"აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ბანერი არის უხეშად მანიპულაციური" - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მაშინაც კი, როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუცია გამოიყენა საბაბად „კრედიტ სუისმა“, რომ თანხები არ გადმოერიცხა, ჩვენ არ გვითქვამს, რომ აშშ-ი და ევროკავშირი აკავებს ამ თანხებს, სიცრუე სწორედ ის იყო, რაც აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ბანერზე ეწერა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, არა აშშ-ი და ევროკავშირი, არამედ „გლობალური ომის პარტია“ არის ის, ვინც ზემოქმედებას ახდენს ასეთ პროცესებზე და მათ, სამწუხაროდ, პრინციპული გავლენა აქვს პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე, როგორც აშშ-ის ისე ევროკავშირის მიმართულებითაც.

 

„იყო ორწინადადებიანი ბანერი, რასაც გაეცა დეტალური პასუხი, მათ შორის, ამ ბანერზე სიცრუე იყო განთავსებული, რატომღაც საელჩო შეიყვანეს სიცრუეში. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ განცხადებას, რაც მოცემული იყო ბიძინა ივანიშვილის პასუხშიც, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ „კრედიტ სუისის“ თანხები დაკავებული აქვს აშშ-ს ან ევროკავშირს.

მაშინაც კი, როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუცია გამოიყენა საბაბად „კრედიტ სუისმა“, რომ თანხები არ გადმოერიცხა, მაშინაც კი არ გვითქვამს ჩვენ, რომ აშშ-ი და ევროკავშირი აკავებს ამ თანხებს. სიცრუე, სწორედ, ის იყო, რაც ეწერა ამ ბანერზე. რატომ დაიწერა ეს ტყუილი, რატომ ეუბნებიან არასწორ ამბავს ქართველ ხალხს?! ჩვენ ვამბობდით, რომ არის „გლობალური ომის პარტია“, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ასეთ პროცესებზე. მათ შორის, პრინციპული გავლენა აქვს პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე, სამწუხაროდ აშშ-ის მიმართულებითაც და ევროკავშირის მიმართულებითაც. ორი არჩევნების დასრულებისა და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ინტერესები შეიცვლება. დამშვიდდება ვითარება და საქართველოს მიმართ ინტერესიც შეეცვლებათ. მეორე ფრონტის ინტერესიც აღარ იარსებებს. მინდა, შეგახსენოთ ყველაფერი, რაც ხდებოდა 2022 წლიდან, რა განცხადებები კეთდებოდა NGO-ების მხრიდან და საიდან ფინანსდებიან ეს NGO-ები ხომ არ დაგავიწყდათ, ან რა განცხადებები კეთდებოდა პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც არიან შემჩნეულნი პირდაპირ კავშირებში კონკრეტულ სუბიექტებთან, ან რა განცხადებები კეთდებოდა უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან და რა კავშირებია იქაც. ხომ არ გავიწყდებათ ვინ საუბრობდა მეორე ფრონტზე, ვინ „გვაწვებოდა“, „გლობალურ ომის პარტიაზე“ ვსაუბრობ. თქვენ გინდათ წარმოაჩინოთ ისე, რომ ამ ყველაფერს აკოორდინირებს აშშ-ი და ევროკავშირი და ჩვენ გეუბნებით, რომ ეს არ არის აშშ-ი და ევროკავშირი, ეს არის „გლობალური ომის პარტია“. თქვენ რომ ამბობთ, რომ აშშ-ს და ევროკავშირს უნდათ მეორე ფრონტი, ან რევოლუციის მოწყობა და ა.შ. ასეთ ინტერპრეტაციას რომ აძლევთ, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი ფორმულირება, იმიტომ რომ ჩვენ ამას არ ვამბობთ, ჩვენ პირიქით ვამბობთ, რომ ეს არის არა აშშ-ი, არა ევროკავშირი, არამედ ეს არის „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც, სამწუხაროდ, აქვს პრინციპული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა საქართველოში აშშ-ის ელჩს მიმართა, რომ კარგად ჩაუღრმავდეს მანიპულაციას, რომელიც განახორციელეს საელჩოს თანამშრომლებმა, რადგან საქმე ეხება არა 1,8, არამედ 2,5 პროცენტს.

 

„1,8 პროცენტი არის 35 ათასზე მეტი ხმა, არ შეიძლება, საელჩოს ბანერზე მანიპულაცია იყოს მოცემული. როცა ამბობ, რომ 1,8 პროცენტი, რა მოხდა, 1,8 პროცენტი არ იყო მაშინ. როდესაც საბოლოო ჯამში დაიდო იმ ოქმების მონაცემები, ის არ იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით - ცდომილება იყო არა 1,8, არამედ იყო თუ არ ვცდები, 2,5. შესაბამის ოქმებს თუ დაადარებდით „ქართული ოცნების“ შედეგის ცდომილება იყო არა 1,8, არამედ 2,5. ეს არის პირველი მანიპულაცია, რომელიც საელჩოს ბანერზეა და მინდა ვთხოვო ელჩს, კარგად ჩაუღრმავდეს ამ მანიპულაციას, რომელიც განახორციელეს მისი საელჩოს თანამშრომლებმა, როცა საქმე ეხება არა 1,8, არამედ 2,5 პროცენტს. 2,5 პროცენტი არის 50 ათასი ხმა. „ისფედი“ ამტკიცებდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა 50 ათასი ხმა, ეს მეორე მანიპულაცია. ელჩს ვთხოვ, რომ ყურადღებით დააკვირდეს ამ განცხადებას. ჯერ ერთი არა 1,8, არამედ 2,5 და მეორე არა 2,5 როგორც ასეთი, არამედ „ისფედი“ ჩვენ გვაბრალებდა და საზოგადოებას ატყუებდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა 50 ათასი ხმა და ამ 50 ათასი ხმის გაყალბების საბაბით, რადიკალური ოპოზიცია გვიწყობდა რევოლუციას ამ ქვეყანაში, რასაც პირდაპირი მხარდაჭერა ჰქონდა ენჯეოების და ორი ელჩის მხრიდან, რაც არ არის ნახსენები ამ ბანერზე. აქედან გამომდინარე, ეს ბანერი არის უხეშად მანიპულაციური და არ წარმოაჩენს სიმართლეს ისე, როგორც ეს მოხდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დაახლოებით 100-მდე ქვეყანა იყო მიწვეული ამ ვახშამზე, რომელსაც აქვს გაფორმებული თუ გაუფორმებელი ავტოკრატია საკუთარ ქვეყანაში, მათ შორის, ერთპარტიული მმართველობა და .ა.შ. ისინი იყვნენ მიწვეული. აქ სად არის ლოგიკა, - ამის შესახებ  ირაკლი კობახიძემ ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ლოგიკა არის ერთადერთ რამეში, ამ შემთხვევაშიც ყველაფერში „გლობალური ომის პარტიის“ ხელი ურევია.
„იქ იყო მიწვეული პრაქტიკულად ყველა დელეგაცია, რამდენი ქვეყანაც არის გაეროში იცით, დაახლოებით 200 ქვეყანაა გაწევრიანებული და ამ 200 ქვეყნიდან რამდენია ავტორიტარული, მათ შორის, კონსტიტუციურად გაფორმებული ავტოკრატიით, არის დაახლოებით ნახევარი. ნახევარი არის თვითაღიარებული ავტოკრატია, ან სხვებისგან აღიარებული ავტოკრატია. დაახლოებით 100-მდე ქვეყანა იყო მიწვეული ამ ვახშამზე, რომელსაც აქვს გაფორმებული თუ გაუფორმებელი ავტოკრატია საკუთარ ქვეყანაში, მათ შორის, ერთპარტიული მმართველობა და .ა.შ. ისინი იყვნენ მიწვეული. აქ სად არის ლოგიკა. ლოგიკა არის ჩვენთვის ერთადერთ რამეში, ამ შემთხვევაშიც ურევია ყველაფერში „გლობალური ომის პარტიის“ ხელი. ვიღაცები არიან ძალიან განაწყენებული იმის გამო, რომ ჩვენ არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები 2022 წლიდან და ამ გაღიზიანების გამოხატულებაა ასეთი აქტები. სწორედ ამიტომ ვამბობთ, როდესაც დასრულდება უკრაინაში ომი, შეიცვლება ინტერესებიც საქართველოს მიმართ და ამის შემდეგ ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ თვისებრივად გადავტვირთოთ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. აქვე დავაკონკრეტებ, რომ ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად ვართ აქედანვე, თუ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ამის იმედი არ გვაქვს წლის ბოლომდე, თუმცა მომავალი წლის დასაწყისიდან ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ მას შემდეგ რაც გადაივლის ერთი არჩევნები, მეორე არჩევნები, მას შემდეგ, რაც დასრულდება ომი უკრაინაში, ურთიერთობები გადაიტვირთება თვისებრივად საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.