დამოუკიდებლობის 106-წლიანი გაკვეთილები

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

რამდენიმე დღეში, საქართველოს სახლმწიფოებრივ დამოუკიდებლობა 106 ლი შეუსრულდება. იყო დრო, როცა 26 მაისს, როგორც განსაკუთრებულ თარიღს, ყურადღებას არავინ აქცევდა და თითო-ოროლა ადამიანი იატაკქვეშ აღნიშნავდა. 30 წელზე მეტია, სხვა რეალობაა - დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა „გრეხი“ აღარაა... მოდით, ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვეთ.

 

1918 წელი

საქართევლოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას წინ დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია უძღოდა, რომელმაც რუსეთის იმპერიაში შემავალ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას, პრაქტიკულად, იმის საშუალება მისცა, რომ საკუთარი თვითმყოფადობისთვის არათუ ებრძოლა, არამედ, ეს ბრძოლა წარმატებითაც დაეგვირგვინებინა, ესე იგი, დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა.

საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. მანამდე კი, როგორც ქართულ „ვიკიპედიაში“ ვკითხულობთ, მოვლენები ასე ვითარდებოდა:

„1918 წლის 24 მაისს, ფრეილინის ქუჩაზე, ეროვნული საბჭოს რეზიდენციაში, ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც ნოე ჟორდანია თავმჯდომარეობდა. ჟორდანიამ დამსწრეთ, ბათუმიდან აკაკი ჩხენკელის მიერ, 23 მაისს გამოგზავნილი წერილის შინაარსი გააცნო, სადაც იგი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დაჩქარებას ითხოვდა. 25 მაისს, საღამოს 10 საათზე, უნდა შეკრებილიყო ამიერკავკასიის სეიმი, რომელიც ამიერკავკასიის რესპუბლიკას დაშლილად გამოაცხადებდა.

მოგვიანებით, სეიმის სომეხი და აზერბაიჯანელი დეპუტატების თხოვნით, სხდომა 26 მაისის დღის 12 საათისთვის გადაიდო.

ნოე ჟორდანიამ დააყენა წინადადება: საქართველოს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ მას შემდეგ, რაც სეიმი ამიერკავკასიის ფედერაციას დაშლილად გამოაცხადებდა. კენჭისყრის შედეგად, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას დაუყოვნებლივ, 25 მაისს, ხმა მისცა ექვსმა წევრმა, 26 მაისს გამოცხადებას - ოთხმა წევრმა.

25 მაისს, დამოუკიდებლობის გამოცხადება მაინც ვერ მოხერხდა, რადგან აღმოჩნდა, რომ დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი სრულყოფილი არ იყო და გადამუშავებას საჭიროებდა. აქტის ტექსტის გადამუშავება და მისი საბოლოო ვარიანტის მომზადება ნოე ჟორდანიას დაევალა. საბოლოოდ, აქტი იურისტმა გვაზავამ შეადგინა და წინასწარ გააცნო ჟორდანიას. მასში, გარდა ნაციონალური დებულებებისა, შეტანილი იყო სოციალური საკითხებიც: რვა-საათიანი სამუშაო დღე, მამულების კონფისკაცია და სხვა. ჟორდანიამ ამოიღო სოციალური დებულებები, როგორც შესაძლო გამთიშველი ელემენტები და დატოვა მხოლოდ ნაციონალურ-პოლიტიკური საკითხები.

1918 წლის 26 მაისს, გოლოვინის პროსპექტზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა გაიმართა, რომელმაც ნაშუადღევის 3 საათზე, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა. იმავე დარბაზში, ნაშუადღევის 4 საათსა და 50 წუთზე, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით, საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა გაიხსნა. მას 42 წევრი და 36 კანდიდატი ესწრებოდა. ნოე ჟორდანია სიტყვით გამოვიდა და მისი დასრულების შემდეგ წაიკითხა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი ერთხმად დაამტკიცა. ამავე სხდომაზე დაამტკიცეს სამინისტროების რაოდენობა და მთავრობის პერსონალური შემადგენლობა. ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის ეწოდებინათ საქართველოს პარლამენტი. დამოუკიდებლობის აქტი შემდგომ დაადასტურა და ოფიციალურად გამოსცა საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ პირველსავე სხდომაზე, 1919 წლის 12 მარტს. დამოუკიდებლობის აქტში ნათქვამი იყო:

ამიერიდან, საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელია, ხოლო საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა - დემოკრატიული რესპუბლიკა.

საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის.

1918-1919 წლებში, მთავრობა კოალიციური იყო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობის შემადგენლობა კი ასეთი გახლდათ:

მთავრობის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი - ნოე რამიშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი - აკაკი ჩხენკელი; სამხედრო მინისტრი - გრიგოლ გიორგაძე; ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი - გიორგი ჟურული; იუსტიციის მინისტრი - შალვა ალექსი-მესხიშვილი; სახალხო განათლების მინისტრი - გიორგი ლასხიშვილი; მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი - ნოე ხომერიკი; გზათა მინისტრი - ივანე ლორთქიფანიძე“.

 

***

1917 წლის გაზაფხულზე, რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ, ამიერკავკასიაში ორხელისუფლიანობა დამყარდა: ერთი მხრივ, მუშათა და სამხედრო დეპუტატთა საბჭოები, მეორე მხრივ, რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ შექმნილი ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომისარიატი, რომელთაც რეალური ძალაუფლება არ ჰქონიათ. ამავე პერიოდში, მოწვეულ იქნა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომელსაც ესწრებოდა ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის, სხვადასხვა ხალხის წარმომადგენლები. ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელიც გარდამავალ პერიოდში, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, პრაქტიკულად, საქართველოს მთავრობის ფუნქციას ასრულებდა.

ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, სამხრეთ კავკასია კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ადგილობრივმა გავლენიანმა პოლიტიკურმა ძალებმა არ სცნეს საბჭოთა ხელისუფლება და უკვე 1917 წლის ნოემბერში ჩამოაყალიბეს ადგილობრივი მმართველობა, ამიერკავკასიის კომისარიატის სახით, რომელმაც რუსეთის დამფუძნებელი კრების ამიერკავკასიელ დეპუტატთაგან შექმნა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - სეიმი.

1918 წლის თებერვალ-მაისში, რუსეთის სამოქალაქო ომის დროს, საქართველო შედიოდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შემადგნელობაში. მას მართავდა ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც შედგებოდა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენელთაგან. თუმცა, ფედერაცია სიცოცხლისუუნარო აღმოჩნდა, რაც გამოწვეული იყო ფედერაციის სუბიექტების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შეუთავსებლობით. ამას დაემატა თურქეთის მხრიდან აგრესია, რომელმაც დაიკავა ბათუმი, არტაანი, ოზურგეთი, საფრთხე შეექმნა ახალციხესა და ახალქალაქს. შექმნილმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ განაპირობა მოვლენათა შემდგომი განვითარება: 1918 წლის 26 მაისს, ამიერკავკასიის ფედერაციამ არსებობა შეწყვიტა და იმავე დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. მომდევნო დღეებში, დამოუკიდებლობა გამოაცხადეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა. 1918 წლის 24-25 მაისს, გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. სხდომაზე განხილულ იქნა თურქებთან მოლაპარაკებებზე ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანლის, ა. ჩხენკელის წერილი, რომელშიც ის მოლაპარაკებებზე შექმნილ მძიმე სიტუაციას აღწერდა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დაჩქარებას ითხოვდა. მიიღეს გადაწყვეტილება ამიერკავკასიის სეიმის თვითლიკვიდაციის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების თაობაზე. ამავე სხდომაზე დაამტკიცეს მომავალი მთავრობის შემადგენლობა. ასევე, მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის ეწოდებინათ საქართველოს პარლამენტი.

1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“, რომელშიც ნათქვამი იყო:

ამიერიდან, საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელი, ხოლო საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო; დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა - დემოკრატიული რესპუბლიკა. საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი ორგანო იყო პარლამენტი (ეროვნული საბჭო), ხოლო აღმასრულებელი ორგანო - მინისტრთა საბჭო, რომელიც ანგარიშვალდებული იყო პარლამენტის წინაშე. პარლამენტიცა და მთავრობაც კოალიციური იყო, მაგრამ ჭარბობდნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, რომლებსაც მხარს უჭერდნენ არა მხოლოდ მუშები, არამედ - გლეხებიც.

დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სამ წელიწადს - 1921 წლის 25 თებერვლამდე იარსება.

 

***

ალბათ, ბედის ირონიაა, რომ პირველი რესპუბლიკიდან საუკუნზე მეტია გასული და ჩენ ისევ არათუ დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე, არამედ, კოალიციურ მთავრობაზე ვსაუბრობთ!

გასაგებია, რომ 70-წლიანმა ტოტალიტარულმა ცხოვრებამ გონება მოგვიწამლა, მაგრამ 30 წელზე მეტია, დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და, ნუთუ, ვერ გავიაზრეთ, რომ ქვეყნის სტაბილური განვითარების ერთგვარი გასაღები და საიდუმლო, სწორედ კოალიციური მმართველობაა?

შეიძლება, გავიაზრეთ, მაგრამ ჩვენ, ყველანი, ხომ ადამიანები ვართ. ადამიანი კი ყველაზე რთული ქმნილებაა, რომელიც სიკეთესა და სიყვარულთან ერთად, ერთგვარი ეგოიზმისკენაც არის მიდრეკილი. ჰოდა, მოდით, ჩავთვალოთ, რომ ის, რაც ბოლო სამი ათეული წელია, ჩვენს ქვეყანაში ხდება, მათი „დამსახურებაა“, რომლებიც ხელისუფლებაში ხვდებიან.

ასეა თუ ისე, 26 მაისი ჩვენი დღეა - გილოცავთ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

 

 

ავტორი-ნინო დოლიძე