის გარდა), დეკლარაციის შესაბამისი გრაფა, როგორც 2008, 2009, 2010, ისე 2011 წელსაც ცარიელია.

ამასთან, 2008-2011 წლების დეკლარაციის მიხედვით, გილაურის ოჯახის არცერთი წევრი, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდა.

ასევე, არც პრემიერ-მინისტრს და არც მის მეუღლეს, 2008-2011 წლების განმავლობაში, ფასიანი ქაღალდები არ გააჩნდა.

დეკლარაციას თუ ვენდობით, 2008 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ასევე 2009 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და 2010-2011 წლების ანალოგიურ პერიოდებში, გილაურებს 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი არ მიუღიათ.

ასევე, დეკლარაციის ერთ-ერთი გრაფა - „წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან გასავალი, რომლის ოდენობა თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1500 ლარს და არ არის მითითებული ამ დეკლარაციის სხვა ფურცლებზე“- 2008, 2009, 2010 და 2011 წლებში, ცარიელია.

 

 ავტორი-მაკა რუხაძე