სალომე ზურაბიშვილი დადგა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სალომე ზურაბიშვილი დადგა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს, რაც არავის უკვირს; ის მთლიანად არის მიერთებული იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პირდაპირ უკავშირდება ფსევდოლიბერალური პროპაგანდა - ეს არის რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ მან ხელი არ მოაწერა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს“ კიდევ ერთხლ მეტყველებს სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ არჩევანზე.

„ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი დადგა არა ტრადიციული და ოჯახური ფასეულობების დაცვის მხარეს, არა არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის მხარეს, არამედ დადგა სწორედ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რა პოლიტიკური არჩევანი გააკეთა ამ ადამიანმა და რა ძალების მიერ არის მართული სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობა არის ის პრინციპი, რომელიც უნდა დაიცვან არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებმა, არამედ უცხოელმა პარტნიორებმაც, რაც, სამწუხაროდ, არ ხდება.

„მომავალი წლის დასაწყისში დასრულებული იქნება არჩევნები, აქაც, იქაც; მეორე - სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, მესამე - ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის პირველ ნახევარში აუცილებლად დასრულდება ომი უკრაინაში, ეს არის ფაქტორები, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს ურთიერთობების გადატვირთვას. ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც სამწუხარო მოვლენაა, თუმცა საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს პატივი სცეს ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. რაც შეეხება კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს - მინდა, შეგახსენოთ, რომ ეს ვიზიტი არის არაკონსტიტუციური, რაც არის მკაფიო სამართლებრივი მოცემულობა და ასეთ დროს, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები ევროპაში ხვდებიან სალომე ზურაბიშვილს, ამით ისინი გამოხატავენ უხეშ უპატივცემულობას საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის მიმართ. საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობა არის ის პრინციპი, რომელიც უნდა დაიცვან არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებმა, არამედ უცხოელმა პარტნიორებმაც, რაც სამწუხაროდ არ ხდება. ეს მეტყველებს გარკვეულ ღირებულებით პრობლემებზე, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით შეიმჩნევა კონკრეტულ ქვეყნებში. როდესაც პატივს არ სცემ კანდიდატი ქვეყნის კონსტიტუციას, ეს არის, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის კონსტიტუციის უზენაესობის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გერმანელებს აქვთ მკაცრი მიდგომა, გერმანიაში იკრძალება უცხო ქვეყნის წარმომადგენლების აგიტაციის ჩატარება.

„რეალურად, გერმანელებს აქვთ მკაცრი მიდგომა ამ საკითხებთან დაკავშირებით, გერმანიაში იკრძალება უცხო ქვეყნის წარმომადგენლების აგიტაციის ჩატარება და როგოც ჩანს, პასუხისმგებლობა აირიდა თავიდან ამ შემთხვევაში გერმანულმა მხარემ, რაც უკვე კარგია. თუმცა კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ყველას, რომ თავად გერმანელებს, საკუთარი სამართლებრივი აქტებით აქვთ აკრძალული, შეზღუდული შესაბამისი საგანგებო თანხმობის გარეშე იმის დაშვება, რომ ვიღაცამ გერმანიის ტერიტორიაზე ჩაატაროს აგიტაცია. ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი თანხმობის გარეშე ატარებდა საარჩევნო აგიტაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თავისთავად ნიშნავს გერმანული კანონმდებლობის უპატივცემულობას, თუმცა ამასაც ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ვერ ექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.